დიდებული ქალაქია მიუნხენი, ისტორიული და მშვენიერი. 2009 წელს რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ასე მიმართა: „მიუნხენი თუ არ მოგეწონებათ, არ ვიცი, საერთოდ, რა შეიძლება გერმანიაში მოგეწონოთ“. მიუნხენი იმითიც არის ცნობილი, რომ ნაცისტური პარტიის შტაბ–ბინა 1933 წლამდე სწორედ ამ ქალაქში იყო განთავსებული. 1923 წელს კი მიუნხენში იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც ისტორიას „ლუდის პუტჩის” სახელწოდებით შემორჩა, ვინაიდან ადოლფ ჰიტლერმა, რომელიც ბერლინის აღებას მიუნხენიდან გეგმავდა, მთავარი შეკრება ლუდის დარბაზში მოაწყო. თვითონ ლუდის კათხით ხელში დარბაზის შესასვლელთან იდგა, საიდანაც დარბაზში შეიჭრა, მაგიდაზე შეხტა და სიტყვებით ,, ნაციონალური რევოლუცია დაიწყო!’’ ჭერში გაისროლა.
პუტჩი ვერ შედგა. თავკაცები (მათ შორის ჰიტლერიც) დააპატიმრეს.
როგორც ხედავთ, სააკაშვილმა 2003 წლის პუტჩი (ე.წ. ვარდების რევოლუცია) ჰიტლერის ანალოგიით ჩაატარა, მაგრამ იყო მცირე განსხვავებებიც. მაგალითად, იმ დარბაზში, რომმელშიც მთავარი მოქმედებები ვითარდებოდა, ჰიტლერი თუ ლუდს მიირთმევდა, ჰიტლერის მსგავსად მაგიდაზე შემხტარმა სააკაშვილმა ჩაი დალია; ჰიტლერმა ჭერში თუ გაისროლა, სააკაშვილს არ გაუსვრია; ჰიტლერის პუტჩს თუ „ლუდის პუტჩი” უწოდეს, სააკაშვილის პუტჩს „ვარდების რევოლუცია” დაარქვეს. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კი იყო ის, რომ ჰიტლერის პუტჩი ვერ შედგა, სააკაშვილის პუტჩმა კი გაიმარჯვა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ჰიტლერმაც გაიმარჯვა და, სააკაშვილის მსგავსად, სახელმწიფოს სათავეში მოექცა. ქრონოლოგიურად ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ ამ ორ მოვლენას შორის უმთავრესი მსგავსება იყო ის, რომ ორივეს ანგლოსაქსური საფუძველი ჰქონდა და, როგორც ერთი, ისე მეორე, ამერიკულ-ბრიტანული სცენარითა და მათივე დაფინანსებით განხორციელდა.
ალბათ, დაგაინტერესებთ, საუკუნის გასვლის შემდეგ რამ გამახსენა თვით ისტორიის მიერ მივიწყებული „ლუდის პუტჩი”? – ორმა გარემოებამ:
1. „ლუდის პუტჩიდან” ზუსტად საუკუნის გასვლის შემდეგ მიუნხენში კვლავ შეიკრიბნენ ფაშისტები – ადოლფ ჰიტლერის იდეური მემკვიდრეები;
2. „ვარდების პუტჩიდან” ზუსტად ოცი წლის გასვლის შემდეგ მიუნხენში შეკრებილმა ნეოფაშისტებმა ფაშისტური უკრაინის შეიარაღებისა და ქართველი ფაშისტების დამნაშავე ბელადის, მიხეილ სააკაშვილის, პატიმრობიდან განთავისუფლების საკითხი წამოჭრეს.
სანამ სააკაშვილის საკითხი დადგებოდა, იმპიჩმენტსგადარჩენილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ფაშისტ პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა და, როგორც ვიდეოკადრებში ვნახეთ, ხან ხელის მტევანზე, ხან მაჯაზე, ხან მკლავზე ეფერა და უფათურა ხელი. სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ, რას შეჰპირდა და რა აღუთქვა (დროთა განმავლობაში, ალბათ, ესეც გაცხადდება) კოლეგას, მაგრამ, რაც ვიხილეთ, ისიც საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ქალბატონი სალომე საბოლოოდ გაზელენსკებულ-გასააკაშვილებულა, ანუ გაფაშისტებულა. ფაშიზმის უპირველესი ნიშანი ხომ რუსეთის უკიდეგანო სიძულვილია. ჰოდა, მოაღო პირი ამ ჩვენმა სალომემ და, რუსეთის მიმართ რაც ფაშისტური ბოღმა ჰქონდა, ასეთი სახით გადმოანთხია: „რასაც რუსეთი ახლა აკეთებს, არის ის, რაც დააანონსა 2007-ში, რომ არ მისცემდა დასავლეთს შესაძლებლობას, შავი ზღვის რეგიონში შესულიყო. ამას მოჰყვა 2008 წლის მოვლენები საქართველოში და ყირიმი (ორივე შავი ზღვის ტერიტორიაა),, შემდეგ კი – ომი უკრაინაში. ევროკავშირისა და საქართველოს ინტერესებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ხელი შეეშალოს რუსეთს, გახდეს ექსკლუზიური ძალა, რასაც ის ცდილობს. ეს მნიშვნელოვანია სამომავლოდაც, რადგან მომავალ წლებში და ათწლეულებში ტრანსპორტისა და ენერგიის უსაფრთხოებისთვის უმთავრესი სწორედ კომუნიკაცია იქნება”.
როლში შეჭრილ სალომეზე, რომელიც ევროპელებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სიკორსკის ნათქვამმა ისეთი ეფექტი იქონია, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო: “მე პოლონეთის თავდაცვის ის მინისტრი ვარ, რომელიც საქართველოში პირველი ჩავიდა, როგორც საქართველოს მეგობარი. თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ გვახსოვს თქვენი წინამორბედი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ჩვენთვის საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლოა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობას, მაგრამ ვთვლით, რომ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მნიშვნელოვანია, რომ მას მოეპყრან სამართლიანად და თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, წვლილი შეიტანოთ მის განთავისუფლებაში. საქართველოს ყველა მხარდამჭერი მიესალმება ამ ფაქტს”.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, როგორც ხედავთ, „ლუდის პუტჩის” ქალაქში ევროპელებისგან დავალება მიიღო,, საქართველოში ახალი პუტჩის მომზადებაში თავისი წვლილი შეიტანოს. ამ მიმართულებით გადადგმული ყველაზე სერიოზული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, სააკაშვილის შეწყალება იქნება.
დასავლეთის გავლენიანი წრეები ამ ფორმით საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისთვის საფუძვლების მომზადებას ცდილობენ. სახელმწიფო გადატრიალება კი მათთვის ასე მიუღებელი ბიძინა ივანიშვილის მოსაშორებლად და საქართველოდან რუსეთისთვის მეორე ფრონტის გასახსნელად სჭირდებათ, რასაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების” ყოფნის პირობებში ვერ ახერხებენ. იმავე მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში შემთხვევით როდი ჩაწერეს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების თვალსაზრისით უკუსვლა გვაქვს. რა თქმა უნდა, არც ის არის შემთხვევითი, რომ იმავე ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქ მმართველად არის მოხსენიებული. რას ნიშნავს ეს? რომელი ჭკვათამყოფელი იტყვის, რომ „ქართული ოცნების” მმართველობა სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან შედარებით უკან გადადგმული ნაბიჯია? ეს ხომ ისეთი სიცრუე და ცილისწამებაა, რომელიც ღვთის გმობის ტოლფასია?! ამგვარ ევროპასთან ურთიერთობა შესაძლებლად მიგაჩნიათ? როგორც იმ ავადმოსაგონარ ანტისაბჭოთა ფილმშია შეკითხვა დასმული: ეს გზა ტაძართან მიგვიყვანს?! ფილმის დამკვეთ ედუარდ შევარდნაძესა და რეჟისორ თენგიზ აბულაძეს დღემდე რომ ეცოცხლათ, აუცილებლად შევეკითხებოდი: დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ მოწოდებულმა და მათ მიერ მოწონებულმა გზამ რომელ ტაძრამდე მიგვიყვანა – კოლონიალიზმის, უსამართლობის, სიდუხჭირის, გარყვნილების ტაძართან ხომ არა? ან იქნებ მსოფლიო ომისა და ბირთვული კატასტროფის იმ ტაძართან მიგვიყვანა, რომლის იქით ბიბლიური აპოკალიფსის უსაშინლესი სურათები იშლება?! აღარც ეროვნული მოძრაობის ლიდერები არიან ცოცხალთა შორის, თორემ მათაც ეკუთვნით ეს შეკითხვა: რომელ ტაძართან მიიყვანა ქართველი ხალხი მათმა თანამშრომლობამ დასავლეთის სპეცსამსახურებთან და საბჭოთა კავშირის მოღალატე ხელისუფლებასთან? ვის მოვთხოვოთ აღიარება იმისა, რომ გასული საუკუნის ოთხმოციან-ოთხმოცდაათიან წლებში შეცდომა კი არ დაუშვეს, პლანეტარული მასშტაბის დანაშაული ჩაიდინეს, რომლის უმძიმეს შედეგებს შეიძლება კაცობრიობა შეეწიროს?! ვინ აგებს პასუხს ამ ეპოქალური დანაშაულის გამო ან ვინ შეუკვეთავს და ვინ გადაიღებს “ახალ მონანიებას”, რომელიც დღეს უფრო სჭირდება საზოგადოებას, ვიდრე იმ დროს სჭირდებოდა, როდესაც იგი მოტყუებით, თვალთმაქცურად და მუხანათურად შეაჩეჩეს ხელში?! საინტერესოა, “ახალი მონანიების” მიხედვით ვინ, რომელი ბელადი უნდა ამოითხაროს საფლავიდან და, საერთოდ, სანამდე უნდა გაგრძელდეს „მონანიებათა” სერიალის გადაღება?!
ვალერი კვარაცხელია
P. S. ამ სტატიაზე მუშაობის პროცესში ტელევიზორმა გვამცნო, რომ საქართველოში დასავლეთის „მეხუთე კოლონას” სახელმწიფო გადატრიალება უკვე დაუწყია და ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტიც ჩამოუყალიბებია. შემადგენლობა ნახეთ: გიორგი ვაშაძე (პრემიერმინისტრი); დიმიტრი შაშკინი (შინაგან საქმეთა მინისტრი); ნიკა გვარამია (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მინისტრი); თინა ხიდაშელი (თავდაცვის მინისტრი); მამუკა ხაზარაძე (ინფრასტრუქტურის მინისტრი).
საქმე ისე მიდის, რომ, ჩვენ თუ არა, ჩვენს შვილებს აუცილებლად მოუწევთ ახალი „მონანიების” გადაღება და იმ ვარლამ არავიძის პოვნა, რომელიც საფლავიდან უნდა ამოითხაროს. სცენარისტის ძებნა არ დაგვჭირდება, რადგან სცენარს „ახალი მონანიებისთვის” თვითონ ცხოვრება წერს.