საარჩევნო ციებ-ცხელება ახლა იწყება, ოღონდ იქ!

    საარჩევნო ციებ-ცხელება ახლა იწყება, ოღონდ იქ!

    არჩევნები, როგორც პოლიტიკური და სოციალური მოვლენა, თანდათანობით კარგავს ფორმასაც და შინაარსსაც. რაც მთავარია, არჩევნები კარგავს დამაჯერებლობასა და ნდობას. კაპიტალიზმის კრიზისი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროსა და კუთხე-კუნჭულს შეეხო, მათ შორის – არჩევნებსაც. ბურჟუაზიული არჩევნები, რომელიც ხალხის ნების უმაღლესი გამოხატულება უნდა ყოფილიყო, თავიდანვე მოსწყდა დემოსს და გაბატონებული კლასის სამსახურში ჩადგა, რადგან არჩევნებსა და ხალხს შორის მედიატორის ფუნქცია ფულმა იკისრა.

    არჩევნები უაღრესად მასშტაბური და შრომატევადი ღონისძიებაა, რომელიც უზარმაზარ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული (საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კვლევითმა ორგანიზაცია OpenSecrets-მა გააკეთა პროგნოზი, რომ აშშ-ის ისტორიაში 2024 წლის არჩევნები ყველაზე ძვირი იქნება და დანახარჯი 15,9 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ეს არჩევნები თითქმის მილიარდი დოლარით უფრო ძვირი იქნება, ვიდრე 2020 წლის არჩევნები იყო. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ, გამოცემა კომერსანტს თუ ვერწმუნებით, საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტმა 2024 წელს 171 მილიონი ლარი შეადგინა). რა ვუწოდოთ ამ რიცხვებს – შთამბეჭდავი? კოლოსალური? მე მათ თავზარდამცემს დავარქმევდი. საიდან მოდის ამ მასშტაბის თანხები? ძირითადად, შემოწირულობებიდან, მაგრამ ვინ არიან შემომწირველები? მხოლოდ და მხოლოდ შეძლებული კლასი, ანუ ფულის მქონე ადამიანები. რატომ ხარჯავს ეს კლასი ამ თანხებს, ხალხის თუ საკუთარი ინტერესების დასაცავად? ამ შეკითხვაზე პასუხი ყველასთვის დღესავით ნათელია – რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესების დასაცავად. რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რის შესახებაც სტატიის დასაწყისში განვაცხადე: ბურჟუაზიულმა არჩევნებმა ხალხთან კავშირი იმთავითვე დაკარგა. მიუხედავად ამისა, არჩევნებს ბოლომდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა. საქმე ის არის, რომ კლასი, რომლის ხელშიც კაპიტალია თავმოყრილი, არჩევნებში უზარმაზარ ფულს ხარჯავს, მაგრამ შედეგები ამომრჩევლის ხელში გავლილი საარჩევნო ბიულეტენების გარეშე ვერ დადგება. არჩევნებში ხალხი და კაპიტალი, მართალია, ერთმანეთთან დაპირისპირებული რესურსებია, მაგრამ ფულის როლი ხალხის როლს მთლიანად ვერ გამორიცხავს, რადგან ხალხი ერთხელ და სამუდამოდ მოცემული ობიექტური რეალობა კი არ არის, მუდმივად ცოცხალი და ცვალებადი ჯამია სუბიექტებისა, რომლებიც განიცდიან, შფოთავენ, ღელავენ, ბრაზდებიან, ურჩობენ და თავიანთ წილ პასუხისმგებლობასაც იღებენ. არის შემთხვევები, როდესაც კაპიტალის ძალა აჭარბებს ხალხის ძალას, მაგრამ არის კრიტიკული სუტუაციები, როდესაც ხალხის ძალა აღემატება კაპიტალის ძალას. ნუ მომთხოვთ ამ ურთულეს საკითხში უფრო ღრმა ფსიქოლოგიურ და სოციოლოგიურ წვდომას, ვინაიდან ეს სტატია სხვა მიზნით იწერება. ზემოთ ნათქვამს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფაქტს (როგორც ნიმუშს იმისა, როდის და როგორ შეიძლება კაპიტალის ძალას ხალხის ძალამ გადააჭარბოს) დავამატებ: საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ, როგორც კი ხალხის წინაშე დადგა არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის, სუვერენიტეტსა და აგენტოკრატიას შორის, ანუ, როდესაც საკითხმა სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა, ვერც დასავლურმა ფულმა, ვერც მათმა პროპაგანდამ და მუქარამ ვერ აჯობა თვითგადარჩენის ინსტინქტს, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა. სხვაგვარად ვერც მოხდებოდა, რადგან ხალხი მკვეთრად დაპირისპირებული ალტერნატივის – სიკეთისა და ბოროტების არჩევანის წინაშე აღმოჩნდა.

    აშშ-ში განსხვავებული მდგომარეობაა. ორი მიმართულება, რომლებიც იქ ერთმანეთს უპირისპირდება, მთლად სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებას არ ჰგავს, ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით მაინც. იქ ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, აშშ-ის უკვე ყავლგასული, მაგრამ დღემდე ცოცხალი იდეოლოგია მსოფლიოზე ერთპიროვნული გაბატონებისა; მეორე მხრივ კი – ძლიერი, სუვერენული სახელმწიფოსი, მაგრამ მსოფლიოზე გაბატონების მიზნის გარეშე. პირველს განასახიერებს დემოკრატიული პარტია კამალა ჰარისთან ერთად, მეორეს კი – რესპუბლიკური პარტია დონალდ ტრამპთან ერთად. ამ ორი მიმართულებიდან პირველმა ლიბერალური, მეორემ კი ტრადიციული ღირებულებები შეითვისა და შეისისხლხორცა. ამ სიტუაციაში დრამატიზმი იმას შემოაქვს, რომ აშშ-ის ამომრჩევლები უმრავლესობად და უმცირესობად კი არ დაიყო, როგორც საქართველოში მოხდა, არამედ თითქმის შუაზე გაიყო და ტრადიციული და ლიბერალური ღირებულებების მიმდევარ იმ თანაბარ ნაწილებად ჩამოყალიბდა, რომლებიც ერთმანეთისთვის არაფრის დათმობას არ აპირებენ. ორივე ძალას ყველაფერი ერთნაირად და თანაბრად უმაგრებს ზურგს, მათ შორის კაპიტალიც, რომელიც ბურჟუაზიულ არჩევნებში მაინც უპირველეს არბიტრად გვევლინება.

    ჰოდა, მოვიდა ის დღე, როდესაც აშშ-ის სამასმილიონიანი ამომრჩეველი ქუჩაში გამოვა არამხოლოდ ხმის მისაცემად, არამედ, ახლა დამკვიდრებული საარჩევნო ტერმინოლოგიით თუ ვისაუბრებთ, ხმების დასაცავადაც. ძნელი სათქმელია, თუ რა მოვლენებში შეიძლება გადაიზარდოს ”ხმების დაცვა” იმ ვითარებაში, როდესაც იგი თითქმის ორ თანაბარ ნაწილად არის გაყოფილი, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. მთავარი სხვა რამ არის. მთელი მსოფლიო ხედავს, რომ აშშ-ში იმ სახის წინააღმდეგობები მწვავდება, რომელიც სცდება საარჩევნო (პოლიტიკურ, იდეოლოგიურ, ეკონომიკურ, სოციალურ) მასშტაბებს და იღებს სისტემურ ხასიათს (მარქსის განსაზღვრებით: წინააღმდეგობა შრომასა და კაპიტალს შორის; წინააღმდეგობა ცენტრსა და კოლონიებს შორის; წინააღმდეგობა კაპიტალისტურ სახელმწიფოებს შორის). ამას დაუმატეთ რასობრივი ხასიათის მიძინებული წინააღმდეგობა, რომელმაც ბოლო პერიოდში კვლავ იჩინა თავი, და მიხვდებით, რომ საქმე დაუძლეველ სისტემურ წინააღმდეგობასთან გვაქვს.

    ამ ვითარებაში რესპუბლიკელთა კანდიდატის (დონალდ ტრამპის) გამარჯვება წინააღმდეგობებს, რა თქმა უნდა, ვერ მოხსნის, მაგრამ შეარბილებს, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარე აღიარებს ამ შედეგს და გამწვავებაზე არ წავა. დემოკრატების კანდიდატის (კამალა ჰარისი) გამარჯვების შემთხვევაში კი (მეორე მხარემ ეს შედეგი თუნდაც აღიაროს) მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. დემოკრატების გამარჯვება ნიშნავს ვითარების გამწვავებას, როგორც უკრაინის, ასევე ახლო აღმოსავლეთისა და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მიმართულებით. ეს ნიშნავს დაძაბულობის გამწვავებას აშშ-სა და რუსეთს შორის; აშშ-სა და ჩინეთს შორის; რუსეთსა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის; რუსეთსა და ევროპას შორის. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს მსოფლიო დაძაბულობის განუხრელ ზრდას გლობალური ომის მიმართულებით (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი განცხადება ასეთი შინაარსის იყო: ”დღეს ანგლოსაქსები იმედს იმაზე ამყარებენ, რომ ჩვენს ქვეყანას კიევის რეჟიმის ხელით დაამარცხებენ, ისევე, როგორც ჰიტლერი, რომელმაც ნაცისტური დროშის ქვეშ გააერთიანა ევროპული სახელმწიფოების უმრავლეობა. სათადარიგო ვარიანტად კი, თუკი ზელენსკის რეჟიმი ამ ამოცანას ვერ გაუმკლავდება, ისინი კონტინენტურ ევროპას ამზადებენ იმისთვის, რომ იგი გადაეშვას თვითმკვლელობის ამ ავანტიურაში და რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაერთოს).

    კარს მოდგა თარიღი (2024 წლის 5 ნოემბერი), რომელიც საქართველოში გადავლილი არჩევნების ციებ-ცხელებასა და რუსთაველის პროსპექტზე კარვების გაშლის მსურველი ძალების (დასავლეთის ღია აგენტურის) პოლიტიკურ ვნებებს დაგვავიწყებს, რადგან აქ და იქ საქმე სრულიად განსხვავებულ მასშტაბებთან გვაქვს. აქ, ყურში რაც ჩაგვესმის, მხოლოდ და მხოლოდ ექოა იმ მოვლენებისა, რომელთა ეპიცენტრიც იქ არის – ექო მსოფლიო დაძაბულობისა, ექო საპლანეტო ციებ-ცხელებისა, ექო ბირთვული კატასტროფისა, რომელსაც, სამწუხაროდ, კი არ ვშორდებით, ვუახლოვდებით!

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here