Home ახალი ამბები საქართველო რუსეთმა რომ გამოყაროს საქართველოს მოქალაქეები, ლარსის გამშვებ პუნქტს 800 ათასი ადამიანი მოაყენოს...

რუსეთმა რომ გამოყაროს საქართველოს მოქალაქეები, ლარსის გამშვებ პუნქტს 800 ათასი ადამიანი მოაყენოს და მართლა ჩაკეტოს, მერე რას ვშვრებით, მერე? სად მიგვაქვს ხილი, ღვინო, წყლები და საიდან შემოგვაქვს ფქვილი, ზეთი, ბუნებრივი აირი?

უკრაინელები ყოველ საღამოს ცეკვა-თამაშით ირთობენ თავს და ამ დროს თურმე ჩვენ, ქართველებმა, უნდა ვიგლოვოთ და საერო თუ საეკლესიო დღესასწაულები არ აღვნიშნოთ

258
ლარსის სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტი

ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ კვლავ გაიმართა სახალხო დღესასწაული. რამდენიც უნდა იძახონ, საბჭოთა კავშირის დროს ყველაფერი ცუდი იყოო, რეალობა სხვა გახლდათ და ამის მაგალითი თუნდაც „თბილისობაა“, დღე, როდესაც დედაქალაქი და სოფელი ერთმანეთს ეფერებოდა, სიყვარულში ეჯიბრებოდა. და თითქოს „თბილისობაზე“ შემწვარ მწვადსა თუ სახელდახელოდ, ნებისმიერი გამვლელისთვის ჩამოსხმულ ღვინოს სხვა გემო ჰქონდა. ჩატარდა „თბილისობა“ თანამედროვე სპეცეფექტების გამოყენებით, ახლის დამკვიდრებით, ძველის არდავიწყების მცდელობით, მაგრამ… მაინც გვგონია, რომ ის სხვა იყო, ძველი… თითქოს უფრო ჯიგრიანი.

ჰოდა, როცა დედაქალაქის მცხოვრებთა უდიდესი ნაწილი ზეიმობდა, კვლავ გამოჩნდნენ ლიბერალები და ამბავი ატეხეს: როგორ ბედავთ და ზეიმობთ, უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, ეს დღესასწაული არ უნდა გაგვემართა. ვერ ხედავთ, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში რა ხდებაო?! სოციალურ ქსელებში კონკრეტულმა ადამიანებმა ვრცელ-ვრცელი წერილებიც გამოაცხვეს, ჯერ ხელისუფლება დაანამუსეს, მერე – ის ხალხი, რომელმაც გაბედა და „თბილისობა“იზეიმა. ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ: როგორ გაბედეთ და კონცერტი გამართეთ, რიტმს აჰყევითო! ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, წერილში როგორ გაჰკიოდნენო და გვერწმუნეთ, სწორედ წერილიდან ისმოდა მათი კივილის ხმა.

გასაგებია, როცა საყოველთაო გლოვაა, „თბილისობის“ დღესასწაული კი არა, შეიძლება ახალი წელიც არ აღნიშნო, მაგრამ ეს მაშინ, როცა გლოვაა. თუ არ გჯერათ, გაიარეთ საღამოობით იმ ქუჩებზე, რომლებზეც რესტორნებია, და ნახავთ, როგორ გლოვობენ თვითონ უკრაინელები თავიანთ ქვეყანაში მიმდინარე ომს. ნახავთ, როგორ ბუქნაობენ და როგორ დაიზეპირეს ქართველმა რესტორნის მომღერლებმა უკრაინული სიმღერები, რათა უკრაინელებს ასიამოვნონ. ნახავთ, როგორც ცეკვავენ „პიდმანულა, პიდველა“-ზე და როგორ ეხუტებიან ერთმანეთს „ჩერნოვა რუტაზე“. ჰო, უკრაინელები ყოველ საღამოს ცეკვა-თამაშით ირთობენ თავს და ამ დროს თურმე ჩვენ, ქართველებმა, უნდა ვიგლოვოთ და საერო თუ საეკლესიო დღესასწაულები საერთოდ არ აღვნიშნოთ. უკრაინაში ომის დაწყების მეორე დღესვე თბილისი რას დაემსგავსა, გემახსოვრებათ – ლამის ყველა რესტორნის შესასვლელთან უკრაინის დროშები რომ დაკიდეს და ბევრმა აივანზეც გადმოფინა. თვითონ უკრაინაში არ ხდებოდა ის, რაც ჩვენთან და ამას აღნიშნავდნენ კიდეც, მაგრამ ბოლომდე შევეტენეთ, ბოლომდე ავულოკეთ, დასავლეთის აგორებულ ტალღას ქიმზე მოვექეცით და სანაცვლოდ მივიღეთ:

12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა შევასრულოთ, კანდიდატის სტატუსი რომ მოგვცენ (დაახლოებით იმას ნიშნავს, კაცისკაცის კაცად რომ გვაღიარონ);

 მოწოდება მეორე ფრონტის გახსნის შესახებ;

უკრაინაში დაღუპული არაერთი ქართველი;

 და რაც მთავარი: მუდმივი კრიტიკა და ლანძღვა უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან;

მოწოდება რევოლუციაზე;

აფხაზეთის მიმართულებით შტურმის დაწყებაზე და მუქარა. ჰო, მუქარის გარდა ვერაფერს დავარქმევთ იმას, რასაც, მაგალითად, დავით არახამია ამბობდა: მოვრჩებით ჩვენს საქმეს და მერე თქვენთვის მოვიცლით, საქართველოსაც გავათავისუფლებთ… მოქმედი ხელისუფლებისგანო.

 ჰოდა, თურმე, ამ ყველაფრის ფონზე, თავი უნდა დავხაროთ და ვიგლოვოთ. ჩვენ, ქართველებმა, უნდა ვიგლოვოთ და მერე რა, თუ ამ დროს გათქვირებული უკრაინელი ქალბატონი ბუქნაობით ჩაგვივლის გვერდით და სასარეცლე ღრიალით გახევს თბილისის ცას. იგივე ხალხი გვირჩევს, რომ სასწრაფოდ ჩავკეტოთ ლარსის გამშვები პუნქტი და არ შემოვუშვათ რუსეთის მოქალაქეები. პრინციპში, მართალია, თუ ჩაკეტვაა, ჩაკეტვა იყოს, აქეთ ლარსი ჩავკეტოთ, იქეთ – სარფის საბაჟო. ახლა არ მითხრათ, თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარიაო. ვიყოთ ასე ჩაკეტილები და, ეკონომიკა რომ განულდება, ინფლაცია რომ პიკს მიაღწევს, შემდეგ ამ საბაჟოების გასაღები დასავლეთს მივცეთ და ვუთხრათ: როცა თქვენ დაგჭირდებათ, მაშინ გააღეთ, ჩვენი ოხერი დედაც ვატირეთ-თქო.

სწორედ ამ ადამიანების შეგულიანებული მგონია ის „ქართველი ვაშკაცი“, რომელიც ამას წინათ კაფეში რუს დედა-შვილს (შვილი პატარა გოგონა იყო) მიუხტა და იმ ხაჭაპურზე დაუფურთხა, რომელსაც ჭამდნენ. ლიბერალებმა სოციალურ ქსელში ეს ბიჭი ლამის ცოტნე დადიანის დონემდე აიყვანეს, თანამედროვეობის გმირი უწოდეს და… ძველი ამბებიც გაიხსენეს, როგორ იცავდა ფერადი დროშით იგივე „ვაშკაცი“ ლგბტ თემის უფლებებს და როგორ ებრძოდა „ჩოხოსან ბრბოს“. მას არავინ ჰკითხა: თუ ასეთი მაგარი და ცოტნე დადიანი ხარ, რაღა ქალბატონებს ეცი, იქვე მამაკაცებიც ხომ იყვნენ, ისინიც რუსები, იმათ რატომ არ დაუფურთხე თეფშზეო? მაგრამ ლგბტ დროშაც სწორედ აქ არის დამარხული (ძაღლის თავივით რა) – მამაკაცებს ხომ შეეძლოთ, დაეჭირათ, ის ხაჭაპური მთელ-მთელი, დაუღეჭავად გადაეყლაპებინათ… და ეგრე სად არის, თუ ცემეს და დაალურჯეს, მერე ვინღა იქნება გმირი? ამიტომ მარტივია, ქალთან, მცორეწლოვან გოგონასთან მიპარვა, ხაჭაპურზე დაფურთხება და გაქცევა. ისინი ვერ დაგიჭერენ, არ გამოგეკიდებიან და გმირობაც მარტივია.

ლარსის დაკეტვაზე რომ გაჰკივიან, მართლა რომ დაკეტოს ლარსის გამშვები პუნქტი რუსულმა მხარემ, მერე რას ვშვრებით?სად მიგვაქვს ხილი, ღვინო, წყლები და საიდან შემოგვაქვს ფქვილი, ზეთი, ბუნებრივი აირი? თუ ამაზე მერე ვიფიქროთ, როცა მოგვშივდება და როცა ჭარბი პროდუქცია დაგვილპება? სწორედ ამას გვიკიჟინებს ევროპა და ამერიკა, სწორედ ეს სურს ოპოზიციას და სურს იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი და საშუალება არ აქვს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. არადა, დრო მიდის და რა მხარდაჭერა აქვს ოპოზიციას, გასულ კვირას სენაკის შუალედურ არჩევნებზეც გამოჩნდა, როცა ოპოზიციონერმა კანდიდატმა 3%-ზე ოდნავ მეტი აიღო.

გაგიკვირდებათ და, ამერიკულმა ორგანიზაციამ პატივი დაგვდო და საქართველოში შემოსული რუსების ფინანსური მდგომარეობა შეისწავლა, ოფიციალური მონაცემებიც გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ შემოსულთა 49%-ს ნებისმიერი სურვილის დაკმაყოფილების შესაძლებლობ აქვს: შეუძლია იყიდოს მანქანა, სახლი და ა.შ. აბსოლუტურ უმრავლესობას, მარტივად შეუძლია, ნახევარი წლის განმავლობაში ისე იცხოვროს, რომ მუშაობა არ დასჭირდეს და ამის შესაძლებლობას დანაზოგი აძლევს. ჰო, დანაზოგი, რომელიც იმ „დაქცეულ და გაღარიბებულ“ რუსეთში დააგროვა, რომელიც, რამდენიმე წელია, დასავლეთის მიერ არის სანქცირებული და თურმე დღემდე ვერ ამოისუნთქა.

ისევ ე.წ. ლიბერალური ფრთის მიერ გასულ კვირას ლარსთან გამართულ აქციასა და საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნას დავუბრუნდეთ. ოპოზიცია იმასაც ითხოვს, შემოსული რუსები უკან გავყაროთ, ქვეყანა გავწმინდოთო. რუსეთმაც რომ გადაწყვიტოს, თავადაც ამოყაროს საქართველოს მოქალაქეები, ლარსის გამშვებ პუნქტს 800 ათასი ადამიანი მოაყენოს და მართლა ჩაკეტოს, მერე რას ვშვრებით, მერე? რა თქმა უნდა, მერეზე არც დასავლეთი ფიქრობს და არც ოპოზიცია, სწორედ ეს „მერე“ გაუხდება ხელისუფლებას თავში საცემი და გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებს. სწორედ „მერე“ გამოჩნდებიან სცენაზე ის ლიბერალები, ხელისუფლებაში მოსვლა რომ სურთ, და პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ვარიანტს შემოგვთავაზებენ, დასავლეთიც მხარს დაუჭერს და… ბოლომდე ვერ, მაგრამ საკმარისად გაექცა დასავლურ მარწუხებს ჩვენი სახელმწიფო. ბოლომდე გასაქცევად, ნამდვილი დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, კიდევ არაერთი წელი დაგვჭირდება, მაგრამ ამ არაერთი წლის განმავლობაში ევროპასა და ამერიკას საქართველოში თავიანთი მეხუთე კოლონის სახით არაერთი მცდელობა ექნებათ, ფეხი დაგვიცდეს, ისეთი ნაბიჯი გადავდგათ, გამოსწორების მცირედი შანსიც რომ აღარ იქნება, დაახლოებით ისეთი, 2008 წელს სააკაშვილმა რომ გადადგა და შემდეგ… გამარჯვება ევროპის ხუთი ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად გვაზეიმა. ერთი-ერთში ჰგავს ის ზეიმი და უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა ერთმანეთს: იქაც უმტკიცებენ ხალხს, რომ ყველაფერი რიგზეა, რომ დასავლეთ მათ მხარესაა, რომ…

ოპოზიციისა თუ ე.წ. ლიბერალური ფრთის გამუდმებული ლაპარაკის მიუხედავად, საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტები აგრესიით ნამდვილად არ გამოირჩევიან. არადა, არაერთხელ ითქვა, რომ სწორედ რუსები იქნებიან ისინი, რომლებიც ვითარებას არევენ, რომლებიც დათვრებიან და შემდეგ ბარებსა თუ რესტორნებს დალეწავენ. ჯერჯერობით ერთი ინციდენტიც არ მომხდარა და ეს მაშინ, როცა რუსეთიდან საქართველოში მილიონზე მეტმა ადამიანმა იმოგზაურა, გარკვეული პერიოდი გაჩერდა და წავიდა. ახლა იმის მოლოდინი, რომ ისინი აქ სამუდამოდ დარჩებიან, ამაოა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვითონაც ამბობენ, რომ მოგზაურობის და დასვენების უფლებას თავს დანაზოგის გამო აძლევენ, იმ დანაზოგის, რომელიც რუსეთში დააგროვეს. ვინმეს სჯერა, რომ ასეთი დანაზოგის გაკეთება რიგითი ადამიანებისთვის საქართველოშიც შეიძლება?! დიახ, ბატონებო, ნუ იღელვებთ, ეს ხალხი უკან დაბრუნდება, ერთი ან ორი წლის შემდეგ ისევ ჩამოვა, ისევ დაისვენებს და რამდენიც უნდა იხტუნაონ პოლიტიკოსებმა ჩვენთან თუ დასავლეთში, ადამიანების ურთიერთობას, უბრალოდ, ვერ წაშლიან.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here