Home ახალი ამბები საქართველო ყველა გზა ფაშიზმისკენ მიდის!

ყველა გზა ფაშიზმისკენ მიდის!

ყველა გზა ფაშიზმისკენ მიდის!

იყო დრო, როდესაც ყველა გზა რომში მიდიოდა, ყოველ შემთხვევაში, ეს გამოთქმა, რომელმაც დღემდე მოაღწია, აქტუალური იყო და რეალობას სიმბოლურად ასახავდა იმ თვალსაზრისით, რომ რომის გზები ერთმანეთისგან დიდი მანძილებით დაშორებულ პროვინციებს იმპერიის ცენტრთან აკავშირებდა. ეს გამოთქმა იმპერიის განუყოფლობის, მისი ცენტრალიზებული მმართველობისა და უზარმაზარი პოლიტიკური მნიშვნელობის მხატვრულად ჩამოყალიბებული ფორმულა იყო. გზათა ეს ფილოსოფია იმას ნიშნავდა, რომ იმ პერიოდშიც კი, როდესაც რომის გზებით ვიღაც პროვინციისკენ მიემართებოდა, იგი რომში მიდიოდა, ვინაიდან იმპერია ყველგან იმპერია იყო და რომის ძალაუფლება მის ნებისმიერ წერტილში ისეთივე მტკიცე იყო, როგორც თვითონ რომში. ეს ნათქვამი იმას ნიშნავდა, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა, ადამიანები რომისკენ მიდიოდნენ თუ რომიდან მიდიოდნენ, ვინაიდან, პოლიტიკური გაგებით, რომის გზებს ისინი ყოველთვის რომისკენ მიჰყავდა. რომის იმპერია თექვსმეტი საუკუნის წინათ დაეცა, გამოთქმა კი, – ყველა გზა რომში მიდის, – დღესაც გვახსენებს თავს.

რომის იმპერიის შემდეგ, ევროპამ თითქოს სახე იცვალა. საუკუნეებია, რაც ევროპაში დემოკრატიას გაიძახიან, მაგრამ რომაულ სისასტიკესა და უსამართლობას, საზოგადოების არათანაბარუფლებიან ნაწილებად დაყოფას და სისხლიან ბატალიებს არაფერი მოჰკლებია, პირიქით – ფაშისტური სულისკვეთებაც დაემატა. ევროპა დღესაც ისევე მიექანება ფაშიზმისკენ, როგორც გასულ საუკუნეში. ევროპაში დღესაც ყველა გზა შიზმისკენ მიდის! ეს გამაოგნებელი, დაუძლეველი და, როგორც ჩანს, შეუქცევადი ტენდენციაა, ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც, სანამ საბოლოოდ წაიმტვრევენ ცხვირს და ნიურნბერგის პროცესის მსგავს კიდევ ერთ სასამართლოს მიიღებენ.

ევროპაში მრავალი დასახელების პარტია გვხვდება, მაგრამ თავიანთი არსით (თეორიულად) ისინი სამ ძირითად მიმართულებას ქმნიან:

* მემარცხენე (სოციალური თანასწორობის დამცველი) პარტიები;

* მემარჯვენე (კონსერვატიზმის ანუ ტრადიციული ღირებულებების დამცველი) პარტიები;

* ლიბერალური (ადამიანის ინდივიდუალურ უფლებათა და თავისუფლებათა დამცველი) პარტიები.

ამ თვალსაზრისით თითქოს ყველაფერი გასაგებია და თავის ადგილზეა, მაგრამ გაურკვევლობა იქ იწყება, სადაც სამოქმედო არეალის ერთმანეთისგან მტკიცე ჯებირებით გამოყოფა და ერთმანეთისგან მტრის ხატის ჩამოყალიბება იწყება, ანუ იქ, სადაც იგი, ვინც სამოქმედო მიმართულებად სოციალური სამართლიანობა აიღო, ტრადიციებსა და ეთნიკურ-რელიგიურ-ზნეობრივ ღირებულებებს მთლიანად ზურგს აქცევს, ან იქ და იმ დროს, როდესაც ის ძალა, რომელმაც სამოქმედო არეალად ადამიანის ინდივიდუალური უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ბრძოლა გამოაცხადა, საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის პრობლემას მთლიანად ივიწყებს და აცხადებს, რომ ეს მას არ ეხება. ასეთი მიდგომები არასწორია. დაუშვებელია, პარტიის ინტერესები საზოგადოების ინტერესებზე მაღლა იდგეს. მეტიც, დაუშვებელია, რომ პარტიის ინტერესები არათუ ერთად აღებული საზოგადოების, არამედ მისი ცალკეული ნაწილების ინტერესებზე მაღლა იდგეს. სამწუხაროდ, ეს პრობლემა დამახასიათებელია პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რის გამოც რომელი მიმართულების პარტიებიც უნდა აღმოჩნდნენ ხელისუფლებაში, საზოგადოებაში მუდმივად დარჩებიან დაუცველი სეგმენტები. ეს პოლიტიკური ფილოსოფიის ერთი სერიოზული თემაა, მაგრამ ამ მიმართულებით მსჯელობის განგრძობა განსახილველ საკითხს აგვაცდენს. უმთავრესი განსახილველი კი ისაა, რომ ევროპულმა (დასავლურმა) ბურჟუაზიულმა საზოგადოებამ შვა ფაშისტური ტენდენციები, ომლებმაც თითქმის ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია გზას ააცდინა და საკუთარი ეროვნული უპირატესობის განცდის ჭაობში ჩაძირა. აქედან კი ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯია, უფრო სწორად, ნაბიჯიც აღარ არის, ეს უკვე ფაშიზმია. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ ნაციონალიზმში იმთავითვე დიდი დოზით არის მოცემული ფაშიზმი. იგივე შეიძლება ითქვას უკიდურეს კონსერვატიზმზე, რომელიც ნაციონალიზმის ერთგვარი ვარიაციაა. ფაშიზმი არ არის და არც შეიძლება იყოს საკუთარ სახელმწიფოსა და ხალხზე ზრუნვის გამოხატულება, ფაშიზმი სხვისი სიძულვილი და სხვის წინააღმდეგ ბრძოლაა ყოველთვის. ფაშიზმი საკუთარი ხალხის (ერის) უპირატესობის დამღუპველი განცდის გაჩენაა. ნაციონალიზმით ნებისმიერი აპელირება, უპირველეს ყოვლისა, ამას ნიშნავს. გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში თავისუფლება თუკი მოდიოდა (ასე იყო აღქმული საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის ნგრევა), ის საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის (განურჩევლად ეროვნული, რელიგიური თუ რასობრივი კუთვნილებისა) თანაბარი ბედნიერების მომტანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე იყო? არ იყო ასე! ქართველთა ერთ ნაწილში ეროვნული უპირატესობის დასაძრახი განცდა გაჩნდა, რაც ეროვნული მოძრაობის ლიდერების მიერ იყო წახალისებული.

ყველა გზა ფაშიზმისკენ მიდის!

ეს განცდა და ეს ტენდენცია ციდან არ ჩამოვარდნილა, იგი ევროპიდან (დასავლეთიდან) მოდიოდა. ამ შემთხვევაში დასავლეთიდან მოსული პოლიტიკური დირექტივები არ მაქვს მხედველობაში, რომლებიც, ფაქტია, რომ არსებობდა, ევროპაში არსებულ განწყობათა მექანიკურ გადმოტანას (პოლიტიკური ვირუსი) ვგულისხმობ. ამ ვირუსმა საქართველოს სამ ნაწილად დაშლა გამოიწვია. სხვა ფაქტორთა (სეპარატიზმი, გარეშე ინტერესები) იგნორირება, რა თქმა უნდა, სწორი არ იქნება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევროპაში ფაშიზმის მოძალების მძიმე ფაქტზე ვმსჯელობთ და ეს წიაღსვლა ამ პრობლემის უფრო ნათლად წარმოჩენას ემსახურება, სხვას არაფერს. ევროპაში კი ის ვითარებაა შექმნილი, რომ, მემარცხენეა თუ მემარჯვენე, ყველა ფაშისტური ციებ-ცხელებითაა შეპყრობილი. ჰიტლერიც მემარცხენე ორიენტაციის (ნაციონალ-სოციალისტი) იყო, მაგრამ მისთვის ამას არ შეუშლია ხელი, კაცობრიობის ისტორიაში გაუგონარი ბოროტების მანქანა შეექმნა, რომელმაც სამოცდაათ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და თითქმის მთელი დედამიწა სისხლითა და ცრემლით მორწყო. მხოლოდ ჰიტლერის პიროვნებაში ჩაბუდებული ბოროტებით არ აიხსნება ეს საშინელი ისტორიული ფაქტი. ეს, პირველ რიგში, დასავლურ კაპიტალიზმში ჩაბუდებული უბედურების შედეგი იყო. ჰიტლერმა კი არ შვა დასავლური კაპიტალიზმი, დასავლურმა კაპიტალიზმმა შვა ჰიტლერი, მუსოლინი, ფრანკო და ათასი სხვა, რომლებმაც აბსოლუტური ბოროტება აბსოლუტურ სიკეთედ გამოაცხადეს და შესაბამისი იდეოლოგიით გააბრუეს უდიდესი ერები: გერმანელები, იტალიელები, ესპანელები… პრაქტიკულად, მთელი ევროპა.

იმდროინდელ ფაშისტებს ნიურნბერგის ხვედრი ერგოთ, მაგრამ ამით არც ევროპა წასულა სადმე, არც ევროპული კაპიტალიზმი და არც ფაშისტური ტენდენციები. ბევრს უხარია (აქაც და ევროპაშიც), რომ საფრანგეთში ლიბერალიზმს კონსერვატიზმი ან სოციალიზმი ჩაანაცვლებს, მაგრამ ეს პოლიტიკური ილუზიაა. მხედველობაში არ მაქვს ის ამბავი, რომ, როგორც მოსალოდნელია, მაკრონი მემარცხენეებთან შექმნის ალიანსსა და მემარჯვენეებს ცოტა ხნით მაინც შეაკავებს (მემარჯვენეებს რომ მიეღოთ უპირატესობა, მაკრონი მათთან შევიდოდა ალიანსში და ამით შეეცდებოდა სოციალიზმის მოძალების შეკავებას). ეს დროებითი და ხელოვნური ალიანსები არც საინტერესოა და არც სამომავლო, ვინაიდან, საბოლოო, საფრანგეთში (მთელ ევროპაში) არც მემარცხენეები მოდიან, არც მემარჯვენეები და არც ლიბერალები (ისნი მიდიან), მოდის ფაშიზმისაერთო, დიდი, დასავლური, გლობალური ფაშიზმი.

მაცნე და წინაპირობა გლობალური ფაშიზმისა არის უკრაინული ფაშიზმი, რომელსაც მთელი დასავლეთი იდეოლოგიურად, შეიარაღებითა და ფინანსებით დაუდგა მხარში. ამ საშინელი საერთოდასავლური განწყობის დამარცხებაშია გადარჩენა და არა მემარცხენე ან მემარჯვენე ძალების გამარჯვებაში, ვინაიდან დღეს ერთად აღებულ ყველა პოლიტიკურ ძალას დიდად აღემატება რუსოფობიური სულისკვეთებით გაჟღენთილი დასავლური ნეოფაშიზმი, რომლის მიმართულებითაც, დიდი ხანია, დაიძრა მთელი დასავლური პოლიტიკური სპექტრი და მათთან ერთად საზოგადოების უდიდესი ნაწილიც. საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე ძალის ყველასთვის მოულოდნელი კრახი სწორედ იმან განაპირობა, რომ მისი ლიდერი ღიად გამოვიდა ანტირუსული ისტერიის წინააღმდეგ და უკრაინის შეიარაღბაზე უარის თქმა მოითხოვა. არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური პარტია ამ განცხადების შემდეგ მეორე ტურის შედეგებით ბოლო ადგილზე გავიდა. განა ეს იმაზე არ მეტყველებს, რომ ფაშისტური ტენდენციები არამხოლოდ წამყვან პოლიტიკურ წრეებში, არამედ საზოგადოებაშიც შემაშფოთებლად არის ფეხმოკიდებული?!

ეს დასავლური იდეოლოგიის ნამუშევარია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან არასრულ ოთხმოც წელიწადში მსოფლიო კვლავ დააყენა, ერთი მხრივ, ფაშისტური ურჩხულის საშიშროების, მეორე მხრივ კი, გლობალური ბირთვული დაპირისპირების წინაშე. ეს არის პრობლემა და არა ის, კონკრეტულად რომელი პარტია (ან პარტიები) გაიმარჯვებენ საფრანგეთში ან სადმე სხვაგან. პოლიტიკური ვითარებაა ისეთი, რომ ევროპაში (დასავლეთში) ვინც უნდა გაიმარჯვოს, საბოლოოდ მაინც ფაშიზმი იმარჯვებს, რადგან თანამედროვე დასავლეთში ყველა გზა ფაშიზმისკენ მიდის.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here