Home რუბრიკები პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ახლა სისუსტე, კანონის არ ან ვერ...

ნანა კაკაბაძე: ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ახლა სისუსტე, კანონის არ ან ვერ აღსრულებაში გამოხატული, დანაშაულის ტოლფასია

225

რევოლუცია, შფოთი და გადატრიალება “ნაცმოძრაობის” გენერალური გეგმა რომ არის, სულ უფრო აშკარაა. ნაცპარტიის ლიდერები პროცესების ქუჩაში გადატანას გეგმავენ. ტყუილებით, დეზინფორმაციითა და აპოკალიფსური სურათის დახატვით ისინი მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის კიდევ უფრო გაღვივებას ცდილობენ. “ნაცმოძრაობა” ცდილობს, საზოგადოებას შეუქმნას ილუზია, რომ თურმე ხელისუფლებამ სხვა გზა, გარდა რევოლუციისა, არ დაუტოვა. სხვათა შორის, წალენჯიხის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, რომელმაც არჩევნები მოიგო, ამ დღეებში მედიასთან პირდაპირ განაცხადა, რომ წალენჯიხა ერთხელ უკვე იყო გამარჯვებისა და ცვლილებების მომტანი ქვეყანაში. ცხადია, მან 2003 წელი იგულისხმა, როცა სააკაშვილი სწორედ წალენჯიხიდან დაძრული კოლონით ჩავიდა თბილისში და ხელისუფლების დამხობის სპექტაკლი წარმატებით გაითამაშა… მართალია, დღეს სააკაშვილი ციხეშია და ვერანაირ კოლონას სათავეში ვერ ჩაუდგება, მაგრამ, როგორც ჩანს, ნაცების ბელადს ელექტორატის დარაზმვაში საპყრობილის სქელი კედლებიც ვერ უშლის ხელს. “ნაცმოძრაობის” ეგზალტირებული მხარდამჭერები მზად არიან, პატიმრის წერილობით მოწოდებაზეც გამოვიდნენ აქციაზე, თავისუფლების მოედანი გაავსონ და ხელისუფლებას ძალა აჩვენონ. ძალის დემონსტრაციას, ანუ დედაქალაქის ცენტრალური მოედნის შევსებას უკვე მეორედ სააკაშვილის პოლიტიკური სექტა 6 ნოემბერს შეეცდება. ნიკანორ მელია აცხადებს, რომ ამჯერად, სულ ცოტა, ორჯერ მეტნი უნდა გამოვიდნენ, კარვები გაშალონ და სახლებში აღარ წავიდნენ, რათა ქვეყანაში “მშვიდობიანი რევოლუცია” მოხდეს…

გამოუვათ თუ არა ნაციონალებს 18 წლის შემდეგ კიდევ ერთი რევოლუცია და იქნება თუ არა მზად ხელისუფლება, აღკვეთოს მოსალოდნელი დესტრუქცია _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, არჩევნებში დამარცხებულმა “ნაცმოძრაობამ” “მშვიდობიანი” რევოლუცია დააანონსა. ისინი უკვე დაუფარავად აცხადებენ, რომ 6 ოქტომბერს გამოვლენ და აღარ დაიშლებიან. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

_ უწინარესად, ხაზს გავუსვამ იმას, რომ არჩევნები ჩატარდა მაღალ დონეზე. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ასეთი გამჭვირვალე არჩევნები არათუ საქართველოში, ჩვენზე გაცილებით მაღალი დემოკრატიული სტანდარტების მქონე ქვეყნებშიც კი შეიძლება არ ტარდება. რაც შეეხება ნაციონალებსა და მათ განცხადებებს, რომ 30 ოქტომბერს თურმე არჩევნები კი არა, ქართული დემოკრატიის ჩამოქცევა და დასამარება იყო, ეს მათი ჩვეული სტილია. რა თქმა უნდა, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ასე ილაპარაკებდნენ და იტყოდნენ, რომ, აბა, ახლა ყველანი ქუჩაში გამოვიდეთ, ხელისუფლებამ ხმები გაგვიყალბაო. ნაცმოძრაობა” არის ძალა, რომელსაც თავისი პოლიტიკური მომავალი მშვიდ, სამართლიან, დემოკრატიულ პოლიტიკურ ვითარებაში, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენია, წარმოუდგენია მხოლოდ არეულობის, დაპირისპირების, შუღლისა და სისხლისღვრის პირობებში. აი, ამის პროვოცირებას ცდილობენ და ამიტომ ამბობენ, ხელისუფლებამ სხვა გზა არ დაგვიტოვა რევოლუციის გარდაო. სხვა გზა თვითონ არ დაუტოვეს საზოგადოებას, როცა 2012 წელს გაკეთდა პრინციპული არჩევანი და გამოუტანეს განაჩენი, რომ დანაშაულებრივი პარტია ერთხელ და სამუდამოდ უნდა წასულიყო პოლიტიკურ მოუსავლეთში.

_ რევოლუციის საფრთხე არსებობს? მოახერხებენ ისინი თუნდაც მხარდამჭერების მობილიზებას დიდი მასშტაბით?

_ ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური თვითშეგნება საკმარისად მაღალია იმისთვის, რომ ერთსა და იმავე სატყუარაზე ორჯერ არ წამოეგოს. რევოლუციის სპექტაკლი ჩვენ უკვე ვნახეთ 2003-ში, როცა კეთდებოდა განცხადებები ქვეყნის აღმშენებლობაზე და მერე აღმოჩნდა, რომ დემოკრატიის სახელით ძალაუფლება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, კრიმინალებმა ჩაიგდეს ხელში…

_ თუმცა საზოგადოების პოლიტიკური მეხსიერებაც საკმაოდ მოკლე აღმოჩნდა. ამის დასტურია ის, რომ რეჟიმის შეცვლიდან 9 წლის თავზე მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, უბრალოდ, არ ახსოვს, რა ხდებოდა სააკაშვილის პერიოდში. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბევრი ხმა მიიღო.

_ ვერ ვიტყოდი, რომ საზოგადოების მეხსიერება მოკლეა, უბრალოდ, აქ ერთი მომენტია: როდესაც წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ სისტემური დანაშაული არათუ ამხილო და გაასამართლო, არამედ გააცოცხლო და პოლიტიკური პროცესების ავანგარდს დაუბრუნო, ეს საზოგადოებაში დიდ უნდობლობას იწვევს. მერე ეს უნდობლობა გადაიზრდება ხოლმე უიმედობაში, ნიჰილიზმში და უკვე ვიღებთ კონკრეტული ფორმებით გამოხატულ მზარდ უკმაყოფილებას. აი, ეს არის ზუსტად ის, რაც იდეალურ გარემოს ქმნის დესტრუქციული ძალებისთვის და, ბუნებრივია, ისინი აცნობიერებენ ამ შესაძლებლობას. რაც შეეხება ისევ რევოლუციის საფრთხეს, საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მათ შორის “ნაცმოძრაობის” გულმხურვალე მხარდამჭერებსაც, რა თქმა უნდა, არ სურთ ქვეყნის არევა. მე ვგულისხმობ რიგით მოქალაქეებს. არ შეიძლება, ეს ნორმალურ ადამიანს უნდოდეს, იმიტომ, რომ ყველამ ვიცით, რა მოსდევს დაპირისპირებას, შუღლს, ძმათამკვლელ ომს და ა.შ., ამიტომ მჯერა, რომ ესენი ვერ შეძლებენ ადამიანების აყოლიებას მათთვის სასურველ სცენარში. ყველაზე დიდი, რაც შეიძლება მოახერხონ, იქნება ის, რომ გამოიყვანენ რამდენიმე ათას ადამიანს, დადგებიან და იყვირებენ.

_ ვთქვათ, მოახერხეს დიდი რაოდენობით ხალხის გამოყვანა და დაიწყეს კონკრეტული დესტრუქციული მოქმედებები… როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

_ ნაციონალების გეგმების განხორციელების შემთხვევაში ქვეყანა აირევა, ყველაფერი თავდაყირა დადგება და დაიწყება ტოტალური ტერორი. ეს შეეხება როგორც პოლიტიკურ სპექტრს, ისე საზოგადოებასაც, იმიტომ, რომ თუ მათ რაღაც ძალა იგრძნეს, რეპრესიულ ქმედებებს დაიწყებენ არა მხოლოდ ოპონენტების მიმართ, არამედ მათდამი უარყოფითად განწყობილი რიგითი მოქალაქეების მიმართაც. სხვათა შორის, თუ დააკვირდით, ესენი უკვე პირდაპირ სიტყვიერ და ფიზიკურ აგრესიაზე გადადიან იმ ადამიანებზე, რომლებიც სადმე რამე ფორმით ახსენებენ რეჟიმის დანაშაულებს. მათი მიდგომა არის ის, რომ თვით ნაწამებმა ადამიანებმაც კი არ უნდა ილაპარაკონ. ილაპარაკებ და უკვე “დემოკრატიის მტერი” ხარ, “რუსეთის აგენტი” და ჩასაქოლი. ახლა კიდევ ერთ მნშვნელოვან საკითხს შევეხები: რევოლუციურ საფრთხეებზე საუბრისას ჩემთვის მნიშვნელოვანია არა ის, რას აპირებს სააკაშვილის პოლიტიკური სექტა, არამედ ხელისუფლება რას გააკეთებს…

_ და, თქვენი აზრით, რას გააკეთებს, არის კი ხელისუფლება მზად ნაცების დანაშაულებრივი გეგმის აღსაკვეთად?

_ ვფიქრობ, ხელისუფლებამ მთელი ამ წლების განმავლობაში გააცნობიერა ერთი რამ: ქართველი ხალხის ნებაა ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის სათავეში ვერ მოდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, მეორე მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ ხალხი ყოველთვის ვერ იქნება ბარიერი, რომელიც ქვეყანას გადაარჩენს ამ დესტრუქციული ძალის ბოროტი ზრახვებისგან. ამის ბარიერი უნდა იყოს კანონი, სამართალი და სახელმწიფო. აი, ახლა უკვე ყველაფერი დამოკიდებულია სახელმწიფოზე და იმაზე, როგორ იმოქმედებს ის მოცემულ შემთხვევაში. ვნახოთ, მელიასა და მისნაირ დამნაშავეებს ისევ ხვეწნას დაუწყებენ, შემოდით პარლამენტშიო, თუ იმოქმედებენ კანონით და ნებისმიერ დესტრუქციულ ქმედებაზე მოახდენენ მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას. რაც შეეხება სააკაშვილსა და მის პატიმრობას, რომელსაც “ნაცმოძრაობა” უმნიშვნელოვანეს ფაქტორად გვიხატავს, ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: სააკაშვილი, უკვე დიდი ხანია, არანაირ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს, მან მაშინ დაკარგა ყველანაირი დატვირთვა და მნიშვნელობა, როცა ქართველმა ხალხმა პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრა და შემდეგ ქვეყნიდან გაქცეულმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. აი, ეს არის რეალობა და იმ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ, რომ მიშა მხსნელია, ვუსურვებდი, მალე აეხილოთ თვალი, ვუსურვებდი, ბრმა იარაღად არ გამოსდგომოდნენ მელიას, უგულავას, ბოკერიას და სხვა არანაკლებ მძიმე დამნაშავეებს, რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანების გამაუბედურებელ, სასტიკ დანაშაულებრივ სისტემას ქმნიდნენ…

_ გარე ძალების ფაქტორზეც შეგეკითხებით: მართალია, დასავლეთი მთლიანობაში დადებითად აფასებს არჩევნებს, მაგრამ არის ცალკეული მომენტებიც, რომლებიც, შესაძლოა, კითხვებს აჩენდეს… იგივე ეუთო-ოდირის შეფასებებში, ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებებშიც ნათქვამია, რომ თურმე ხელისუფლების მხრიდან იყო დარღვევები, იყო ზემოქმედება მათ შორის ჟურნალისტებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე და ა.შ. ხომ არ ფიქრობთ, რომ გარკვეული გავლენიანი დასავლური ძალები დესტრუქციული ოპოზიციის ღია მხარდამჭერი შეიძლება აღმოჩდნეს მომავალში?

_ ცხადია, ის დასავლური ჯგუფები, რომლებსაც “ნაცმოძრაობასთან” გარკვეული ანგარიშები აქვთ, პირდაპირ ვიტყვი, ფინანსური დაინტერესება და არა მხოლოდ, ბოლომდე იქნებიან მათი მხარდამჭერები. ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ვერანაირი გარე ძალების მხარდაჭერა სააკაშვილის დანაშაულებრივი გუნდისადმი ვერ იქნება იმის გამართლება, რომ ხელისუფლებამ ამ შემთხვევაშიც სისუსტე გამოიჩინოს. ხალხი ამას არა დაუშვებს და არც უნდა დაუშვას, იმიტომ, რომ სისუსტე, კანონის არ ან ვერ აღსრულებაში გამოხატული, ახლა დანაშაულის ტოლფასია. ზუსტად ასეთი დანაშაულის ტოლფასი სისუსტის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, ამიტომ ხელისუფლება ამას კარგად უნდა ხვდებოდეს. რაც შეეხება ისევ დაანონსებულ “მშვიდობიან რევოლუციას” და მისგან გამომდინარე არსებულ საფრთხეებს, საფრთხე იარსებებს ყოველთვის, სანამ არსებობს “ნაცმოძრაობა”, ამიტომ მოცემულობა მარტივია _ ან გაგვყავს ამ სისხლიანი კრიმინალების ხროვა პოლიტიკური სპექტრიდან და ყველას ვუშვებთ იქ, სადაც მათი ადგილია, ცხადია, დანაშაულების შესაბამისი სასჯელის ხანგრძლივობით, ან ვეგუებით შექმნილ რეალობას. შფოთთან და მუდმივი რევოლუციის საფრთხესთან შეგუება არავის უნდა, ამიტომ გამოსავალი ერთადერთია. დარწმუნებული ვარ, რომ, ყველაფრის მიუხედავად, საზოგადოებას ეყოფა ძალაც, გამძლეობაც და მოქალაქეობრივი თვითშეგნებაც, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვას ამ ყველაფერს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here