Home რუბრიკები საზოგადოება ევგენი პრიმაკოვის 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო

ევგენი პრიმაკოვის 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო

2790

ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრში ამა წლის 31 ოქტომბერს ევგენი პრიმაკოვის 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. 

საღამო საკმაოდ წარმომადგენლობითი გახლდათ, ქართველებთან ერთად იყვნენ რუსეთიდან ჩამოსული სტუმრებიც: გორჩაკოვის სახელობის ფონდის ხელმძღვანელი ლეონიდ დრაჩევსკი, სცენარისტი, ავტორი ფილმისა “უდაბნოს თეთრი მზე” რუსტამ იბრაგიმბეკოვი, აგრეთვე, ანალიტიკოსი არჩილ სიხარულიძე, მწერალი გოგი ლორთქიფანიძე, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” გამომცემელი ტარიელ გაგნიძე, პოლიტოლოგი ირაკლი უბილავა, ტელეკომპანია “მირ”-ის ყოფილი წარმომადგენელი ბადრი ნაჭყებია, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციის წარმომადგენელი და სხვ.

“დიდი თბილისელის, უდიდესი პოლიტიკოსის, ასევე უდიდესი დიპლომატის _ ევგენი პრიმაკოვის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა, რომლის სახელსაც ატარებს ჩვენი ორგანიზაცია, ყველასთვის ცნობილია, რომ დიდი წნეხის ქვეშ არის. სამწუხაროდ, ჩვენს ახალგაზრდებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია პრიმაკოვის დამსახურებასა და მის ღვაწლზე საქართველოს წინაშე. არ იციან 90-იანი წლების ისტორია, როდესაც პრიმაკოვი აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის პრობლემების გადაჭრაში. იმისთვის, რომ სრულად წარმოვაჩინოთ ევგენი პრიმაკოვის ღვაწლი, წარმოგიდგენთ ფილმს მის შესახებ. ასევე, ახალგაზრდა ანალიტიკოსი არჩილ სიხარულიძე გვესაუბრება ევგენი პრიმაკოვის დამსახურებას და მის ურთიერთობაზე საქართველოსთან”, _ განაცხადა პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ფილმის ჩვენებამდე დიმიტრი ლორთქიფანიძემ სიტყვა გადასცა გორჩაკოვის სახელობის ფონდის ხელმძღვანელ ლეონიდ დრაჩევსკის. “პრომაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიდი ხნის განმავლობაში არ გვყავდა, არ გვყავდა მანამ, სანამ დიმიტრი ლორთქიფანიძე არ დაგვთანხმდა. მადლობა მას ამისთვის, მისი საქციელი გმირობის ტოლფასია. დღეს მოხარული ვარ, რომ ჩვენი დიდი მასწავლებლის _ ევგენი პრიმაკოვის ცენტრი გვაქვს საქართველოში. სიმართლე გითხართ, არ ვიცი, როგორ ახერხებდა ევგენი პრიმაკოვი, რომ დარჩენილიყო სუფთა ადამიანად და თანაც ყოფილიყო ამ დონის პოლიტიკოსი და დიპლომატი. მიხარია, რომ სწორედ ჩვენ განვაგრძობთ მის გზას და პატივს მივაგებთ მის ხსოვნას. ეს მახარებს”, _ განაცხადა ლეონიდ დრაჩევსკიმ მისასალმებელ სიტყვაში.

ევგენი პრიმაკოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენების შემდეგ ანალიტიკოსმა არჩილ სიხარულიძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო 1990-იან წლებში პრიმაკოვის როლი საქართველოს პრობლემების მოგვარების საქმეში. მისმა გამოსვლამ დამსწრე საზოგადოებაში დებატები გამოიწვია, რამაც შეხვედრა უფრო საინტერესო გახადა.

დებატების მოსმენის შემდეგ სცენარისტმა რუსტამ იბრაგიმბეკოვმა განაცხადა: “გაოცებული ვარ, როგორ ობიექტურად აფასებთ ქართველები 90-იანი წლების მოვლენებს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. მინდა ყველას მივულოცო პრიმაკოვის სახელობის ცენტრის დაფუძნება, რადგან ყველამ კარგად ვიცით, როგორი დაძაბული ურთიერთობაა რუსეთ-საქართველოს შორის. ორ ხალხს შორის ისეთი ურთიერთობები, როგორც დღეს ჩვენ აქ გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მეგობრული ურთიერთობები და ეს ცენტრი, ვფიქრობ, ამას ხელს შეუწყობს. მგონია, რომ ის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის არის, წუთიერია და გაივლის. მინდა ყველამ იცოდეს, როგორი წმინდათაწმინდაა რუსი ხალხისთვის ქართველი, ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კულტურას და ასევე პირიქით…”

საღამოს სტუმრები რიგრიგობით გამოდიოდნენ და ევგენი პრიმაკოვის ნაკეთებ საქმეებს პატივისცემით იხსენებდნენ.

საღამო გაალამაზეს სტუდენტებმა, რომლებმაც ევგენი პრიმაკოვისადმი მიძღვნილი ლექსები რუსულ ენაზე წაიკითხეს.

შეხვედრის დასასრულ, ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სტუმრებს ამცნო, რომ 2021 წელს, ევგენი პრიმაკოვის გარდაცვალებიდან მეხუთე წლისთავზე, სანქტ-პეტერბურგის ქუჩის მე-10 ნომერში, იქ, სადაც გაიზარდა დიდი დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე, მემორიალური დაფა განთავსდება.

ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი, უმცროსი ევგენი პრიმაკოვი ბაბუის შესახებ ამბობს: ევგენი მაქსიმოვიჩი დაიბადა არა კიევში, არამედ მოსკოვში. მისი მამა რეპრესირებული იყო. ევგენი მაქსიმოვიჩის დედამ _ ანამ ბაბუაჩემი თბილისში წაიყვანა. იმხანად ის ძალიან პატარა იყო… დედა შვილს მარტო ზრდიდა, ისინი ლენინგრადის ქუჩაზე მდებარე სახლის კომუნალური ბინის ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. იზრდებოდა, როგორც ყველა თბილისელი ბიჭი. შემდეგ შევიდა ვაჟთა სკოლაში პლეხანოვის პროსპექტზე. ომისა და ომის შემდგომი პერიოდის თბილისი ხულიგნების ქალაქი იყო და მათი კომპანიაც საბრძოლო იყო”.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, რა როლს ასრულებდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ევგენი პრიმაკოვი, შემოგთავაზებთ ამონარიდს მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან: როდესაც არძინბამ დამირეკა, მივხვდი, ეს ექსტრაორდინარული შემთხვევა იყო. შეხვედრა მთხოვა. მე, რა თქმა უნდა, უარი არ ვუთხარი. ხანგრძლივი და რთული საუბარი გაიმართა. არძინბამ უარი განაცხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე. კომპრომისის ძიებისას შევთავაზე ასეთი ვარიანტი _ “აფხაზეთის თანხმობა, იცხოვროს საქართველოსთან საერთო სახელმწიფოში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებში 1991 წლის 1 იანვრის მდგომარეობით”. ჩვენ დიდხანს და ცხარედ ვკამათობდით. მოგვიანებით ცოლმა მითხრა: შენგან ასეთი ყვირილი არასდროს მომისმენიაო.

დიდი ძალისხმევის შედეგად შევძელი არძინბას დარწმუნება, რომ ჩემი ფორმულირება მიეღო. ეს იყო კოლოსალური ნაბიჯი. მივხვდი, _ არძინბა თბილისში უნდა წამეყვანა. იმხანად 7 წელი სრულდებოდა, რაც მასზე საქართველოს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. მე შევძელი ვლადისლავ არძინბასა და ედუარდ შევარდნაძის შეხვედრის ორგანიზება. თბილისის აეროპორტში ჩვენს დასახვედრად მოსულებმა გაკვირვება ვერ დამალეს, როდესაც დაინახეს, როგორ ჩამოვდიოდით მე და არძინბა ტრაპიდან. სხვათა შორის, დამხვედრთა შორის იყო ზურაბ ჟვანიაც. არძინბა შევარდნაძესთან პირისპირ დავტოვე. მათ მრავალსაათიანი უმძიმესი საუბარი ჰქონდათ.

იმხანად ნათელი იყო, რომ ახალი ფორმულა უნდა გამხდარიყო ძირითადი საკანონმდებლო აქტი, რომელსაც ყველა დანარჩენი დოკუმენტი დაემორჩილებოდა, მაგრამ ის შევარდნაძემ არ მიიღო და წინადადება წამოაყენა, ტერმინი “საერთო სახელმწიფო” შეეცვალათ “ერთიანი სახელმწიფო”-თი _ არძინბა, რა თქმა უნდა, არ დათანხმდა. ეს იყო ჩავარდნა. კონფლიქტის თავიდან აცილების კოლოსალური შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული. შემდეგ იყო ვახშამი. სუფრასთან ყველა ერთმანეთის ჯანმრთელობის სადღეგრძელოს სვამდა. ასე დასრულდა საკითხის მოგვარების მცდელობა. ეს იმიტომ მოგიყევით, რომ მეჩვენებინა, _ მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობდა”.

ევგენი პრიმაკოვს 1982 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here