Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლეთი ცდილობს, ქართველ ხალხს ხელისუფლებაში კვლავ “ნაციონალური მოძრაობა” ჩაუდოს გუგულის კვერცხივით

დასავლეთი ცდილობს, ქართველ ხალხს ხელისუფლებაში კვლავ “ნაციონალური მოძრაობა” ჩაუდოს გუგულის კვერცხივით

370

ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი კვლავ ჩამოვიდა საქართველოში და კვლავ შეეცდება ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ მაგიდასთან დასვას და რამეზე მაინც შეათანხმოს. სხვათა შორის, როცა პირველი ვიზიტის ვადა ამოიწურა, ირაკლი კობახიძე დანიელსონს ბრიფინგით დაემშვიდობა და ატეხა ოპოზიციამ ერთი ამბავი, სტუმარს აგდებსო. არადა, ყველამ იცის პროტოკოლი და ისიც, რომ ყველა ვიზიტს აქვს დაწყებისა და დასრულების დრო. კობახიძეც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ დონის სტუმარი პროტოკოლს დაარღვევდა, მაგრამ უკვე ნათლად ჩანს, რომ ევროკავშირს ვალდებულება აქვს აღებული ნაციონალების მიმართ და ეს ვალდებულება ხელისუფლებაში მათ დაბრუნებას ისახავს მიზნად. 

ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ უკვე ცხადია, რომ 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის სანაცვლოდ ნაციონალებს ხელისუფლებაში დაბრუნებას დაჰპირდნენ და ახლა ისინი დაპირების შესრულებას ითხოვენ. ის, რომ სააკაშვილი საკუთარი ნებით, მშვიდობიანად არ წავიდოდა, ყველამ იცის, გარანტიად მან სწორედ ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნება მიიღო და ახლა ევროკავშირს აშანტაჟებს; რით და როგორ, სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნაციონალები მშვიდად დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

დასავლეთმა დაინახა, რომ მოსახლეობამ ნაციონალების საკენკი აღარ აკენკა და, იმის მიუხედავად, რომ დიდად არც მმართველი გუნდი მოსწონთ, ერი და ბერი ნაციონალების დაბრუნებას მაინც კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ახლაც, მთავარი მიზანი არის ის, რომ 15 მაისს დაანონსებული აქცია არ გაიმართოს, რადგან ყველაზე კარგად ევროპამ იცის, 30 პარტიის აქციაზე 10 ათასი კაცი რომ ვერ შეიკრიბება. ეს იმას ნიშნავს, რომ თითო პარტიას 350-კაციანი მხარდამჭერიც არ ჰყავს და მერე მოლაპარაკებები უფრო გართულდება. ამიტომ სასწრაფო წესით ჩამოვიდა დანიელსონი და იმდენს შეეცდება, ოპოზიცია და ხელისუფლება მოარიგოს და 15 მაისის აქციამ ჩაილურის წყალი დალიოს. სამაგიეროდ, მერე ოპოზიცია იტყვის: მთელი საქართველო გამოგვყავდა გარეთ და პატივი ევროპას ვეცითო.

რას გულისხმობს დანიელსონის ვიზიტი და მოწოდება, რომ შეთანხმება ორ საკითხზე _ სასამართლო სისტემასა და საარჩევნო ადმინისტრაციაზე შედგეს? ეს არის შეფარული გადატრიალება და ხელისუფლების გადაბარება და ახლავე აგიხსნით, როგორ: ეს არის სატყუარა, რომ იქნებ “ოცნება” წამოეგოს და დათმოს. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაში მონაწილეობა და რეფორმის საფარქვეშ სასამართლოში თავისი კვოტის შეყვანა _ ესაა ნაცების უმთავრესი მიზანი. შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ადმინისტრაციამ მათი მხარე რომ დაიჭიროს და, თუ იქ არაფერი გამოვა, არასასურველ გადაწყვეტილებებს სასამართლოში გაასაჩივრებენ და იქ უკვე მათი კლანი დააჩაქუჩებს “ნაცმოს” სურვილებს.

“ნაციონალურ მოძრაობას” არც პარტიებად დაქუცმაცებამ და სხვა სახელით ხელისუფლებაში დაბრუნებამ უშველა. გაიხსენეთ, როგორ დემონსტრაციულად დატოვეს დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ “ევროპული საქართველო”; როგორ თქვა გიგა ბოკერიამ, მეც გავიწევიო, და, თუ ის ორი უპარტიოა, ეს კი გაწეული, რა უფლებით და რა სტატუსით იღებენ მოლაპარაკებებში მონაწილეობას?! ჩამოიხსნეს ნიღაბი და მოლაპარაკებების ერთ მხარეს “ქართული ოცნება” ზის, მეორე მხარეს _ მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა”. ამას შალვა ნათელაშვილიც მიხვდა და მოლაპარაკებების მაგიდა დატოვა, მიხვდა ირმა ინაშვილიც და ისიც წამოვიდა, დანარჩენები კი… ყველაზე საინტერესო, იცით, რა არის? შესათანხმებელი პუნქტების ლამის სახელმწიფო საიდუმლოებამდე აყვანა. ხომ ადვილი მისახვედრია, რომ ისეთს არაფერს აპირებენ, რაც მოსახლეობას მოეწონება, თორემ რა არის დასამალი?! ჩვენს მიერ არჩეული პოლიტიკოსები (ოპოზიციაც და პოზიციაც) ჩვენს ზურგს უკან მიდიან გარიგებებზე და მას საიდუმლოდ ინახავენ. ორ სიტყვასაც კი არავინ ამბობს. ეს დასავლეთის მოთხოვნაა, დანიელსონმა კატეგორიულად მოითხოვა: ხმა არ ამოიღოთ და, რომელიც პირობას დაარღვევს, დაისჯებაო. ჰო, ახლა ის დროა, როცა დანიელსონის აზრი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მთელი მოსახლეობის. ვის უმალავთ, რას უმალავთ, რატომ გვატყუებთ? რა ზიანი უნდა მოუტანოთ კიდევ ქვეყანას ჩვენს უჩუმრად და ევროპასთან შეთანხმებით?

ერთ პოლიტიკოსს მაინც გაებედა და ეთქვა, შემოდგომაზე პლებისციტს თუ ვაპირებთ, იქნებ გვეცადა და გვეკითხა მოსახლეობისთვის, ნატო და ევროკავშირი ისევ სურს თუ გადაიფიქრა? მაგრამ ვერც ამის თქმას გაბედავს ვინმე და ვერც ასეთი კითხვის დასმას, რადგან დიდი შანსია, რომ 30 წლის განმავლობაში დაყრილი საკენკი მოსახლეობამ აღარ მიიღოს და ხელი აიქნიოს, ამიტომ დასავლეთი არასდროს დასვამს იმ კითხვას, რომელმაც შეიძლება 30 წლის განმავლობაში ნაშენები ოცნების სასახლე ხუხულასავით დაანგრიოს. ერთადერთი, რამაც მოლაპარაკებების მაგიდიდან გამოჟონა, არის ის, რომ თურმე ნაციონალებს 6 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი მოუთხოვიათ, რაზეც არჩილ თალაკვაძე გაოცებულა: რა ვუთხრა კოლეგებს, თანამდებობიდან რატომ გიშვებთო?! მაგრამ გვერწმუნეთ, თუ დასავლეთის მესიჯებს დაჰყვება ხელისუფლება, 6 კომიტეტის კი არა, ისეთი რაღაცების დათმობა მოუწევს, დილით რომ გაიღვიძებენ, შესაძლოა, ხელისუფლება შეცვლილი დახვდეთ. ხომ ფაქტია, კომიტეტების გადაბარებით, ამ კომიტეტებზე მიბმული სამინისტროებისა თუ სხვა სახელმწიფო სტრუქტურების სრული კონტროლი ნაციონალების ხელში გადავა, იქიდან საბოტაჟამდე კი ერთი ნაბიჯია. ისედაც მართლა ხუხულასავით დგას ქვეყნის ლამის ყველა ინსტიტუტი და ერთი შეჯანჯღარება საბოლოოდ დაანგრევს.

ევროკავშირს ხელი ნატომაც შეაშველა და აგერ, იენს სტოლტრნბერგმა ისევ თქვა: მზად ვართ, საქართველო ნატოში მივიღოთო. წლებია, ამას ვისმენთ და ვისმენთ სწორედ მაშინ, როცა დასავლელი პარტნიორების მიმართ საფუძვლიანი კითხვები ჩნდება. ნატოს გენმდივნის განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა, საქართველოს ნატოში ძალით ექაჩებიანო და დადგა რიგი _ ყველამ ერთხმად დაიწყო საუბარი, რომ რუსეთი თურმე ჩვენს საშინაო საქმეებში ერევა. ოპოზიციამ ხელისუფლებისკენ გაიშვირა ხელი, ხელისუფლებამ პირიქით _ ოპოზიციას დააბრალა, რუსები თქვენით არიან გათამამებულებიო და ამ დროს, ვიღაც კრისტიან დანიელსონი ოროსანი ბავშვებივით იბარებს ქართულ პოლიტიკურ ელიტას და აიძულებს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც რეალურად არა ქართულ პოლიტიკას, არამედ ევროპას წაადგება.

აუჩემებიათ, პოლიტიკური კრიზისია საქართველოშიო. არავინ ხსნის, რაში გამოიხატება ეს კრიზისი. ჩატარდა არჩევნები, ვიღაცას მოეწონა, ვიღაცას _ არა, ნაწილი პარლამენტში შევიდა, ნაწილი გარეთ დარჩა და აპროტესტებს ამ ყველაფერს. ე.ი., პოლიტიკური კრიზისი კი არა, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და, როგორც კი მიხვდა დასავლეთი, რომ ოპოზიციამ ყველა დონეზე ჩაისვარა, ჩაერია და ცდილობს, ხელისუფლებაში ის პარტია დააბრუნოს, რომელსაც მხარდაჭერა არ აქვს. მოდი, ციფრებით დავთვალოთ: საქართველოში 73 მუნიციპალიტეტია და თითო ოპოზიციურმა პარტიამ თითო მუნიციპალიტეტიდან 5 კაცი რომ გამოიყვანოს, 365 კაცს მოუყრის თავს, ამით ისინი მოახერხებენ და აქციაზე 10 ათას კაცს მაინც მიიყვანენ, მაგრამ ცალკე აღებულ ოპოზიციურ პარტიას თითო მუნიციპალიტეტში 5 მხარდამჭერიც არ ჰყავს. ჰოდა, ამ ხალხის მოყვანა სურთ ხელისუფლებაში დასავლელ პარტნიორებს, გაერთიანებული ოპოზიციის სახელითა და საფარქვეშ, თორემ ხომ ისედაც ცხადია, ფარა რომ შებრუნდეს, სათავეში კოჭლი ცხვარივით სწორედ “ნაციონალური მოძრაობა” მოექცევა და არც ნიკა მაჭუტაძეს გადააწყვეტინებენ რამეს, არც ბაჩუკი ქარდავას, არც თაკო ჩარკვიანს და არც სხვებს.

ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, როგორ დასრულება მოლაპარაკებები. ეჭვი გვაქვს, ევროკავშირს რაღაც სხვა აქვს მოფიქრებული, რადგან პირველ ჯერზე “ოცნებამ” მათი სატყუარა არ ჩაყლაპა, არ ჭამა ის, რომ მცირედის დათმობით მთავარს არ თმობდა. ახლა სხვა მხრიდან მიუდგება დანიელსონი და კვლავ შეეცდება, ჯერ “ოცნებას”, შემდეგ კი ქართველ ხალხს ხელისუფლებაში კვლავ “ნაციონალური მოძრაობა” შეატყუოს, გუგულის კვერცხივით ჩაუდოს და გვერწმუნეთ, თუ ასე მოხდება, ისინი ძალაუფლების შენარჩუნების გამო ორ გვამს აღარ იკმარებენ, მეტს მოითხოვენ, მეტს მიიღებენ და, როცა საქმე საქმეზე მიდგება, დასავლეთს მარტივად “დაიკიდებენ”. ჰოდა, სანამ შეთანხმებას ხელს მოაწერთ, იქნებ სააშკარაოზე გამოიტანოთ, ბატონებო, ის პუნქტები, რომელთა მიხედვით საქართველოს მართვას აპირებთ; იქნებ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ არის თანახმა, ჰო, იმ მოსახლეობის, თქვენ რომ აგირჩიათ და ის მანდატი მოგანიჭათ, რომელსაც ასე სარფიანად იყენებთ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here