ევრაზიის ინსტიტუტმა გამართა მორიგი მრგვალი მაგიდა, რომელიც საქართველოში რუსოფობიის ზოგიერთი ასპექტის განხილვას მიეძღვნა. განხილულ იქნა ასევე, საქართველოს ისტორიის საკითხები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში (1801-1917 წ.წ.). ისტორიკოსების მხრიდან აღინიშნა, რომ რუსეთთან შეერთების გზით, საქართველომ მიიღო გაცილებით მეტი, ვიდრე დაკარგა. სხვა თუ არაფერი, საუკუნეების მანძილზე დაქუცმაცებული და აშლილი საქართველო, რუსეთის იმპერიაში გაერთიანდა. განსაკუთრებით აღინიშნა მეფისნაცვლის, მიხაილ ვორონცოვის ღვაწლი საქართველოს ისტორიაში. ისტორიკოსებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ვორონცოვის ძეგლი (რომელიც 1920-იან წლებში მოიხსნა) დაუბრუნდეს თავის ადგილს – მოედანს, რომელსაც თბილისის მოსახლეობა დღემდე „ვორონცოვს” ეძახის.
ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობამ მიიღო რეზოლუცია რუსოფობიის შესახებ, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში დღეს შექმნილ ვითარებასთან. გთავაზობთ რეზოლუციის ტექსტს, რომელიც მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორმა გულბაათ რცხილაძემ წაუკითხა:
თუკი „გამჭვირვალობის კანონს” განვიხილავთ არა მხოლოდ საკანონმდებლო აუცილებლობად, არამედ პოლიტიკური ტესტის ერთგვარ ფორმადაც, აშკარა ხდება დასავლეთის მხრიდან საქართველოს სრული მორჩილების სურვილი, საქართველოს სუვერენიტეტისადმი სრული უპატივცემულობა.
ეს არ არის დასავლეთის ცალკე აღებული წრეების დამოკიდებულება, რაღაც „გლობალური ომის პარტია”, არამედ გახლავთ დასავლეთის გლობალისტური მმართველი ფენის კონსოლიდირებული პოზიცია.
ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო გლობალისტურ დასავლეთს სჭირდება რუსეთის საწინააღმდეგო იარაღად, საქართველო არის პაიკი დასავლეთის გეოპოლიტიკურ თამაშში. ასე გამოიყენეს უკრაინა და იქ დაამკვიდრეს „მაიდანის” რეჟიმი.
„მაიდანის” რეჟიმმა, თავის მხრივ, ძირგამომთხრელი საქმიანობა გააჩაღა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, რათა რადიკალ რუსოფობებს გაუხსნას გზა. რუსოფობულ რიტორიკას საქართველოში დიდი ხელშეწყობა აქვს კიევიდან. რუსოფობია რიტორიკის დონეზე არ რჩება და გვქონდა შემთხვევები, როდესაც ეროვნული ნიშნით ადგილი ჰქონდა და აქვს რუსი ადამიანების სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც სრულიად უცხოა ქართველი ხალხისთვის და გარედან არის თავსმოხვეული. „მაიდანის” რეჟიმი, რომელმაც თავის ქვეყანაში არჩევნები გააუქმა და 1945 წლის დასაწყისში, აგონიაში მყოფი ჰიტლერივით, მოტყუებით თუ ძალით მიერეკება თავის მოსახლეობას უკვე წაგებულ ომში, მაინც იცლის საქართველოსთვის და შესაფერის დროს არ გაუშვებს ხელიდან, რომ ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ამ რეჟიმს წინ ამოიფარებს გლობალისტური დასავლეთი, რათა თავად არ გამოჩნდეს.
თუმცა დასავლეთს ასევე არანაკლებ ძლიერი „მშვიდობიანი” ბერკეტები აქვს საქართველოში ვითარების ასარევად. მათ შორის არის ფინანსური და სავაჭრო სანქციების გამოყენება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე ზეგავლენის მოხდენა საქართველოს დაკრედიტების შესაზღუდად, პირდაპირი დახმარებების შეწყვეტა.
ამ რეალური საფრთხეების ფონზე მაინც მიუღებელია „გამჭვირვალობის კანონის” უკან გაწვევა, ვინაიდან ეს სრულ კაპიტულაციას და ხელისუფლების სათავეში, არჩევნების გზით, რევანშისტული ძალების კომფორტულად დაბრუნებას ნიშნავს. სავარაუდოდ, გლობალისტური დასავლეთი და მისი ქართველი მარიონეტები არ წამოვლენ კანონის ცალკეული მუხლების შერბილებაზე და ამ გზით კონსენსუსის მიღწევაზე. მათ სურთ ხელისუფლების და, მასთან ერთად, საქართველოს სრული კაპიტულაცია.
ამხელა საფრთხეს დღევანდელი ხელისუფლება, თუნდაც ხალხის უმრავლესობის ნებაზე აპელირებით, ვერ გაუმკლავდება. ხელისუფლებამ რომც მიატანოს არჩევნებამდე და რეალურად მოიგოს კიდეც ეს არჩევნები, ასეთ შედეგებს არც დასავლეთის მარიონეტული ოპოზიცია და, ბუნებრივია, არც თავად დასავლეთი აღიარებს. გარდაუვალი გახდება დიდი დაპირისპირება ხელისუფლების დამხობისა და ქვეყანაში ქაოსური ვითარების შექმნის პერსპექტივებით.
აპელირება „ხალხზე”, „ხალხის ნებაზე”, არ უშველის ხელისუფლებას. აუცილებელი იქნება გარედან მხარდაჭერა, რათა არ ჩამოიშალოს ქართული ეკონომიკა და, ასევე, არ მოხდეს დივერსიული ჯგუფების შემოდინება უკრაინიდან. არც ერთი მხრიდან ასეთი მხარდაჭერის გარანტია არ არსებობს. ერთადერთ პოტენციურ გარანტორს საქართველოს უსაფრთხოებისა წარმოადგენს რუსეთი, რომელსაც თავად აქვს ინტერესი, რომ საქართველოში შენარჩუნდეს მშვიდობა, საქართველო არ გახდეს „მაიდანის” ფაშისტური რეჟიმის ანტირუსული დანამატი. რუსეთს შეუძლია, კოლაფსისგან იხსნას საქართველოს ეროვნული ვალუტა და ამით გამოწვეული სოციალური სირთულეები თავიდან აგვაცილოს. ამასთან, უნდა განვავითაროთ ურთიერთობები ყველა ჩვენს მეზობელთან, რეგიონალურ თუ არარეგიონალურ პარტნიორებთან.
საამისოდ საქართველოს არ დასჭირდება სუვერენიტეტზე უარის თქმა, კონტროლიდან გასული ტერიტორიების „დამოუკიდებლად” აღიარება და სხვა მტკივნეული დათმობები. პირიქით, რუსეთთან სიახლოვე შანსს იძლევა, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს ცივილიზებული გზით, აფხაზებთან და ოსებთან დიალოგით, რომლებიც ასევე ყურადღებით და შეშფოთებით აკვირდებიან ჩვენთან მიმდინარე მოვლენებს.
საქართველოს ხელისუფლებას ამ ეტაპზე მოეთხოვება ერთადერთი რამ – შეაჩეროს ან, თუ მთლიანად შეჩერებას ვერ ახერხებს, დემონსტრაციულად გაემიჯნოს გარედან შემოგდებულ რუსოფობულ რიტორიკასა და პრაქტიკას. ახალი კანონების მიღებამდე, გამოიყენოს უკვე არსებული კანონმდებლობა, მათ შორის, კონსტიტუცია, რომელიც ყველა ადამიანის ანუ ყველა ერის კონკრეტული წარმომადგენლის ღირსებას იცავს. გამოყენებულ უნდა იქნას ყოველი არსებული საკანონმდებლო აქტი, რომელიც ეროვნული ნიშნით შუღლის გაღვივებას სჯის. წინ უნდა აღუდგეს ყბადაღებულ „სიძულვილის ენას”, რომელზეც დასავლეთის აგენტურა წკავწკავებს, თუკი საქმე ეხება მათ დასაყრდენ უმცირესობებს, მაგრამ თავად აქტიურად აფრქვევენ სიძულვილს რუსი ერის მიმართ და საქართველოს მოქალაქე რუს თანამემამულეებსაც შეურაცხჰყოფენ.
სამწუხაროდ, ნაცვლად ხელისუფლების ბრძოლისა რუსოფობიასთან და ანტირუსულ ფაშიზმთან, არის არაერთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების ზოგიერთი მომხრე თუ სულაც, ხელისუფლების წარმომადგენლები, ამა თუ იმ სატელევიზიო გადაცემაში ან სოციალურ ქსელში, აკეთებენ რუსი ერის შეურაცხმყოფელ, თვით რასისტობამდე მისულ განცხადებებს. თავად ხელისუფლება მუდამ თავდაცვით მდგომარეობაშია და როდესაც ოპოზიცია მას „რუსს” უწოდებს, ანუ ეროვნების აღმნიშვნელ სიტყვას სალანძღავ დატვირთვას აძლევს, ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხობენ – „თავად ხარ რუსი”, რაც ამ ეროვნების დემონიზაციაში ხელშეწყობას ნიშნავს. ეს არა მხოლოდ მორალურად არის მიუღებელი, არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას არღვევს, არამედ საღ პოლიტიკურ აზრსაც ეწინააღმდეგება.
სჯობს, ღიად ითქვას სათქმელი და გაკეთდეს გასაკეთებელი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას:
წინ აღუდგეს ანტირუსულ რიტორიკას და, საქარველოს სუვერენიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, გადადგას ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობების აღსადგენად – ღიად და დაუფარავად. ჩამოიცილოს ყველა ის „მომხრე”, რომელიც რუსოფობიას უჭერს მხარს. ეს უსარგებლო ელემენტები დაე მიეტმასნონ გლობალისტურ აგენტურას, დაე „გაიკრიფოს შუა” – მათ ადგილს საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები დაიკავებენ.
ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საზოგადოების ჯანსაღი, იდეოლოგიურად მომართული, პოლიტიკურად აქტიური ნაწილის იგნორირება და, მით უმეტეს, მასთან ბრძოლა. საზოგადოების ამ ნაწილის გარეშე ძალიან ძნელი იქნება დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი „მეხუთე კოლონის” შეკავება. საპოლიციო ძალები პრობლემას ვერ მოაგვარებს, ხოლო აბსტრაქტულად აღებული ხალხი, რომელიც ამ „მეხუთე კოლონას”, მართალია, ორგანულად ვერ იტანს, თუმცა თვითორგანიზება არ შეუძლია, კრიტიკულ მომენტში ვერაფერს გააწყობს და აგრესიული უმცირესობა თავის ბოროტ ნებას მოახვევს თავზე პასიურ უმრავლესობას. ამას ხელს შეუწყობს დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკური ფონი, რომელსაც გამოიწვევს მომავალი დასავლური სანქციები და შეზღუდვები. უარი ვთქვათ გიჟურ, ირაციონალურ რუსოფობიაზე და გავერთიანდეთ ჩვენი ტრადიციული ფასეულობების გარშემო, რომლებიც გამორიცხავს ეროვნებათშორის შუღლს! ეს არის არა პირველი, მაგრამ ბოლო ასეთი მოწოდება. მეტი დრო აღარ რჩება!