Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: გაუგებარია, სად მიდის ვიქტორ დოლიძე, რომელ ნატოში, რომელიც უკვე დაშლის...

ჰამლეტ ჭიპაშვილი: გაუგებარია, სად მიდის ვიქტორ დოლიძე, რომელ ნატოში, რომელიც უკვე დაშლის პირასაა?!

715

რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას, რომელიც რუსი და ქართველი სამართალდამცველების სრულფასოვან თანამშრომლობას ეხებოდა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ლავროვის განცხადებები „არც ახალია და არც რევოლუციური“, ხოლო საქართველოს პასუხი მსგავს გამოწვევებზე მყარი და უცვლელია: „ეს პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო ადგას განვითარების გზას, საქართველო მიიწევს წინ, საქართველო არის, როგორც ინვესტორებისთვის, ასევე ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანა. ჩვენ ვაპირებთ განვითარებას, ჩვენ ვაპირებთ ინტეგრაციას, ვაპირებთ ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო სრულფასოვან ინტეგრაციას როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში, რომელიც იქნება გარანტორი, როგორც რეგიონალური უსაფრთხოების, ასევე თვითონ რუსეთის უსაფრთხოების“, – აღნიშნა დოლიძემ.

რას ნიშნავდა რეალურად ლავროვის განცხადება და რამდენად ადეკვატურია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული საპასუხო შეფასებები, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილს დაუკავშირდა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი:- საერთოდ, რამდენად ადეკვატურია ვიქტორ დოლიძის მინისტრობა, ეს უნდა დადგეს დღის წესრიგში. ჩემი აზრით, ის აბსოლუტურად არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და ეს ფაქტია. იგი, თავის ქცევებით და განცხადებებით, როდესაც პარლამენტის წევრი გახლდათ, გამოირჩეოდა გაუწონასწორებლობით და უსუზტობებით. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, იმით, რასაც ქვია თავგასაპნული ნატოელი და ევროკავშირელი.

რაც შეეხება ლავროვის განცხადებას, ვფიქრობ, ეს განცხადება სერიოზულ მინიშნებებს შეიცავდა და ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ ჯიუტად იმეორებდეს ერთსა და იმავეს – ნატო და ევროკავშირი, ევროკავშირი და ნატო, ახლა ამ განცხადების ანალიზით უნდა იყოს დაკავებული. ამ პრანჭვა-გრეხვამ და მეტიჩრულმა ლაპარაკმა ჩვენ ძალიან ბევრი დაგვაკარგვინა და მომავალში შესაძლოა, მეტიც დაგვაკარგვინოს, ამიტომ, თუ კი არსებობს რამე შესაძლებლობა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა რამე უკეთესობისკენ წავიდეს, ცხადია, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. მით უმეტეს, ეს შესაძლებლობა არ უნდა შევწიროთ ისეთ უტოპიურ „პერსპექტივას“, როგორიც ნატო და ევროკავშირია; ასე რომ, სრულიად გაუგებარია, სად მიდის ვიქტორ დოლიძე, რომელ ნატოში, რომელიც უკვე დაშლის პირასაა?! იმ ევროკავშირისკენ, რომელსაც თუ ლეპენმა გაიმარჯვა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, საბოლოოდ დაესმევა წერტილი?! ვფიქრობ, ასეთი მიდგომა საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს. ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს და იმის ნაცვლად, რომ ძირფესვიანად შევცვალოთ პოლიტიკა, სულ უფრო და უფრო ღრმა ჭაობში შევდივართ… 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here