Home რუბრიკები პოლიტიკა დიტო ჩუბინიძე: სააკაშვილის პერიოდში პატრიარქის მოწამვლის მცდელობა ოთხჯერ იყო – საზოგადოებამ პასუხი...

დიტო ჩუბინიძე: სააკაშვილის პერიოდში პატრიარქის მოწამვლის მცდელობა ოთხჯერ იყო – საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს ამ ასტიონებს!

1192

წინა კვირას, 10 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მოწამვლის მცდელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. სპეციალურმა ოპერატიულმა ჯგუფმა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, დეკანოზი გიორგი მამალაძე იმ დროს აიყვანა, როცა იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიაში, კერძოდ ბერლინში სამკურნალოდ მყოფ კათოლიკოს-პატრიარქთან მიემგზავრებოდა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“. ამავე დროს სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ ბინაში კუსტარული წესით დამზადებული, უნომრო ცეცხსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს, რომელიც მან ჯერჯერობით დაუდგენელი პირებისგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა. 

ყოველივე ზემოაღნიშნულმა საზგადოებაში მითქმა-მოთქმა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში ბევრი ითქვა და დაიწერა იმის თაობაზე, რომ პატრიარქის გარემოცვაში მრავლად არიან საეჭვო პიროვნებები. ითქვა ისიც, რომ უწმინდესის ლიკვიდაციის მცდელობა წინა ხელისუფლების პერიოდშიც არაერთხელ იყო და მაშინ იგი სასწაულებრივად გადარჩა; რომ ამ ქმედებების უკან კონკრეტული პიროვნებები იდგნენ და ისინი კონკრეტული ამოცანით, ინტერესითა და მითითებებით მოქმედებდნენ…

ვინ და რა ძალებს უნდათ საპატრიარქოში დესტაბილიზაციის შეტანა, ვის ინტერესში შეიძლება იყოს პატრიარქის ლიკვიდაცია და რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ საქართველო და მსოფლიოს“ ესაუბრება ისტორიკოსი და პუბლიცისტი, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე, რომელიც წლების მანძილზე კათოლოკოს-პატრიარქ დავით მეხუთის საეჭო ვითარებაში გარდაცვალებას იკვლევდა.

დიტო ჩუბინიძე: არერთხელ გაკეთებულა განცხადებები ამის თაობაზე, და საიდუმლო არავისთვის არის რომ პატრიარქს „ნაციონალების“ ხელისუფლების დროს წამლავდნენ. პირადად მე, როგორც ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მითხრა, სააკაშვილის პერიოდში პატრიარქის მოწამვლის მცდელობა ოთხჯერ იყო. ზოგადად საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქების და დიდი ადამიანების მოწამლვის ფაქტი არახალია და ისტორია სავსეა ასეთი ფაქტებით. მაგალითად: 1001 წელს ბიზანტიის აგენტებმა მოწამლეს და სიცოცხლეს მუხანათურად გამოასალმეს საქართველოს დიდი მეფე დავით მესამე კურაპალატი, ხოლო მეორე ვერსიით ის ბალიშით გაგუდეს.

ახლა სხვა ფაქტები, 1918 წლის 26 ივნისს, მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მისი უწმინდესობა კირიონ მეორე (საძაგლიშვილი), რომელიც 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ გახლდათ პირველი პატრიარქი.

დღემდე გაურკვეველ ვითარებაშია გარდაცვლილი 1977 წლის ნოემბერში საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი დავით მეხუთე (დევდარიანიც). ეს საქმე დღემდე უამრავ შეკითხვას აჩენს…

ასევე მოწამლეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მაგრამ ზვიადი იყო ძალიან განათლებული, გაცნობიერებული კაცი და მან შიმშილობის რაღაც საშინელი რეჟიმის დაცვით მოახერხა ის, რომ შხამი ორგანიზმიდან გამოდევნა. მერე, ამ მოწამვლით რომ ვერაფერი მოახერხეს, პირდაპირ მკვლელები მიუგზავნეს და დახვრიტეს. თუმცა დღემდე ეს საქმე გამოუძიებელია და ბურუსითაა მოცული. მოკლედ, შხამი და სამსალა ქართული პოლიტიკის კულუარებში, ისევე, როგორც საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიის მრუდე ტალანებში, ძალიან აქტუალური თემა იყო და ხშირად გამოიყენებოდა ამა თუ იმ „არასასურველი“ პიროვნებების მოსაშორებლად.

რაც შეეხება იმ სასულიერო პირს, რომელიც ბრალდებულია პატრიარქის მოწამლვის მცდელობაში, სიმართლე გითხრათ, მეცოდება ეს პიროვნება და შევთხოვ მთელს მის გვარს, ილოცონ და უფალს პატიება სთხოვონ, რომ მათზეც არ გადავიდეს ეს საშინელი დანაშაული. მე რა თქმა უნდა, ხელს ვერავის დავადებ და ერთმნიშვნელოვნად ვერ დავადანაშაულებ პატრიარქის მკვლელობის მცდელობაში, მაგრამ ეს ერთია და არის სხვა მომენტიც, ამ ადამიანს შხამი საკაიკაცოდ რომ არ ჰქონდა შეძენილი და საკაიკაცოდ არ მიემგზავრებოდა მაინცდამაინც გერმანიაში, სადაც პატრიარქს ოპერაცია უკეთდებოდა, ფაქტია. სხვათა შორის, მინდა, თქვენი გაზეთის მკითხველს შევახსენო, რომ ციანიდის ტიპის შხამები ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა ფაშისტური გერმანიის მესამე რაიხის უმაღლესი პოლიტიკური თუ სამხედრო პირების მიერ, როცა საბჭოთა ჯარები ბერლინს მიადგნენ. ჰებელსმა და უამრავმა სხვა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რომლებმაც ფაქტობრივად შექმნეს ფაშიზმის იდეოლოგია, არაერთი ცნობილი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და როგორც ჩანს, სწორედ ამ შხამით აპირებნენ საქართველოშიც გარკვეული ბნელი ძალები თავიანთი მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელებას. თუმცა, როგორც წმინდა წერილილში წერია, არა არს საიდუმლო, რომელიც არა გაცხადდეს და ყველაფერს ფარდა აეხადა.

მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, როგორც ისტორიკოსი და ჟურნალისტი, მადლობას მოვახსენებ საქართველოს პროკურატურას და პირადად მთავარ პროკურორს ბატონ ირაკლი შოთაძეს, რომ მისმა უწყებამ დროულად გახსნა ეს დანაშაული და მოსალოდნელი უბედურება თავიდან აგვაცილა…

– როგორ ფიქრობთ, ვინ და რა ძალები შეიძლება იდგნენ ამ ყველაფრის უკან?

– მე ეჭვი არ მეპარება, რომ ამ დანაშაულის უკან დგანან ის ბნელი პოლიტიკური ძალები, რომლებიც დიდი ხანია, ქადაგებენ და ნატრობენ პატრიარქის სიკვდილს. ეს უკვე აშკარაა და გამოჩნდნენ ქართულ ინტერნეტსივრცეში ადამიანები, რომლებსაც პირდაპირ სიხარულის ყიჟინა აქვთ დაცემული იმის თაობაზე, რომ პატრიარქს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები აქვს.

რაც შეეხება ისევ იმ დაკავებულ სასულიერო პირს, მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ქართული მართლმსაჯულება სათანადოდ გასცემს პასუხს, მაგრამ ყველაზე დიდი განაჩენი და სასჯელი მისთვის მამა-ზეციერს ექნება გამოტანილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ შევთხოვ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ნათესავებს, ილოცონ ყოველდღიურად გაძლიერებულ რეჟიმში, რათა თავიანთ თავზე და ოჯახებზე არ გადავიდეს ის უმძიმესი ცოდვა და სასჯელი, რაც შეიძლება მათ ემუქრებათ ამ ყველაფრის გამო…

– ზოგიერთი სასულიერო პირი პირად საუბრებში არ მალავს, რომ პატრიარქის გარემოცვაში არიან გარკვეული დესტრუქციული ძალები, რომლებიც მუდმივად გარკვეულ დაძაბულობას ქმნიან საპატრიარქოში.

– თავის დროზე მეუფე სერაფიმე (ჯოჯუამ), ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტმა, გიგი უგულავა ამხილა და დღის სინათლეზე გამოიტანა ყველაფერი, თუ როგორ დაშლიგინობდნენ „ნაციონალები“ საკურთხეველში და როგორ ერეოდნენ ეკლესიის საქმიანობაში. ახლა რატომ გახსენებთ ამ ამბებს, მე ვერ განვიკითხავ ვერავის, მაგრამ კაცმა არ იცის, დღეს კიდევ სააკაშვილის რამდენი აგენტია ეკლესიაში, ან რამდენი ჩანერგილი ჰყავს იგივე წმინდა სინოდში თოფურიძეს, ახალაიას და მათ პოლიტიკურ თანამოაზრეებს. სხვათა შორის, როცა წმინდა სინოდის სხდომები იმართებოდა, ერთ-ერთი მეუფე ლეპტოპით სკაიპში იყო შესული და გვერდით ოთახში მჯდომ სოსო თოფურიძეს, ამ გათახსირებულ და აყროლებულ კაცს, სააკაშვილის ქვეწარმავალს პირდაპირ რეჟიმში ასმენინებდა, რაზე ლაპარაკობდნენ სასულიერო პირები. აი, ასეთი ტოტალური კონტროლის ქვეშ იყო მაშინ სამღვდელოება და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რა ხდება ან შეიძლება ხდებოდეს დღეს. რატომ გიკვირთ, რომ ვიღაც მამაო, ციანიდის შხამით აღჭურვილი, გერმანიაში მიდიოდა პატრიარქის მოსაწამლად?! მე აბსოლუტურად არ მიკვირს ეს ამბავი.

– თქვენი აზრით, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ეკლესია გაიწმინდოს ასეთი ხალხისგან?

– მოდი, ასე მივუდგეთ საკითხს, რის ბრალია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ? ეს იმის ბრალია, რომ როდესაც ნინია კაკაბაძე, თეა თუთბერიძე თუ სხვა კონჩიტა ლიბერასტები პატრიარქს, სულიერებას, ზნეობას, ტრადიციებს ჩირქს სცხებენ და პირდაპირ ეთერში უშვერი სიტყვებით ლანძღავენ, საზოგადოება ხმას არ იღებს. აი, ეს არის ყველაფრის მიზეზთა მიზეზი და ქართველი ხალხი უნდა გამოფხიზლდეს. საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს ამ ასტიონებს. ასტიონა, მოგეხსენებათ, „დათა თუთაშხიას“ ერთ-ერთი მოქმედი გმირია, რომელსაც დათას მოწამლვა აქვს დავალებული და შემთხვევით სხვას მოკლავს. საპატრიარქოშიც და პოლიტიკურ სპექტრშიც დღეს მოკალათებულნი არიან სააკაშვილის გადმონაშთი, სოსროსის გამოზრდილი ლიბერასტი დივერსანტები და ასტიონები, რომლებიც წამლავენ პატრიარქს. ეს ასტიონები ქართულმა სპეცსამხახურებმა უნდა გამოავლინონ და კანონის სესაბამისად მისცეს პასუხისგებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ამ ასტიონების ხელში დიდი ხნის არსებობა არ უწერია… კიდევ ვიმეორებ, სააკაშვილის პარტიის თითოეული წევრი და უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთაბრობო ორგანიზაციები დღეს არიან პოტენციური ასტიონები, აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, რომ მოუფრთხილდნენ ამ ასტიონებს და გამოავლინონ ისინი. ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც სამშობლო და ზოგადად ღირსების გრძნობა არ გააჩნია, მათთვის ყველაფერი სულერთია და ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. რაც უბრძანეს ევრომმართველებმა იმას წერს, რას ემდურებით ამ უბედურს, აბა თქვენ იყოთ მის ადგილზე, რას იზამდით? ზუსტად ასე ყავთ დატყვევებული პარლამენტის წევრები, მინისტრები თუ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი თუ მოსამართლეები და ასე შემდეგ, ყველა ისინი, ვინც სიმართლეს უნდა ადიდებდეს, იმიტომ სუფევს ქვეყანაში უსამართლობა. მათ უთხრეს, რომ: რაც ცუდი იცი კაპიტალიზმზე მართლმადიდებლობას მიაწერე, თორემ შვილის საფლავზე აგაფეთქებთო, მანაც რაც იცოდა კაპიტალიზმზე აუგი, ის ილაპარაკა მართლმადიდებლობაზე, რამე არის გაუგებარი? ეს უბედური და მისნაირი ტყვეები კი არ უნდა აძაგოთ, არამედ კაპიტალისტები და მათი მოძღვრება – კაპიტალიზმი.
    არჩევნების ჩატარებას კი ღმერთის მიერ ბოძებული წესით უნდა ითხოვდეთ და არა კაპიტალისტების მიერ შემოჩეჩებული წესით, რასაც არ აკეთებთ, ესე იგი თგვენც ბობოლა მილიარდერების გავლენის ქვეშ ხართ მოქცეულნი. პირდაპირ გეტყვით – მეცოდებით!

  2. რაც უბრძანეს ევრომმართველებმა იმას წერს, რას ემდურებით ამ უბედურს, აბა თქვენ იყოთ მის ადგილზე, რას იზამდით? ზუსტად ასე ყავთ დატყვევებული პარლამენტის წევრები, მინისტრები თუ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი თუ მოსამართლეები და ასე შემდეგ, ყველა ისინი, ვინც სიმართლეს უნდა ადიდებდეს, იმიტომ სუფევს ქვეყანაში უსამართლობა. მათ უთხრეს, რომ: რაც ცუდი იცი კაპიტალიზმზე მართლმადიდებლობას მიაწერე, თორემ შვილის საფლავზე აგაფეთქებთო, მანაც რაც იცოდა კაპიტალიზმზე აუგი, ის ილაპარაკა მართლმადიდებლობაზე, რამე არის გაუგებარი? ეს უბედური და მისნაირი ტყვეები კი არ უნდა აძაგოთ, არამედ კაპიტალისტები და მათი მოძღვრება – კაპიტალიზმი.
    არჩევნების ჩატარებას კი ღმერთის მიერ ბოძებული წესით უნდა ითხოვდეთ და არა კაპიტალისტების მიერ შემოჩეჩებული წესით, რასაც არ აკეთებთ, ესე იგი თგვენც ბობოლა მილიარდერების გავლენის ქვეშ ხართ მოქცეულნი. პირდაპირ გეტყვით – მეცოდებით!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here