Home რუბრიკები საზოგადოება დაცვას მიხედე, ხვედელიძე, დაცვას!

დაცვას მიხედე, ხვედელიძე, დაცვას!

1390

ბედის ირონიაა, ბატონო ბიძინა, აბა, რა _ მერამდენე წერლს გწერთ და ისევ იმით ვიწყებ, რომ თქვენ მიერ მოწონებულ მორიგ ხეს უთხრიან ძირს და შეკვეთილისთვის ამზადებენ. შეკვეთილში წასაღები ხეების შეკვეთა რომ მიეცით, კი გავიგეთ, მაგრამ სასაცილოც აღარ არის ეს ყველაფერი და, იცით, რატომ? _ თოვლი მოვიდა საქართველოში და ხალხი გამათბობელს ვერ რთავს უფულობის გამო, შეშა კიდევმთლიან ხეს (თანაც ჯანსაღს) თქვენ გატანენ, თორემ რიგით მოკვდავებს ფიჩხის მოგროვებაც ეკრძალებათ. კიდევ გავიმეორებ, არ ჩანს ეს ყველაფერი მაინცდამაინც ლამაზად და ეგებ სხვა რამ მოიფიქროთ. მანამდე კი

ვიცი, ქართული ფილმები გიყვართ და “ფეოლა” ნანახი გექნებათ, იპოლიტე ხვიჩიას გმირი, ბონდო დოლაბერიძე რომ გაჰკივის ბოლო ხმაზე, დაცვას მიხედე, ხვედელიძე, დაცვას, გოლს სხვებიც გაიტანენ…” როგორც ჩანს, ფეოლასავით შემთხვევით მოხვედრილი ხალხია ხელისუფლებაში, თორემ დავით ბაქრაძეს დაცვას როგორ დაუნიშნავდნენ?! კანონში გიწერიათ, თურმე ნებისმიერ პარლამენტარს აქვს უფლება, მოითხოვოს პირადი დაცვა, არ ახსნას მიზეზები და სახელმწიფო ვალდებულია, დაცვა დაუნიშნოს. არადა, პარლამენტარი ხალხის რჩეულია და, წესით, დაცვა კი არა, ხელის გულზე უნდა ატარებდეს ამომრჩეველი, მაგრამ აქ საქართველოა _ ჯერ ავირჩევთ, მერე მოსაკლავად დავდევთ ხოლმე და იცით, რატომ? _ ისეთ რაღაცებს აკეთებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მტერს რომ არ უზამს კაცი. მთელი ცხრა წელი ბაქრაძემ და მისმა მეგობრებმა იმდენი ქნეს, ხალხს თავი შეაძულეს და ახლა ისევ ხალხის ხარჯზე დაუნიშნა მთავრობამ დაცვა?! ყველაფერში ლოგიკა უნდა ვეძებოთ, თუ ლოგიკა არ არის, აბსურდი გამოდის და აბსურდია ესეც, ბატონო ბიძინა _ ჩვენს ხარჯზე გააფუჭა, ჩვენ გაგვიფუჭა და ჩვენივე ხარჯზე მშვიდად გადაადგილდება. იმას აღარ ვამბობ, ისევ ჩვენი ხარჯით ბაქრაძე და მისი მეგობრები შვილებს ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში რომ აძლევენ განათლებას, წლიურად ოცი ათას დოლარს რომ იხდიან და ეგეც ჩვენს ხარჯზე, ბატონო ბიძინა, მერე ისევ მაგათი შვილები რომ იყვნენ ხელისუფლებაში. არა, ვინმეს რამეს კი არ ვამადლი, სამი ცხვრის მეტი არაფერი მაბადია, მაგრამ სხვასაც ჰყავს შვილები და იქნებ მათ უფრო მეტად უნდათ სწავლა, მაგრამდაცვა არ ჰყავს მათ მამებს, ჩვენს ხარჯზე დანიშნული დაცვა.

აგერ, ამერიკას შეხედეთ. სულ არ დაინტერესდა ახალი პრეზიდენტი იმით, რას იტყოდა მსოფლიო, და თავისი ხალხისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღო _ ქვეყანაში სირიელ ლტოლვილებს არ უშვებს, _ ტერორიზმის საფრთხის შემცველიაო; მექსიკასთან კედელს აშენებს, იაფი მუშახელი არალეგალურად შემოდის და ჩემი ხალხი უმუშევარი რჩებაო და ისიც თქვა მაგ დალოცვილმა, ქალს ქალი უნდა ერქვას და კაცს _ კაცი, ლგბტ-პირებს ჩემი მხარდაჭერის იმედი ნუ ექნებათო. ჰოდა, აჯანყდნენ არასამთავრობოები, გრანტების დაკარგვის სუნი იყნოსეს და ტრამპს ჰომოფობი უძახეს. ეგ კი არა და, სექსუალური უმცირესობის ერთ-ერთმა ქართველმა დამცველმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, ტრამპის პოლიტიკას მეც ვაკრიტიკებო, ანუ პატარაიამ ტრამპს გაუტრამპა, ხმა ამოიღო და რკინის ქალამნების ჩაცმასაც აპირებს, _ თეთრ სახლში ფეხით უნდა ჩავიდეო. თუ ხვდებით მაინც, რა დღეში ვართ? _ ბაია პატარაია ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკას აკრიტიკებს და ამ ამბავს ქართული ტელევიზიები მთელი დღე საგანგებოდ ატრიალებდნენ. ვინმემ უთხარით იმ ქალს, არ ჩავიდეს თეთრ სახლამდე, რა იცი, რა განწყობაზე იქნება იმ დღეს ტრამპი და არ უჩვენოს, როგორ უნდა “კრიტიკა”.

ამ დღეს ველოდი, მოვესწარ… საქართველო ნატოს მინისტერიალში მონაწილეობას არ მიიღებს. სანამ პრორუსულობას დამწამებთ, გეტყვით, რომ ეს არის ბოლო წლებში ნატოს მიმართ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ამ ორგანიზაციამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არაფერში ვჭირდებით, არ ვაინტერესებთ, მაპიც კი არ გვაღირსეს, წლებია, და დაგვცინიან, _ ნატოს კარზე სათანადოდ ვერ აკაკუნებთო. ვაკაკუნეთ კი არა, თინას მინისტრობის პერიოდში (ეგეც მაგარი კი მოიფიქრეთ ისე), ხიდაშელის ქალმა ხელები და ფეხები გადაიტყავა, იმდენი აბრახუნა ნატოს კარზე (სხვათა შორის, თინიკოს პარლამენტის თავმჯდომარის კარზე კაკუნი არ სჭირდებოდა, აქეთ აკაკუნებინებდა), მაგრამ გაღებით ხომ არ გაუღეს, შორიდანაც არ დაანახვეს ეგ თქვენინატო. დაძალებულ ძვალს ძაღლიც არ ეტანებაო, ვაგრძნობინოთ, რომ არ გვინდა, ეგებ სხვანაირად იფიქრონ მერე და… პატივისცემა დავიმსახუროთ ცოტა, თორემ ასე ოლია _ მათხოვრის როლში ვართ და, “ფუჩეჩი-ფუჩეჩის” ნაცვლად, “ნატო-ნატოს” გავიძახით.

კიდევ ერთმა ქალმა-მინისტრმა ევროკავშირის კარზე აბრახუნა, თანაც სამ მოსამართლესთან ერთად, მაგრამ არც მაგას გაუმართლა _ სამივე მოსამართლე ჩაუგდეს. კი გაიძახის ახლა ქალბატონი თეა, ასეთი რამ ხშირად ხდებაო, მაგრამ თურმე 50 წელში ერთხელ ხდება ეს და, ერთბაშად სამივე მოსამართლე რომ ჩააგდეს, ისტორიაში მხოლოდ მეორედ მოხდა. სასამართლო რა დღეშიც არის, კი გეცოდინება, უყურებ, ალბათ, ტელევიზორს და იმასაც ნახავდი, “კაბელების საქმეზე” დაკავებულები რომ გამოუშვეს. რომც არ გამოეშვათ, ხუთ კვირაში თავისით გამოდიოდნენ, მოსამართლემ გადაწყვიტა ასე და მახსოვს, სატელევიზიო ეთერში რომ თქვით, დამნაშავეები არიან ეგენი, ზუსტად ვიციო და დაასაბუთეთ კიდეც. რა გამოდის? _ ან თქვენ, ანუ ქვეყნის პირველი პირი შეცდა უხეშად, ან მოსამართლე და ვისი შეცდომა სჯობს, თავად განსაჯეთ.

იმ კაცმა, მე რომ არ მოვწონვარ, ახალი კანონი შემოიღო _ ბავშვები იღლებიან და ამიტომ, ზამთრის არდადეგების გარდა, გაზაფხულის არდადეგებიც ექნებათ და 8-დან 15 მარტამდე დაისვენებენო. ბავშვები დაისვენებენ ზაფხულში, ზამთარში, შემოდგომის პირველ თვეში და გაზაფხულზე, ანუ წელიწადის ყველა დროს დაისვენებენ და როდისღა ისწავლიან, მაგაზე არ უფიქრია, ალბათ, ჯერ ბატონ ჯეჯელავას. ისე, ხომ არ აჯობებს, ბავშვებს სულ არდადეგები ჰქონდეთ და, როცა მოესურვებათ, მაშინ მივიდნენ სკოლაში? ამბობს კიდეც მინისტრი, ბავშვები არ უნდა გადავღალოთო და მახსოვს, ძველად კვირაში ექვს დღეს რომ სწავლობდნენ და მხოლოდ ზაფხულში ისვენებდნენ, რა შედეგები ჰქონდათ…

ერთ რჩევას მოგცემთ კიდევ _ დახოცეს ერთმანეთი საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა პარლამენტის ადგილმდებარეობის გამო. ამდენი ხე გადაგაქვთ და, გაუკეთეთ ბორბლები პარლამენტის შენობას ქუთაისში (კი ჰგავს მანქანას) და გააგორ-გამოაგორეთ თბილისსა და ქუთაისს შორის. არ მითხრათ ახლა, რიკოთის გვირაბში არ შეეტევაო… მიშაც არ ეტეოდა, მაგრამ ხომ შეატიეთ 2012-ში და იფიქრეთ ამაზეც.

კეთილგანწყობით,

კომბლე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here