Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ

481

მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპოლუსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებას მხარი ღიად დაუჭირა.

“მე ძალზედ მოხარული ვარ რომ ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ მოკლე პერიოდით, 90 დღის ვადით”, – ამის შესახებ ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპოლუსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ნება მომეცით მადლობა გადავუხადო იმ პარლამენტარებს, ვინც ამ ძალისხმებაში იყვნენ ჩართულნი, რათა იმ ეტაპამდე მოსვლიყავით, სადაც ვიმყოფებით. საქართველო სამაგალითი ქვეყანა გახლავთ გზამკველივი რუკის შესრულების მოთხოვნების თვალსაზრისით, რომელსაც ჩვენ წარმოგიდგენთ და რომელიც გულისხმობს ვიზალიბერალიზაციას მისი მოქალქეებისთვის”, – განაცხადა დიმიტრის ავრამოპოლუსმა.

 

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას საბოლოოდ დაუჭირა მხარი, რაც საკითხის პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტის ბოლო ეტაპი იყო. კენჭისყრისას სულ 553-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 66-ის წინააღმდეგ, 28 ევროპარლამენტარმა კი თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.

 

შემდეგი პროცედურით, განახლებულ დოკუმენტს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე დაამტკიცებს და კენჭისყრას ჩაატარებს, ხოლო საბოლოოდ, ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის შესაბამისი წარმომადგენელი მოაწერენ ხელს ცვლილებას, რომელიც ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.

 

დოკუმენტის გამოქვეყნებიდან ზუსტად ოც დღეში, ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

 

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შეჩერების განახლებული მექანიზმის მიღების პროცედურები. რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ შეჩერების მექანიზმს პლენარულ სესიაზე, სავარაუდოდ, 13-16 თებერვალს უყრიან კენჭს, ხოლო ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე 27-28 თებერვალს, რაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას, სავარაუდოდ, აპრილიდან შეძლებენ.

 

შეჩერების მექანიზმი არის სავიზო ლიბერალიზაციის წინაპირობა და საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს, ევროკომისიას მოსთხოვოს დროებით შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა იმ ქვეყნისთვის საიდანაც მკვეთრად გაიზრდება არალეგალი მიგრანტების რაოდენობა, თავშესაფრის მოთხოვნები და თუკი საქართველო არ ითანამშრომლებს მიგრანტების უკან დაბრუნებაზე.

 

შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საჭიროების შემთხვევაში, ჭარბ მიგრაციულ ნაკადებს შეაჩერებს.


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here