შესაბამისი ცვლილება საქართველოს კანონმდებლობაში იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და იმედოვნებს, რომ ახალი პარლამენტი მას მხარს დაუჭერს.
“ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრი ნაბიჯი, მათ შორის, საკანონმდებლო, გადაიდგა ბავშვთა უფლებების დაცვის მაღალ ხარისხში ასაყვანად. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით. იმედი მაქვს, რატიფიცირება ახალი პარლამენტის ფარგლებში მოხდება, სადაც ჩვენ რამდენიმე დღის წინათ ჩავამატეთ ახალი მუხლი, რომელიც ქალის გენიტალიების დამახინჯებას ეხება. თუკი ამას პარლამენტი მხარს დაუჭერს, იქნება ცალკე მუხლი, რომ გოგონების ე.წ. წინადაცვეთა სისხლისსამართლებრივი წესით დაისაჯოს. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვეგონა, რომ ასეთი რამ არსებობს საქართველოში. არის სხვადასხვა ქვეყანა მსოფლიოში, მათ შორის, აფრიკის კონტინენტზე, სადაც გოგონებს ასე ასახიჩრებენ, და ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში ის რამდენიმე მაგალითი, რომელიც ორ თუ სამ სოფელში არსებობს, სასწრაფოდ აღმოიფხვრას”, _ განაცხადა იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა თეა წულუკიანმა.
“ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” ინფორმაციით, კახეთში ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკა გამოიყენება.