ბარაკ ობამამ აღიარა, რომ სხვა ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ინტერვენციამ უფრო მეტი პრობლემა გამოიწვია, ვიდრე მანამდე იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ობამამ ტელეარხ HBO-ს ეთერში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის უარყოფით მხარეებზე ისაუბრა, ის მაინც მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალის გამოყენებას თავისი მიზნები აქვს და ეს მიზანი აშშ-ის მოქალაქეების დაცვაა ტერორისტული თავდასხმებისგან. “თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიოში ცუდი მოვლენები სულ უფრო ხშირად ხდება, აუცილებელია, რამე მოვიმოქმედოთ”, _ განაცხადა ბარაკ ობაბამ ამერიკულ ტელეარხთან ინტერვიუში.
საერთაშორისო მოკავშირეები აშშ-ის დახმარებით ცდილობენ, შეინარჩუნონ “ელემენტარული მშვიდობა მსოფლიოში”. ობამას შეფასებით, ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც აშშ-მა დაუშვა მისი პრეზიდენტობის პერიოდში, ეს იყო სამხედრო ინტერვენცია ლიბიაში. “შესაძლებელი რომ იყოს ახლო ისტორიულ წარსულში დაბრუნება, მე ამ გეგმაზე უარს ვიტყოდი”, _ აღიარა ამერიკის პრეზიდენტმა. ობამამ აღნიშნა, რომ მან და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს ადგილობრივი მოსახლეობის ძალა და ადათები. ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზეც, რომ აშშ-ს მისი პოლიტიკური კურსის გამო ბევრი გადაემტერა და სათანადოდ ვერ აფასებენ მის ღვაწლს მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების საკითხში. “არავის მადლობა არ გადაუხდია ჩვენთვის, იმის გამო, რასაც ვაკეთებთ დასავლური ღირებებულების გადასარჩენად”, _ აღნიშნა ბარაკ ობამამ.