Home რუბრიკები საზოგადოება პარლამენტის პირველი სამუშაო დღე ზეიმით დაიწყება

პარლამენტის პირველი სამუშაო დღე ზეიმით დაიწყება

გახსოვთ, ალბათ, 2012 წლის მოწვევის პარლამენტის პირველი სამუშაო დღე გამორჩეული იმითაც იყო, რომ გოგა ხაჩიძე ველოსიპედით მივიდა პარლამენტში, ხოლო ზვიად ძიძიგური, ბიძინა გუჯაბიძე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი მას იქ ჩოხაახალუხში გამოწყობილი დახვდნენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირველი სამუშაო დღე ამ მხრივ 2016 წლის მოწვევის პარლამენტში კიდევ უფრო გამორჩეული იქნება.

ჩვენმა კორესპონდენტმა მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია, ვინ რა სიურპრიზს გვიმზადებს ამ მხრივ:

ვინ რა დრესკოდით და რა სცენარის მიხედვით შევა ახალ პარლამენტში.

მანანა კობახიძე და ეკა ბესელია სპეციალურად ამ დღისთვის ბიძინას ნაჩუქარი საკაბეებით იკერავენ კაბებს და თეთრ ცხენებში შებმული ეტლით შეაბიჯებენ ახალი მოწვევის პარლამენტის შენობაში, კართან მათ ჩოხაში გამოწყობილი ზვიად ძიძიგური შეეგებება გაფხორილი სახით.

“ქართული ოცნების” განახლებული გუნდის ახალი წევრებისთვის განსხვავებული სცენარი დაიწერა, ისინი ციდან ქოლგებით დაეშვებიან და ჟივილ-ხივილითა და წიოკ-წიოკით შეცვივდებიან პარლამენტში.

დავით თარხანმოურავის გუნდს საკანონმდებლო ორგანომდე მიაცილებენ მისი წინაპრები _ მეფეები, დედოფლები, კნეინები და ხანუმები. მათ მომღიმარი სახით დახვდება ადა მარშანია. სპეციალურად ამ დღისთვის ბატონი თარხან-მოურავი ცნობილ ორსაყელოიან შავ პერანგს ხალხში ისვრის და, ვინც დაიჭერს, სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერი იქნება.

თარხან-მოურავის წინაპრების როლს “ობიექტივის” თანამშრომლები შეასრულებენ, ამიტომ ამ დღეს ტელევიზია რამდენიმე საათით დაიხურება.

ყველაზე გამორჩეული მაინც “ნაციონალური მოძრაობის” შესვლა იქნება. კულუარებიდან ჟონავს ინფორმაცია, რომ პარტიის წევრებს სირცხვილის დერეფანში გაატარებენ ეკა ბესელია და მანანა კობახიძე. ისინი, სცენარის მიხედვით, პარლამენტის კართან სისხლიანი დანებით დადგებიან და “ნაცმოძრაობის” წევრებს ამ დანების ქვეშ გავლა მოუწევთ. დაგეგმილია, რომ ეკასაც და მანანასაც ნიშნისმომგები გამომეტყველება უნდა ჰქონდეთ.

ცალკე სცენარი დაიწერა ირმა ინაშვილისთვის, სპეციალურად მისთვის გათვალისწინებულია შავი ფერის “ვოლგა” ძველებური სიგნალებით. ის სტოპკადრის პრინციპით გადმოვა მანქანიდან, შეჩერდება, ამ მომენტში ჩაირთვება საბჭოთადროინდელი საინფორმაციო პროგრამა “ვრემიას” მუსიკა და ირმაც რამდენიმე წამში ცივი სახით დაიძრება საკანონმდებლო ორგანოსკენ, ვითარცა ნიკიტა.

როგორც ცნობილია, ამ დღეს “ნაციონალური მოძრაობის” მარგინალი მხარდამჭერი ქალები აპირებენ, ცოცხებით გადაუფრინონ პარლამენტის შენობას და დაწყევლონ. ამის აღსაკვეთად შენობის თავზე დამონტაჟებულია “ირინ-ამრიდები” და “მეგი-ამრიდები”, საფრთხის შემთხვევაში მოხდება მათი ჩამოგდება.

დასასრულ, სცენარში გაწერილია ზღაპრის კეთილად დასრულება, სწორედ ამიტომ იგეგმება დიდი საყოველთაო შერიგება. კერძოდ, სპეციალურად ამ დღეს ერთმანეთს სახალხოდ ჩაეხუტებიან ირმა ინაშვილი და თინა ხიდაშელი, რომლებსაც დავით თარხან-მოურავი თავზე ხელს გადაუსვამს, თავზე აკოცებს, დალოცავს და აცრემლდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here