ოდესის ოლქის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე თანამდებობიდან წასვლის მიზეზს არ ასახელებს. გია ლორთქიფანიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდა.
გიორგი ლორთქიფანიძეს საქართველოს პროკურატურა 2011 წლის 26 მაისს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. ლორთქიფანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წაუყენეს. ბრალის წაყენებამდე ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული და საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებისთვის გონივრული ვადა მიეცა, მაგრამ ის პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა. როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ლორთქიფანიძეს ჯერ ფუნქციების უმეტესობა ჩამოართვეს, შემდეგ კი მისი დევნა დაიწყო.
“ახლა კორუფციონერებსა და ყველა ჯიშის ნაძირალებს შეუძლიათ, გამარჯვება იზეიმონ. მაგრამ ვარწმუნებ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება”, _ წერს მიხეილ სააკაშვილი.