გერმანულმა გამოცემა “ბილდმა” თურქეთის პრეზიდენტის შემოსავლებზე უხერხული კითხვები დასვა
თურქეთის ახალ პრემიერმინისტრად (ახმედ დავითოღლუს წასვლის შემდეგ) პრეზიდენტ ერდოღანის სიძის _ ბარათ ალბაირაქის დანიშვნის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანული გამოცემა “ბილდის” ჟურნალისტები ერდოღანის ოჯახის წევრების შემოსავლებით დაინტერესდნენ.
გერმანელმა ჟურნალისტებმა დასვეს კითხვა, რომელსაც აქამდე რატომღაც არ შეუშფოთებია ისინი: “საიდან აქვთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელიც სახელმწიფო მოხელეა პრეზიდენტის პოსტზე, და მის შვილებს მრავალმილიონიანი ვილები?
როგორც გაირკვა, თურქეთის პრეზიდენტის ხელფასი წელიწადში 50 ათასი ევროა (თურქული ლირის შესაბამისი კურსით). ცოტაა ეს თუ ბევრი, სხვა საკითხია, მაგრამ ასეთი ჯამაგირით 1 მილიონი ევროს დაგროვებას 20 წელიწადი სჭირდება, თანაც ისე, რომ ამ ხნის განმავლობაში ცენტიც არ უნდა დახარჯო. მამა ერდოღანის ჯამაგირი და მისი შვილების ქონება ერთმანეთთან თითქოს პირდაპირ არ უნდა იყოს დაკავშირებული, თანაც, რეჯეფის ვაჟები _ ბილალი და ახმედი ზრდასრული ადამიანები არიან და თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა (თურქეთის პრეზიდენტის ორი ქალიშვილის შემოსავლები ცალკე თემაა), მაგრამ მათი შემოსავლების წარმომავლობაზე გერმანელ ჟურნალისტებს მაინც გაუჩნდათ აშკარად უხერხული შეკითხვები.
ახმედი მართლაც შეძლებული ადამიანია და, ოფიციალური მონაცემებით, ფლობს 80 მლნ დოლარის ღირებულების ქონებას, რომელიც საზღვაო გადაზიდვების ბიზნესით დააგროვა, მაგრამ არ არსებობს ინფორმაცია, საიდან, რა მოცულობის კაპიტალით დაიწყო თურქეთის პრეზიდენტის უფროსმა ვაჟმა ეს დიდი და საპასუხისმგებლო ბიზნესი. ნუთუ თავისი მოქალაქეების შესაძლებლობების დონით თურქეთმა თვით თავისუფალი მეწარმეობის მექა _ ამერიკაც კი დაჩრდილა?!
ახმედის უმცროსი ძმის _ ბილალის _ მიმართ კიდევ უფრო მეტი უსიამოვნო კითხვები ჩნდება. ბრიტანულ “გარდიანში” ცოტა ხნით წინათ გამოქვეყნებულ სტატიაში ბილალ ერდოღანი, ფაქტობრივად, დაადანაშაულეს ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” “ბიზნესმენებთან” კომერციულ კავშირსა და ჯიჰადისტების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე მოპარული არტეფაქტებით ვაჭრობაში.
საქმე, როგორც ხვდებით, მილიონობით დოლარს ეხება. და ერდოღანების ოჯახის წარმომადგენლები გარკვეული ფისკალური და სამართალდამცველი სტრუქტურების ყურადღებას უნდა იპყრობდნენ, მაგრამ სად არის ეს “საქმეები”? კითხვა, შეიძლება ითქვას, რიტორიკულია და დაკავშირებულია არცთუ ილუზორულ საფრთხესთან, მათთვის, ვინც ამგვარ შეკითხვებს სვამს და ამგვარი თემებით ინტერესდება, მაგრამ “ბილდის” ჟურნალისტები ამ კითხვებს საჯაროდ სვამენ.
მოვისმენთ კი ამ კითხვებზე ამომწურავ პასუხს ოჯახის უფროსისგან?
პოლიტიკუს.რუ