მოგესალმებით ყველას, ვინც კითხულობთ, აქვეყნებთ, ავრცელებთ და ეხმაურებით ჩემს თითო-ოროლა მონაწერს. დასკვნითი სიტყვები 26 ნოემბერს წავიკითხეთ ჩემმა ადვოკატმა ლაშა გოლუბიანმა და მე, ახლა ველით სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას პუნქტობრივად მივყევით, არცერთი მისი არგუმენტი უპასუხოდ არ დავტოვეთ, პირდაპირ მისხალ-მისხალ „დავუღეჭეთ“ და გავუბათილეთ. ძალიან საინტერესო პროცესი გამოვიდა; მოზარდობის ასაკიდან მიყვარდა სასამართლო განხილვების შესწავლა, როგორც ძველი მხატვრული ფილმების დონეზე, ისე რეალური, ნამდვილი პროცესებისა. ახლა ჩემს თავზეც გამოვცადე და ეგაა.
ამჯერად ორ მნიშვნელოვან საკითხზე გწერთ: 1) ჩემი საქმიდან მომდინარე საფრთხეზე კოლეგა-პოლიტოლოგებისათვის, ვისაც საერთაშორისო კონტაქტები გაქვთ; და 2) რა კავშირშია მდინარაძე ჩემს დაპატიმრებასთან. თუმცა მანამდე, ორი სიტყვით წვრილმანებზე გეტყვით – არ მოგაწყენთ, ბოლომდე ჩაიკითხეთ.
მითხრეს, რომ ჩვენი პუბლიკის ნაწილი მსაყვედურობს – ყველაფერი ახლავე თქვი, თუ ამბობ, რა მინიშნებებით ლაპარაკობო. მე კი გეტყვით, რომ ყველაფერი ერთბაშად არ ითქმის; არსებობს რაღაცის დაანონსება ან ვიღაცის გაფრთხილება საჯარო სივრცეში ისე, რომ მხოლოდ ამ გაფრთხილების ადრესატი მიხვდეს. ასეთი ჟანრი მე არ გამომიგონია, მაგრამ გლდანის ციხეში გამოკეტილმა რომ გამოვიყენო, განა გამემტყუნება? თუ ვინმეს სეირი გაკლიათ და ჩემი მხილებებით გინდათ ადრენალინის აწევა, მე მაპატიეთ…
მიუხედავად ამისა, ერთს პირდაპირ და კონკრეტულად ახლავე გეტყვით: ერიდეთ მიშა რობაქიძეს – ტვ „МИР“-ის წარმომადგენელს, თუკი არ გსურთ, თქვენი ფოტო სადმე „ექსკლუზიურად“ აღმოჩნდეს. რას იზამთ, მოსკოვიც ასეთებს წყალობს, თბილისიც, ასტანაც და ულან-უდეც.
მაშ ასე, ახლა მოგახსენებთ იმას, რითაც დავიწყე.
1. გახსოვთ, ალბათ, წინა წერილში აღვნიშნე, ბრალდების მხარე მედავება-მეთქი ჩვეულებრივი, საჯარო ინფორმაციების გადამუშავებასა და გაგზავნას („სხვა ინფორმაციები“), თანაც ძველ, ბ. ახალაიას მინისტრობისდროინდელ ეპიზოდებში. თუკი სასამართლომ ყურად არ იღო ჩემი ფაქტებსა და კანონის სწორად წაკითხვაზე დაფუძნებული არგუმენტაცია და მაინც გამამტყუნა, ეს იქნება პირველი პრეცედენტი, რომ დიპლომირებული პოლიტილოგი, ყოფილი დიპლომატი, თავისი პროფესიისთვის – პოლიტიკური ანალიტიკისთვის და უცხოელ ჩინოვნიკებთან და დიპლომატებთან ურთიერთობისთვის დაისჯება. ეს თვით იმ შემთხვევებისთვისაც ხდება პრეცედენტი, თუკი თქვენ, პატივცემულო კოლეგებო, ანალიზი გაუკეთეთ ინფორმაციას მესამე ქვეყნის ან რეგიონის შესახებ და თქვენი ეს მასალა მეოთხე ქვეყნის წარმომადგენელს გაუზიარეთ. ამ დროს კი საქართველოს საერთოდ არ შეხებიხართ. დავუშვათ, თქვენი მოსაზრებებით და პროფესიონალიზმით დაინტერესდა მოზამბიკის საელჩოს მეორე მდივანი და გთხოვათ, რომ ნამიბიაში თქვენი კავშირების წყალობით გამოთქვათ მოსაზრებები, რას ფიქრობს ნამიბიის საზოგადოება მოზამბიკზე; საქართველო ხომ არაფერ კავშირშია? – არა, მაგრამ დანაშაულში ჩაგითვლიან ჩვენი სამართალდამცავები, რადგან საქართველოში ხართ. შეიძლება არ ჩაგითვალონ დანაშაულად, თუკი მასალის მომზადება არა მეორე მდივანმა, არამედ დესპანმა ან პირველმა მდივანმა გთხოვათ, რადგან გართულება მეორე მდივნებზე აქვთ, მათ აპრიორი მიიჩნევენ მზვერავებად. არგუმენტი, რომ იმავე ინფორმაციას თუ მიაწვდით საელჩოს „არამზვერავ“ თანამშრომელს, ის მერე მაინც მიაწვდის „მზვერავს“, არ ჭრის. არ ჭრის არგუმენტი, რომ თვითონ თქვენს მიერ მომზადებული მასალა არ უნდა იყოს მომზადებული კანონდარღვევის გზით, არ უნდა შეიცავდეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განზრახვას, თორემ რომელი უცხოელი გაეცნობა პირველი მასალას, დიდი მნიშვნელობა არა აქვს.
არც იმ ფაქტს გაითვალისწინებენ, რომ თქვენ არ იცით თქვენს უცხოელ კოლეგას სინამდვილეში თუ აქვს რომელიმე სადაზვერვო „კანტორის“ ბექგრაუნდი. გეტყვიან, რომ ვინაიდან თქვენ მასთან ურთიერთობას არ უწევდით აფიშირებას, ეს იყო „კონსპირაციული“ ურთიერთობა (განსხვავებას კონსპირაციულსა და კონფიდენციალურს შორის არ უყურებენ) და, „ნე დაი ბოგ“, უცხოელთან საზიარო ელ. ფოსტა გქონდეთ, გასაგზავნი ფაილები დაშიფროთ ან პირადად გადასცეთ „ფლეშკით“. ეს იმდენად ახდენს შთაბეჭდილებას ქართველ სამართალდამცავებზე, რომ ძილი ეკარგებათ. თქვენს გასამტყუნებლად, თქვენი არარსებული გადაბირებისა და ჯაშუშობის დასამტკიცებლად მათ სხვა არაფერი არ სჭირდებათ. თუ მოუნდათ, რომელიმე „მიშა რობაქიძე“ ანონიმური ინფორმატორის უფლებით დაუმოწმებს, რომ ის უცხოელი დიპლომატი მზვერავია. ეს აისახება აგენტის პატაკში და ამ პატაკის საფუძველზე „დამტკიცებულია“ ყველაფერი – უცხოელის „მზვერავობა“ და თქვენი „ჯაშუშობა“. შეიძლება პატაკი 10-15 წელი თაროზე შემოდონ, მერე კი, როდესაც ჩემსავით ტელევიზიით გააქტიურდებით ან თუნდაც არ გააქტიურდებით, გადმოიღებენ და წინ დაგიდებენ.
ასეთი საფრთხის ქვეშ დადგა ქართველი პოლიტოლოგების საერთაშორისო თანამშრომლობა. ეს თუ პრეცედენტი დაუშვა სასამართლომ, ჯერი მალე ჟურნალისტებზეც მიდგება.
2. მამუკა მდინარაძესთან შეხების წერტილები არასოდეს არ მქონია, პირადად არ ვიცნობ. შესაძლოა, მის „გენერალისიმუსობასთან“ დაკავშირებით მთელ საქართველოსთან ერთად მეც ვიხუმრე, მეტი არაფერი (აქვე მოგიწოდებთ, სწორად წეროთ, გენერალისიმუსი და არა „გენერალ-სიმუსი“). მეგობრების ვიწრო წრეში კი, ადრე, როდესაც მდინარაძე ქლესა-ადვოკატობიდან „აბიჟნიკობაზე“ გადავიდა პარლამენტში, ისიც ვიხუმრე – აბა, წარმოიდგინეთ, მდინარაძის დიქტატურა რომ დამყარდეს, რა „პრიკოლი“ იქნება-მეთქი. ნაწილობრივ ახდა ეს ხუმრობა (რას წარმოვიდგენდი), რაღაც მნიშვნელოვან სეგმენტში იგი მცირე ხნით მართლაც გაადიქტატორეს და ამ ქლესა-აბიჟნიკმა ჩემი თავისუფლებაც შეიწირა. ოღონდ, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, რაიმე პირადული ბოღმა ჩემს წინააღმდეგ მას არ უნდა ჰქონოდა. ჩემი დაჭერის მოტივის მთავარ ვერსიად განვიხილავ ჩემს გააქტიურებას სააკშვილის რეჟიმთან მებრძოლ #1 ტელევიზიაზე – „ობიექტივის“ საავტორო გადაცემაში, რუსუფობიის მონიტორინგის საბჭოს დაანონსებას და, ასევე, ცოტათი უფრო ადრე ვლადიმერ პუტინის მიერ ჩემს დაჯილდოებას. ჩემი დაპატიმრება და ბრალდება რუსეთის მისამართით გასროლილი კენჭია. ჯერ არაფერი, მაგრამ მომავალში ამ გარემოებამ, შესაძლოა, გარკვეული მნიშვნელობა შეიძინოს და ფაქტორად იქცეს ორმხრივ ურთიერთობებში. სხვათა შორის, მეგობრებმა მითხრეს – რუსეთში შენი თემის შესახებ ყველას გავაგებინეთ, ყველამ იცის, პუტინის გარდაო. გადავწყვიტე, ეს ვითარება გამომესწორებინა, ახლა უკვე პუტინსაც ვაცნობე; ყოველ შემთხვევაში, მის უშუალო ადმინისტრაციას აწი ეცოდინება, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ სიგელითა და მედლით დაჯილდოებული ქართველი პატრიოტი ციხეში ზის. იმასაც გეტყვით, რომ ეს ინფორმაცია პირადად ბ-ნ ბიძინა ივანიშვილსა და ბ-ნ ირაკლი კობახიძეს ასევე მივაწოდე, რათა გამოვრიცხო მდინარაძის მიერ მათი დეზინფორმირება.
მაგრამ მაქვს დამატებითი ვერსიაც, რატომ შეიძლებოდა, რომ „გენერალისიმუსს“ გავემეტებინე დასაჭერად.
ამ ვერსიის შესაძლო მართებულობა არ გამორიცხავს ზემოთ თქმულის მართებულობას და მხოლოდ ავსებს მას, წინააღმდეგობების გარეშე. აი, რა ხდება: 2013 წლიდან მე კარგი ურთიერთობა მქონდა ყაზახეთის დიპლომატებთან, წლების მანძილზე ისინი ყველაზე უფრო ხშირად მთხოვდნენ ჩემი მოსაზრებების წარდგენას სხვადასხვა საკითხებზე, მათ აგრეთვე რამდენიმე საჯარო ღონისძიების ორგანიზებაშიც დავეხმარე, აბსოლუტურად უწყინარ თემებზე. თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით ერთი წლის წინ ქართველმა სამართალდამცავებმა დააპატიმრეს ბათუმის ნავთობტერმინალის მენეჯმენტის სამი წამყვანი პირი, ყაზახეთის მოქალაქეები, რომლებსაც ბრალად ბაჟის თუ რაღაც გადასახადების დამალვა დასდეს, მესამე მხარის, ვიღაც ირანელი ბიზნესმენის მიერ ჩადენილი დარღვევების გამო. გახსოვთ ალბათ, ეს ინფორმაცია ფართოდ გაჟღერდა, მაგრამ ყაზახური მენეჯმენტის პატიმრობა გაგრძელდა. ამასთან დაკავშირებით მე მომმართა ერთმა ყაზახეთის მოქალაქემ, ძალიან პატივსაცემმა კაცმა და მთხოვა, რამენაირად დავხმარებოდი ყაზახებს საქმის გარკვევაში, თუ რეალურად რატომ დააპატიმრეს ნავთობტერმინალის მმართველები, ვისი ინტერესები იდგა ამ საქმის უკან და ა.შ. მე ძალიან გამიკვირდა და კითხვა უკან დავუბრუნე: ყაზახეთს კარგი ურთიერთობა აქვს ჩვენს ხელისუფლებასთან, მუშაობს თქვენი საელჩო და მიმართეთ საგარეო საქმეთა მინისტრს, რატომ არ მოქმედებთ-მეთქი? პასუხი ასეთი იყო: საელჩოს დიპლომატებს ჰქონდათ შეხვედრა ქ-ნ მ. ბოჭორიშვილთან, ის ძალიან შეწუხდა, არ იყო მზად პასუხისთვის, მუშაობს ამ თემაზე, მაგრამ ვერ გვეხმარება და ვერც გვეუბნება, არ იცის, რაშია საქმეო. ყაზახეთის წარმომადგენელმა ისიც მითხრა, რომ დაპატიმრებული ყაზახი მენეჯერების საკითხი თვით მათი ქვეყნის პრეზიდენტმა, ბ-მა ტოკაევმა, წამოჭრა საქართველოს პრემიერთან პირად საუბარში, აშხაბადში (თურქმენეთი) გამართული საერთაშორისო სამიტის ფარგლებში და არც ჩვენს პრემიერს ჰქონია ცალსახა პასუხი. ამიტომ ყაზახებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ამ საქმის უკან ბ. ივანიშვილის ინტერესები ხომ არ არისო და ისიც მკითხა, ანზორ ჩუბინიძე როგორი კაცია, რას საქმიანობსო. მგონი, მდინარაძეზეც თვითონ მკითხა აზრი, მაგრამ აქცენტი უფრო ჩუბინიძეზე ჰქონდა. მე ვუპასუხე, რომ მისი მონაყოლით განცვიფრებული ვარ, არაფერი არ ვიცი, ჩემთვის, სახლში ვზივარ, „კოვიდის“ შემდეგ ოფისი აღარ მქონია და აკადემიური თემებით ვარ დაკავებული, ხელისუფლებასთან არ „ვტუსაობ“ („не тусуюсь“), მაგრამ რადგან, მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, საფრთხე ექმნება საქართველოსა და ყაზახეთის პარტნიორულ ურთიერთობებს, მე შემიძლია ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით გავაანალიზო მოვლენები და ჩემი აზრი გითხრათ, თუმცა, ამთავითვე გეტყვით, რომ არ ვფიქრობ, რომ თქვენი მოქალაქეები ივანიშვილმა დააჭერინა ან ანზორ ჩუბინიძემ-მეთქი. ბ-ნ ანზორზე ძალიან კარგი დახასიათება მივეცი, ვუთხარი, რომ ის ერთ-ერთი იშვიათი დადებითი გამონათებაა ახლანდელ ხელისუფლებაში-მეთქი. რაც მთავარია, ყაზახების წარმომადგენელს დავპირდი, რომ გავრისკავ, ჩემს თავზე ავიღებ და თქვენი მონაყოლის შესახებ ბიძინა ივანიშვილს წერილს გავუგზავნი, მის ახლო გარემოცვაში და, იმედია, აჩვენებენ-მეთქი. ეს მართლაც გავაკეთე, ოღონდ არ ვიტყვი, ვინ წაიღო და ვის მიუტანა ეს წერილი.
ამის პარალელურად, დავჯექი კომპიუტერთან და გავაანალიზე სიტუაცია. მე იმდენად ზიზღს მგვრიდა ბოლო წლების ქართული პოლიტიკა, რომ დიდად ინფორმირებული არ ვიყავი შიდასახელისუფლებო დინებებზე, რაღაც კულუარულ ინტრიგებზე და მისთ. ამიტომ ვითარებაში გასარკვევად ერთი-ორი დღე დამჭირდა, ჩემს კოლეგებს და ჟურნალისტებს ამდენი არ დაგჭირდებოდათ, ვინც კარგად ერკვევით ჩვენი პოლიტიკის სამზარეულოში. „გუგლში“ ქექვის შემდეგ „აღმოვაჩინე“, რომ ყაზახების საქმე ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურს აბარია. ცოტა კიდევ ძებნა და, მეორე „დიდი აღმოჩენა” გავაკეთე – ფინანსურ პოლიციაში მდინარაძის მეგობრები მუშაობენ, ყოველ შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოადგილე – გიორგი გელაშვილი (რომელიც ორიოდე დღის წინ მოხსნეს სამსახურიდან – საინტერესოა) ნამდვილად მდინარაძესთან დაახლოებული პირია, ინტერნეტმა ამომიგდო რომელიღაც ბულვარული ჟურნალის მასალა, რომ ისინი ოჯახებით მეგობრობენ უკვე დიდი ხნის მანძილზე. სურათი ჩემთვის უკვე გასაგები გახდა – „картина маслом“. ჩემი ვერსია, რომ საქმის უკან მდინარაძე დგას, ყაზახებს გავუზიარე. შესაძლოა, მდინარაძემ ეს გაიგო, ან ის გაიგო, რომ ივანიშვილს მივაწოდე ინფორმაცია და ამ ყველაფრის გამო ჩემზე შური იძია ცოტა მოგვიანებით. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცი, რა მოხდა რეალურად, მაგრამ ჩემი აქტივობების შემდეგ პრობლემა მალე მოიხსნა, ყაზახეთის მოქალაქეები გაათავისუფლეს, ასტანამ კმაყოფილება გამოხატა და ორმხრივი ურთიერთობებისთვის მოსალოდნელი საფრთხე თავიდან იქნა არიდებული. შესაძლოა, უბრალოდ დროში დაემთხვა და ყველაფერი ჩემს გარეშეც გადაწყდებოდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
ახლა ვხედავ, რომ “გენერალისიმუსს”, რომელსაც ჩემი დაჭერიდან ძალიან მალევე ცუდად წაუვიდა საქმეები, თანდათან ფესვებიანად თხრიან. ასევე მოითხარა პატარიძე – ციხეების უფროსი, რომელმაც სხვა არაკაცობებთან ერთად ისიც იკადრა, რომ მამის დაკრძალვაზე ნახევარი საათით მისვლის უფლება არ მომცა, მისი ხელმოწერაა ამ არაკაცობაზე – თურმე, „საშუალება” არ ჰქონდა პენიტენციურს, ცოტა ხნით მივეყვანე დიდუბის ტაძარში… ასევე გაიტყორცნა გეკა გელაძე, რომელიც ჩემი ძმაკაცის ძმაკაცი მეგონა ჩემს დაჭერამდე, მაგრამ თურმე მდინარაძის ძმაკაცი ყოფილა (წარმოიდგინეთ, “ჯაშუშმა” არც ეს ვიცოდი). ასე რომ, კი ვზივარ ციხეში, მაგრამ ვინარჩუნებ ირონიას. პირველ რიგში, საკუთარ თავზე შემიძლია გავიღიმო, რაც საშუალებას მაძლევს, არ გავრეკო და გლდანის ციხის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ადეკვატური პატიმარი ვიყო, თან სხვა პატიმრებიც ვანუგეშო. თუმცა ეს მაინც პატარა ადამიანური ხერხია, ყველა სიკეთის თავი და თავი ღვთისადმი ლოცვაა.
გემშვიდობებით გაურკვეველი დროით, კავშირზე სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდეგ შევეცდები გამოსვლას.
გულბაათ რცხილაძე







