19 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების _ გიორგი ზურაბაშვილისა და მიხეილ გალუზინის _ შეხვედრა, რომელიც ანალიტიკოსებმა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს, რადგან ეს იყო პირდაპირი მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის უცხოელი დამკვირვებლების გარეშე. ქართველი საზოგადოება ელოდება, მოლაპარაკებების დღის წესრიგში როდის დადგება ტერიტორიების დაბრუნების საკითხი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არ ჩქარობს პირდაპირი დიალოგის დაწყებას რუსეთის ხელისუფლებასთან…
როდესაც საქართველოს ხელისუფლება თავს იკავებს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისგან, გადაჭარბებული ხომ არ არის ქართველი საზოგადოების ესოდენ დიდი მოლოდინი ტერიტორიების დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება ისტორიკოსი, ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე:
_ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა აუცილებლად უნდა გამართულიყო, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიების ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. არსებობს ოკუპირებული მიწების დაბრუნების ორი გზა: პირველი _ ძალის გამოყენება, რომლის საშუალებაც საქართველოს არ აქვს, მეორე _ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯომა. ვიღაცებს ეგონათ, რომ არსებობდა მესამე გზა _ დასავლეთის ჩართულობა, მისი წნეხი, მაგრამ ამან არ გაამართლა, ნაბიჯიც კი არ გადადგმულა საქართველოს სასიკეთოდ.
რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყო მინსკში და თანაც უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე აქამდე იყო, მაგრამ ცვლილებების უცბად დაწყების დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.
_ მოლაპარაკების პროცესი დაიძრა, მაგრამ შეიძლება თუ არა, ტერიტორიების დაბრუნებაზე დავიწყოთ საუბარი, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მზად არ არის რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად? მართალია, რუსეთი ჯერ კვლავ უარს აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარების უკან წასაღებად, მაგრამ ქართველებს იმედი მაინც გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება პირდაპირ ჩაერევა საქმეში და მესამე პირის დახმარებით არ ისაუბრებს…
_ მსოფლიოს გადანაწილება ჯერ არ დასრულებულა. ჩინეთის ქალაქ შენჟენში გამართულმა შეხვედრამ დაგვანახვა, რომ მსოფლიოს სამი დიდი სახელმწიფო ინაწილებს _ ჩინეთი, რუსეთი და აშშ. როდესაც ამხელა გიგანტები იბრძვიან, საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა ჩუმად უნდა იყოს და თვალი ადევნოს მოვლენებს.
პატარა საქართველოში გიგანტი ქვეყნის, ჩინეთის, ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა. ჩინეთის მსგავსი სახელმწიფოების უმაღლესი რანგის პირები შემთხვევით არ დადიან პატარა ქვეყნებში, თანაც უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ. ჩინეთის ეს ნაბიჯი ბევრ რამეზე მეტყველებს.
ჩინეთსა და რუსეთს კარგი ურთიერთობა აქვთ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო…
საქართველოს ჩინეთისთვის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს _ აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაკავშირებელი გზა საქართველოზე გადის, ამიტომ ჩინეთის მაღალი რანგის წარმომადგენლების სტუმრობა შემთხვევითი არ არის. ჩვენი ტერიტორიის მიმართ ინტერესი აქვს რუსეთსაც. ასე რომ, რუსეთისა და ჩინეთის შეხვედრები, მათი მეგობრობა და პარტნიორობა საქართველოს დადებით შედეგს მოუტანს…
_ ჩინეთს სურს ჩვენთან ურთიერთობის გაღრმავება და ეს ჩვენთვისაც ხელსაყრელია, მაგრამ, რუსეთს რომ არ ,,ვწყალობთ” ქართველები, როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩვენსა და ჩინეთს შორის ურთიერთობაზე? მოგვთხოვს თუ არა ჩინეთი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას?
_ ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას ეს ნაბიჯი გათვლილი აქვს. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღდგეს და სწორედ ამისთვის არის საჭირო ე.წ. მოთელვები, რომლებსაც ახლა ვადევნებთ თვალს… ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები და ასე უცბად, გაუთვლელად ნაბიჯს ვერ გადავდგამთ, ფრთხილობს საქართველოს ხელისუფლება და ეს გამართლებულია. დღეს ვერავინ იტყვის, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკური პროცესები…
_ ტერიტორიების დაბრუნების პროცესში თუ ჩაერევა ჩინეთი?
_ ყველაფერი მიდის მაგ პროცესისკენ. ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება სწორედ ამაზე მიუთითებს. ანაკლიის პორტის აშენების წინააღმდეგი იყო თითქმის ყველა ქვეყანა, მაგრამ სჭირდებოდა ჩინეთს და პროცესიც დაიწყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია…
ჩინეთის ქალაქ შენჟენში გამართულ შეხვედრას შეგვიძლია ,,თეირანი-2” ვუწოდოთ. ოღონდ შენჟენის შეხვედრაზე ინგლისელის ნაცვლად ჩინელი იყო, ქართველის ნაცვლად _ რუსი, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოს დიდი გადანაწილება დაიწყო და შედეგს მალე ვიხილავთ…
ისტორიას ახსოვს დაკარგული ტერიტორიების წლების შემდეგ დაბრუნების ფაქტები და ამის იმედი მაქვს. დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, ჩვენ დავიბრუნებთ დაკარგულ მიწებს!..
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







