სახელმწიფომ  უნდა მიიღოს კანონი, რომ ძველი კორპუსებიც აღიჭურვოს  ბუნებრივი აირის დეტექტორებით, რომელთა ფასი 50-70 ლარია,  და  ყველა დაცული იქნება ტრაგედიისგან

    აფეთქების შედეგად დაღუპულთა ცხედრები გაცივებულიც არ იყო, ტრაგედიის „შეტენვა“ რომ სცადეს ჯერ ხელისუფლებისთვის, შემდეგ კი - თბილისის მერისთვის

    ვერ გეტყვით, სოციალური ქსელის დამსახურებაა,  ცხოვრების აჩქარებული რიტმის, ინტერნეტგანვითარებისა თუ ყველაფრის ერთად, მაგრამ ადამიანები ისეთ რაღაცებს მივეჩვიეთ, რაც ადრე არ იყო. მაგალითად, ადრე ვიდეოზარით ვერ ვუკავშირდებოდით ერთმანეთს და ახლო ნათესავები წელიწადში ერთხელ მაინც სტუმრად დადიოდნენ ერთმანეთთან. ადრე თუ სოფლად ვინმე კვდებოდა, მთელი სოფელი 40 დღის განმავლობაში ტელევიზორს არ რთავდა, გლოვითაც მთელი სოფელი გლოვობდა და, თუ შეიტყობდნენ, რომ სადმე ბავშვი ან ახალგაზრდა გარდაიცვალაო, სრულიად საქართველო განიცდიდა.   ადრე თითქოს უფრო თბილი  ურთიერთობები ჰქონდათ ადამიანებს  – მეზობელს  ნერვიულობის გარეშე დაუტოვებდი ბავშვს, ახლა  მეზობლები ერთმანეთს ან მხოლოდ გამარჯობით იცნობენ ან საერთოდ არ იცნობენ და, ბავშვს კი არა, შინაურ ცხოველსაც არ ანდობენ ერთმანეთს. აღარ არის სამეზობლოს მიერ მოგროვებული ფულით  ეზოში სუფრის გაშლა და ქეიფი, დღესასწაულებზე ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა და ნათლობის მადლით სამეზობლოსთან დანათესავება. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, როგორ იცოდნენ ადამიანებმა მხარში ამოდგომა, თუ ვინმეს რამე გაუჭირდებოდა. მეტიც, როცა სოფელში ვინმე სახლის შენებას იწყებდა, მთელი სოფელი ეხმარებოდა და საღამოს იმავე ეზოში მადლიანი ქეიფი იმართებოდა. ხშირად კი,  ოჯახი ძალიან რომ არ  დახარჯულიყო, ერთ მეზობელს ღვინო მოჰქონდა, მეორეს – ყველი, მესამეს – მწნილი და… ეს ყველაფერი იყო და ვაი, რომ აღარასოდეს დაბრუნდება. ყველაფერთან ერთად ადამიანები სახელმწიფოზეც ზრუნავდნენ, ცდილობდნენ, ქვეყანას გამოდგომოდნენ და ზედმეტ ტვირთად  არ დასწოლოდნენ…

     ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინათ  მომხდარმა ტრაგედიამ სრულიად  საქართველო შეძრა.  აფეთქებამ ექვსი ადამიანი  შეიწირა… 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა, ყველა სახელმწიფო უწყებაზე ეროვნული დროშა დაეშვა და ეკლესიებშიც სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს, მაგრამ… მოდი, ჯერ ის ვთქვათ, რა იყო და მერე – ის, რა იქნება. აი, ხომ სულ გვგონია, რომ კონკრეტულ ტრაგედიას პოლიტიკოსები სათავისოდ არ გამოიყენებენ, არ შეეცდებიან,  ვიღაცის სიკვდილზე თავიანთი პოლიტიკური მომავალი ააწყონ, ქულები დაიწერონ, მაგრამ არა – ყოველ ჯერზე უფრო  უარესს აკეთებენ.  ამის შემდეგ, სამწუხაროდ,   კვლავ პოლიტიკაში რჩებიან და ურცხვად უყურებენ თვალებში ადამიანებს. ასე იყო ამჯერადაც. აფეთქების შედეგად დაღუპულთა ცხედრები  გაცივებულიც არ იყო,  ტრაგედიის „შეტენვა“ რომ სცადეს ჯერ  ხელისუფლებისთვის, შემდეგ კი  – პირადად თბილისის მერისთვის. ანუ, შესაბამისი უწყებების მიერ რამდენიმეჯერ შემოწმებული გამათბობელი კონკრეტულ მობინადრეს მოშვებული რომ დარჩა, ბუნებრივმა აირმა რომ გაჟონა, მერე იმ კონკრეტულმა მობინადრემ რომ აანთო და აფეთქება მოხდა, თურმე კახა კალაძის ბრალი ყოფილა. ჰო, თბილისის მერმა თურმე კარდაკარ უნდა იაროს (ალბათ, ყოველდღე უნდა შევიდეს ყველა ბინაში), პირადად შეამოწმოს, დაკეტილია თუ არა ბუნებრივი აირის ონკანი, და იტვირთოს პასუხისმგრებლობა.  ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა რომ  გვაქვს, ამას  რა ვუყოთ და სად გავექცეთ? მე (და ბევრ ჩემნაირს) ბუნებრივი აირის დეტექტორი  მიყენია შინ და მშვიდად  ვარ, რადგან  ვიცი, არ დავზიანდები, მაგრამ, სხვას რომ არ აქვს, მე რა დავაშავე და რატომ არის ეს დაუდევრობა კალაძის ბრალი?! თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს – ხელისუფლებას შეუძლია, საკანონმდებლო დონეზე მოითხოვოს ყველა ბინაში დეტექტორის დამონტაჟება და ახლავე აგიხსნით, როგორ შეიძლება ამის გაკეთება:

    დავიწყოთ იმით, რომ დღეს საქართველოს არც ერთ ახალაშენებულ კორპუსს არ იღებენ ექსპლუატაციაში, თუ ყველა ბინაში არ აყენია დეტექტორი. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალაშენებული კორპუსები ასეთი ტრაგედიისგან დაცულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ანალოგიური ვალდებულება მოსახლეობას არ აქვს ძველი კორპუსების შემთხვევაში. ჰოდა, სახელმწიფომ სწორედ ეს უნდა გადაწყვიტოს – კანონი მიიღოს, რომ ძველი კორპუსებიც აღიჭურვოს აღნიშნული დეტექტორებით, რომელთა ფასი 50-70 ლარია; სახელმწიფოს ისიც შეუძლია, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეს დეტექტორები შეუძინოს, დანარჩენები კი… თავად განსაჯეთ, სახელმწიფოს დაძალების გარეშე, კორპუსის მცხოვრებლებმა რომ მოილაპარაკოთ (თუნდაც ახლა, ცხელ გულზე, სანამ ეს ტრაგედია ისევ აქტუალურია) და ყველამ შეიძინოთ დეტექტორი, ხომ იქნებით დაცული და არ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, რომ მეზობელს შეიძლება რაღაც ჩართული დარჩეს და თქვენ დაზარალდეთ?! არ ღირს ამ ფასად  ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლით გარისკვა. ამას წინათ სამეგრელოში აირის გაჟონვის გამო  საკუთარი სახლი  აფეთქდა და მთლიანად დაიწვა, უფრო ადრე იმერეთში მოხდა იგივე…  დეტექტორის უდიდესი უპირატესობა არის ის, რომ მაშინაც მუშაობს, როცა შინ არ ხართ და, თუ გაჟონვას „შეამჩნევს“, გადასცემს შესაბამის ელექტრომოწყობილობას და თქვენთან აირის მიწოდება ავტომატურად წყდება.  საკმარისია, დეტექტორმა აირის გაჟონვა „იგრძნოს“  (არ აქვს მნიშვნელობა, გძინავთ, შინ ხართ, სხვა ქალაქში  თუ სხვა ქვეყანაში), ბუნებრივი აირის მიწოდება ავტომატურად შეწყდება.  ეს არის ერთადერთი, ყველაზე მარტივი და, რაც მთავარია, გარანტირებული გამოსავალი. დეტექტორების დამონტაჟების   შემთხვევაში, აფეთქების ალბათობა  ქვეყანაში  ერთ პროცენტზე დაბლა დაიწევს.

    ახლა, რაც შეეხება მომავალს: ვიგლოვებთ 22 ნოემბერს, 23-ში კი გიორგობაა, ქართველთათვის ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაული, მდინარეებად დაიღვრება ღვინო და საკლავიც დაიკვლება. არაერთ სუფრაზე დაილევა იმ ექვსი ადამიანის შესანდობარი, რომლებიც ამ ტრაგედიას ემსხვერპლნენ, მაგრამ მერე… მერე ყველაფერი დაგვავიწყდება, ზუსტად ისე, როგორც მანამდე დაგვავიწყდა, მაგალითად, შოვის ტრაგედია და დაგვავიწყდება იმიტომ, რომ სოციალური ქსელი  უამრავ გასართობ და უინტერესო ამბავს შემოგვთავაზებს და გარდაცვლილები მხოლოდ ოჯახის წევრებს ემახსოვრებათ…

    დასაწყისში  პოლიტიკოსები ვახსენეთ და… უბინაოდ დარჩენილ 28 ოჯახს ახალ ბინებს ბიძინა ივანიშვილი უყიდის, მან ამის შესახებ  უკვე განაცხადა. ადვილი მისახვედრია, რომ სიტყვა საქმედ მალე იქცევა, მაგრამ ეს ამბავი ოპოზიციას არ  მოეწონა, აქაოდა,  ბევრი ფული აქვს და დიახაც, უნდა უყიდოსო. ანალოგიური განცხადებები იმ პარტიის წარმომადგენლებმაც გააკეთეს, რომლის შეფი და დამფუძნებელიბანკირი მამუკა ხაზარაძეა.  გვერწმუნეთ, არც მის ქონებას შეეტყობოდა 28 ახალი ბინის შეძენა. მაშ, რატომ არ გააკეთა ეს?!  28 ოჯახისთვის თუ ვერ გაიმეტა ფული, მისი პარტია „ლელოს“  წევრები  რომ გაჰყვიროდნენ, – 5 შვილის დედაც დაიღუპაო, იმ ერთი ოჯახისთვის მაინც შეეძინა ბინა? მაგრამ არა, ფიქრადაც  არ გააუვლიათ, სამაგიეროდ, იმაზე უსაყვედურა ოპოზიციამ მოსახლეობის უმრავლესობას, ანალოგიური რამ   ყოველდღე  ხდება უკრაინაში, რადგან რუსები ბომბავენ, და იმას რატომ არ გლოვობთო. გეგონება, რუსეთთან ომის დაწყების მომხრე ჩვენ ვიყოთ და არა ოპოზიციის უმრავლესობა. სამწუხაროდ, ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ იკადრა და  მაშველებს არაპროფესიონალიზმში დასდო ბრალი –  უკეთესადაც შეიძლებოდა მოქმედებაო. მერე რა, რომ ყველა აღიარებს, მაშველები ძალიან მალე მივიდნენ  შემთხვევის ადგილზე და, როცა შენობაში შევიდნენ, ბეტონის ნამსხვრევები ისევ ცვიოდა, მაგრამ ისინი ზემოთ არ იყურებოდნენ, ქვემოთ, ბეტონის გროვაში, ადამიანებს ეძებდნენო. ჰოდა, ეს ჟურნალისტი რომ იჩემებს, ეპოქა შევქმენი და საზმაუდან ტყუილად გამიშვესო, თურმე სწორად გაუშვიათ,  რადგან ის „ეპოქა“, რომელიც „შექმნა“, ზემოაღნიშნული განცხადებით გაანულა და გააცამტვერა.

    რიგითმა მოქალაქეებმა თუ მეტი პასუხისმგებლობა არ გამოვიჩინეთ, არაფერი გამოვა. სახელმწიფოს მხოლოდ ხელისუფლება ვერ ააშენებს, თუ თითოეულმა ჩვენგანმა  არ შეუწყო ხელი და საკუთარი წილი პასუხისმგებლობა არ იტვირთა. ვერც ერთი ხელისუფალი ვერ მოვა საღამოს თქვენთან და ვერ გადაკეტავს ვერც წყლისა და ვერც ბუნებრივი აირის  მილს, ვერ ამოგიკეცავთ საბნის კუთხეს და ვერ გისურვებთ ძილი ნებისას, ამიტომ, პირველ რიგში,  საკუთარი შვილების სიცოცხლესა და შემდეგ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. სხვაგვარად წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ ასეთი ტრაგედიის წინაშე აღმოვჩნდებით და მერე უკვე ვეღარაფერს შევცვლით.

    ბესო ბარბაქაძე

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here