სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, ოქტომბერშიც ანალოგიურ ზრდას ელოდებიან და თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლიური ეკონომიკური ზრდა ქვეყანას გარანტირებული აქვს. მერე რა, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი სოციალურად დაუცველია, ანუ, თუ არ შიმშლობს, სათანადოდ ვერ იკვებება; მაგრამ ამის გამო არ უნდა ვინერვიულოთ, მთავარია ეკონომიკური ზრდა და მერე დასავლელი პარტნიორების გაოცებული სახეებს ხილვა – ამდენს როგორ და რანაირად ახერხებთო?! თუმცა რთული სათქმელია, როდის აისახება ეს ყველაფერი რიგით ადამიანებზე…
გასულ კვირას გამოქვეყნდა Numbeo-ს (მსოფლიოში უდიდესი ონლაინ მონაცემთა ბაზა, რომელიც აგროვებს ინფორმაციას ქვეყნებსა და ქალაქებში ცხოვრების ხარჯებისა და ცხოვრების ხარისხის შესახებ) მონაცემები, რომელთა მიხედვით, ევროპაში სურსათის ფასები ყველაზე დაბალი უკრაინაშია, ყველაზე მაღალი კი – შვეიცარიაში. სხვაობის საილუსტრაციოდ გეტყვით, რომ ევროკავშირის საშუალო ფასებით 100 ევროს ღირებულების სამომხმარებლო კალათა შვეიცარიაში 189,20 ევროს ტოლია, ხოლო უკრაინაში – 52,20 ევროს. საქართველო აღნიშნულ სარეიტინგო სიაში, რომელშიც 39 ქვეყნის მონაცემებია შეტანილი, 36-ე ადგილზეა და მისი სასურსათო კალათა 46,9 ევროდ არის შეფასებული. სიაში პირველი შვეიცარიაა ( 189, 2 ევრო), მეორეა ისლანდია (183,6 ევრო), შემდეგ – ნორვეგია (154,4 ევრო), ლუქსემბურგი (134,9 ევრო) და დანია (128,4 ევრო). ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ფინეთი (119,7 ევრო) და შვედეთიც (116, 6 ევრო) აჭარბებენ. საინტერესოა, რომ ევროპის ხუთ უმსხვილეს ეკონომიკას შორის სურსათი ყველაზე ძვირი საფრანგეთშია, სადაც პროდუქტების ღირებულება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 27,5%-ით მაღალია. რაც შეეხება იაფ ქვეყნებს, რუმინეთი (66,7 ევრო) ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანაა სურსათის მხრივ, მისი მაჩვენებელი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 33,3%-ით დაბალია. მას 70,8 ევროთი პოლონეთი მოსდევს. ამავე სტატისტიკური მონაცემებით, ევროკავშირში საკვები და უალკოჰოლო სასმელები ოჯახების ხარჯების 13, 6%-ს შეადგენს, ხოლო საცხოვრებელი და კომუნალური გადასახადები – 23,6%-ს.
ეს მონაცემები საკმარისი იყო იმისთვის, რომ ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელს ეთქვა: ხომ გითხარით, სურსათი ჩვენთან ევროპის მასშტაბით იაფია და უკმაყოფილობას ტყუილად გამოხატავთო. მეტიც, ისიც განაცხადეს, რომ თურმე სურსათის შემსწავლელი კომისიის მუშაობას ფუჭად არ ჩაუვლია; მართალია, პროდუქტების ფასები ისევ მატულობს, მაგრამ შედარებით ნელი ტემპით. ანუ, დაპირებული შემცირება კი არ მოხდა, ზრდის ტემპი შენელდა და, თუ ადრე ყოველ მესამე დღეს აძვირებდნენ, ახლა გაძვირება კვირაში ერთხელ ხდება. სავარაუდოდ, ამ სიკეთეს მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ხვდება და მადლობასაც არ იხდის, უმადურობა კი ძალიან ცუდი რამაა…
საშუალო ხელფასი შვეიცარიაში 7874 ევროა. დაზღვევაში დაახლეობით 700 ევრო მიდის (რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველა სამედიცინო სერვისი უფასოა), საკვების, ტრანსპორტისა და სხვა ხარჯები 1 367 ევროდ არის ნაანგარიშები, ამას დაამატეთ კომუნალურები 544 ლარი და ხელზე რჩება 5 ათას ევროზე მეტი. ახლა წარმოიდგინეთ ცოლ-ქმრის ერთობლივი შემოსავალი და… ახლა პენსიაც ვნახოთ. შვეიცარიაში მინიმალური პენსია 1369 ევროა, მაქსიმალური – 2738 ევრო. დავუშვათ, იქაური პენსიონერი 2000 ევროს იღებს, ანუ ჩვენს ეროვნულ ვალუტაში 6 ათას ლარზე მეტს, ანუ იმაზე მეტს, რამდენსაც ქართველი პენსიონერი ერთ წელიწადში. ბატონებო, მიეცით ქართველ პენსიონერებს თვეში 6 ათასი ლარი და პროდუქტების სიძვირეზე არავინ იწუწუნებს. შესაბამისად, ხმას არავინ ამოიღებს საქართველოში, ჯამაგირი 7 ათას ევროზე მეტი, ანუ 20 ათას ლარზე მეტი რომ ჰქონდეს. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ შვეიცარიამ მიიღო კანონი (სხვათა შორის, წელს მიიღო) და პენსიონერებს დეკემბერში მეცამეტე პენსიას სახელმწიფო თავისი ხარჯით აძლევს, მეცამეტე ხელფასივით, ქვეყნის ბიუჯეტიდან და ზუსტად იმ რაოდენობას, რამდენსაც იმ მომენტში პენსიონერი იღებს. იგივე ხდება ლუქსემბურგშიც (მეცამეტე პენსიას ვგულისხმობთ). განვაგრძოთ? იმას მაინც თუ ხვდებით, ბატონებო, რომ შვეიცარიელ პენსიონერს რომ დაეწიოს ქართველი პენსიონერი, შვეიცარიელს სასურსათო კალათა ათჯერ უნდა გაუძვირდეს, ანუ პური შვეიცარიაში ახლა საშუალოდ 1,07 ევრო ღირს (დაახლოებით 3,50 ლარი) და 35 ლარი უნდა გახდეს, რაც წარმოუდგენელია.
მომავალი წლიდან ხელფასების მატებას ველოდებით, მაგრამ ეს ყველაზე მეტად თანამდებობის პირებზე, დეპუტატებზე, მინისტრებზე, მათ მოადგილეებზე აისახება. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, ზუსტად გაგაცნობთ კოეფიციენტების იმ სისტემას, რომლის მიხედვით ხელფასები მოიმატებს. აი რამდენს აიღებენ 2027 წლიდან თანამდებობის პირები:
პრეზიდენტი – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 192 000 ლარი; ზრდა: 16 800 ლარი.
პრემიერმინისტრი – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 192 000 ლარი; ზრდა: 16 800 ლარი.
მინისტრი – კოეფიციენტი: 8,5; წლიური ხელფასი: 163 200 ლარი; ზრდა: 14 280 ლარი.
მინისტრის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 7,5; წლიური ხელფასი: 144 000 ლარი; ზრდა: 12 600 ლარი.
მინისტრის მოადგილე – კოეფიციენტი: 7,25; წლიური ხელფასი: 139 200 ლარი; ზრდა: 12 180 ლარი.
პარლამენტის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 192 000 ლარი; ზრდა: 16 800 ლარი.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 9,2; წლიური ხელფასი: 176 640 ლარი; ზრდა: 15 456 ლარი.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 9; წლიური ხელფასი: 172 800 ლარი; ზრდა: 15 120 ლარი.
პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 8,6; წლიური ხელფასი: 165 120 ლარი; ზრდა: 14 448 ლარი.
პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 8,3; წლიური ხელფასი: 159 360 ლარი; ზრდა: 13 944 ლარი.
პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 8,2; წლიური ხელფასი: 157 440 ლარი; ზრდა: 13 776 ლარი.
პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 8,5; წლიური ხელფასი: 163 200 ლარი; ზრდა: 14 280 ლარი.
პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 8,1; წლიური ხელფასი: 155 520 ლარი; ზრდა: 13 608 ლარი
პარლამენტის წევრი – კოეფიციენტი: 8; წლიური ხელფასი: 153 600 ლარი; ზრდა: 13 440 ლარი.
უფრო მეტად რომ დავინახოთ სხვაობა, შევადაროთ 2026 და 2027 წელს გაცემული და გასაცემი პენსიები, ანუ ვნახოთ, როგორია მატების კოეფიციენტი.
ასაკი 2026 წ 2027 წ
70 წლამდე 370 ლ 390 ლ
70+ 495 ლ 555 ლ
მაღალმთიანი, 70 წლამდე 444ლ 468 ლ
მაღალმთიანი, 70+ 594 ლ 665ლ
გვესმის, რომ ამ ეტაპზე არც სახელმწიფოს შეუძლია მეტის გაკეთება. უფრო მეტი პენსიის გაცემას, სავარაუდოდ, ვერც ბიუჯეტი გაუძლებს და ვერც ინფლაციის დონეს დავიჭერთ. ეს ყველაფერი გვესმის, მაგრამ ნუ გვეუბნებით, რომ ყველაფერი რიგზეა, რომ ირგვლივ ყველა ბედნიერია. არ არის ასე, ბატონებო, საქართველოში პენსიონერის „შემოსავლის“ უდიდესი ნაწილი იხარჯება იმ წამლებში, რომელთა ფასებიც სურსათს ფასებივით ვერ დავარეგულირეთ. პენსიონერი თუ სესხს იღებს ბანკიდან, ისეთი პროცენტით გამოაქვს, მერე მთელი დარჩენილი ცხოვრება (კიდევ 50 წელიც რომ იცხოვროს) იმ პროცენტებს იხდის. აი, ეს არის მთავარი პრობლემა, თორემ, შვეიცარიასა და ლუქსემბურგს მომავალი ნახევარი საუკუნის განმავლობაში (საუკეთესო შემთხვევაში) რომ ვერ დავეწევით, ჩვენც კარგად ვიცით.
სხვა, აბა, რა გითხრათ, აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პენსიონერების შემოსავალი მომავალი წლის ბოლოსაც გაიზრდება, მაგრამ ისევ ერ დაეწევა ნელ-ნელა მზარდ ფასებს და იმ მომატებულ თანხასაც ისევე ვერ იგრძნობენ, როგორც იმას, რომელიც ორიოდე თვეში მოემატებათ.
ბესო ბარბაქაძე







