შესავლის გარეშე დავიწყოთ: „სინამდვილეში ამ კანონპროექტს არავითარი განსაკუთრებული სიახლე არ შემოაქვს. საუბარია კონკრეტული ტიპის ტურნირებზე, მაგალითად, პოკერის ტურნირზე, რომელიც საერთაშორისო სპორტულ არხებზე გადაიცემა. საუბარია აქ კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე; შესაბამისად, არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ფართო დისკუსია საერთოდ არ იყო საჭირო ამ საკითხზე. პირადად მე საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში, იმდენად უმნიშვნელო არის ის ცვლილება თავისი შინაარსით. ლობისტი ყველა კანონს შეიძლება ჰყავდეს. დიდი ფული თუ შეიძლება სადმე შემოვიდეს, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში საბოლოოდ. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ლობისტებს, რეალურად, ლობისტები კი არა, ინიციატორები ჰყავს ამ კანონონპროექტს. კიდევ ერთხელ – ეს არ არის რაიმე არსებითი ცვლილება, მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს გავიგე მას შემდეგ, რაც დაინიცირდა, მერე გაკეთდა კონკრეტული განცხადებები. იმიტომ არ ვიცოდი, რომ ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი. მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმ კანონზე, რომელიც პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღო. მოდი ვნახოთ, რა წერია ამ კანონში და რატომ იყო საჭირო მისი სასწრაფოდ მიღება.
კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი განისაზღვრება როგორც თამაშობა, რომელსაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს და მასში მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. ამასთანავე, თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებლად იყენებს და ტურნირის საპრიზო ფონდი 3-მილიონ ლარს აღემატება, ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის. ცვლილებით ასევე განისაზღვრა შესაბამისი პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც 50 ათასი ლარია. არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 150 ათას ლარი იქნება.
ახლა წარსულში დავბრუნდეთ. 2021 წელს იმჟამინდელმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას დეპუტატებს შეახსენა, რომ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას თავის წინამორბედს სთხოვდა აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას, რადგან, როგორც ფინანსთა მინისტრმა, ზუსტად იცოდა, რა ხდებოდა ამ სფეროში, როგორი უკონტროლო იყო ყველაფერი და რა თანხები ბრუნავდა. იმხანად ბახტაძემ მოახერხა კანონის ერთგვარი გამკაცრება, უფრო კონკრეტულად კი სრულად აიკრძალა როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება (თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებულია), სრულად იკრძალება 25 წლამდე პირებისთვის თამაში, შეიცვალა ონლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მექანიზმი. ახალი შეზღუდვების პარალელურად, ამ შეზღუდვების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები გაიზარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. სამწუხაროდ, ამ გამკაცრებას მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ჰქონდა, გამოსავალი მალე იპოვეს როგორც კაზინოების მფლობელებმა, ისე მოთამაშეებმა და ამას ადასტურებს ციფრები. კანონი ამოქმედდა 2022 წლის 1 იანვრიდან და იმავე წელს სათამაშო ბიზნესში თანხის ბრუნვამ 52 მილიარდზე მეტი შეადგინა, მაშინ, როცა 2021 წელს, შეზღუდვების დაწესებამდე, 47 მილიარდი იყო, გასულ წელს კი… 88 მილიარდს გადააჭარბა.
ამ სფეროს ექსპერტების თქმით, როცა საქმე ასეთ თანხებს ეხება, გამორიცხულია, ვინმემ ან რამემ ეს სისტემა შეაჩეროს ან დაანგრიოს, თუ თვითონ არ შეჩერდა და დაინგრა. ახლა კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით კონკრეტული ტურნირის გამართვის შემთხვევაში გადასახადიდან რომ თავისუფლდებიან, გჯერათ, რომ ეს ფული არსად მიდის?..
გაგიკვირდებათ და, „სათამაშო ბიზნესის ასოციაციაც“ ყოფილა და მას ვინმე გიორგი მამულაშვილი ხელმძღვანელობს. რა თქმა უნდა, ის ყველანაირად ცდილობს, მოარული სიღატაკე თუ სიკვდილი (აზარტულ თამაშებს სხვას ვერაფერს დავარქმევთ) „გააპრავოს“. აი რას ამბობს ის გასულ წელს 88-მილიარდიანი ბრუნვის შესახებ:
„მე შემიძლია 1 ლარით შევქმნა 1 მილიონის ბრუნვა, მაგრამ ეს არ არის აზარტული თამაშების კომპანიის შემოსავალი. აზარტული თამაშების კომპანიის შემოსავალი გამოდის ის, რომ, თუ წავაგებ, მე ეს 1 ლარი დამრჩება. „საქსტატის“ გვერდზე ასევე გარკვევით წერია, რომ 3.5 მილიარდი არის აზარტული კომპანიების შექმნილი პროდუქცია — ეს არის GGR. GGR-ის მერე არსებობს ხარჯები – ხელფასები, სარეკლამო აქტივობა, ათასი სერვისი, ინტერნეტი და ა.შ. მივდივართ ზუსტად იმ ციფრებამდე, რომელი ციფრებიც არის რეალურად აზარტული კომპანიების მოგება და არა 88 მილიარდი, როგორც განაცხადა არაერთმა ტელევიზიამ, არაერთმა ჩვენმა ოპონენტმა და გამოგვიყვანა მონსტრად“…
ბატონო გიორგი, გვერწმუნეთ, არასდროს დაგვიწერია და არც სხვისგან გვსმენია, რომ 88 მილიარდი არის მოგება ამ ბიზნესში. ჩვენ ყოველთვის გარკვევით ვწერთ, რომ ეს არის ბრუნვა, მაგრამ უფლებას დავიტოვებთ, არ დავიჯეროთ, რომ თქვენ ბიუჯეტში ლამის 3 მილიარდამდე გადაიხადეთ და მოგების სახით ამ სფეროში მხოლოდ 1,5 მილიარდი დარჩა. დაგვისახელეთ საქართველოში დიდი ბიზნესი, რომლის მოგებაც წლიურად 25-30%-ს არ აღემატება. ვერ დაასახელებთ იმიტომ, რომ ასე კეთდება საქართველოში ბიზნესი და ეს 25-30% იდეალური ვარიანტია მომხმარებლისთვის, თორემ მოგება ხშირად 100 და 200 პროცენტს ისე სცდება, როგორც არაფერი, ამიტომ იმის თქმა, რომ თურმე 88 მილიარდიდან მოგება მხოლოდ 1,5 მილიარდი, ანუ მთლიანი თანხის 1,7% იყო, ბოდიში და, აბსურდულად გვეჩვენება. ასეთ მცირე პროცენტზე მონაკოსა და ლას-ვეგასში არ მუშაობენ, იქ, სადაც სათამაშო აპარატების კონტროლი უმაღლეს დონეზეა, და ჩვენთან…
მიღებული კანონი მაინცდამაინც სასურველი რომ არ იყო და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ მოსწონს, იქიდანაც ჩანს, რომ კანონის მიღება გააპროტესტა საპატრიარქომაც. როგორც წესი, საპატრიარქო საკანონმდებლო საქმიანობაში არ ერევა, მაგრამ ხმა აღიმაღლა მაშინ, როცა „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში აქტიურად დაიწყო ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონის მიღებაზე საუბარი, როცა 17 მაისი ლამის ლგბტ თემის დღედ გამოაცხადეს, როცა კანონში უნდა ჩაწერილიყო ოჯახის შემადგენლობა მხოლოდ ბიოლოგიური კაცისა და ქალისგან უნდა ყოფილიყო და მას მხარი დაუჭირა. ჰოდა, ახლა აზარტული თამაშების შესახებ კანონი გააპროტესტა, ანუ ხვდებით მაინც, რასთან გააიგივა მიღებული კანონი და რასთან გააიგივა ის, რასაც პრემიერი „უმნიშვნელო ცვლილებას“ ეძახის?
შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ ეს არ არის საფრთხე არათუ მომავალი, არამედ ამჟამინდელი თაობისთვის. არადა, ლუდომანია არანაკლებ მძიმე დაავადებაა, ვიდრე ნარკომანია, რთულად მიმდინარეობს და მასაც ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი სჭირდება, ლუდომანებსაც აქვთ ე.წ. ლომკა და ისინიც მწვავედ განიცდიან, როცა თამაშის შესაძლებლობა არ აქვთ. ეს 88-მილიარდიანი ბრუნვა არის საქართველოს მოქალაქეების ბინები, დანაზოგები, მანქანები და არცთუ იშვიათად სიცოცხლე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. და არ გვჯერა, რომ ეს არ იცის ყველამ და რომ ადამიანები ვერ ხვდებიან, რა გააკეთეს, მაგრამ, როგორც აგვიხსნეს, როცა საქმე 88 მილიარდს ეხება…
ერთ-ერთმა დეპუტატმა ისიც კი თქვა, რომ არ სჯერა, საქართველოს მოქალაქეებს 88-მილიარდის დახარჯვა თუ შეეძლოთ, ეს ძირითადად უცხოელების მიერ დახარჯული თანხებიაო. თუ ასეა, მაშინ რატომ აჭარბებს მილიონს აზარტულ თამაშებზე დარეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა? როგორ დავიჯეროთ, რომ ეს მილიონი ადამიანი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, რომლებიც დაწესებულია?! როგორ დავიჯეროთ, რომ 80 წელს გადაცილებული ბებიები და ბაბუები თამაშობენ სლოტებს და ერკვევიან პოკერში?! ხომ აბსურდია ეს ყველაფერი?! 25 წლამდე მოქალაქეებს რომ აეკრძალათ თამაში, იქნებ საპენსიო ასაკს მიღწეულებსაც ავუკრძალოთ? ხომ ხვდებით, რომ პენსიონერი ვერ გადადებს იმ თანხას, მერე რომ ჩაუჯდეს კაზინოს და თუნდაც 100 ლარი წააგოს? ახლა არ თქვათ, ეს მათი უფლებების დარღვევა იქნებაო. დარღვევა კი არა, მათი შვილებისა და შვილიშვილების (ზოგი საჯარო მოხელე რომ არის და ზოგი 25 წელს მიუღწეველი) უფლებების დაცვა იქნება.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: თუ აზარტული თამაშების ბიზნესს ლაგამს დროულად არ ამოვდებთ (რა თქმა უნდა, კანონით) და შეზღუვებს არ დავუწესებთ, ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნება როგორც საზოგადოებაში, ისე ეკონომიკაში, რადგან არ შეიძლება აზარტულ თამაშებში თანხის ბრუნვა ქვეყნის ბიუჯეტს 2,5-ჯერ აღემატებოდეს.
ლევან გაბაშვილი







