თაობას, ნარკოტიკებთან ერთად, აზარტული თამაშებითაც ვკარგავთ,  მაგრამ  გამკითხავი არავინ არის!

    როცა იცი, რომ შენი შოუმენობის შედეგად ვიღაცამ შეიძლება თავი მოიკლას ან უსახლკაროდ დარჩეს, როგორ გიბრუნდება ენა, რომ ამ ყველაფერს უბრალოდ აკეთებ და ეს პროფესიაა... ადამიანების წაქეზება, მოდით და ფული წააგეთო, პროფესიაა?!

    თამამად შეიძლება ითქვას, რომ აზარტული  თამაშები  იქცა სახელმწიფოდ სახელმწიფოში, რადგან  ამ სფეროში ფულის ბრუნვა სახელმწიფო ბიუჯეტზე ორნახევარჯერ მეტია,  მაგრამ ხმას არავინ იღებს, თითქოს ასეც უნდა იყოს.  გასაგებია, რომ აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში დიდძალი ფული   შედის, მაგრამ  გვიღირს ეს  ჩვენი შვილებისა და  შვილიშვილების სიცოცხლისა  და ჯანმრთელობის ან  ასეულობით ადამიანის უსახლკაროდ დარჩენის  ფასად? ისიც ვთქვათ, რომ ლუდომანიის მიზეზით სუიციდამდე მისული ახალგაზრდებისა თუ საშუალო ასაკის ადამიანების რაოდენობით  საქართველო  მსოფლიოს „მოწინავე“ სახელმწიფოებს შორისაა.

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან  8 აზარტული თამაშებით არის დაკავებული.  უშუალოდ სათამაშო ბიზნესის მოცულობამ კი 2025 წელს 88, 370 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბიზნესსექტორის მთლიანი მაჩვენებლის 34, 8%-ია. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ – საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან  8  აზარტული თამაშებით  არის  დაკავებული. რას ნიშნავს ეს?  ათიდან რვა შემთხვევაში ყველაზე მეტი ფული არა საწარმოებში, არამედ აზარტულ თამაშებში ბრუნავს. არადა, გვინდა ევროპას გავეჯიბროთ. ნიდერლანდების, დანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიების ათეულში აუცილებლად არის სოფლის მეურნეობის რომელიმე კომპანია  და ეს ნორმალურია, რადგან ამ ქვეყნების (და არა მხოლოდ) ბიჯეტში არცთუ მცირე თანხა სოფლის მეურნეობიდან  შედის და მგონი, საქართველოს გარდა, ყველა ქვეყანა ცდილობს, სოფლის მეურნეობა ისე განავითაროს, რომ  მთავარ დარგად აქციოს. რა ნავთობი და ალმასები, ყველა აღიარებს, რომ მომავალი იმ საკვებ პროდუქტებს ეკუთვნის, რომელთა ფასიც ყოველდღიურად  მატულობს. საერთოდ,   ბევრი ამბობს, რომ დედამიწას აღარ  შეუძლია ამდენი ადამიანის გამოკვება.

    მოდი, რუსეთზე ვთქვათ, იმ რუსეთზე, რომელსაც თითქმის მთელი მსოფლიო  სანქციებს უწესებდა და უწესებს, მაგრამ  გადარჩა. რამ უშველა რეალურად ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს? ვიღაც იტყვის, ნავთობმაო, მაგრამ ბოლო პერიოდში რუსეთს ნავთობი არათუ  ექსპორტზე გაჰქონდა, ამ პროდუქტით თავის მოქალაქეებსაც ვერ აკმაყოფილებდა სრულად. მთავარი, რის გამოც რუსეთი გადარჩა, არის ის, რომ საკვები პროდუქტების  მხრივ არ იყო არავისზე  დამოკიდებული. რუსებს საკმარისად ჰქონდათ  ძირითადი მოხმარების პროდუქტები და,  ანანასს თუ არ დააყოლებდნენ დესერტად, ტრაგედიას არავინ შექმნიდა. საქართველოში კი… ჩვენი წყლით თუ  დავნაყრდებით, თორემ საკმარისი  საკვები, უბრალოდ, არ გვაქვს. ვიღაც შეიძლება შეგვედაოს, სად რუსეთი და სად საქართველო, რუსეთს ჩვენზე  მეტი მიწა  და შესაძლებლობები აქვსო, მაგრამ მხოლოდ სახელმწიფოს მფლობელობაში და უპატრონოდ მიტოვებული მიწები რომ დამუშავდეს, საქართველოს მოსახლეობასაც  ექნება სამყოფი ხორბალი, სიმინდი, ქერი… ანუ გამოკვებავს საკუთარ თავსაც, ფრინველებსაც, ცხოველებსაც…  სასურსათო კრიზისი ყოველწლიურად რომ ღრმავდება, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. და ეს იცის მსოფლიომ, ჩვენ კი… ჩვენთან  დიდძალი  ფული აზარტულ თამაშებში ტრიალებს. ისე, საინტერესოა, იმ რვა აზარტული ბიზნესის გარდა, რომელია ის ორი, რომელშიც  დიდი ფული ბრუნავს.

    ერთი  არის შპს „კავკასიის ავტოიმპორტი“, მეორე – სს „ნიკორა ტრეიდი“ და  ათეულში მათი მოხვედრა არ არის  გასაკვირი. ჯერ ერთი, ლამის საქართველოს მთელი მოსახლეობა  მსუბუქი ავტომობილების ჩამოყვანაზე „ჩალიჩობს“ და „კავკასიის ავტოიმპორტი“ ამ მიმართულებით ერთ-ერთი ძველი და, როგორც ამბობენ, სანდო კომპანიაა, ხოლო „ნიკორას“ მაღაზიების ქსელი  მეტ-ნაკლებად ნატურალური პროდუქტების გაყიდვას ცდილობს და მოსახლეობაც, სავარაუდოდ, ამიტომ ეტანება. აი, დანარჩენ რვა კომპანიას კი რეკლამა არ სჭირდება, ისედაც ყველამ იცის და იცის იმის მიუხედავად, რომ  სატელევიზიო სივრცეში მათი რეკლამა აკრძალულია. მაგრამ… სოციალური ქსელები ლამის წალეკოს რეკლამებმა და, რაც მთავარია, პიარკამპანიებში საზოგადოებისთვის ცნობილი (ან მეტ-ნაკლებად ცნობილი) სახეები  არიან ჩართულნი.  თამაშობენ, თანაც  იქვე ამბობენ, ვერთობით და თქვენც გაერთეთო.   თამაშს 5 ან 10 ათასი ლარით იწყებენ. ისე, როგორი გასართობია, 5 ან 10 ათას ლარს რომ აგებ?! მაგრამ ნურას უკაცრავად, ეგ თქვენ აგებთ, თორემ ის სახეები  2-საათიანი თამაშის შემდეგ, სულ ცოტა, 50 ათასს იგებენ და ბედნიერი სახით გემშვიდობებიან. სულ არ ადარდებთ, ვინ მიბაძავს, ვისთვის არიან ავტორიტეტები, მთავარია, ამ  2-საათიან „დაბოლებაში“ ფულს უხდიან და მერე, რამეს რომ ეტყვი და აგინებ, თავს იმართლებენ, მე შოუმენი ვარ, მსახიობი ვარ, ფულს მიხდიან და ესეც ერთგვარი შოუაო. ბიჭო (ან გოგოვ), თუ შოუა, რატომ არ ამბობ, რომ შოუა, რატომ ამბობ, რომ მოგებული თანხით ამას ან იმას იყიდი, თუ ეს თანხა რეალურად შენი არ არის?! შოუმენი კი არა, მატყუარა ნაძირლები ხართ, სულით მეძავები, რომლებიც ფულის გამო ყველაფერს კადრულობთ! როცა იცი, რომ შენი შოუმენობის შედეგად  ვიღაცამ შეიძლება თავი მოიკლას ან უსახლკაროდ დარჩეს, როგორ გიბრუნდება ენა, რომ ამ ყველაფერს უბრალოდ აკეთებ და  ეს  პროფესიაა... ადამიანების  წაქეზება, მოდით და ფული წააგეთო, პროფესიაა?!

    შელამაზებისა და ერთი ადგილის თამაშის გარეშე   სახელმწიფო ვალდებულია, რაღაც მოიფიქროს და შეცვალოს. ასე    აღარ შეიძლება, თორემ ეს სფეროც ზუსტად ისევე  გავა კონტროლიდან (თუ უკვე გასული არაა), როგორც  ქსელური მარკეტები, როცა სახელმწიფო შეეცადა, რაღაც გაეკეთებინა ხალხის სასიკეთოდ, საბოლოოდ კი პირში ჩალაგამოვლებული დარჩა, ხოლო  ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებმა  უფრო კაბალური პირობები დაუწესეს შემომტანებს….

    ყველაზე მარტივი გამოსავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშების აკრძალვა იქნება. კი ამბობენ, მერე ეს ყველაფერი იატაკქვეშეთში გადაინაცვლებსო, მაგრამ გვერწმუნეთ, ამხელა ფულის ბრუნვის  მასშტაბით იატაკქვეშ ვერ წავა. უცხოელებისთვის ღია იყოს სათამაშო სივრცე, ჩამოვიდნენ, ითამაშონ, ფული აქ დატოვონ; საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელიც ათასებს ისვრის აზარტულ თამაშებში,  აქვე   დაატრიალოს ეს თანხა, ვიდრე რამდენიმე ადამიანის უძირო ჯიბეში ჩაუშვას დაბრუნების ნულოვანი პერსპექტივის გარეშე. ხომ გაიძახის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, ბევრ უცხოელს საქართველო  აზარტული თამაშების გამო ხიბლავსო. კი ბატონო, მოხიბლოს, მათთვის ღია იყოს ონლაინ  და  ცოცხალი კაზინოებიც, არავინ გააპროტესტებს, მაგრამ აქ არასრულწლოვანებიც რომ თამაშობენ სხვისი სახელებითა და პირადობებით, ესეც ყველამ იცის და ისიც, ბებია-ბაბუების პასპორტებით რომ არიან დარეგისტრირებულნი.

    1990-იანებში ამბობდნენ,  თაობა სამოქალაქო ომმა და ნარკოტიკმა დაღუპაო. მერე  სამოქალაქო ომი კი დამთავრდა, მაგრამ ნარკოტიკების პრობლემიდან დღემდე ვერ ამოვედითო.  ახლა კი თაობას ნარკოტიკებთან ერთად აზარტული თამაშებითაც ვკარგავთ,  ამას კი ვხედავთ,  მაგრამ  გამკითხავი არავინ არის. როდემდე გაგრძელდება  ასე, ვერ გეტყვით, მაგრამ… ეგებ იმ პარტიამ, რომელიც  წინასაარჩევნოდ  დაგვპირდება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ონლაინ-კაზიონებს მაინც გააუქმებს, დამატებით რამდენიმე ათეული ათასი ხმა მიიღოს და… იფიქრეთ, ბატონებო, ამაზე. ასე გაგრძელება კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს და მერე გვიანი იქნება რაიმეს შეცვლაზე ფიქრი; გვიანი იქნება ზუსტად ისე, როგორც ეს ქსელური მარკეტების თვითნებობის აღკვეთის მცდელობისას გამოჩნდა.

    ბესო ბარბაქაძე

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here