ნატურალური ხორცის შეძენა  მალე პრობლემა იქნება

    სპეციალისტთა თქმით,  ხელოვნური ხორცის წარმოება აქტიურად მიმდინარეობს და ბევრგან   იყენებენ კიდეც საკვებად. ასეთ ხორცს, არომატიზატორებითა და სხვადასხვა ქიმიური მინარევით დამუშავების შემდეგ ზუსტად ისეთი გემოვნური თვისებები აქვს, როგორიც ნატურალურ ხორცს და არც ის დრო არის შორს, როცა ეს პრინტერზე დამზადებული თუ დაბეჭდილი ხორცი საქართველოშიც შემოვა.

     ქათმისა და ღორის ჭირის ფონზე  საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში 1 კგ საქონლის ხორცის საშუალო,  მინიმალური და მაქსიმალური ფასები  ასეთია:

    საქართველო – 28,50 ლარი, 15 ლარი, 38 ლარი; სომხეთი – 34, 85 ლარი, 24,40 ლარი, 50 ლარი; აზერბაიჯანი – 27,90 ლარი, 19,80 ლარი, 33,50 ლარი; თურქეთი – 52,45 ლარი, 36,80 ლარი,  72 ლარი; რუსეთი – 30,60 ლარი, 18 ლარი, 47 ლარი.  გამოდის, რომ სომხეთში, თურქეთსა და რუსეთში 1 კილოგრამი საქონლის ხორცი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე  საქართველოში, ხოლო აზერბაიჯანში –  უფრო იაფი, ვიდრე  საქართველოში. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სამეზობლოდან 1 კგ საქონლის ხორცის ღირებულება ყველაზე მაღალი თურქეთშია. აქ ერთი  საინტერესო საკითხია – თურქეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს საკუთარი ხორცი ჰყოფნით და, რასაც აწარმოებენ, იმაზე მეტი საზღვარგარეთ გააქვთ. საქართველო და სომხეთი კი ამ მხრივ თვითკმარი არ არიან. მოდი, სომხეთს შევეშვათ  და ჩვენი თავი ვიდარდოთ.

    საქართველოში დღეს მოზვრების ყიდვა და გასუქება მოგებიან საქმედ ითვლება. ბევრია ამ ბიზნესში ჩართული, მაგრამ… საქართველოში საკვების დიდი მწარმოებლები არ მალავენ, რომ აქვთ საკვები, რომელიც მოზვერს ერთ დღეში  1200-1400 გრამამდე მოამატებინებს წონას, ანუ დაბმული და ბაგურ კვებაზე მყოფი მოზვერი100 დღეში  120-140 კილოს მოიმატებს და ეს მაშინ, როცა  ერთი წლის ქართული ჯიშის მოზვერი 140 კილომდე ან ადიოდა, ან ვერა. დაახლოებით ისეა, წიწილა 35-40 დღეში 2- კილოგრამიან  ქათმად რომ გადაიქცევა ხოლმე და შემდეგ ეს ქიმიური ნაერთით გაჟღენთილი ხორცი ჩვენს ქვაბში ან ტაფაზე ხვდება. გარკვეული ურთიერთობა გვაქვს ნიდერლანდურ  და დანიურ  ფერმებთან  და, მათ რომ ვუთხარით ჩვენთან არსებული სასწაულმოქმედი საკვების შესახებ, არ გაოცებულან. ვხვდებით, რასაც აჭმევთ, მაგრამ ჩვენთან საქონლის წონის მომატება დღეში 300-500 გრამამდეა დაშვებული, უფრო მეტი პრემიქსის მიცემა აკრძალულიაო. სავარაუდოდ (და ეს  ვარაუდი სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს), უფრო მეტი ქიმიის მიცემა არა მხოლოდ  საქონელს ვნებს, არამედ მისი ხორციც არ არის მაინცდამაინც ჯანსაღი და სასარგებლო. მეტიც, ერთ-ერთი ქართველი ფერმერი ამბობდა,  თუ მოზვრებს ზომაზე მეტ პრემიქსს მივცემდი, 4 თვის შემდეგ აუცილებლად უნდა დამეკლა, რადგან პრემიქსის დიდი რაოდენობა კუჭისა თუ ფაშვის კედლებს ისე ათხელებდა, რომ შეიძლებოდა, გამსკდარიყო და საქონელი მოეკლაო, ანუ ჭარბი პრემიქსი საქონელს კონკრეტულ ორგანოს  სასიკვდილოდ უზიანებდა და ხომ წარმოგიდგენიათ, მისი ხორცი როგორი იქნებოდა?!

    წერილის დასაწყისში ხელოვნური ხორცი ვახსენე და არავინ მალავს, რომ ამ მხრივ მოწინავე ქვეყანა ამერიკაა. გლობალური დათბობის გამო საძოვრების რამდენიმე ათასი ჰექტარი გახმა და ბევრი ფერმერი იმ რაოდენობის ხორცს ვეღარ აწარმოებს, რამდენსაც ადრე აწარმოებდა. ამას გარდა, გლობალურ დათბობას  ჯერ ბოლო არ უჩანს. ეს იმას ნიშნავს, რომ იმავე ამერიკას, რომელიც ბოლო 60 წლის განმავლობაში საქონლის რაოდენობით პირველად წავიდა უკან, ხორცის წარმოების იგივე რესურსი აღარ ექნება და ამ პროდუქტის გაძვირებასთან ერთად, ხელოვნური ხორცის წარმოება სულ უფრო აქტუალური გახდება და ძალიან მალე დიდ მასშტაბს შეიძენს.

    ხორცთან  არ არის დაკავშირებული  ეს ამბავი, მაგრამ გასათვალისწინებელია:  ამას წინათ ერთმა ფერმერმა თქვა,  მოსახლეობის ნაწილი უკურკო საზამთროს ეძებდა, მეც დავთესე, კარგად გავყიდე, მაგრამ… იძულებული ვიყავი, მეორე წელს საზამთროს თესლი ისევ მეყიდა, რადგან უკურკო ნაყოფიდან მომავალი წლისთვის თესლი ვერ ავიღე და ასე აღარ უნდა მოვიქცეთ, რადგან მთლიანად იმ ადამიანებზე ვიქნებით დამოკიდებულნი, რომლებიც ამ ჰიბრიდულ ჯიშებს აწარმოებენ და ერთ დღეს შეიძლება თესლი ან საერთოდ აღარ მოგვყიდონ, ან ისეთი ფასი დაადონ, საზამთროზე ძვირი ღირდესო. გაგვახსენდა, საქართველოში, პრაქტიკულად, ყველგან ყვითელ სიმინდს რომ თესავენ დიდი მოსავლიანობის გამო, მაგრამ ამ სიმინდის ნაყოფი მეორე წელს სათესლედ არ ვარგა, არ ამოდის, უნდა იყიდო. თუ ასე განვაგრძობთ, ქართული თეთრი სიმინდი სანთლით საძებნი გახდება და მთლიანად იმაზე ვიქნებით დამოკიდებულნი, მოგვყიდიან თუ არა ყვითელი სიმინდის თესლს, იმ სიმინდისას, რომელიც მხოლოდ საქონლისთვის არის კარგი და მისგან არც მჭადი გამოდის და არც ღომი.

    ისევ ხორცს დავუბრუნდეთ. სანაძლეოს დავდებ, რომ საახალწლოდ ხორცს რეკორდული ფასი ექნება. ამის თქმის საფუძველს იძლევა რამდენიმე გარემოება: პირველი – საქართველოში საეჭვოდ სწრაფად გავრცელდა ღორის ჭირი და ჯერ  დასავლეთ საქართველოში გაავლო მუსრი ღორებს, ახლა აღმოსავლეთში გადმოინაცვლა. ასევე გავრცელდა ქათმის ჭირი და ფრინველიც მასობრივად იხოცება. საქონელსა და ცხვარს თურქული სჭირს და მართალია, შესაბამისი მკურნალობით ეს  დაავადება სასიკვდილო განაჩენი არ არის, მაგრამ საქონელი 3-4 თვის  მკურნალობის შემდეგ წონას იკლებს და სახორცედ დაკვლას აზრი არ აქვს, მხოლოდ ძვალი და ტყავია. ჰოდა, ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ საახალწლო სუფრებზე ხორცი დელიკატესად  თუ იქნება.

    ამ ყველაფრის ფონზე, საინტერესოა,  რას აკეთებს სახელმწიფო. საბედნიეროდ, თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა მოვახერხეთ და აცრები უკვე დაწყებულია, მაგრამ ეს უკვე დაავადებული საქონლისთვის ვერაფერი შვებაა. ურიგო არ იქნებოდა, აცრები დაავადების გავრცელებამდე დაგვეწყო.  ისიც ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვაქცინის წარმოების შესაძლებლობა არ გვაქვს, ის ქვეყნები კი, რომლებიც მას აწარმოებენ, ჯერ საკუთარ საქონელს ცრიან, იმპორტიორებს კი უგვიანებენ, რადგან სხვა ქვეყანაში დაავადებული საქონელი მათთვის ხეირია – მათი საქონელი უფრო ძვირად  გაიყიდება. ახლა უტოპიაა იმაზე ფიქრი და საუბარი, რომ აქ გავაკეთოთ ლაბორატორია, აქ ვაწარმოოთ ვაქცინა, რადგან ეს, ჯერ ერთი, სპეციფიკური თემაა, მეორე – არ გვყავს შესაბამისი დონის სპეციალისტები და მესამე – ამ ყველაფერს ისეთი თანხები სჭირდება, რომელსაც ბიუჯეტი ვერ მოიძებნის. საუბარი არ არის 20 და 30 მილიონზე, ეს ყველაფერი გაცილებით ძვირი ღირს და თან უსაფრთხოების ისეთი ნორმებია საჭირო… მოკლედ, ამ თემას შევეშვათ. სამაგიეროდ, ერთ მარტივი (ჩვენი აზრით) გამოსავალი არსებობს. ვაქცინის ვადა 3 წელია,  თუ მას შესაბამის პირობებში შევინახავთ (ზოგი მაცივარში უნდა შეინახო, ზოგი – მაცივრის გარეშე). ჰოდა, ერთხელ სახელმწიფომ რომ გამოყოს თანხა და ორი წლის მარაგი შევიძინოთ, არ შეიძლება? მარაგი შეიქმნება და ყოველ წელს ფორსმაჟორში კი არ დავიწყებთ ვაქცინების ძებნას, არამედ ავცრით მარაგის ვაქცინებით და მშვიდად დაველოდებით, როდის ინებებენ ვაქცინის ბაზარზე შემოტანას და კვლავ შევავსებთ მარაგს. ესეც არ იყოს, ხომ შეიძლება, ერთხელ კრიზისი შეიქმნას და ვაქცინა დეფიციტური აღმოჩნდეს? ჩვენ გვექნება მარაგი და პანიკის გარეშე განვაგრძობთ პროცესებზე დაკვირვებას. გვესმის, რომ ამ ყველაფერს შესაბამისი პირობები სჭირდება, ანუ საკმაოზე დიდი ზომის სამაცივრე-სასაწყობე ინფრასტრუქტურა, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დავიწყოთ?

    ასეა თუ ისე, ნატურალური ხორცის შეძენა წლიდან წლამდე სულ უფრო პრობლემურია  და საქმე იქეთ მიდის, მალე ხორცის შეძენა  პრობლემა იქნება.  ამისთვის კი, სამწუხაროდ, ჩვენ მზად არ ვართ. ვერ გეტყვით, ვაპირებთ თუ არა რაიმეს შეცვლას, მაგრამ ამ გადმოსახედიდან დინებას მივყვებით და ფონს  არ ვეძებთ.

    ლევან გაბაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here