სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, რომლის სახელსაც, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები გვარწმუნებდნენ, უამრავი წარმატება უკავშირდებოდა, დღეს საპყრობილეშია და კორუფციისთვის 13-წლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს. ლილუაშვილის შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოება ანრი ოხანაშვილს ჩააბარეს. ეს ახალგაზრდა კაცი ქებით ლამის ცაში აიყვანეს, მაგრამ სულ რამდენიმე თვით… დღეს ოხანაშვილის ასავალ–დასავალი არავინ იცის. ოხანაშვილი მამუკა მდინარაძემ შეცვალა, რომელსაც იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც ის ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, გენერლობაც კი მიანიჭეს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მანაც დატოვა თანამდებობა, თუმცა მანამდე ბევრი, მსუბუქად რომ ვთქვათ, საძრახისი საქმე ჩაიდინა… დღეს ზოგიერთი ამბობს, რომ ის შინაპატიმრობაშია. მდინარაძე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე გეკა გელაძემ შეცვალა, რომელმაც მხოლოდ 5 თვეს იმუშავა…
რას უნდა მივაწეროთ კადრების ასეთი ცვლილება, წარუმატებელი ხელმძღვანელების დაწინაურება? – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება “კონსტიტუციის მე-5 მუხლის დაცვის ლიგის” თავმჯდომარე დავით ზირაქაშვილი:
_ ის, რაც ამჟამად ქვეყანაში ხდება, შედეგია უარყოფითი საკადრო სელექციისა, რომელიც 1998 წლის 9 აპრილს დაიწყო. ჩვენი უბედურება ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას მოსვლის შემდეგ დაიწყო. სწორედ იმ პერიოდიდან იკავებენ არაპროფესიონალები საპასუხისმგებლო თანამდებობებს. კადრების არაპროფესიონალიზმმა განსაკუთრებით “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიაღწია პიკს და დღემდე გრძელდება.
“ვარდების რევოლუციის” შემდეგ ვერ დამისახელებთ ვერც ერთი მინისტრს, რომელსაც აკადემიური განათლება ან რაიმე ღირსება ჰქონდა, ყველანი უარყოფითი თვისებების მქონე ადამიანები იყვნენ და, რაც მეტი უარყოფითი თვისება ჰქონდათ, მით უფრო მაღალ თანამდებობაზე ინიშნებოდნენ. ეს ადამიანები სახელმწიფოებრივად ვერ აზროვნებდნენ, არ ჰქონდათ ცოდნა და ხალხის სიყვარული, არ ქონდათ რიგითი მოქალაქის პატივისცემა, მათ გაწირული ჰყავდათ მოქალაქეები ჯარიმებისთვის, სიღატაკისთვის…
_ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობიდან ბევრი წელიწადი გავიდა…
_ მიზანმიმართულად ვამბობ ამას, სიძულვილით კი არა, მაგალითად, ზვიადის პერიოდში ჯანდაცვის მინისტრი იყო მანანა ძოძუაშვილი – ქალი, რომელიც აბორტების საქმეში იყო გასვრილი. ვაჭრობის მინისტრი იყო ხაჭაპურების მცხობელი და კიდევ ვინ მოთვლის, რა ხდებოდა იმხანად… სწორედ იმ პერიოდიდან მოდის ყველაფერი, რაც ამჟამად გვჭირს.
თქვენ უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელების არაპროფესიონალიზმი გიკვირთ? განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები პროფესიონალები არიან? თავიანთ საქმეს თავს ართმევენ?… რა ვიცი, რა გითხართ? სად ვართ? საით მივდივართ?
_ ვინ ნიშნავს ამ კადრებს, ვინ არის ამ ყველაფრის თავიდათავი?
_ არ ვიცი, რა გითხართ ამ საკითხზე, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი _ აუცილებელია, საქართველოს ჰყავდეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებები ხელმძღვანელ თანამდებობებზე. არიან ასეთი ადამიანები ქვეყანაში, მაგრამ წინსვლის საშუალებას მათ არ აძლევენ, რაც ძალიან სამწუხაროა…
კორუფციამ შეჭამა ქვეყანა. ეს გუნდი წავიდა, ის გუნდი მოვიდაო, _ ამბობენ ხოლმე, მაგრამ გუნდების წასვლა-მოსვლა რა შუაშია? სახელმწიფოში გუნდის წასვლა-მოსვლაზე როგორ უნდა იყოს დამოკიდებული საკითხების მოგვარება?! პოლიტიკა პოლიტიკაა… კონსტიტუციაა მთავარი, მაგრამ მათ ვერ გაიგეს, რა არის მთავარი, ისინი მხოლოდ პირადი ინტერესებით წყვეტენ ყველაფერს. არადა, რა ბედნიერება იქნებოდა, კონსტიტუციით ეხელმძღვანელათ.
_ რომელი კონსტიტუცია _ ჯერ სააკაშვილმა რომ შეცვალა და ახლა კობახიძემ?
_ კი, მართალი ხართ, ვისაც როგორ უნდა, ისე ცვლის კონსტიტუციას, მაგრამ მე 1995 წლის კონსტიტუციას ვგულისხმობ. კონსტიტუციაში 78-ე მუხლი ვინც ჩაწერა, ის კაცი ნორმალურია? სადღაა კონსტიტუცია? ის კაცი, რომელმაც 78-ე მუხლი ჩაწერა კონსტიტუციაში, დღეს იცავს ამ კონსტიტუციას და რა გინდა თქვა და გააკეთო?!
პროკურატურას ფუნქცია აქვს დაკარგული, როგორც მოისურვებს, ისე მიაბამს ყურს ქოთანს. პროკურატურაში არ დარჩა კადრი, რომელიც სამართალს აღადგენს…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







