გამჭვირვალე შირმა

    გამჭვირვალე შირმა

    სახელმწიფოები ხან პარტნიორები არიან, ხან – კონკურენტები, ხან – დაპირისპირებულნი, ხან – მტრები. ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ ფაქტორთა კლასიფიკაციას აქ არ შევუდგები, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ინტერესები (მოკავშირეობისა თუ დაპირისპირებისა) ზოგიერთ შემთხვევაში ბუნებრივია, ზოგიერთ შემთხვევაში – ხელოვნური. მაგალითებით რომ ვიმსჯელოთ, საქართველოს შემთხვევაში რუსეთი ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა, აშშ კი – ხელოვნური. ბუნებრივი მოკავშირეობა საერთო ინტერესებიდან გამომდინარეობს, ხელოვნური მოკავშირეობა კი დიდი მოთამაშის გეოპოლიტიკური სტრატეგიიდან მოდის, რომელსაც პატარა ქვეყნები აჰყვებიან ხოლმე უფრო დიდი სარგებლის მიღების ცდუნების გამო, რაც, თითქმის ყველა შემთხვევაში, კრახით მთავრდება. ისევ მაგალითი: უკრაინამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის მოკავშირეობაზე მეტ სარგებელს აშშ-ის მოკავშირეობით მიიღებდა, ანუ ბუნებრივ მოკავშირეს ხელოვნური მოკავშირე არჩია. შედეგი ცნობილია. დაახლოებით ანალოგიურ ვითარებაში აღმოვჩნდით ჩვენც, ვინაიდან ოცდათხუთმეტწლიანი ამაო ფაფხურის შედეგად სამ ნაწილად დაშლილი საქართველო და განახევრებული მოსახლეობა მივიღეთ.

    ახლა მინდა, სხვა სახელმწიფოთა მაგალითზე ზოგადი გეოპოლიტიკური წარმოდგენა შევქმნა, რომელიც ისევ და ისევ ბუნებრივი და ხელოვნური მოკავშირეობის (პარტნიორობის) თემას შეეხება. ერთპოლუსიანი მსოფლიო, როგორც იქნა, დასრულდა, მაგრამ მრავალპოლუსიანი მსოფლიო საბოლოოდ ჯერაც არ ჩამოყალიბებულა. რამდენიც უნდა ვეძებოთ, ჯერჯერობით მრავალპოლუსიანობა სამ კომპონენტამდე დაიყვანება – რუსეთი, ჩინეთი, აშშ. ამ სამ ზესახელმწიფოს შორის არის წინააღმდეგობაც და ერთმანეთთან პარტნიორობის სურვილიც, ვინაიდან ძალთა თანაფარდობა ორი ერთის წინააღმდეგ უნდა ჩამოყალიბდეს, სხვა შემთხვევაში ვერავინ ვერავის ვერ ამარცხებს. რომელი ორი ჩამოყალიბდება ერთის წინააღმდეგ? თეორიულად სამი ვარიანტია:

    1. აშშ-ჩინეთი რუსეთის წინააღმდეგ;
    2. აშშ-რუსეთი ჩინეთის წინააღმდეგ;
    3. რუსეთი-ჩინეთი აშშ-ის წინააღმდეგ.

    აქედან პირველი და მეორე ვარიანტი ანუ აშშ-ისა და ჩინეთის ან აშშ-ისა და რუსეთის პარტნიორობა არის ხელოვნური. მხოლოდ მესამე ანუ რუსეთისა და ჩინეთის პარტნიორობა არის ბუნებრივი. რატომ? ამას სამი მთავარი მიზეზი აქვს:

    1. აშშ მსოფლიოზე გაბატონების იდეით არის შეპყრობილი, რუსეთსა და ჩინეთს ასეთი მიზნები არ ამოძრავებთ;

    2. აშშ კოსმოპოლიტურ პრინციპზე აგებული სახელმწიფოა, რომელშიც ერის ცნება პრაქტიკულად იგნორირებულია და იგი მოქალაქეობის გაგებით არის ჩანაცვლებული, რუსეთი და ჩინეთი კი ერის კლასიკურ გაგებაზე დგანან (მე არ ვსაუბრობ იმის შესახებ, რომ ერთი უკეთესია ან მეორე უარესია, ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ ჩინეთი და რუსეთი ამ თვალსაზრისითაც ბუნებრივი პარტნიორები გამოდიან, აშშ კი სხვა ბუნების, სხვა თვისების მქონეა);

    3. რუსეთი და ჩინეთი ფიზიკურად და გეოგრაფიულად ახლოს არიან ერთმანეთთან, რაც საერთო ინტერესთა უფრო ფართო სპექტრს მოიცავს. ესეც სერიოზული ფაქტორია.

    ჩემი მიდგომის მართებულობაზე მეტყველებს ის კონკრეტული ფაქტიც, რომელიც გაეროში ბოლო დღეებში ვიხილეთ:

    2026 წლის 15 სექტემბერს აშშ-ისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებს შორის ცხარე პოლემიკა გაიმართა. დაპირისპირება რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული გეოპოლიტიკური ტენდენციის ფონზე გამწვავდა. დისკუსიების ესკალაცია გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის წინა დღეებში მოხდა და ჩინეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის საკვანძო სფეროებს შეეხო.

    დიპლომატიური დაპირისპირების მთავარი კვანძები შემდეგი თემები იყო:

    1. სანქციები ირანის წინააღმდეგ და სამხედრო თანამშრომლობა რუსეთთან

    აშშის პოზიცია: ამერიკულმა მხარემ გაეროსა და პროფილურ კომიტეტებში გააძლიერა ზეწოლა პეკინზე იმ ანგარიშების გამო, რომელთა მიხედვით ჩინეთი განაგრძობს რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების კომპონენტების მიწოდებას (მათ შორის – კამიკაძე-დრონების წარმოებისთვის საჭირო მასალებს) და ინარჩუნებს ეკონომიკურ კავშირებს ირანთან. აშშ-მა აამუშავა სანქციების მექანიზმები იმ რუსული სტრუქტურების წინააღმდეგ (მაგალითად, ВТБ ბანკი), რომლებსაც ჩინეთთან პირდაპირი საგადასახადო არხები აქვთ, რამაც ცალმხრივი ბლოკირებების ლეგიტიმურობის შესახებ მწვავე დებატები გამოიწვია.

    ჩინეთის პოზიცია: ჩინეთის წარმომადგენლებმა გაეროში აშშ-ის ბრალდებებს „უსაფუძვლო“ უწოდეს და ვაშინგტონი საერთაშორისო დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულეს. 15 სექტემბერს ირანის 1737-ე სანქციის საკითხზე გამართულ კომიტეტის სხდომაზე ჩინეთმა და რუსეთმა დაბლოკეს დროებითი სამუშაო პროგრამის მიღება, რითაც დაუპირისპირდნენ აშშ-ის მცდელობებს, აემუშავებინა ე.წ. snapback-ის (თეირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების ავტომატური დაბრუნება) მექანიზმი;

    2. გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმა და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ კონტექსტი

    ეს პოლემიკა მოჰყვა ინდოეთში გამართულ ბრიჩს(BRICS)-ის სამიტს (11–13 სექტემბერი), სადაც რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა – ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა, საჯაროდ მოუწოდეს მხარეებს ახალი მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის შექმნისა და გაეროს უშიშროების საბჭოს გლობალური სამხრეთის ქვეყნების (აზია, აფრიკა, ლათინური ამერიკა) გაფართოებისკენ.

    პოზიციების შეჯახება: გაეროში 15 სექტემბერს ეს დისკურსი „დასავლური დომინირების“ შესახებ პოლემიკაში გადაიზარდა. აშშ და მისი მოკავშირეები ჩინეთსა და რუსეთს ვეტოს უფლების გამოყენებით უშიშროების საბჭოს მუშაობის პარალიზების მცდელობაში ადანაშაულებენ (როგორც ეს მანამდე ორმუზის სრუტის გარშემო შექმნილ სიტუაციაში მოხდა). პეკინი და მოსკოვი კი პასუხობენ, რომ აშშ გაეროს ინსტიტუტებს საკუთარი ძალისმიერი ზეწოლის ლეგიტიმაციისთვის იყენებს;

    3. ტექნოლოგიური დომინირება და ხელოვნური ინტელექტი (AI)

    პოლემიკა ხელოვნური ინტელექტის სფეროსაც შეეხო. 15 სექტემბერს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის მართვა გაეროს მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს და არა ისე, რომ ცალკეული ქვეყნები გარკვეულ პირობებს საკუთარი სტანდარტებით კარნახობდნენ მსოფლიოს. ეს იყო პირდაპირი რეაქცია აშშ-ის ოფიციალური პირების (მათ შორის, წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონის) განცხადებებზე, რომ ვაშინგტონი არ წავა ხელოვნური ინტელექტის განვითარების სფეროში მორატორიუმზე, რათა არ დაკარგოს სტრატეგიული უპირატესობა ჩინეთთან შედარებით, რომლის უსაფრთხოებაც, სავარაუდოდ, სამრეწველო შპიონაჟითა და ამერიკული AI მოდელების გამოყენებით ძლიერდება;

    4. სავიზო სკანდალი და გენერალური ასამბლეის ორგანიზება

    15 სექტემბერს დამატებითი ტრიგერი გახდა გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის გამო რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ამერიკული ვიზების გაცემასთან დაკავშირებული პრობლემები. გაერომ დაადასტურა, რომ ამ საკითხზე აშშ-ის ხელისუფლებასთან გადაუდებელ კონტაქტებს აწარმოებს. ჩინეთმა ტრადიციულად მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ გამოთქმულ კრიტიკას აშშ-ის, როგორც მასპინძელი ქვეყნის, მიმართ და ვაშინგტონი ვიზების დიპლომატიურ იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.

    ასეთია სურათი.

    რა იკვეთება აქედან? დიდი სამეულის კონფიგურაციაში ყველაზე ნაკლებად არის მოსალოდნელი აშშ-თან ორი დანარჩენის სტრატეგიული პარტნიორობა. ყველაზე მეტად მოსალოდნელი რუსეთისა და ჩინეთის მოკავშირეობა, ვინაიდან, როგორც უკვე ვთქვი, ეს ხელოვნური კი არა, ბუნებრივი პარტნიორობა და, აქედან გამომდინარე, სრულიად გამართლებული მოვლენა იქნება.

    რაც მთავარია, ეს იქნება ზნეობრივად გამართლებული პოზიცია, ვინაიდან კაცობრიობის განვითარების მაგისტრალურ მიმართულებაში აშშ უცხო სხეულივით არის შემოჭრილი და დამანგრეველი ეფექტის შემომტანია. იგი ყოველთვის ბუნებრივის წინააღმდეგ გამოდის და ხელოვნური იდეებითა და მექანიზმებით ოპერირებს, რომლებსაც მოჩვენებითი რევოლუციურობისა და პროგრესულობის შირმად იყენებს და მსოფლიოს შეცდომაში შეყვანას ლამობს, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ჩინეთის ფაქტორმა წამოიწია, მსოფლიოზე გაბატონებისკენ მიმართულ ამერიკულ პოლიტიკას წყალი შეუდგა, შირმა კი ისე გამჭვირვალდა, რომ მის უკან ვერაფერი იმალება.

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here