5 სექტემბერს მოსკოვს ეწვივნენ აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები _ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. რაზე ისაუბრეს მათ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთან, შეხვედრისას, ცნობილი არ არის… მოსკოვის შემდეგ უიტკოფი და კუშნერი კიევში ჩავიდნენ და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ.
ამ შეხვედრებიდან მსოფლიო მშვიდობიან გარიგებას ელოდებოდა. მართალია, არავინ იცის, რაზე ისაუბრეს მხარეებმა, მაგრამ საინტერესოა, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მწვავე პროცესების გათვალისწინებით რა გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღოს რუსეთის პრეზიდენტმა.
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:
_ მოსკოვსა და კიევში უიტკოფისა და კუშნერის მისიის მიზანი იყო ნოემბრის შუალედურ არჩევნებში დონალდ ტრამპის გადარჩენა, მაგრამ ეს მისია ჩაფლავდა. თავი დავანებოთ იმაზე მსჯელობას, რაზე ისაუბრეს ვლადიმერ პუტინთან ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა და განვიხილოთ მათი შეხვედრის დაწყების 6-წუთიანი სიუჟეტი. ამის შემდეგ საერთოდ აღარ იქნება საინტერესო ის, რაც 3 საათის განმავლობაში კრემლში ხდებოდა:
პირველი _ კრემლის რომელ დარბაზში მიიღო პრეზიდენტმა პუტინმა სტუმრები? რომ არა ჰალსტუხიანი ბატონები, ვიფიქრებდი, რომ ხელმწიფეს სტუმრები ეახლნენ. ისე, ვინც ნამყოფია კრემლში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებზე, დაეთანხმება იმ მოსაზრებას. რომ კრემლის სიდიადე ადამიანს თრგუნავს. არის ასეთი გამოთქმა: ,,კრემლის ტუალეტი უფრო დიდია, ვიდრე თეთრი სახლი”…
მეორე _ მოსკოვში ჩავიდა ორი ამერიკელი ბიზნესმენი, რომლებიც სასაუბროდ დასხდნენ მსოფლიოში პირველ პოლიტიკოსთან და თავიდანვე ,,ასწიეს თათები”. თქვენთან შეხვედრა ჩვენი ცხოვრებისა და მოღვაწეობის უბრწყინვალესი მოგონება იქნებაო, _ განუცხადეს პუტინს…
ვლადიმერ პუტინმა ორჯერ შეაწყვეტინა საუბარი სტუმრებს: ერთხელ თითი ასწია და დააკონკრეტა: ,,მე მხოლოდ კიევის დაბომბვა შევაჩერე დროებით”. იქვე დასძინა: ,,სანამ არ აღმოიფხვრება ამ კონფლიქტის ძირეული მიზეზები, თემა დახურულია”, ანუ უკრაინა უნდა იყოს ნეიტრალური, დემილიტარიზებული და დენაციფიცირებულიო. ფრონტის ხაზზე კი რუსეთს დიდი წარმატებები აქვს და არ გავჩერდებითო…
მესამე _ მთავარი რამ, ვფიქრობ, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა: ,,საუბრისას დეტალურად განვიხილეთ ეკონომიკური პროექტები. კითხვა _ თუ ომის შესაწყვეტად მობრძანდება დელეგაცია, რა დროს ბიზნესია?”
ვიყოთ გულახდილი. ტრამპს საერთოდ არ აღელვებს უკრაინა და მით უფრო მისი არანორმალური ხელისუფლება. გარიგება _ ეს არის მთავარი ბიზნესმენი ტრამპისთვის, რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს, ერთ მშვენიერ დღეს განსასჯელის სკამზე არ აღმოჩნდეს.
აღარაფერს ვამბობ რუსული დაჯავშნილ ავტომობილ ,,აურუსით” მგზავრობაზე მოსკოვში და კიდევ მრავალ დეტალზე, რომლებიც კუშნერისა და უიტკოფის მისიის კრახზე მიუთითებს.
უიტკოფისა და კუშნერის მისია ჩაიშალა და ამის შედეგები ზამთარში იქნება.
კიევში ამერიკის დელეგაცია მატარებლით ჩავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა გარანტია მისცა აშშ-ს, რომ არ დაბომბავდა კიევს. რატომ მოხდა ასე? _ ვფიქრობ, უკრაინისათვის ეს ვიზიტი წამგებიანი იყო, რადგან ვინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო, მომხდარი კი შემდეგ რუსეთს დაბრალდებოდა. უკრაინა არ ენდობა ტრამპს და ამიტომაც დაახვედრა ,,მხარდამჭერთა ჯგუფი” _ ბრიტანელები, გერმანელები და ფრანგები, რომლებთანაც ამერიკელმა ბატონებმა ცალკე შეხვედრა გამართეს.
მოკლე დასკვნა: მისია ჩაფლავდა და კიევი მიხვდა, რომ წინ უმძიმესი ზამთარი ელოდება, რომლის გადატანაც მისთვის ძალიან რთული იქნება.
დავსვათ შეკითხვა _ არის კი ზელენსკი გადაწყვეტილების მიღებაში სუვერენული? არა, ის დამოკიდებულია დასავლეთზე, კერძოდ, ბრიტანეთზე, რომელიც ივანე მეოთხის (მრისხანის) შემდეგ რუსეთის დაუძინებელი მტერია…
_ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაგრძელებას პოსტსაბჭოთა ქვეყნები არ მიესალმებიან. ბოლოს და ბოლოს, დიდი სამამულო ომი დასრულდა 4 წელიწადში, რუსეთმა კი ამ დროში სპეციალური სამხედრო ოპერაცია ვერ თუ არ დაასრულა. უკვე იმაზეც ალაპარაკდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი “დიფ სთეითის” გავლენის ქვეშაა…
_ კი ბატონო, 4 წელიწადია, მიმდინარეობს ომი და უკმაყოფილებაც არის, მაგრამ “დიფ სთეითი” რამდენი ხანია რუსეთში? უფრო შორს წავალ, რამდენ ხანს იყვნენ ამერიკელები სსრკ-ში?
ჩემი საქმე არ არის რუსეთის საშინაო პოლიტიკა, მაგრამ ნათელია, რომ 1956-1960 წლებში დასავლეთის მავნე გავლენა 1991 წლის ე.წ. ბელოვეჟის ხელშეკრულებით დაგვირგვინდა. დიდ სტალინს რამდენი წელიწადი დასჭირდა მტრების გასანეიტრალებლად? და ეს ბოლომდე მაინც ვერ შეძლო. ამის ნათელი მაგალითია ხრუშჩოვი. რუსეთში ტროცკის ,,შვილიშვილები” იყვნენ და არიან გასანეიტრალებელნი. 1992-1999 წლებში რუსეთი რომ არ დაიშალა, სასწაულია და, თუ ვინმე პოსტსაბჭოთა სივრცეში აკრიტიკებს რუსეთს, ჯერ ისტორიას გადახედოს და მერე ილაპარაკოს. ის, რაც 1992 -1999 წლებში ბოლომდე ვერ მიიყვანა დასავლეთმა, ანუ რუსეთი ვერ დაშალა, სურთ, ახლა განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი განადგურდებიან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ _ ამ თამაშში აშშ არ არის, ის მაინც დარჩება რუსეთის მოკავშირედ, რადგან თანაბარი ძალისანი არიან.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამერიკა ,,მეორე ფრონტის” გახსნაზე ევაჭრება რუსეთს. ამ შემთხვევაში ,,მეორე ფრონტი” ნიშნავს _ “რას მივიღებ შენგან ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, თუ უკრაინას აღარ დავეხმარები?” ტრამპი ,,გარიგების” კაცია. ეს არც ცუდია და არც კარგი. ეს მოცემულობაა.
_ თუკი რუსეთი შესაბამის დონეზე ვერ აღმოჩნდება და აშშ–ის სათანადოდ ვერ უპასუხებს, როგორ უნდა მოიქცეს საქართველო? ჩვენი ე.წ. სამშვიდობო პოლიტიკა რას მოგვიტანს?
_ არასდროს დავივიწყოთ, რამდენი ათასი რუსი ჯარისკაცი შეეწირა საქართველოსთვის ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებას. ვიფიქროთ იმაზე, გაწირავენ თუ არა თავს ჩვენთან ერთად ამერიკელები და ევროპელები ქართული ტერიტორიების დასაბრუნებლად. საქართველოში მშვიდობისთვის ვინმე გადამთიელი იბრძოლებს? არა, გარდა რუსისა, არავინ იბრძოლებს! აი, ეს არის მთავარი პასუხი შეკითხვაზე: რუსეთი თუ სათანადო დონეზე ვერ აღმოჩნდება, რა გველოდება?
სირცხვილია ისტორიის დავიწყება და მტრისა და მოყვრის ერთმანეთში აღრევა.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







