იმ „ავადსახსენებელ“ საბჭოთა კავშირში სკოლის მოსწავლეებს განსაკუთრებით გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი გვიყვარდა, როცა მოსწავლეების არცთუ მიცრე ნაწილი კოლმეურნეობებში დამხმარე მუშახელად მიჰყავდათ. ამას რამდენიმე სარგებელი მოჰქონდა: პირველი ის, რომ კოლმეურნეობები იღებდნენ უფასო მუშახელს, ანუ სახელმწიფო არ იხდიდა ხელფასს; მეორე ის, რომ ბავშვები თავიდანვე ეჩვეოდნენ მიწასთან ურთიერთობას, იცოდნენ ამა თუ იმ მცენარის თვისებები, რომელი როგორ უნდა მოეკრიფათ, როდის და რანაირად ჩაეწყოთ ყუთებში; მესამე პლუსი იყო ის, რომ მოკრეფილი პროდუქტის ნაწილს მოსწავლეებს ურიგებდნენ და მათ შინ მიჰქონდათ პომიდორი, კიტრი, ხახვი, კარტოფილი, ყურძენი… შაქრის ჭარხალსაც ატანდნენ ხოლმე ბავშვებს, მაგრამ მისი მომზადება შინ ცოტა რთული იყო. მისგან შაქრის მიღება კი შეიძლებოდა, მაგრამ ცოდნა უნდოდა, მიუხედავად ამისა შაქრის ჭარხალს მოსწავლეები არანაკლები გულმოდგინებით აგროვებდნენ.
ზოგადად, საქართველოში შაქრის წარმოება აგარის შაქრის ქარხანას უკავშირდება. სსრკ-ის პერიოდში ადგილობრივი შაქრის ჭარხლის გარდა აგარის ქარხანა პროდუქტს კუბიდან შემოტანილი შაქრის ლერწმისგანაც იღებდა, დღეს კი უკვე მთლიანად შაქრის ლერწმის დამუშავებაზეა გადასული, თუმცა რაღა გადასული, შეფერხებით მუშაობს და საუბარი იმაზე, რომ აგარის ქარხანა საქართველოს შაქრით მოამარაგებს, არ შეიძლება. ნედლეულიც რომ იყოს, აგარის ქარხნის დონის კიდევ ერთი ქარხანა გვჭირდება, საქართველო შაქრის მხრივ თვითკმარი რომ გახდეს. ამასთანავე, შაქრის ჭარხალი დაახლოებით 33-35 ათას ჰექტარზე უნდა დაითესოს, რაც წარმოუდგენელია, რადგან… შაქრის ჭარხალი კი არა, ხორბლის დათესვა და მოვლა გვეზარება და ჭარხალზე აქცენტს ვინ გააკეთებს? ! არადა, შაქარი საჭიროა და, შესაბამისად, ცოტა არ შემოგვაქვს. პრინციპში, რაღა ცოტა, მიმდინარე წელს რეკორდი მოვხსენით და ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიტანეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოება უკან წავიდა და ნელ-ნელა იმპორტზე დამოკიდებული ვხდებით. ჩვენთვის შაქრის მომწოდებელთა შორის ბრაზილია ლიდერობს. სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ამ ქვეყნიდან საწყის 6 თვეში 15 200 000 დოლარის 37 500 ტონა შაქარი შემოვიტანეთ, მეორე ადგილზეა პოლონეთი – 12 200 000 დოლარის 24 351 ტონა, შემდეგ მოდის საფრანგეთი – 7 200 000 დოლარის 14 152 ტონა, სალვადორი – 7 100 000 დოლარის 17 000 ტონა და ნიდერლანდები – 5 800 000 დოლარის 10 204 ტონა.
ესა თუ ის პროდუქტი ყოველწლიურად არნახულად ბევრი შემოგვაქვს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი წარმოება არათუ ვითარდება, არამედ იმ დონეზე დაბლა ეშვება, რომელიც გვქონდა, და, სამწუხაროდ, ამის გამოსასწორებლად არაფერი კეთდება. აბა, ვინმეს სმენია, რომ წელს ან გაისად აქცენტი შაქრის ადგილობრივ წარმოებაზე გაკეთდება და, ახალ ქარხანას თუ არ ავაშენებთ, იმდენს მაინც მოვახერხებთ, აგარის ქარხანამ სრული დატვირთვით იმუშაოს და ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნის 50% მაინც დააკმაყოფილოს? არა, რადგან გაცილებით მარტივია, შემოიტანო დაუფასოებელი შაქარი ტომრებით, მერე აქ დააფასოო ცელოფნებში და დახლზე ქართული წარწერით შემოდო. ნამუსიანად იქცევიან შაქრის დამფასოებლები, ეტიკეტზე წერენ, რომელ ქვეყანაშია პროდუქტი წარმოებული და არც იმას მალავენ, სად არის შეფუთული, თუმცა ეს ისეთი წვრილი შრიფტითაა დაწერილი, წაკითხვა გაგიჭირდებათ. სამაგიეროდ, დიდი ასოებით აწერია „შაქარი“ და გვიხარია, ქართულ წარწერას რომ ვხედავთ.
ამას წინათ ერთ-ერთ შეხვედრაზე კაცმა, რომელიც დაახლოებით 50 ჰა მიწის მფლობელია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეაპარა, – შაქრის ჭარხალი რომ დავთესო, რა პერსპექტივა მექნებაო. ურჩიეს, ჭარხლის დათესვას შავი მოცვი დარგე, მეტს მოიგებო. შავი მოცვისა და შაქრის ჭარხლის მოგების შედარება არ შეიძლება, უზარმაზარი სხვაობაა, მაგრამ… იგივე ხალხი ამბობს, რომ ერთ ჰექტარზე (თანაც თუ საკუთარი მიწა გაქვს) შავი მოცვის დარგვა, წვეთოვანი სისტემის გაკეთება, შემოღობვა, ნიადაგის მოწესრიგება (მჟავიანობა, ორგანული მასალების შეტანა), მულჩი, საწყისი სამუშაოები, სასუქები, მუშახელი, მოვლა დაახლოებით 110-დან 125 ათას ლარამდე ჯდება. როცა 10 ჰექტარი გაქვს, თანხა მილიონს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ პირველ და მეორე წელს მოცვის ბაღი მოსავალს არ იძლევა, მხოლოდ მესამე წელს იწყებს ნაყოფის მოცემას, სრულ მსხმოიარობას კი 5 წლის შემდეგ აღწევს. ანუ იმ კაცს, მოცვის გაშენება რომ ურჩიეს, დაახლოებით 6 მილიონი ლარი დასჭირდება 50 ჰექტარზე, ამას დაუმატეთ სამი წლის მოვლა და მუშახელის ხელფასი და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება გარკვეული შემოსავლის მიღება, საბოლოოდ ჩადებული თანხის ამოღებას ექსპერტები 9-10 წლის შემდეგ ვარაუდობენ. კარგი, თავი დავანებოთ 50 ჰექტარს, რამდენი ადამიანი გეგულებათ, 110-125 ათას ლარს რომ გაისვრის და მოსავლის მიღებას 3-4 წელს დაელდოება? საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ეს მიუწვდომელი თანხაა. ადამიანმა, რომელსაც 2000 თუ 2500 ლარი რომ აქვს ხელფასი, როგორ გგონიათ, რამდენი წლის განმავლობაში უნდა აგროვოს თანხა, ერთ ჰექტარზე მაინც რომ გააშენოს მოცვი? ჰო, როცა მოსახლეობას მოცვის გაშენებას ვურჩევთ, ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ მთავარი ბაზარი, ევროპა კი არა, რუსეთია, სწორედ რუსეთში იყიდება აქ მოწეული მოსავლის თითქმის 100%.
ისევ შაქარს დავუბრუნდეთ. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დაუმუშავებელი მიწის ფართობი დაახლოებით 117 ათას ჰექტარს შეადგენს, ანუ ამის მეოთხედზე რომ დავთესოთ შაქრის ჭარხალი, საქართველოს შუძლია თვითკმარი ქვეყანა იყოს. ან ამ ფართობზე რომ დავთესოთ ხორბალი, ქვეყანას ასევე შეუძლია თვითკმარი იყოს, ანუ, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში ბევრი მიწა არ არის, აბსურდია. მიწა არის, მისი დამუშავების შესაძლებლობა ან სურვილი კი – არა. ჰო, ვიღაცას უნდა და საშუალება არ აქვს, ვიღაცას კი საშუალება აქვს, მაგრამ უფრო მარტივი გზა ურჩევნია – შემოიტანს, დააფასოებს, გაყიდის. ასე ხდება წლიდან წლამდე და ეს ყველაფერი ძვალსა და რბილში გვიჯდება, შედეგად უფრო და უფრო ვზარმაცდებით. თეთრი ქართული სიმინდის მოყვანაც კი გვეზარება უკვე, თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენი მჭადის ფქვილი და სიმინდის ტარო გვქონდეს გემრიელი, სხვანაირი, ჰიბრიდულზე გაცილებით სასარგებლო. სეზონზე ადგილობრივზე მეტი შემოტანილი კიტრი და პომიდორი რომ გვაქვს, კატასტროფაა. კატასტროფაა, შემოტანილ მწვანილს რომ ვყიდით ბაზარში და ამას არც ვმალავთ; მყიდველიც იძულებულია, შეიძინოს, რადგან არჩევანი, პრაქტიკულად, არ აქვს და, რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ ქართული პროდუქტი სჯობს და უფრო გემრიელიაო, ეს ქართული და უფრო გემრიელი ფიზიკურად აღარ არსებობს.
ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი შემოტანილი ნესვი და საზამთრო იყიდება, ან, იმას, რასაც კახეთი ახერხებდა სრულიად საქართველოსთვის, ახლა ვეღარ ახერხებს. შორს ნამდვილად არ არის ის დრო, როცა დავწერთ, რომ ამ მიმართულებითაც რეკორდი მოვხსენით და… ბოლოს ხელში ჩვენი აღარაფერი შეგვრჩება. ადრე იყო საუბარი, რომ ადამიანებს, რომლებსაც უზარმაზარი სავარგულები აქვთ და მას ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში არ ამუშავებენ, ამ მიწის ნაკვეთებს ჩამოართმევდნენ. არ იქნება ცუდი, თუ კონკრეტულ ადამიანებს ვეტყვით: მიწა ან დაამუშავეთ, ან გონივრულ ფასად გაასხვისეთ ისეთზე, ვინც მიხედავს და რამეს დათესავს ან დარგავს. არ შეიძლება, ქვეყანა ერთ უზარმაზარ მინდვრად იქცეს, ყველამ მხოლოდ ბალახი მოთიბოს და თივა გაყიდოს! დღეს ასეა მიშვებული როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი საქართველო და მართლა ერთეულები აკლავენ თავს მიწის სამუშაოებს. მათ მაინც შევუმსუბუქოთ ყოფა და რაიმე შეღავათი დავუწესოთ, თორემ ამ ადამიანების გამოკლება ქვეყნისთვის კატასტროფის მომტანი იქნება.
ბესო ბარბაქაძე







