მიხეილ ჟღენტი: უკვე ვიმკით ურაპატრიოტიზმის შედეგებს, ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, თუ ამას დასავლეთი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებს

    “რუსოფობია და აფხაზეთში საწვავის შეტანაზე ატეხილი ისტერიკა ერთი ჯაჭვის ორი რგოლია იმიტომ, რომ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე ვერ შეძლებენ მოქმედი ხელისუფლების შეცვლას”

    მიხეილ ჟღენტი

    “საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები გონივრულია”, _ ასე აფასებენ პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები პრემიერმინისტრის განცხადებებსა და ქმედებებს, რომლებიც რუსოფობიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯით დაიწყო, “გეორგიევსკის ტრაქტატის” დადებითი როლის აღიარებით გაგრძელდა და აფხაზეთში საწვავის დეფიციტის აღმოფხვრით დასრულდა…

    ბიზნესმენების მიერ დედაქალაქიდან საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, აფხაზეთში, საწვავის გაგზავნის გამო დესტრუქციულმა ძალებმა ერთი ამბავი ატეხეს _ ოკუპაციის შესახებ კანონი დაირღვა, აფხაზეთისთვის მიწოდებული საწვავი რუსეთში გადისო და ა.შ. ეს დესტრუქციული ძალები საჯაროდ ამბობენ, რომ კარგი იქნება, თუ აფხაზეთში გაგზავნილ ბენზინმზიდებს უკრაინელები დრონებით შეუტევენ…

    ხელისუფლებამ უკვე აღიარა, რომ საქართველოში რუსოფობიაა, თანაც საშიშ ზღვრამდე მისული, გარკვეულ ზომებსაც მიმართა, მაგრამ რუსეთუმეებად წოდებულ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს კვლავ ებრძვიან… ეს ორმაგი სტანდარტია. საქმეს ასე სჭირდება თუ სასიკეთო ცვლილებას უნდა ველოდოთ? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკოსი მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:

    _ რუსოფობია დღეს არ დაწყებულა. ის ბოლო ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში ინერგებოდა ქართველ საზოგადოებაში. ე.წ. ეროვნული მოძრაობის ხანაში რუსოფობიამ მიიღო ფართო გასაქანი. შეიქმნა ნოყიერი ნიადაგი იმისთვის, რომ რუსი ექციათ ყველა ჩვენი უბედურების მიზეზად. ეს ის დროა, როდესაც საქართველო პიკზეა, როგორც ეკონომიკური, ისე სამეცნიერო-კულტურული განვითარების მხრივ. კომუნისტების მიერ “ეროვნული ძალებისთვის” დამოუკიდებლობის გადაცემიდან დღემდე საქართველო ფობიებსა და ილუზიებში ცხოვრობს. ილუზიაა, რომ ჩვენ დამოუკიდებელი სახელწიფო ვართ, და ფობიაა, რომ რუსეთს ჩვენი ჩაყლაპვა სურს. როგორც აღვნიშნე, რუსოფობიას, სამწუხაროდ, საკმაოდ ნოყიერი ნიადაგი ჰქონდა…

    გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს “ანტისოვეტჩინა” და რუსოფობია ერთი და იმავე ცნებად იქცა. 1978 წლის ავანტიურა იყო ე.წ. ენას გვართმევენ… ყველაფერი აქედან დაიწყო და დღევანდელობამდე მოვედით… რუსოფობია ინერგებოდა ნელ-ნელა, მიზანმიმართულად და, რაც მთავარია, წარმატებით.

    1990-1991 წლებში საქართველო, სამწუხაროდ, მოიცვა ნაციონალისტურმა ლოზუნგებმა, ყველგან ისმოდა შეძახილები: “ძირს დამპალი საბჭოთა იმპერია!”, “კმარა რუსეთის მონობა”, “საქართველო ქართველებისთვის!”… ძალიან ბევრმა რუსმა, უკრაინელმა, ბერძენმა თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელმა სასწრაფოდ დატოვა საქართველო, რაც გაქცევას უფრო ჰგავდა.

    მოგვიანებით რუსოფობია კულტივირდებოდა დასავლეთის ხელშეწყობით და სერიოზული დაფინანსებით. რუსოფობი თავის თავში აერთიანებდა “ანტისოვეტჩიკს”, რუსეთის იმპერიის მოძულესა და თანამედროვე რუსეთის მტერს. თუ რამე ცუდი დაგვემართა ბოლო 226 წლის განმავლობაში, ყველაფერი რუსეთს დაბრალდა. საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ, “დიფ სტეიტმა” მოგვახვია თავს რუსოფობიაო. და მერე რას აკეთებს ხელისუფლება ამ საშიში ტენდენციის გასანეიტრალებლად? ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ტელევიზიების რიტორიკით რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ვინმემ განმარტა, რამ აიძულა რუსეთი, გადაედგა ჩვენთვის მიუღებელი ნაბიჯები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ? განა საქართველოს ხელისუფლებამ არ აკრძალა საბჭოთა სიმბოლიკა? სასწაული ქვეყანა ვართ, 9 მაისი სახელმწიფო დღესასწაულად არის გამოცხადებული და გამარჯვების დროშის აღმართვა ისჯება იმიტომ, რომ საბჭოთა სიმბოლიკაა. აგერ ქალაქის ცენტრში და უფრო მეტიც, სტალინის სახლ-მუზეუმში გაქვს გახსნილი ოკუპაციის მუზეუმი. სასკოლო სახელმძღვანელოებში როგორ არის მოხსენიებული რუსეთი?.. უკვე მესამე თაობა იზრდება რუსეთის მიმართ ნეგატიური განწყობით და უკვე ვიმკით ურაპატრიოტიზმის შედეგს, ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, თუ ამ ფაქტორს დასავლეთი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებს. კი, ბატონო, მმართველმა პარტიამ რუსოფობიის წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯი და კანონებიც გაამკაცრა, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი ღონისძიებებია. მთავარია, აღმოიფხვრას ძირითადი მიზეზები, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა.

    ხელისუფლება უკან არ უნდა მისდევდეს პროცესებს, იგი მათ უნდა უსწრებდეს ერთი ნაბიჯით მაინც. თუ ხელისუფლებამ დაიწყო ამ საშიში სენის წინააღმდეგ ბრძოლა, ბოლომდე უნდა მიიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მძიმე შედეგს მივიღებთ. არ გამოვა, დასავლეთს ასიამოვნო და რუსოფობიასაც ებრძოლო.

    _ დესტრუქციული ძალები აღშფოთდნენ აფხაზეთში საწვავის გაგზავნის გამო. ხელისუფლების ეს ნაბიჯი წაადგება აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენას?

    _ როგორც ამბობენ, ეს ერთი და სხვა მრავალი! უდავოდ სასარგებლო და პოლიტიკურად წინგადადგმული ნაბიჯია. უფრო თამამად უნდა ვიმოქმედოთ. ნაკლებად მაინტერესებს, რა ხელშეკრულება იყო, რამდენი ტონა საწვავი დარჩა აფხაზეთში და რამდენი წავიდა რუსეთში. მთავარია, ენგურის ხიდზე გაიარეს საწვავით დატვირთულმა ქართულმა ბენზინმზიდებმა. ეს ძალიან მნიშნელოვანია და უნდა დავიმახსოვროთ, როგორც ახალი ურთიერთობების დასაწყისი. ყოჩაღ, იმ კომპანიის ხელძღვანელობას, რომელმაც დაიკისრა პასუხისმგებლობა და ნავსი გატეხა! საწვავის გადატანა იყო უდიდესი გარღვევა და სწორედ ამან გახეთქა გულზე ლიბერალები. ვაითუ, მართლა დაიწყოს სასიკეთო ძვრები აფხაზეთსა და რუსეთთან ურთიერთობაშიო, _ შფოთავენ დესტრუქციული ძალები. წარმოიდგინეს, რომ გაიხსნება სარკინიგზო მაგისტრალი, აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები, სოხუმსა და ცხინვალთან გაფორმდება თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულება, შეიქმნება კონფედერაცია… და ამ ყველაფრის გამო ისტერიკა დაემართათ _ 30-წლიანი შრომა წყალში ხომ არ გვეყრება, მილიონების გარეშე ხომ არ ვრჩებითო… ეს მძიმე ფიქრები უტრიალებთ თავში და დაიწყეს ოცნება _ იქნებ უკრაინელებისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცეს ეს ბენზინმზიდები და როგორმე გაჩაღდეს ომი ქვეყანაშიო.

    რუსოფობია და აფხაზეთში საწვავის შეტანაზე ატეხილი ისტერიკა ერთი ჯაჭვის ორი რგოლია იმიტომ, რომ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე ვერ შეძლებენ მოქმედი ხელისუფლების შეცვლას. ოპოზიციას კიდევ უფრო აშფოთებს ის, რომ დასავლეთი დუმს საწვავის თემაზე. რომელიმე საელჩოს კომენტარი იყო? არა და ვფიქრობ იმიტომ, რომ აღარც საქართველო აინტერესებთ და, რაც მთავარია, აგენტურამ გაუცრუათ იმედი. დღეს ევროპა თავის გადარჩენაზე ფიქრობს და მალე დიდ ომს აპირებს რუსეთთან. დასავლეთმა დაინახა, რომ უკრაინამაც ვერ უშველა მათ გაჭირვებას, ამიტომ თვითონაც უნდა იომონ.

    _ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ “რუსეთი მზად არის თბილისთან პრაგმატული კავშირების შემდგომი გაფართოებისთვის”. საქართველოს პრემიერმა კი “გიორგიევსკის ტრაქტატზე” დადებით კონტექსტში ისაუბრა. შეიძლება, რომ საქართველოს მთავრობამ გადარჩენის ერთადერთ წყაროდ კვლავ რუსეთი მიიჩნიოს?..

    _ დასავლეთი მაქსიმალურად შეეცდება, გაამწვავოს ვითარება საქართველოში. არ გამოვიდა რუსოფობია, არ გამოვა საწვავის თემა, სხვა საკითხზე შეეცდებიან ხალხის ქუჩაში გამოყვანას. საქართველოს ხელისუფლებას უკვე გადაკვეთილი აქვს წითელი ხაზები დასავლეთთან. აწი იმის მტკიცება, რომ ევროკავშირია ჩვენი არჩევანი, წყლის ნაყვაა. 2 წლის განმავლობაში ვაფრთხილებდი ხელისუფლებას, რომ, რაც უნდა დაუთმოს დასავლეთს, ის მაინც შეეცდება მის დამხობას. კიდევ ერთი თემა არის ის, რომ თითქოს “დიფ სთეითი” გვებრძვის და არა აშშ. არა, ბატონებო, “დიფ სთეითი” და აშშ, პლუს ევროპა, ერთი და იგივეა. დროა, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ…

    რამდენიმე წელიწადია, რუსეთი მოგვიწოდებს თანამშრომლობისკენ. ვინც დიპლომატიის ანაბანა იცის, ეს ნიშნავს, რომ იგი მზადაა ფუნდამენტურად განიხილოს ყველა მტკივნეული საკითხი, რომლებიც 35 წლის განმავლობაში დაგროვდა ჩვენს ქვეყნებს შირის.

    არ მიყვარს წამოძახებები და ტრაბახი, მაგრამ ახალი “გიორგიესკის ტრაქტატის” შექმნის იდეა ვინ წამოსწია 2 წლის წინათ? ამაზე საჯაროდ მე ვილაპარაკე და მადლობა ღმერთს, არსებობს ამის კადრებიც, რომლებიც ჩემს ფეისბუკგვერდზე იძებნება. დავანებოთ თავი, ვინ, როდის რა ვთქვით, მივესალმები ამ განცხადებას და იმასაც, რომ 1800 წლიდან დაიწყო საქართველოს გამთლიანება და გამრავლება. ტრაქტატი შედგენილი იყო უმაღლესი სტანდარტებით, მაგრამ არ და ვერ იმუშავა…

    იმან, რასაც ახლა ვიტყვი, შეიძლება ბევრი გააბრაზოს, მაგრამ გავიხსენოთ, როგორ გატარდა ცხოვრებაში დიდი მეფის, ერეკლეს, ეს ისტორიული ნაბიჯი. ტრაქტატის შემდეგაც კი მისი შვილები და გერები ხან ოსმალეთის იმპერიასთან, ხან კი სპარსეთთან ცდილობდნენ ურთიერთობას თავიანთი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს საკმაოდ ფაქიზი თემაა…

    დღესაც ანალოგიურ შეცდომას ხომ არ ვუშვებთ, როდესაც ე.წ. მრავალვექტორულ პოლიტიკას ვეწევით, როცა იქით რუსეთს, აქეთ თურქეთს, ამასთანავე, ხან აშშ-ს და ხან ევროპას ველაქუცებით? ჩინეთთანაც ვცდილობთ ურთიერთობას და არაბულ სამყაროსთანაც, მაგრამ გვერდით გვყავს მეზობელი, რომლის ნებართვის გარეშე კავკასიაში ვერავინ შემოვა _ აუტკივარ თავს არავინ აიტკივებს საქართველოსთვის. არ ვიცი, იქნებ ვცდები, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ, რაც უფრო მალე და თამამად დაველაპარაკებით მოსკოვს, მით მალე მოგვარდება ჩვენი პრობლემები… ყოველი დაკარგული დღე ჩვენს სასტარტო პიზიციებს ასუსტებს. კიდევ ერთი _ ნუ ველოდებით რუსეთის საბოლოო გამარჯვებას, პოლიტიკა არის განჭვრეტის უნარი და დროულად გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია _ სად ვართ!

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here