საქართველო ემშვიდობება ჟურნალისტიკის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას – ბადრი ვადაჭკორიას; კაცს, რომელიც ორი რამით გვაკვირვებდა მთელი ცხოვრება – სიყვარულის გასაოცარი ნიჭითა და უმაღლესი პროფესიონალიზმით. ფოტოგრაფია იყო მისი ხელობა, რომელიც საოცარი შრომისმოყვარეობით ხელოვნებამდე აიყვანა. ციფრულ ეპოქაში ფოტოტექნიკამ ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ მაღალი ხარისხი არავის უკვირს, მაგრამ ბადრი ვადაჭკორიას ის ფოტოებიც კი, რომლებიც ადრეულ პერიოდს მიეკუთვნება, სხვა სუნთქვით სუნთქავს, სხვა დამაჯერებლობით გამოირჩევა და სხვა ფერებით ხასხასებს. მისი შავ-თეთრი ფოტოებიც კი გვხიბლავს ფერებით.
სახე, ფერი და მოძრაობა – აი, რა ახასიათებს მის ნამუშევრებს. ფოტოების მოძრაობა? – გაიკვირვებს ვიღაც. ფოტოკამერას შეუძლია აღბეჭდვა გალაკტიონის წარუშლელი სურათისა – „კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს”. შეუძლია, რა თქმა უნდა, მის უკან გალაკტიონის ხედვის მქონე კაცი თუ დგას. ბადრის შეეძლო ამ სურათის გადაღება და გადაიღო კიდეც. ჟურნალისტ სოსო ჭუმბურიძის ულამაზესი იდეის განხორციელებით, დაეწყვილებინა ანა კალანდაძისა და ბადრი ვადაჭკორიას შემოქმედება, მივიღეთ ულამაზესი წიგნი-ალბომი (გამომცემლობა „მერიდიანი” 2024 წ., რედაქტორი ქეთი კალანდაძე), რომელშიც ყველაზე მეტად ჩანს, როგორ შეიძლება ფოტომ მოძრაობა აღბეჭდოს: „და ანანავებს ვარძიის ქარი საქართველოის უძლეველ დროშებს”. უყურებ ბადრის გადაღებულ ფოტოს და, დროშის გამოსახულებას კი არა, დროშის ფრიალს ხედავ. როგორ? რანაირად? ნუთუ, ეს შესაძლებელია?
კვლავ, დიდებული ანა:
„მათგადაიარესცაპირამიდების,
ხეთა და მიდია…
ზღაპრული ურარტუ,
ქართული მინდვრები,
კვლავ საით მიდიან?
რამდენი მწვერვალი
გადავლეს უკლებლივ,
კვლავ ფეხქვეშ რაოდენ
მწვერვალებს ითვლიან
ღრუბლები…
კვლავ საით მიდიან ღრუბლები?
რა ვიცი… მიდიან…”

ფოტოკამერით ღრუბლების გადაღება შეიძლება, მაგრამ, ღრუბლები რომ მიდიან, ეს როგორ უნდა გადაიღო? სხვა ვერ გადაიღებს, ბადრი გადაიღებს, რადგან ბადრი არ იღებდა კიპარისს, ბადრი იღებდა კიპარისს, რომელიც „ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს”. როგორ ახერხებდა იგი ამას? ამ შეკითხვას შეკითხვითვე ვუპასუხებ: როგორ ახერხებდა მიქელანჯელო, რომ ლოდისგან უვნებლად გამოეყვანა ქანდაკება, რომელიც, მისი აზრით, იქ იმყოფებოდა, მაგრამ ზედმეტი მასისგან იყო გასათავისუფლებელი? ასე ან თითქმის ასე.
ფოტოგრაფია მატერიალური მოვლენაა. ფოტოს სხეულს (მატერიას) უღებენ, სული არ არის ფოტოგრაფიის ობიექტი. ვახტანგ ჯავახაძე ამბობდა: „და როცა ქარი უნდა დახატონ, ტოტებგადახრილ ხეებს ხატავენ”. რატომ? იმიტომ, რომ ქარს ვერ ხატავენ. ბადრი კი ქარსაც ხატავდა, ანუ სულსაც ხატავდა. ზმნა შემთხვევით არ ჩამინაცვლებია. გადაღება და დახატვა უბრალოდ სხვადასხვა რამ კი არ არის, პრინციპულად სხვადასხვა რამ არის. ფოტოგრაფიის არსი ობიექტურობაა, ასლის გაკეთებაა, კოპირებაა. რაც უფრო კარგია ასლი, მით კარგია ფოტოშემოქმედება. მხატვრობა კი არ არის ობიექტის ზუსტი კოპირება (თუმცა ასეთი მიმართულებაც არსებობს – რეალიზმი, ნატურალიზმი), მხატვარს სუბიექტურობა, ანუ შემოქმედებაში საკუთარი დამოკიდებულების გამჟღავნება მოეთხოვება. ობიექტში, რომელსაც ხატავს, მხატვარმა საკუთარი სათქმელი უნდა ჩააქსოვოს, საკუთარი ხედვა უნდა წარმოადგინოს. ამ თვალსაზრისით ბადრი მხატვარი უფრო იყო, ვიდრე ფოტოგრაფი, მაგრამ მას არასოდეს უთამაშია შუქ-ჩრდილებით იმისთვის, რომ ილუზია შეექმნა. პირიქით, იგი რეალობას ასახავდა, ოღონდ იმ სიზუსტით, რა სიზუსტითაც გალაკტიონი აღწერს:
„ცაისეამოწმენდილი, ცაისეაშეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი”.
ბადრის მიერ გადაღებულ ცაში ანგელოზი ჩანდა, რადგან ის ცა ჯვარსა და სვეტიცხოველს, ალავერდსა და საფარას, ბაგრატსა და გელათს, ანუ საქართველოს ეხურა.
ბადრი მოგზაური იყო, მოგზაურის სული ჰქონდა. ასზე მეტ ქვეყანაში იყო ნამყოფი და მილიონობით კადრი ჰქონდა გადაღებული (დღეს მისი უნიკალური არქივი საქართველოს სიმდიდრეა), მაგრამ სულ იმეორებდა, საქართველოსავით ლამაზი ქვეყანა არ არსებობსო. ვის, ვის და ბადრის დაეჯერება, რადგან არ მეგულება მეორე, ვისაც ასე საფუძვლიანად ჰქონდეს საქართველო შემოვლილი, შესწავლილი, გადაღებული. ასე მგონია, საქართველოში ხე არ დგას, რომელსაც ბადრი არ მოფერებია; მთა, ბორცვი, გორაკი არ არსებობს, ფეხი რომ არ დაედგას; ზღვა, ტბა თუ მდინარე არ მოძრაობს, რომ არ გადაეღოს. ეკლესია მისი სულის ნაწილი იყო, მისი შთაგონების უშრეტი წყარო, ოღონდ რაკურსს ყოველთვის ისეთს ირჩევდა, რომ მის ფოტოებს ხელისმოწერა არ სჭირდება, რაკურსია ხელისმოწერა – საოცარი, გამაოგნებელი, შთამბეჭდავი რაკურსი, ამიტომ არის მისი ფოტო დინამიკური, ცოცხალი, მოძრავი. ბადრის ბალახი კრთის, ფოთოლი ცახცახებს, მდინარე მიედინება, ადამიანი სუნთქავს, პეიზაჟი ამბავს ყვება, ეკლესია ისტორიას აცოცხლებს.
არსებობენ ადამიანები, რომელთა სახელი და გვარი იმგვარ საყოველთაობას იძენს, რომ სრულიად საქართველოსთვის ერთნაირად მახლობელი ხდება. ბადრი ვადაჭკორია ერთ-ერთი მათგანია. საქართველოში, ალბათ, არც მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მისი რომელიმე ფოტო ენახოს და გაკვირვებით და აღტაცებით არ წარმოეთქვას: დიდებულია!
ბადრი ვადაჭკორია გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოჩნდა ქართულ ჟურნალისტიკაში. მან ფოტოგრაფიის მიმართულება აირჩია და მისი სახელი სამუდამოდ დაუკავშირა ქართულ პრესასა და ტელევიზიას. გასული საუკუნის 90-იანი წლების მისი ნამუშევრები ასახავს ეროვნული მოძრაობის აზვირთებასა და მთელ იმ ბატალიებს, რომლებიც იმდროინდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში დუღდა. ბადრი ვადაჭკორია თავისი თანამედროვე საქართველოს მემატიანედ იქცა…
მოგვიანებით იგი დიპლომატიურ სამსახურშია – თურქეთის საელჩოში. შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აკრედიტებული ჟურნალისტია. 2000-იან წლებში კი აქტიურად იწყებს ფოტოალბომებზე მუშაობას. მან უნიკალური ოცტომეული გამოსცა, რომელშიც მთელი საქართველო ჩანს მისი ისტორიით, სულით, უკვდავი ძეგლებით, განუმეორებელი სილამაზითა და ესთეტიკით.
მისი ცხოვრების განსაკუთრებული ფურცელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გვერდით გატარებული წლები, როდესაც იგი ფოტოგრაფიული სიმართლითა და სიზუსტით აღწერდა და აღნუსხავდა უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მის საგარეო ვიზიტებს.
უკვე მძიმედ ავადმყოფი ბადრი ვადაჭკორია სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ შიო მესამის აღსაყდრების ცერემონიას დაესწრო და ბოლო ოფიციალური კადრები სწორედ იქ გადაიღო. ამით დასრულდა მისი მოღვაწეობა, როგორც საქართველოს მე-20 და21-ე საუკუნეების ფოტომემატიანისა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მემატიანე და საქართველოს მემატიანე სიცოცხლეშივე დაფასებული იყო. ბადრი ვადაჭკორია საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, თბილისის საპატიო მოქალაქის, მისი მშობლიური ლანჩხუთის საპატიო მოქალაქის, „ოქროს ფრთის” მფლობელისა და სხვა მრავალი რეგალიით არის შემკული. მთავარი მაინც სიყვარულია, რომელსაც უშურველად გასცემდა და თავადაც ასმაგად უბრუნდებოდა. ახლა, როდესაც იგი განერიდა წუთისოფელს, მის მიმართ სიყვარული დაიძრა პრესიდან, სატელევიზიო არხებიდან, სოციალური ქსელებიდან. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე, სახელმწიფოს პირველი პირები, პარლამენტისა და მთავრობის წევრები მწუხარებას გამოთქვამენ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.
სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში სიძულვილი სჭარბობს სიყვარულს. ბადრიმ დაარღვია ეს თანაფარდობა. მან სიყვარულით შეკრა და გააერთიანა საქართველო. პატრიარქმა ილია მეორემ მოახერხა ეს, რა თქმა უნდა, სულ სხვა (გრანდიოზული) მასშტაბით, ახლა ბადრი ვადაჭკორიას მოკრძალებული ღვაწლი იქცა საქართველოს ხელმეორედ გაერთიანების საფუძვლად. ცრემლით, ლოცვითა და სიყვარულით ეთხოვება მას მთელი ქვეყანა. ეს გასაგებიცაა. მან ვაჟა-ფშაველას მამულიშვილური პოზიცია დევიზად იქცია და განაცხადა, – ქართველებს საქართველო უნდა შევაყვარო! გვიყვარს ქართველებს საქართველო, მაგრამ ბადრი უფრო მეტისკენ მოგვიწოდებდა – სიძულვილისა და გათიშულობის დაძლევისკენ, შურისა და ღვარძლისგან განთავისუფლებისკენ.
ადამიანები წლებს ვითვლით, ბადრი წამებს ითვლიდა, რადგან მისთვის ყოველი წამი კადრი იყო ერთადერთი, განუმეორებელი, მშვენიერი, მოსაფერებელი და შესაჩერებელი.
ეს პრინციპი იყო, რომელიც გოეთეს („ფაუსტი”) ცნობილ წამოძახილს ჰგავდა: შეჩერდი, წამო, შენ მშვენიერი ხარ!
ბადრის ვერავინ გაიხსენებს ფოტოკამერის გარეშე. სადაც უნდა ყოფილიყო, რამდენიმე კამერა ყოველთვის ჰქონდა. უტყუარი გუმანითა და მაღალი პროფესიონალიზმით გრძნობდა, რომელ კადრს (წამს) რომელი კამერა და ობიექტივი შეაჩერებდა უკეთესად. მიუხედავად ამისა, ამბობდა, ყველაზე კარგი კადრები, ფოტოკამერითა და ობიექტივით კი არა, თვალებით მაქვს გადაღებული. თვალებით ვასწრებ რაღაც მნიშვნელოვანისა და ლამაზის დაჭერას, მაგრამ, სანამ კამერას მოვიმარჯვებ, კადრი (წამი) ქრება. ასე იჭერდა და აგროვებდა ლამაზ კადრებს (წამებს), ზოგს მხოლოდ მზერით, ზოგს ფოტოკამერითაც. და ილეოდნენ წამები, წუთები, საათები, დღეები, წლები…
რაღაც ისეთი ახლოვდებოდა, ჩვენს ძვირფას პოეტს, ტარიელ ხარხელაურს, რომ აქვს ნათქვამი:
„ცაცხვის ხმელი ფოთლები
აფენია ბილიკებს,
მე მივდივარ მარტო და
წინ ცის ლურჯი ზოლია,
ქარი მღერის – ქარაფთა
სევდიანი ლირიკა.
მთვარე არ სჩანს, მეწყება
ზამთრის მელანქოლია.
შემოდგომის ბოლოა,
მწუხარებით ვივსები
და დაჭირხლულ მწვერვალებს
ნაღვლიანი გავყურებ.
არაგვის ხეობიდან
ამოდიან ნისლები.
გარდა ამ ნისლებისა
სხვა ვინ მომინაკლულებს,
სხვას ვის გავახსენდები.
ამ შეშლილმა ამინდმა
ყველაფერი შეცვალა,
ყველაფერი არია,
არაფერი არ მინდა –
არაფერი არ მინდა,
ოღონდ ახლა თერგივით
შემახეთქა დარიალს”.
თითქმის ექვსი ათეული წელიწადი მოვდიოდით ერთად – პირველი კურსიდან, პირველი ნაბიჯებიდან. რამდენ წიგნად, რამდენ ტომად შეიძლება აიკინძოს ეს მოგონებები, ეს ძმობა, ეს სიყვარული. სიცოცხლეში რამდენიმე ლექსი მიძღვნია ბადრისთვის. მარადისობაში გადასვლის შემდეგ პირველად ვესაუბრები მას ასე საჯაროდ. დაე, აქვე იყოს პოეტური ფრაზის ეს მცდელობაც:
შეჩერდი, წამო!
ეს აჩემება, საბედისწერო –
შეჩერდი, წამო! შეჩერდი, წამო!
ჰა, იწურება ეს მისტერია,
ამაოდ შფოთავ… ამაოდ წვალობ…
ჩამოიცალა ქვიშის საათი,
ათი, ცხრა, რვა და… შვიდი და ექვსი,
აჰა, საწუთროს წესი და რიგი,
ჰა, ეს „შარბათიც” ბოლომდე შესვი…
აჰა, გამოჩნდა ანგელოზთ დასი,
აქედან უკვე ახლოა ღმერთი,
ჰა, მიფრინავენ ბოლო წამები,
ოთხი და სამი, ორი და… ერთი…
სულ სათითაოდ აღნუსხე მზერით,
სათვალავს მაინც რაღაც დააკლდა –
გადასაღებად ვერ მოიხელთე
წამი, რომელიც ხელში ჩაგაკვდა…
ვალერი კვარაცხელია







