საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსოფობიის გამო ამ თვეში მეორე საგანგებო ბრიფინგი გამართა. რაღაცაშია საქმე. რა არის ან რა შეიძლება იყოს ეს „რაღაცა”?
საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც 14 წლის განმავლობაში რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გამართვა ვერ მოახერხა, ახლა ბრიფინგს ბრიფინგზე მართავს პრემიერმინისტრის დონეზე და რუსოფობიას გმობს. ხელისუფლების მთელ შემადგენლობას შემიძლია ვუთხრა, რუსოფობია თქვენკენ მოიკითხეთ-მეთქი. გაცილებით უხეშადაც შემიძლია ჩემი აღშფოთება გამოვხატო. მაგალითად ასე: „ჩვენსა და თქვენს შორის ვინც რუსულ საქმეს აკეთებს, იმის დედას…” კი, ასეც შემიძლია, ვინაიდან ეს მიმართვა ხელისუფლების მიერ არის აპრობირებული ანუ გაკვალული. გესმით ხომ, რასაც ვამბობ? მაგრამ ხუმრობა იქით იყოს, რადგან „რაღაცა” გვაქვს მოსაძებნი – საქმე რომ რაღაცაშია, აი, ის „რაღაცა”.
საქართველოში დიდხანს აღვივეს რუსოფობია (ე.წ. ეროვნული მოძრაობიდან დღემდე), მაგრამ, რაც მოახერხეს ეს არის – დასავლეთის „მეხუთე კოლონის” ფორმირება, რომელიც რუსოფობიურ ლოზუნგებს გაჰყვირის, მაგრამ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მისხალ გავლენასაც ვერ ახდენს. ამას ბატონი კობახიძეც აღიარებს: „რუსოფობია და ზოგადად ქსენოფობია არის ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენა”. პრემიერმინისტრი ამ თვალსაზრისით უფრო შორსაც წავიდა. მან განაცხადა: „რუსოფობია თქვენ შორისაც კი, უცხოურ აგენტურაშიც კი ყალბია, არათუ ქართულ საზოგადოებაში“. დასავლეთის „მეხუთე კოლონას” რომ აკვირდები, ცოტა ძნელი კი არის პრემიერმინისტრის ამ აზრთან დათანხმება, მაგრამ ფაქტია, რომ კობახიძე აქაც მართალია. ესენი მართლა რუსოფობები რომ იყვნენ, სხვადასხვა პერიოდში ამდენს ირბენდნენ რუსეთში კონცერტების ჩასატარებლად ან დაუფარავი სიხარულით აიღებდნენ რუსეთიდან გადმორიცხულ ჰონორარებს თუ მემკვიდრეობით მიღებულ თანხებს? რუსოფობია იმას ჰქვია, შენი შინაგანი სამყარო რომ გკარნახობს, თორემ დასავლეთიდან გამოწერილი ხელფასისა და გრანტის გამო რომ გაგახსენდება, იმ „რუსოფობიას” სხვა სახელი ჰქვია – პროსტიტუცია. არც ეს არის მაინცდამაინც საამაყო მოვლენა, მაგრამ, როგორიც უნდა იყოს იგი თავისი ზნეობრივი მახასიათებლებით, ფაქტია, რომ რუსოფობია არ არის. სწორად შენიშნა პრემიერმინისტრმა, ეს გარყვნილ-გადაგვარებული კასტაც კი, რომელიც ათასნაირი ბინძური ვირუსით არის დაავადებული, რუსოფობიით ჯერ არ დაავადებულა.
ეს თუ ასეა, რა არის ის, რაც მათ ამ მიმართულებით ამდენ ენერგიას ახარჯვინებს და გაუთავებლად აყვირებს? – მხოლოდ დავალება, მათთვის სამხედრო სიმკაცრით მიცემული დავალება, რომელიც შესასრულებელი აქვთ. “ამ ყველაფრის, ისევე, როგორც მეორე ფრონტის გახსნისა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე მიერთების მიზანი, საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა, ერებს შორის შუღლის გაღვივება და პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანაა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „დიპ სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, რუსი ტურისტი საქართველოში არ უნდა ჩამოვიდეს”, _ ამასაც კობახიძე ამბობს. მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, „როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, რათა, ნებსით თუ უნებლიეთ, გლობალური ომის პარტიის ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ”.
დასავლეთს ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად მიჰყავდა და მიჰყავს საქართველო აქეთ. ირაკლი კობახიძე სწორედ ამას ხედავს იმ ნაბიჯებში, რომლებსაც დასავლეთი დგამდა: „სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართველ მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, ფიზიკურ პირებს და ა.შ. ასევე, ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის გამოიყენეს საქართველოს გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ხოლო მას შემდეგ, რაც მათთვის სასურველი შედეგი არც ამის შედეგად დადგა, რადგან საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით ზურგგამაგრებული მმართველი პარტია ვერ დაიმორჩილეს, საკუთარი აგენტურის გამოყენებით საქართველოს ახალ პროვოკაციაში გახვევას ცდილობენ”.
ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა. ვისთვის არის ეს ბრალი წაყენებული? ბატონი კობახიძე მისამართს ბოლომდე არ აზუსტებს. იგი ხელს „დიპ სტეიტისკენ“ იშვერს, მაგრამ ეს „დიპ სტეიტი“ სხვა ხომ არავინ არის, თუ არა აშშ ან, თუ გნებავთ, კოლექტიური დასავლეთი?!
საგულისხმოა კიდევ ერთი დეტალი: რუსოფობიაზე საუბრისას „ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურმა ახსენა სიტყვა “მტერი”, მოგვიანებით კი განმარტა, რომ მტერში „დიპ სტეიტ’’ გულისხმობს. „შეგნებულად არც ერთ სახელმწიფოს არ ვუწოდებ მტერს და არც დღეს გამიკეთებია ეს. მტრებში ,,დიპ სტეიტს” ვგულისხმობ’’, – დასძინა მან.
მიაქციეთ ყურადღება: ირაკლი კობახიძე ხაზგასმულად ალაპარაკდა სიფრთხილის აუცილებლობაზე. იმ „რაღაცაში” გასარკვევად სწორედ ეს მომენტია ყველაზე მნიშვნელოვანი. ჯერ ვნახოთ, რას ამბობს პრემიერმინისტრი სიფრთხილეზე: „სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ არ დაზიანდეს ხალხებს შორის არსებული კავშირები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უამრავი შერეული ოჯახი ცხოვრობს, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. ასევე, რუსეთში ცხოვრობს დიდი ქართული დიასპორა, ხოლო საქართველოში – რუსული წარმოშობის არაერთი ადამიანი, ამიტომაც, როგორიც უნდა იყოს ,,დიპ სტეიტის’’ გეგმა, არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოებები, წარსულში დაშვებული პოლიტიკური შეცდომები თუ გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს, რადგან საზოგადოებებს შორის ურთიერთობების შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაცხოვრება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა თუ არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კონკრეტული გეგმა კონკრეტული სახელმწიფოების მიმართ“.
პრემიერმინისტრი მტრობასა და ომზე ალაპარაკდა, თანაც ხაზგასმულად აცხადებს, რომ ეს არ უნდა დავუშვათ. განა ეს პირდაპირ იმის თქმა არ არის, რომ ასეთი საფრთხე კარს არის მომდგარი?! ამ ნათქვამის სხვაგვარი წაკითხვა შეუძლებელია. ახალი, უაღრესად საშიში რეალობის წინაშე ვდგავართ, მაგრამ კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს ახალი რეალობა? საქმე ის არის, რომ ჯერჯერობით ყველაფერი გლობალური ომის მიმართულებით მიდის. არაფერი შეცვლილა. დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ავანტიურაზე ხელს არ იღებს, პირიქით, სულ უფრო ძაბავს ვითარებას. ამის დასტურია ტერორისტული აქტების გააქტიურება რუსეთის ტერიტორიაზე, რაც რუსეთის მხრიდან აუცილებლად გამოიწვევს დიდ (სერიოზულ) პასუხს, გაცილებით დიდსა და სერიოზულს, ვიდრე მას აქამდე გაუცია.
ეს ერთი.
დასავლეთმა ეს, რა თქმა უნდა, იცის, ამიტომ იგი ფიქრობს პასუხის პასუხზე. პასუხის პასუხის ერთი შემადგენელი ნაწილი საქართველოდან რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნაა. ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის.
ეს მეორე.
საქართველომ როგორც ჩანს, რაღაც სიგნალი (სიგნალები) მიიღო ან რუსეთიდან, ან აშშ-დან, ან ორივე მხრიდან.
როგორი შეიძლება იყოს ეს სიგნალები?
აშშ, ალბათ, უფრო მკაცრად მოითხოვს მეორე ფრონტის გახსნას.
რუსეთი კი, ალბათ, კატეგორიულია გაფრთხილებაში, რომ საქართველომ მეორე ფრონტის გახსნა არ გაბედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის მოქმედება იქნება უმკაცრესი. ეს მართლაც ასე იქნება, ვინაიდან რუსეთს უკან დასახევი ყველა გზა მოჭრილი აქვს.
ეს არის ის „რაღაცა”, რაც მოსაძებნი და ამოსახსნელი გვქონდა. საქართველოს მიმართ წნეხი ორივე მხრიდან ძლიერდება. მარწუხს სულ უფრო გვიჭერენ. როგორია პასუხი? ეს პასუხი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის საგანგებო განცხადებაში უნდა ვეძებოთ. კაცმა რომ თქვას, ბევრი ძებნაც არ გვჭირდება, ყველაფერი ღია ტექსტითაა ნათქვამი. საქართველო მეორე ფრონტის გახსნას კი არ აპირებს, სიფრთხილის ზომების გაძლიერებას გეგმავს. პრემიერმინისტრმა ხომ პირდაპირ თქვა: „საზოგადოებებს შორის ურთიერთობების შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაცხოვრება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა თუ არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კონკრეტული გეგმა კონკრეტულ სახელმწიფოების მიმართ “. მორჩა, წერტილი დასმულია. გადაწყვეტილება მიღებულია. რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება სწორია. ამ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ აქვს, რადგან მისი ალტერნატივა თვითმკვლელობაა, ისეთივე თვითმკვლელობა, როგორიც სააკაშვილს 2008 წლის აგვისტოში ამერიკელებმა ჩაადენინეს, ახლა კი უკრაინელებს გააკეთებინეს. უკრაინის სახით მსოფლიო ხედავს სახელმწიფოს, ხალხს, რომელმაც ევროკავშირისა და ნატოს აბსურდის გამო თავი მოიკლა, სისხლისგან დაიცალა, ტერიტორიებისგან და მოსახლეობისგან დაიცალა, განადგურდა და, პრაქტიკულად, არსებობის შეწყვეტამდე მივიდა. ამის დაშვება შეიძლებოდა? ამ ჩვენს რეგვნებს რომ ჰკითხოთ, ეს გმირობაა, მაგრამ ნებისმიერი ჭკუათმყოფელი გეტყვით, რომ ეს სისულელეა, საკუთარი ხალხისა და მომავლის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, რომელსაც გამართლებას ვერც თანამედროვე და ვერც მომავალი თაობები ვერ მოუძებნიან.
ამიტომ ის, რაც ბატონმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის 12 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა, სრულიად ბუნებრივი, ლოგიკური, სამართლიანი და ზნეობრივი გადაწყვეტილებაა: „არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოებები, წარსულში დაშვებული პოლიტიკური შეცდომები თუ გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს“.
დანარჩენი მომავალს მივანდოთ.
ვალერი კვარაცხელია







