უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ხშირად ტრიბუნებზე იმაზე ნაკლები ხალხია, რამდენიც მინდორზეა და ეს ლოგიკურიცაა. საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონისაა, არ ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთა თამაშის სანახავად გულშემატკივარი სტადიონზე მივა. არადა, როცა მიხეილ მესხი თამაშობდა, პირველი ტაიმის შემდეგ ადამიანები ტრიბუნის შეცვლას ცდილობდნენ, საპირისპირო ფლანგზე გადასული დიდებული ფეხბურთელის თამაში ახლოდან რომ ეყურებინათ. იმჟამინდელი თბილისის „დინამო“ კი იოლად დაამარცხებდა, მაგალითად, აზერბაიჯანულ გუნდს…
კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქედ აზერბაიჯანული „ზირა“ ერგო. მათმა მთავარმა მწვრთნელმა რაშად სადიკოვმა ხელები თავში შემოირტყა, ქართული ფეხბურთის ძალა ვიცი და ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გახურებულია, ჩვენთან ჯერ არ დაწყებულა და აშკარად უკეთეს ფორმაში იქნებიანო. 44 წლის სადიკოვი ისე საუბრობდა, აშკარად თავს იზღვევდა და, სავარაუდოდ, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ხდება ჩვენს ჩემპიონატში. სამაგიეროდ, „ტორპედოს“ გერმანელი თავკაცი, დირკ შუსტერი, გაიბრიქა, მეტოქეს სიურპრიზი მოვუმზადეთო. ჰო, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ „ზირა“ 2014 წელს დაარსდა, იქაური ბიზნესმენის „სათამაშოა“ – ერთობა კაცი და საშინაო მატჩებს 1500-ადგილიან სტადიონზე ატარებს.
პირველი მატჩი აზერბაიჯანში გაიმართა და მეტოქემ 3:0 მოგვიგო. ლამის გაგიჟდა იქაური პუბლიკა, არავინ ელოდა სიძლიერით მეორე ქართული კლუბის ასეთ განადგურებას და ნამატჩევს შუსტერმა თქვა, სიურპრიზმა არ გაამართლა, ისე არ წავიდა ყველაფერი, როგორც გვსურდაო და დაიქადნა, ქუთაისში შურს ვიძიებთო. ქუთაისის სტადიონი რამაზ შენგელიას სახელს ატარებს, იმ შენგელიასი, მეტოქეებს რისხვად რომ ატყდებოდა თავს და… მოკლედ, სიუპრიზი არც მეორე შეხვედრაში გამოვიდა და „ტორპედომ“ საშინაო შეხვედრაც 3:0 წააგო. ანუ 2 მატჩში 0 ბურთი გავიტანეთ და 6 მივიღეთ. გულშემატკივრებმა კლუბის პრეზიდენტს მთავარი მწვრთნელის გაშვება ტრიბუნებზევე მოსთხოვეს, მაგრამ, როგორც გვითხრეს, შუსტერს კონტრაქტში უწერია, თუ გააგდებენ, რამდენიმემილიონიანი კომპენსაცია უნდა მისცენ და… ან ეს კონტრაქტი ვინ შეადგინა და ან მხოლოდ ცნობილი გვარის გამო ამ კაცის ჩამოყვანა ვის მოუვიდა აზრად?!
იმავე კონფერენს ლიგაზე გასვლითი შეხვედრა მოიგო თბილისის „დინამომ“. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ლუქსემბურგული „მონდორფი“ 2:1 დაამარცხა, მაგრამ შინ 0:1 წააგო და მხოლოდ დამატებით დროში შეძლო მეტოქის გატეხვა.
შინ 3:1 მოგების შემდეგ გორის „დილა“ ასევე კონფერენს ლიგაზე სან მარინოს „ვირტუსთან“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე გავიდა. ალბათ, არავის შერცხვა, სან მარინოს კლუბთან წაგება, რომლის მოთამაშეთა უმრავლესობა არაპროფესიონალი ფეხბურთელია, ანუ ძირითადი პროფესია სხვა აქვს – ან ტაქსისტია, ან მეთევზე, ბუღალტერი, პოლიციელი და ა.შ. ვერ გეტყვით, რა მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ გვგონია, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც ფსკერის დონის კლუბებზე (საფეხბურთო საზომებით ფსკერია სან მარინოც და ლუქსემბურგიც) ოდნავ უკეთესები შეგვხვდება, უშანსოდ დავმარცხდებით…
ნამატჩევს თემურ ქეცბაიამ თქვა: ფეხბურთელების თავდადებით კმაყოფილი ვარო, ანუ აღიარა, მათ მაქსიმუმი გააკეთეს და მეტი არ შეუძლიათო; ისიც დასძინა, ცუდიაა, რომ ევროთასის თამაშზე სტადიონი არ ივსება, მესმის, ეროვნულ ჩემპიონატზე რომ არ დადიან, დონეა ძალიან დაბალი, მაგრამ, როცა ევროთასებზე ვასპარეზობთ, უნდა მოვიდეს გულშემატკივარიო. გასაგებია, რომ რთულია ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში, მაგრამ ვის სანახავად უნდა მოვიდეს გულშემატკივარი? ერთადერთი ნათელი წერტილი ხვიჩა კვარაცხელიას ძმა – თორნიკე კვარაცხელია იყო, 16 წლის ბიჭი, რომელიც დიდ ფეხბურთს აუცილებლად ითამაშებს, მაგრამ, იცით, უბედურება რა არის? ევროპულ კლუბებს უკვე სურთ მისი წაყვანა და, როგორც კი სრულწლოვანი გახდება, ტრანსფერიც შედგება. ფეხბურთელებს საქართველოში არ სურთ გაჩერება, საკმარისია, ვინმემ წინადადებით მიმართოს და მიდიან. მიდიან იმიტომ, რომ იქ მეტი ჯამაგირი და უკეთესი პირობებია, ჩვენთან კი მოდიან ლეგიონერები, რომელთა სახელები არაფერს გვეუბნება, მაგრამ იციან, რომ საქართველოში იმაზე მეტს გადაუხდიან, ვიდრე სამშობლოში და არ აინტერესებთ, აქ როგორი დონეა და როგორი წარსული აქვს ქართულ ფეხბურთს…
საბჭოთა კავშირის პირველობა, პრაქტიკულად, 15 სახელმწიფოს ჩემპიონატი იყო და თბილისის „დინამო“ უკანა პოზიციებზე ნამდვილად არ იდგა. ჰოდა, სსრკ-ის დაშლის შემდეგ ჩამპიონთა ლიგაზე მუდმივად თამაშობენ რუსული (ახლა მოკვეთილია), უკრაინული, ბელარუსული, აზერბაიჯანული, მოლდოვური, ლატვიური კლუბები, ანუ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებსაც „დინამო“ იოლად უგებდა. იქ ფეხბურთი განვითარდა, ჩვენთან კი ყოველწლიურად უკან-უკან მიდის. ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ადრე ფეხბურთელების ოჯახის წევრები მაინც ესწრებოდნენ ხოლმე, ახლა ისინიც აღარ დადიან და რეგიონებში მისულმა გულშემატკივარმა არ მოგატყუოთ, იქ, უბრალოდ, სხვა გასართობი არ არის და მოსახლეობა ორ საათს სტადიონზე მისვლით „კლავს“. საქართველოში თითქოს სახელმწიფოც ჩაერია ფეხბურთში, ნახევარი მილიარდიც გამოიყო კლუბების გასაძლიერებლად, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. არა, გამოყოფილი ფული კი აითვისეს, მაგრამ შედეგი არ გვაქვს. მიზეზი კი ის არის, რომ ფეხბურთის სფეროში მომუშავე ადამიანები არანაირი შეღავათით არ სარგებლობენ.
შესადარებლად: რუსეთში ბიზნესმენი, რომელიც კლუბზე შეფობას აიღებს, გადასახადებისგან თავისუფლდება. ასე მოიგეს რუსებმა ნანატრი ევროთასები, რომლებიც მანამდე მიუწვდომელი ჩანდა. იგივე მოხდა უკრაინაში, ბელარუსში, აზერბაიჯანში და შედეგი ყველგან გამოიღო. ჩვენთან კი… როცა აჩი არველაძე იყო 35-ე საფეხბურთო სკოლის დირექტორი და თქვა, არ შეიძლება მე და რესტორნის მფლობელი წყლის ფასს ერთნაირი ტარიფით ვიხდიდეთო, ლამის სამშობლოს მოღალატედ შერაცხეს. არადა, არველაძემ ვითარება ასე ახსნა: „მე წყლით სტადიონის გაზონს ვრწყავ, რესტორანი კი თეფშებს რეცხავს და მგონი, ერთნაირი მოგება არ გვაქვს, ტარიფები გადასახედია“-ო. და რა არის ამ განცხადებაში ტყუილი? სტადიონის ერთ მორწყვას რაც სჭირდება, იმ წყლით გარეცხილი თეფშებით კაი საბანკეტო სუფრა გაიწყობა, სუფრა, რომელიც ათიათასობით მოგებას ტოვებს…
საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებამ (ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას ვგულისხმობთ) საფეხბურთო წრეებში ბავშვების მისვლა გაზარდა. ვისაც არ დაეზარა, ყველამ ფეხბურთის წრე გახსნა და ათიათასობით ბავშვი ფეხბურთზე დადის. რაოდენობა ხარისხს არ ნიშნავს და, ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ყველა ცდილობს, მისი შვილი, მესივით თუ არა, კვარაცხელიას მსგავსად მაინც თამაშობდეს, მაგრამ ყველამ ხომ ვიცით, საბოლოოდ ამ ბავშვების 1% თუ ითამაშებს ფეხბურთს. სამაგიეროდ მშობლები გადაიხდიან გვარიან თანხებს და მერე ხელს ჩაიქნევენ. ასე იქნება მანამ, სანამ სახელმწიფო მართლა არ ჩაერევა – ბავშვების ყველა მწვრთნელს ლიცენზიას არ მოსთხოვს, რადგან ვიღაც ბიძებმა 20 ბავშვს ბურთი არ გადაუგდონ და არ უთხრან: აბა, თქვენ იცით, არ იჩხუბოთო. ჰო, დღეს სკოლების უმრავლესობა ასეა და ბავშვებსაც ბურთის დევნა უხარიათ. შედეგად, მათ არც რეჟიმი იციან, არც სწორი კვება, არც სწორი დატვირთვა და… აბა, გადახედეთ ჩვენს ეროვნულ პირველობას, რომელს ეტყობა რეჟიმი, სწორი კვება და სწორი დატვირთვა? ეს ყველაფერი სწორედ ბავშვთა ფეხბურთიდან მოდის და, რამდენიც უნდა იძახონ, ფეხბურთს უდიდესი ყურადღება ეთმობაო, ყველაზე უპატრონო და მიგდებული სწორედ ეს სფეროა.
ჰო, უკვე გაირკვა, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამო“ ლიეტუვურ „ჟალგირისს“ ხვდება, გორის „დილას“ მეტოქე კვიპროსული „აპოლონი“ იქნება. სპეციალისტების აზრით, არც ერთ ქართულ კლუბს მოგების შანსი არ აქვს. ჰო, კვიპროსულ და ლიეტუვურ კლუბებთან უშანსოდ ვართ და ამის იქით, ალბათ, არც არაფერია.
P.S. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა „იბერია 1999“. თბილისური კლუბი და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სლოვაკურ „სლოვანს“ ხვდება და სლოვაკეთში ახლა იმაზე მსჯელობენ, ძირითადი შემადგენლობა წამოიყვანონ თუ არა. არ ვხუმრობთ, სერიოზულად არ აღგვიქვამენ და, ალბათ, მართლებიც არიან.
ლევან გაბაშვილი







