საბედისწერო სიტყვა, სამტუჩა მარწუხი და შეცდომა, რომელიც დანაშაულს აღემატება

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე

    31 მარტს გავრცელდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში.

    ამ ფაქტს მეორე დღესვე მოჰყვა საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის, განცხადება: „არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან. კრიზისი  უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს: როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის შედეგს ადრე თუ გვიან ქვეყნის შიგნითვე იწვნევს. ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბა, დღეს იძულებულნი არიან, ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ. პატარა ქვეყნების წინაშე არაერთი რისკი დგას: საექსპორტო გზების შეფერხება, კაპიტალის გადინება, საზოგადოების მზარდი შფოთვა გამომფიტავი ომის შედეგების გამო, აგრეთვე, ესკალაციის რისკები, მათ შორის – აშშ-ის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლანდელი მიდგომა იმავე პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ჯო ბაიდენიც პერიოდულად ატარებდა. დღეს თვით ნატოს ზოგიერთი მოკავშირე ვაშინგტონთან დისტანციის შენარჩუნების პოლიტიკას ირჩევს“.

    უდავოდ  მძიმე განცხდებაა. ამ ნათქვამში ბევრმა აშკარა მუქარა დაინახა. მე  ამ განცხადებაში გაფრთხილებას უფრო ვხედავ, ვიდრე მუქარას, მაგრამ ამ შემთხვევაში ირანის ელჩის განცხადების შინაარსსა თუ პათოსზე მნიშვნელოვანი ის რეალობაა, რომელშიც აღმოვჩნდით. ირანის ელჩს, საერთოდ, არანაირი განცხადება რომ არ გაეკეთებინა, ამით რეგიონში შექმნილი მძიმე რეალობა უკეთესობისკენ არ შეიცვლებოდა, ამიტომ ირანის ელჩის ლანძღვასა და წყევლას არსებული რეალობის სწორი გააზრება და სწორი სამოქმედო გეგმის დასახვა სჯობს.

    რას უნდა ნიშნავდეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, სატელეფონო ზარი საქართველოს პრემიერმინისტრ კობახიძესთან? დიდი ხანია, ჩვენ  აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვას (ამ სიტყვის ეტიმოლოგიაზე ქვემოთ შევჩერდები. აქ კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სწორედ ეს არის ის სიტყვა, რომელიც  საბედისწეროდ შეიძლება გვექცეს) ვითხოვთ ანუ ყველაფრის თავიდან დაწყება გვსურს, მაგრამ ვინ გვათხოვა ყური, ვინ შეისმინა ჩვენი ღაღადისი? უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, მაგრამ, როგორც ასეთ დროს ამბობენ-ხოლმე, ძაღლადაც არავის გვაგდებდა. ხომ გახსოვთ, ჯერ პრემიერმინისტრ კობახიძის, შემდეგ კი პრეზიდენტ ყაველაშვილის მუდარით აღსავსე წერილები, რომლებშიც პრეზიდენტ ტრამპისგან მცირეოდენ ყურადღებას მოითხოვდნენ. შემდეგ აშშ-ში ჩასული პრეზიდენტი ყაველაშვილი გვაიმედებდა, ტრამპი შემპირდა,  აუცილებლად დაგირეკავო. არ ვიცი, იყო თუ არა ასეთი შეპირება, მაგრამ, თუ იყო, შესრულება რომ არ მოჰყოლია, ხომ ვიცით?! ახლა კი უცებ სახელმწიფო მდივანმა სხვა საქმეები გვერდზე გასწია და პრემიერმინისტრ კობახიძესთან სატელეფონო საუბრისთვის მოიცალა. რა ვიფიქროთ? პირველი, ალბათ, ის, რაც საქართველოში ირანის ელჩს უფიქრია. შეიძლება ამერიკელებმა ჩათვალეს, რომ ირანის წინააღმდეგ ომში, რომლის არეალი თანდათანობით ფართოვდება, საქართველოც (რაღაც ფორმით) გამოიყენონ. სამწუხაროდ, ეს სავსებით ლოგიკურია ჩანს. ეს თუ ასეა, უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. ორ მონსტრს შორის აღმოვჩნდით, რომლის მარწუხის ერთ ტუჩს აშშ წარმოადგენს, მეორეს კი – ირანი.ეს ის მძიმე მარწუხია, რომელთა შორის მოქცევა გასრესვას გვიქადის. ირანის წინააღმდეგ აშშ-ის შემოთავაზებას თუ მივიღებთ, ეს ირანისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. უარის თქმის შემთხვევაში აშშ-ს ვუპირისპირდებით, კვლავ აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ჩვენთვის ერთიც და მეორეც დამანგრეველი იქნება.

    ის ფაქტი, რომ ირანის ელჩმა კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარში გარკვეული საფრთხე დაინახა, უკვე ნიშნავს ასეთი საფრთხის არსებობას, მაგრამ აგერ სხვა ფაქტიც: „რადიო „თავისუფლება“ Flightradar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ „1 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის სამხედრო-სატვირთო Boeing C-17 Globemaster III ტიპის თვითმფრინავი დაეშვა და აეროპორტი მალე დატოვა. გამოცემის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავი თბილისში გერმანიის ქალაქ რამშტაინიდან დაახლოებით 15:30 სთ-ზე ჩამოფრინდა, ხოლო აეროპორტი 16:03-ზე დატოვა. ჯერჯერობით დაშვების მიზეზი უცნობია. რადიო „თავისუფლების“ ცნობით, თბილისის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ Flightradar24-ზე ჩანდა, რომ თვითმფრინავმა სომხეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა და თურქეთის ტერიტორიაზე შევიდა, რის შემდეგაც Flightradar24-ის რადარიდან გაქრა. C-17 Globemaster III ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები სამხედრო ტექნიკის გადაზიდვის, ჯარისკაცების ტრანსპორტირებისა თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით გამოიყენება”.

    კობახიძისა და რუბიოს სატელეფონო საუბრის მეორე დღესვე თბილისის აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის დაშვება დამთხვევაა? დავუშვათ, მაგრამ რა ესაქმება ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავს თბილისში? საქართველოში ჩატარებული არჩევნების (2024 წ.) შემდეგ, რომელსაც დასავლეთიდან დაფინანსებული აურზაური მოჰყვა, ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლებას ერთი უბრალო მოსალოცი ბარათი არ აღირსა და მისი თვითმფრინავი (თანაც სამხედრო) ამ დაძაბულ სიტუაციაში თბილისში რატომ ჩამოფრინდა?ეს უადგილოდ და უსაფუძვლოდ დასმული შეკითხვაა? ვფიქრობ,  არა, პირიქით – სავსებით ლოგიკური შეკითხვაა.

    გარდა ამისა, რუბიოს სატელეფონო ზარი სწორედ იმ დროს დაირეკა, როდესაც ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია პატრიარქის ასარჩევად ემზადება. ჩვენ ვიცით დასავლეთის აბსოლუტურად მტრული და არაშემწყნარებლური დამოკიდებულება მართლმადიდებლობასთან, რის გამოც, ყველაფერს, რაც ამ სარწმუნოებასთან არის დაკავშირებული, გამადიდებელი შუშით უყურებს. ეს სატელეფონო საუბარი ახალი პატრიარქის არჩევასთანაც ხომ არ არის დაკავშირებული? აბა, რაღა მაინცდამაინც ახლა მოვენატრეთ ქართველები და საქართველო რუბიოს?! ეს უკვე მესამე ტუჩია მარწუხისა, რომლითაც გვიჭერენ და გვიჭერენ. აკი გავრცელდა კიდეც ინფორმაცია, რომ – “მსოფლიო პატრიარქი ბართლომე საქართველოს ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს და პატრიარქის თანამდებობაზე ორ კანდიდატს უჭერს მხარს”. ეს ის მსოფლიო პატრიარქია, რომელიც გულმოდგინედ ებრძოდა და ებრძვის რუსულ მართლმადიდებლობას რუსეთშიც და უკრაინაშიც.

    ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი

    არის აქედან გამოსავალი? იქნებ ის მდგომარეობაა უკვე შექმნილი, როდესაც სულერთია, აღმოსავლეთი დაგვანგრევს თუ დასავლეთი? გამოსავალი და საშველი იმ ვითარებაშიც უნდა ეძებო, რომელიც  თეორიულადაც არ არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიცით, რომ იგი არსებობს. ეს გამოსავალი ისტორიულად ცნობილი და აპრობირებულია. იგი ჩვენგან ჩრდილოეთით მდებარეობს და მას რუსეთი ჰქვია.ეს სახელმწიფო ერთ-ერთი გეოპოლიტიკური პოლუსია პლანეტისა. იგი მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი კულტურის უზარმაზარი ცენტრიცაა. რუსეთთან სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი ისე მომწიფდა, რომ არანაირი სხვა მიმართულება, რომელიც შეძლება  ჩვენთვის მის ალტერნატივად განიხილებოდეს, არ ჩანს. საქართველო ახლა აბსოლუტურად დაუცველია. ჩვენ არც დამოუკიდებელი (თუნდაც რამდენადმე ანგარიშგასაწევი) სამხედრო ძალა გაგვაჩნია და არც უსაფრთხოების კოლექტიური ქოლგა. ირანი რაკეტებს უშენს ისეთ ეკონომიკურ და ენერგოგიგანტებს, როგორიცაა საუდის არაბეთი ან ქუვეითი. საქართველოდან მცირეოდენი საფრთხის  შემთხვევაში ვინ და რა შეაკავებს მას? ჩვენ რით ვუპასუხებთ ან რით დავიცავთ თავს? ისრაელს ამერიკული ე.წ. რკინის გუმბათი და თვით ბირთვული იარაღიც კი, რომელიც, როგორც, ამბობენ, აქვს, ვერ იცავს და ჩვენ რა დაგვიცავს? დაუჯერებელია, რომ საქართველოში ეს საკითხი უმაღლეს დონეზე არ იხილებოდეს, მაგრამ ერთია განხილვა, მეორე – სწორი დასკვნის გაკეთება. ეს სწორი დასკვნა არ ჩანს და არც იმის იმედი ჩანს, რომ ხვალ ან ზეგ გამოჩნდება. რუბიოს ერთი სატელეფონო ზარის შედეგად გაჩენილმა სრულიად უსაფუძვლო იმედმა ისე თუ აგვირია გზა-კვალი, რომ ირანთან დაპირისპირებასაც აღარ ვერიდებით, ეს უკვე საშიში სიმპტომია. ასეთ შემთხვევაში რა აზრი ჰქონდა რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე მტკიცე უარის თქმას და დასავლეთის განაწყენებას, თუკი სხვა ანალოგიურ ვითარებაში მზად ვიქნებოდით აშკარა დარტყმის ქვეშ ქვეყნის დასაყენებლად?! არ ვამტკიცებ, რომ ასეთი ყოვლად უგუნური გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში გარკვეულ ძალებს აშშ-თან ურთიერთობის „გადატვირთვა” ისე სწყურიათ, ვერაფერს  გამოვრიცხავთ. ერთხელ ჰილარი კლინტონმა, რომელიც იმხანად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა, ჟენევაში, რამდენიმე წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ სერგეი ლავროვს სიმბოლური ღილაკი აჩუქა, რომელზეც რუსულად ეწერა სიტყვა „პერეგრუზკა”, ნაცვლად სიტყვისა „პერეზაგრუზკა”. ამერიკელებმა რუსებს, განტვირთვის ნაცვლად, შეცდომით გადატვირთვა შესთავაზეს. განტვირთვა („პერეზაგრუზკა”) დაძაბულობის მოხსნას, ტვირთის განულებას ნიშნავს, გადატვირთვა („პერეგრუზკა”) კი პირიქით – დამძიმებას, დასაშვებზე ზედმეტ დატვირთვას ნიშნავს. ელექტრობაში გადატვირთვა აფეთქებისა და ხანძრის გამომწვევია, პოლიტიკაშიც ასეა. ამერიკელებმა შინაარსის შესაბამის რუსულ სიტყვას რომ ვერ მიაგნეს, გასაგებია, მაგრამ ქართველები შინაარსის შესაბამის ქართულ სიტყვას რომ ვერ პოულობენ, გასაკვირიცაა და დასანანიც, იქნებ, სიმბოლურიც. მათ სურთ, რომ ამერიკელებთან პოლიტიკური დაძაბულობა განტვირთონ, მაგრამ გაიძახიან, ურთიერთობები უნდა გადავტვირთოთო. მესმის, რომ საქართველოში ე.წ. აიტიშნიკები ამ სიტყვას არასწორად იყენებენ და ეს მასობრივ მოვლენად იქცა, მაგრამ ხელისუფლებისა და მთავრობის უმაღლესი პირები ქართულ ენას ასე უდიერად არ უნდა ექცეოდნენ. ეს იმ ტიპის შეცდომა არ არის, უნებლიეს (ლაფსუსს) რომ უწოდებენ, ეს მძიმე შეცდომაა. ენობრივი შეცდომა პოლიტიკურში როცა გადადის, მას შესაძლებელია გაცილებით მძიმე შედეგი მოჰყვეს, ვიდრე მეტყველებაში დაშვებულ ლაფსუსს. როგორ შეიძლება, ადამიანი მშობლიურ ენაში რომელიმე სიტყვას საპირისპირო მნიშვნელობით იყენებდეს და ამას, გონებით თუ ვერა, მუსიკალური სმენით მაინც ვერ გრძნობდეს, მართალი გითხრათ, ვერ ვხვდები, ამიტომ ამერიკელებმა მათი უხეირო პილიტიკითა და თარგმანით რა „პერეგრუზკასაც” რუსებთან მიაღწიეს, ისეთსავე „გადატვირთვას” მიაღწევენ ესენი დასავლეთთან თავიანთი უხეირო ქართულითა და პოლიტიკით, თუ, რა თქმა უნდა, მიდგომებს (შეცდომებს) არ გაასწორებენ.

    შეცდომის დაშვების უფლება კი არ გვაქვს, რადგან ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეცდომა დანაშაულს აღემატება.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                  

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here