Home რუბრიკები საზოგადოება სოფელი, რომელიც ღონიერი იყო…

სოფელი, რომელიც ღონიერი იყო…

3732

სოფელი ყოველთვის იყო ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის ბურჯი. “სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია”, _ უთქვამს ხალხს. წარსულში ჩვენი ქვეყნის მეფეები დიდ მფარველობას უწევდნენ და ხელს უწყობდნენ სოფელსა და გლეხკაცობას… მეფე არჩილმა შთამომავლობას ანდერძად დაუტოვა: “თუ ამოწყდა გლეხი კაცი, საქართველო დაძაბუნდეს”. ეს სიტყვები ჩვენს პოლიტიკოსებს გულის ფიცარზე უნდა დაეწერათ, მათი საქმიანობის მთავარ სამოქმედო ღერძად უნდა ექციათ.

ვარდების რევოლუციის მესვეურები პარლამენტში რომ შეცვივდნენ და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, ქვეყნის განვითარების ორ ვერსიაზე ყოფილა საუბარი _ ტურიზმის ან სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. როგორც ამბობენ, მათ “იდეოლოგს”, ბოკერიას, კატეგორიულად მოუთხოვია ტურიზმის განვითარება და ქვეყნის გადარჩენა ამით მოუნდომებია.

გეკითხებით: მათმა პოლიტიკამ სოფელი მთლიანად გააპარტახა, ადამიანები სხვა ქვეყნებში გადახვეწა, რათა მონური შრომით როგორმე ეშოვათ ლუკმაპურის საფასური, არის თუ არა ეს სისტემური დანაშაული? სოფლად რომ კაცს აღარ ეცხოვრებოდა, არ იცოდნენ?!

დღეს საქართველოს სოფლები ისეა გაუბედურებული, რომ დიდი ძალისხმევაა საჭირო მათ ასაღორძინებლად და ფეხზე დასაყენებლად, “ნაციონალების” ქმედებამ ხალხს რწმენა, ხვალინდელი დღის იმედი დაუკარგა, ადამიანები იქამდე მიიყვანა, რომ სოფლისკენ გახედვაც აღარ უნდათ…

საქართველოს სამი დაუძინებელი მტერი ჰყავდა:

პირველი _ ანტიეროვნული მთავრობა, “ნაციონალებისსახით, რომლის წევრებიც მთლიანად მოსწყდნენ ქართულ ტრადიციებსა და ყოფას, გაემიჯნენ ხალხს და მისი ტკივილი არად მიიჩნიეს; რომელიმე გაჭირვებულს წელიწადში ერთხელ მოინახულებდნენ, მერე მთელი წელი ატრიალებდნენ ტელევიზიაში. საკუთარ კეთილდღეობასა და გართობაზე ფიქრობდნენ _ მთლიანად დაივიწყეს სოფელი, მხოლოდ არჩევნების დროს გაახსენდებოდათ, რომ იქაც ხალხი ცხოვრობდა; არ ცდილობდნენ სოფლად სამუშაო ადგილების შექმნას; პირიქით _ თუ რომელიმე სოფელში კულტურული კერა იყო გადარჩენილი, ცდილობდნენ მის მოსპობას, ამცირებდნენ შტატებს და ა.შ.

მეორე _ ტელევიზია. გადაცემებში იშვიათად ჩნდება სოფელი. მე არ მინახავს, რომელიმე ტელევიზიას (გარდა საპატრიარქოს ტელევიზიისა, მაგრამ სამწუხაროდ, ის მხოლოდ თბილისისთვის მაუწყებლობს) მოეწვია სწავლული, რომელიც სოფლის ხალხს რჩევა-დარიგებას მისცემდა, დაინტერესდებოდა მათი ცხოვრებით, სიტყვით მაინც დაეხმარებოდა იმ სიძნელეების დაძლევაში, რომლებიც მათ აწუხებთ.

მესამე _ საქართველოს ბანკები იპოთეკური სესხებით აბეჩავებდა ხალხს, რომელიც თვიდან თვემდე იმაზე ფიქრობდა, ბანკის პროცენტი როგორ გადაეხადა. ამას ერთვოდა გაზრდილი კომუნალური გადასახადები და სხვა მრავალი.

მართალია, 1,25 ჰა მიწის ნაკვეთი ყველა ოჯახს მისცეს. ამას მოჰყვა ის, რომ სოფლიდან გასული ადამიანები დაბრუნდნენ და დაეპატრონენ მამა-პაპის კერას, მაგრამ, როცა დაინახეს, რომ მათ მხარში არავინ დაუდგა, დატოვეს ნაკვეთები და ისევ ქალაქს დაუბრუნდნენ. მთავრობამ ამით ვალი მოიხადა, ეგონა, გლეხი შეძლებდა მიწის მოვლაპატრონობას, მაგრამ დაავიწყდა, რომ ეს ის გლეხი აღარ იყო, რომელიც კერძოობის დროს ცხოვრობდა. სამოცდაათი წელი სხვა ჩასჩიჩინებდა, _ გამოდი კოლექტივში, ახლა სხვლის დროა, ახლა _ თოხნის და .. გლეხს ინდივიდუალურად გაუჭირდა ნაკვეთის დამუშავება, ეს კი არავინ გაითვალისწინა. თანაც გლეხს მხოლოდ მიწა მისცეს; თუ რამე შემნახველ სალაროში ჰქონდა, უკან ვეღარ მიიღო; ტექნიკაზე ხელი არ მიუწვდებოდა, ტრანსპორტი არ ჰქონდა, 10-15 კილომეტრით დაშორებულ მიწის ნაკვეთში ფეხით მიდიოდაეგ არის და ეგ…

ხალხის გაჭირვებით ისარგებლეს “ნაციონალებმა”, _ ბევრ რამეს დაგვპირდნენ, მაგრამ გამარჯვების შემდეგ ყველაფერი დაავიწყდათო.

თუ ვინმე დაასახელებდა მეზობელი ქვეყნის მთავრობას, რომელიც თავის ხალხს ეხმარებოდა, მაგალითად, აზერბაიჯანს, იმ წამსვე მიახლიდნენ, იმათ ნავთი აქვთო.

დალოცვილო, ნავთი არ გვაქვსმაგრამ სასმელ წყალს მიაქვს ქვეყანა, ვისმე წამოსცდენია წყლით მაინც შეღავათს გაგიწევთ და გადასახადს ნუ გადაიხდითო?.. ახლა მაინც ჩაიხედონ საკუთარ გულში, რა გაუკეთებიათ ქართული ეკონომიკის ასაღორძინებლად, გარდა ბიზნესმენების ძარცვისა! უფიქრიათ, რომ მსოფლიოში გაეტანათ სასმელი წყალი, რომლის დეფიციტსაც განიცდის კაცობრიობა?

რა ნამუსით გამოდიან და ხალხს ეჩვენებიან?!

“ნაციონალებმა” ქართველი ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ჩააგდეს, აქციეს მეწველ ფურად, დაიწყეს ქართული მიწების მიყიდვა უცხოელებისთვის.

ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ, რომ ბინძური გეგმის ბოლომდე შესრულება არ დასცალდათ…

როცა შევხედეთ, “ნაციონალებს” საით მიჰყავდათ ქვეყანა, დავაარსეთ “ნიკო ფიროსმანაშვილის მემკვიდრეობის გადარჩენის ფონდი”.

ფონდის მიზანია არა მხოლოდ ლეგენდარული მხატვრის შემოქმედებაზე ზრუნვა, არამედ ტრადიციების შენარჩუნება, სოფლად სამუშაო ადგილების შექმნა, განადგურებული კულტურული კერების გამოცოცხლება, რომლებიც “ნაციონალებმა” მოსპობის პირას მიიყვანეს. კულტურის სახლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში შეამცირეს, ზოგან კი მთლიანად გააუქმეს საშტატო ერთეულები.

მაგალითისთვის დავასახელებ ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმს. არც ისე დიდი ხნის წინათ მუზეუმს 60 შტატიანი თანამშრომელი ემსახურებოდა. “ნაციონალებმა” 16 კაცამდე დაიყვანეს, რომლებმაც ყურადღება უნდა მიექციონ:

1. ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსს, რომელსაც 5 ჰა ფართობი უკავია და რომელშიც განთავსებულია საექსპოზიციო საგამოფენო დარბაზები, მხატვრის მიერ 1898 წელს აშენებული მემორიალური სახლი, ბიძაშვილების 2 საცხოვრებელი ოთახი, ღვინის მარანი, სათონე, ადმინისტრაციული კორპუსი და სხვა ეთნოგრაფიული ნაგებობები;

2. ზემო მაჩხაანის შინმოუსვლელთა დიდების მუზეუმს, რომელსაც 8 ჰექტარი ტყე-პარკი უკავია;

3. თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე არსებული მხატვრის მემორიალური სახლ-მუზეუმს.

ოთხ დაწესებულებას ერთი დამლაგებელი ემსახურება. ვფიქრობ, ცინიზმი ამაზე შორს აღარ წავა. ამას ამართლებდნენ იმით, რომ ბიუჯეტს ფული არ აქვსო, თუმცა თვითონ არაფერს იკლებდნენ და ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. ეს ერთი მაგალითი დავასახელე და რამდენია ასეთი! თვალში ნაცარს გვაყრიდნენ, და დღესაც ყოფნით თავხედობა, გვიმტკიცონ, რომ მათი ქმედება სისტემური დანაშაული არ იყო

ამ ეტაპზე სოფლის აღორძინება ასე გვესახება: ახალგაზრდობის მოზიდვის მიზნით სიცოცხლისუნარიანი უნდა გახდეს სოფლად გადარჩენილი კულტურის კერები. უნდა გაცოცხლდეს მივიწყებული ტრადიციები, ხელი უნდა შევუწყოთ ისეთი დარგების აღდგენას, როგორიც იყო მეაბრეშუმეობა; რომელიმე სოფელში უნდა დაარსდეს მეაბრეშუმეობის პირველადი გადამმუშავებელი საამქრო, რომელიც ჭიის პარკს მიიღებს მოსახლეობისგან, გადაამუშავებს და ყაჭის რეალიზაციას მოახდენს ოდითგანვე ასე იყო, საქართველოდან გადიოდა, მხოლოდ ძაფი (ყაჭი). უნდა აღდგეს მეთუნეობა, ქსოვა; მოსახლეობამ სახელმწიფოსგან უნდა მიიღოს შეღავათიანი კრედიტი ბინების გასარემონტებლად, ტურისტების მისაღებად, ყველა ღონისძიება უნდა ვიხმაროთ ოჯახური სასტუმროების მოსაწყობად.

ქართველმა ახალგაზრდობამ დაივიწყა მესაქონლეობა და ის ძირითადი დარგები, რომლებითაც ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერდებოდა. აუცილებელია, რეგიონებში შეიქმნას კოლეჯის მსგავსი სასწავლებლები, რათა ახალგაზრდები დაეუფლონ სოფლის მეურნეობის დარგების გაძღოლის სპეციფიკას. ამ ყველაფერში კი ჯეროვან წვლილს შეიტანს ზემოთ დასახელებული ფონდი.

დასასრულ, მინდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივმართო:

ბატონო ბიძინა, ნიკო ფიროსმანაშვილის თაყვანიმცემლების, მისი მუზეუმის თანამშრომლების სახელით უღრმეს მადლობას გიხდით, რომ შეიძინეთ მხატვრის ნამუშევარი “არსენალის მთა ღამით” და საქართველოში დააბრუნეთ.

სოფლის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სასურველი იქნებოდა, აღნიშნული ტილო მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმისთვის გადმოგეცათ. ეს სოფლის მკვიდრთ ხალისს შეჰმატებდა, ისინი დარწმუნდებოდნენ, რომ მათაც პატივს სცემენ.

მაგრამ ამას აღარაფერი ეშველება. დიდი მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ!

ბატონო ბიძინა, მრავალი სასიკეთო საქმე არის თქვენს სახელთან დაკავშირებული, არ შევუდგები მათ ჩამოთვლას, მაგრამ მინდა, რომ კიდევ ერთი დიდებული საქმით დაამშვენოთ თქვენი ბიოგრაფია. ქართველი ერის სიამაყის, უკვდავი შოთა რუსთაველის მიუზეუმი, ჩვენდა სამარცხვინოდ, თბილისში არ არსებობსკარგი იქნება, თუ ამ დიდებულ საქმეს პრეზიდენტის სასახლე დაეთმობა, რომელშიც წარმოვაჩენთ მთელ XII საუკუნეს, რომელიც საქართველოს ისტორიაში ოქროს საუკუნედ იწოდება.

ანზორ მაძღარაშვილი,
მირზაანისა და თბილისის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმების დამაარსებელი, კულტურის დამსახურებული მუშაკი, დიმიტრი ყიფიანის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენოსანი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here