ედიშერ გვენეტაძე: სოციალური პრობლემებით გაწამებული ხალხი გაჭირვებას დიდხანს ვეღარ მოითმენს

    ,,პარლამენტარის ხელფასი 31-ჯერ მეტი რომაა პენსიონერის პენსიაზე, გამართლება არ აქვს”

    ედიშერ გვენეტაძე

    2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით,  70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზრდება და 370 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

    პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს  ყოველთვიური ხელფასი ექნებათ თითოეულს 16 000 ლარი, წლიურად _ 192 000 ლარი;  მინისტრს _ თვეში 13 600 ლარი, წლიურად _ 163 200 ლარი.

    ზემოხსენებულმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თუკი სოციალურ პრობლემებზე აქამდე ხმას არავინ იღებდა და მხოლოდ სოციალურ ქსელებში აპროტესტებდნენ, ნელ-ნელა ქუჩაშიც გაჩნდა პროტესტის კერები, მართალია, ცოტა ხალხით, მაგრამ მაინც, რომელიც შეიძლება აზვირთდეს.

    ქვეყანაში ბევრია სოციალური პრობლემა. ეს განსაკუთრებით საგრძნობია წინასაახალწლო დღეებში, როდესაც რიგითი ქართველის ხელფასი პროდუქტების ფასებს ვერ ეწევა…

    რატომ მოიმატა მნიშვნელოვნად მაღალჩინოსანთა ხელფასებმა, პენსიამ კი  მცირე რაოდენობით? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისტორიკოსი, ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე გვესაუბრება: 

    _ როგორც რიგითი ქართველი, შეწუხებული ვარ, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს ძალიან მაღალი ხელფასები აქვთ, პენსიონერებსა და რიგით მოქალაქეებს კი არსებობა უჭირთ.

    სოციალური პრობლემები გადასაწყვეტია ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად. ის პარტიები, რომლებიც სოციალური პრობლემის მოგვარებით დაინტერესდებიან, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებზე წარმატებასაც მიაღწევენ, მეტიც _ შანსი ექნებათ, უმრავლესობით მოვიდნენ პარლამენტში.

    სოციალური პრობლემები უმნიშვნელოვანესია იმ პრობლემათაგან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. პარლამენტარის ხელფასი 31-ჯერ მეტი რომაა პენსიონერის პენსიაზე, გამართლება არ აქვს.

    ჩვენი სახელმწიფო ახალი ფეხადგმულია. ვფიქრობ, მაღალჩინოსნებს ამხელა ხელფასების ფონზე ხელი აღარ უნდა წაუცდეთ და ბიუჯეტის ფული არ უნდა გაფლანგონ, კორუფცია უნდა შემცირდეს. ალბათ, ასეც იქნება… აქვე ვიტყვი იმასაც, რომ მაინც გაუმართლებელია თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ასეთი მომატება.

    _ ამბობთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გადაწყდეს პენსიის საკითხი. თავიანთი ხელფასების საკითხი რომ გადაეწყვიტათ ნაბიჯ-ნაბიჯ, არ ჯობდა?

    _ დიახ, სამწუხაროდ, მაღალჩინოსანთა ხელფასებმა ნახტომისებურად მოიმატა.  ჩვენი ქვეყანა ომშია. დესტრუქციული ძალები ყველანაირად ცდილობენ აქ არეულობის მოწყობას, სურთ, ცეცხლი იყოს საქართველოში. უკრაინის ომი დასრულდება,  დაძაბულობა ჩაცხრება და მერე ყველაფერს უნდა მივხედოთ. სოციალური პრობლემებით გაწამებული ხალხი  გაჭირვებას დიდხანს ვეღარ მოითმენს. ეს ხელისუფლებასაც დაარტყამს. შემოსავლები თანაბრად არის გადასანაწილებელი.

    _ ხალხი ამბობს: ,,ნაცები მდიდრებს ატყავებდნენ, ხოლო ქოცები _ ღარიბებს”-ო, რაც, დამეთანხმებით, კარგი არ არის… ეს საუბრები მას შემდეგ დაიწყო, რაც გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ 10 თვის განმავლობაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაჯარიმებულთა თანხამ მილიონ რვაას ორმოცდაათ ლარს გადააჭარბა…

    _ მე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობ. ქართული გამონათქვამია ასეთი: ,,ერთი თხისკენ, მეორე მგლისკენ”. ტრანსპორტში შემოდიან ადამიანები და, სანამ მერიის თანამშრომელს არ დაინახავენ, ბილეთს არ იღებენ. ესეც არ არის კარგი. ადამიანი ერთი ლარის საფასურად რამდენიმეჯერ გადაადგილდები საათ-ნახევრის განმავლობაში და ამისთვის კი უნდა გადაიხადო…

    ქვეყანაში პრობლემები არის, მაგრამ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ძველ დროშია ჩარჩენილი,  როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას 5 კაპიკსაც არ იხდიდა… ჩვენ დედაქალაქზე უნდა ვზრუნავდეთ, არადა, ავტობუსის გაჩერებებზე მინები ჩამსხვრეულია, სკამები _ დამტვრეული, გაზონებზე გადარბიან, ამასაც სხვას ხომ ვერ დავაბრალებთ?! გაკეთებულს ძალით აფუჭებენ. აგრესია თუ გაქვს, რაღაცას აპროტესტებ, ქალაქს რას ერჩი?

    მართალია, ყველა სფეროში პრობლემებია, ყველა სამინისტროს აქვს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ, საკუთარ ქალაქს თუ დაანგრევ, ამით რა გამოსწორდება?

    _ ახალი წელი მოდის, ყველა ოჯახი ცდილობს, მას ხვავითა და ბარაქით შეხდეს, მაგრამ ყოველ წელიწადს უფრო და უფრო მძიმდება ვითარება საქართველოში. 13 წელიწადია, ,,ქართული ოცნება”  ხელისუფლების სათავეშია, მაგრამ ხალხი კეთილდღეობისგან შორსაა…

    _ ცხოვრება ძალიან გაძვირდა, უჭირს ხალხს. მართალია, ეკონომიკური ზრდაა, მაგრამ ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლებით ევროპის ღარიბი ქვეყნების დონეზეც არ ვართ, ეს პრემიერმა თვითონ განაცხადა. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ არ ვისურვეთ სოციალიზმი, ხოლო კაპიტალიზმი, რომელიც ავირჩიეთ, სწორედ ასეთი დაუნდობელია…

    ხელისუფლება უნდა ვაკრიტიკოთ გამუდმებით და დაუნდობლად, მაგრამ ამჟამად ვერ ვაკრიტიკებ, რადგან მისი კრიტიკა დესტრუქციული ძალების წისქვილზე დაასხამს წყალს…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here