ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იწყება განათლების სისტემის რეფორმა, რომელიც, ბუნებრივია, ძალიან კარგია, მაგრამ ცვლილებები, რომლებიც დაიგეგმა, არ ეხება სახელმძღვანელოებს, ყოველ შემთხვევაში ამაზე არაფერი უთქვამთ…
თუ არ შეიცვლება სახელმძღვანელოები, აქვს კი აზრი განათლების სისტემის რეფორმას? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პარტიის ,,სოლიდარობა მშვიდობისათვის” თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:
_ იმ სისტემას, რომელიც ახლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებშია, საერთო არაფერი აქვს განათლებასთან.
1992 წლიდან მიმდინარეობს ახალგაზრდების გამოთაყვანება. ეს სრულად აისახა ე.წ. ბოლონიის პროცესში, რომელმაც მოკლა უმაღლესი განათლება კოლონია საქართველოში. მესამე-მეოთხე კლასელების 40%-მა წერა-კითხვა არ იცის გამართულად, სკამზე ჯდომაზე, მოსმენასა და აზრის გამოტანაზე არაფერს ვამბობ… რეფორმა ნიშნავს არსებულის კორექტირებას, გადახალისებას, მაგრამ მიცვალებულის რეფორმირება პირველად მესმის. საქართველოში განათლება მკვდარია! რა რეფორმა, რის რეფორმა?! ვინმემ დადო კონცეფცია? მხოლოდ ის გაიგო უბედურმა ერმა, რომ ვაკის ტერიტორიაზე არსებული შენობების დიდი ნაწილი გაიყიდება. ისე, სიმართლე ვთქვათ, რისთვის გვჭირდება განათლება? აგერ გაუნათლებელმა ჯაყომ თავადის ცოლიც მიითვისა და მის სახლ-კარსაც დაეუფლა. რისთვის სჭირდება განათლება კოლონიაში მცხოვრებ ადამიანს, რომელიც მოსამსახურედ იქცა?!.. ნორმალურ ქვეყნებში რეფორმას ჯერ ამზადებენ, ბჭობენ, განიხილავენ და მერე გამოაქვთ საჯაროდ. განათლება არ არის შენობა და ინვენტარი. განათლება არის პედაგოგი, რომელიც ყველაზე დაუცველია. მასზე ძალადობს მოსწავლე, მშობელი, დირექტორი და ა.შ. ახლა ასე დავსვათ კითხვა _ რა შედეგზეა გათვლილი ეს რეფორმა? ჩემი აზრით, რასაც ჯერ ვისმენთ, სრული გაუგებრობაა. თქვეს ,,ერთი ქალაქი _ ერთი ფაკულტეტი”, მაგრამ არავის განუმარტავს, როგორ წარმოუდგენიათ ეს და რა შედეგს მივიღებთ. ვინ განახორციელებს ამ რეფორმას? ვშიშობ, ამ რეფორმამ კიდევ უფრო არ გააძლიეროს მოთხოვნა ლიბერალურ კერძო უნივერსიტეტებზე, რომლებშიც, 13 წელიწადია, წარმატებით მიმდინარეობს ლიბერალური იდეოლოგიის დანერგვა. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ იმ წინაპირობებით, რომლებსაც დღეს ვისმენთ, დიდი იმედი არ მაქვს, ამ რეფორმით წარმატებას მივაღწიოთ…
_ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში გეორგიევსკის ტრაქტატიდან დღემდე რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაზე კარგი არაფერი წერია, ეს კი ახალგაზრდებს რუსეთის სიძულვილს უღვივებს…
_ ის არ არის ისტორიის სახელმძღვანელო, ტყუილების კრებული, გაუკუღმართებული ისტორია და უმადურობის პიკია. ისტორიის გაყალბებამ მოგვიყვანა ამ მდგომარეობამდე. დასავლელი პარტნიორების მცდელობით ყველაფერი გაკეთდა საქართველოს ისტორიის დასამახინჯებლად. ისე, რატომ მოვითხოვთ დამპყრობლისგან ან განათლებას, კულტურას ან ეკონომიკას?!
რატომ უნდა ეწეროს კარგი რამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ამ ვაი-სახელმძღვანელოებში? ბოლო 35 წლის განმავლობაში ყველაფერი კეთდებოდა და კეთდება იმისთვის, რომ რუსეთი, რომელმაც არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ზნეობრივად, კულტურულად და მატერიალურად გადაარჩინა საქართველო, მტრად და ოკუპანტად გამოაცხადონ.
1800 წლამდე საქართველოში არ ყოფილა ერთი სკოლა, თეატრი ან საგანმანათლებლო კერა მაინც. წერა-კითხვა სამღვდელოების მცირე რაოდენობამ და თავადების ოჯახის წევრების ნაწილმა იცოდა. იყალთოს აკადემიის მქონე ერი ისე დაეცა, რომ გაუნათლებელ ერად იქცა. ბევრი შეიძლება ვისაუბროთ და ძალიან მწარედაც, მაგრამ რეალობა ასეთია: უმადურობით, ეფემერული ნათელი მომავლის ძიებაში აგვერია მტერ-მოყვარე და მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე. თუ ასე განვაგრძობთ, 20 წელიწადში მივალთ იმ დონემდე, რომელზეც ვიყავით 1800 წელს. სანამ რუსეთისა და სსრკ-ის როლი არ შეფასდება ჯეროვნად საქართველოს გადარჩენაში, მაჩანჩალები და ფიზიკური მოსპობის საფრთხის წინაშე ვიქნებით. კმარა ილუზიებში ცხოვრება!
ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები და ვხედავ, რომ უიმედობის არანახული ფონია. ჩვენი მოსახლეობა დაიღალა მომავლის შიშით. მდიდარიც ნერვიულობს და ღარიბიც, დასაქმებულიც და უმუშევარიც. ეს ქვეყანაში მძიმე ფონს ქმნის. ერთ მაგალითს მოვიყვან: საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოს ექსპორტის უდიდესი მდგენელი იყო ჩაი. საქართველო ამ პროდუქტით 96%-ით აკმაყოფილებდა სსრკ-ის მოთხოვნას. მოვიდა ინვესტორი ,,მარტინ ბაუერი” და, ამან რა შედეგიც გამოიღო, ყველამ ვნახეთ: განადგურდა მეჩაიეობა _ ეს სტრატეგიული დარგი. კიდევ ბევრი მაგალითის დასახელება შეიძლება, მაგრამ ახლა ამით შემოვიფარგლოთ.
_ არაბული გრანდიოზული ინვესტიციის საქართველოში შემოსვლა ახალგაზრდებს არ აშფოთებს, მაგრამ ინვესტიცია რუსული რომ ყოფილიყო, წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა?
_ ეს რუსული ინვესტიცია რომ ყოფილიყო, მტრისას, მთელი სალიბერასტო ქუჩაში იქნებოდა, ინვესტორების ოფისი კი _ დარბეულ-განადგურებული. რუსული ყველაფერი მიუღებელია, მაგრამ რუსეთმა ერთი თვით მაინც რომ შეაჩეროს იმ სტრატეგიული პროდუქტების მოწოდება, რომელთა გარეშეც ვერ ვიარსებებთ, მერე ნახეთ კოლაფსი.
ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ ინვესტიციად რთული წარმოსადგენია მშენებლობა, რომელსაც, შესაძლოა, ექნეს მყისიერი ეფექტი, მაგრამ არ იქნება ხანგრძლივი მოქმედების ეფექტის მქონე. ერთჯერადად, კი ბატონო, მაგრამ მერე? მესმის, რომ ხელისუფლება ცდილობს ეკონომიკური პარამეტრებისა და სტატისტიკის გადარჩენას და ეს ციფრებშიც აისახება პირველ ეტაპზე.
დღეს კატასტროფულად გაზრდილი ფასები განპირობებულია უცხოელებზე მორგებული მსყიდველუნარიანობით და ეს მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს მოსახლეობას. ახლა წარმოვიდგინოთ უცხო ქვეყნების ასიათასობით შეძლებული და გადახდისუნარიანი მოქალაქე და ჩვენი პენსიონერები და დაბალი ანაზღაურების მქონე მოქალაქეები. ჩვენი ხელფასები კონკურენციას ვერ გაუწევს მათ გადახდისუნარიანობას, რაც გამოიწვევს კოლაფსს. მთელი ერი ან მოსამსახურე პერსონალად იქცევა, ან ქვეყნიდან გაიქცევა, ან ამაყად დაელოდება აღსასრულს. მაპატიოს მკითხველმა მწარე სიმართლის თქმისთვის, მაგრამ მერწმუნეთ, უფრო ცუდად არის საქმე, ვიდრე ჩვენ გვგონია!..
მოვრჩეთ იმ ილუზიაში ცხოვრებას, რომ ვინმე აქ ფაბრიკა-ქარხნებს ააშენებს, ეს გამორიცხულია! ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მრეწველობა არ არის გათვალისწინებული. რაც გვქონდა, ისიც მიწასთან გავასწორეთ. ჩვენ უნდა ვიქცეთ მომსახურე პერსონალად, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური კუთხით.
სანამ მოსახლეობა საკუთარ ჯიბეზე არ იგრძნობს შეღავათს და ვერ დაინახავს პერსპექტივას, ნიჰილიზმი მუდამ იქნება.
კიდევ ერთი _ ჩემი აზრით, ხელისუფლებამ სათანადოდ არ ახსნა, როგორც განათლების რეფორმის, ისე ინვესტიციების საკითხი. როდესაც ოპოზიციის სახით მთელი დასავლეთი ჩასაფრებულია, საჭიროა მეტი გამჭვირვალობა, რათა არ დარჩეს კითხვის ნიშნები და სალაპარაკო არ მიეცეთ ლიბერალურ ძალებს.
პირადი ინტერესებით მოქმედი ოპოზიცია რუსეთთან დაახლოებას საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობის დასასრულად აღიქვამს.
ოდესმე ყველაფერს ეშველება, მაგრამ ჩვენ გვყავს დაზიანებული 2 თაობა, რომელთა შემობრუნება, მათთვის იმედის ჩასახვა, მხოლოდ სასწაულს შეუძლია. რა ესმოდათ ჩვენს შვილებს 1992 წლიდან? _ კარგი არაფერი… საქართველოს ტოვებენ არა მხოლოდ დაბალი შემოსავლების მქონე, არამედ საკმაოდ შეძლებული და მაღალ სოციალურ საფეხურზე მდგომი ოჯახის შვილებიც.
ერთი რამის იმედი მაქვს _ თუ ჩვენი ახალგაზრდები დაინახავენ და მიხვდებიან, რომ საქართველოში ცხოვრება უკეთესია, ვიდრე დასავლეთში, მაშინ შეიძლება მათი დაბრუნება, მაგრამ ჯერ ამის წინა პირობას ვერ ვხედავ.
მეშინია, იმ ვითარებაში არ აღმოვჩნდეთ, რომ ისევ მოგვიწიოს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა.
დასასრულ ისევ დავსვამ შეკითხვას: სად ვართ და რა გვინდა _ გვინდა, ისევ ისე გაგრძელდეს ყველაფერი, როგორც 35 წლის განმავლობაში, თუ გავაანალიზოთ ეს დამანგრეველი ეტაპი, გავარჩიოთ მტერ-მოყვარე და ვიფიქროთ ქვეყნის მომავალზე და არა საკუთარი ჯიბის გასქელებაზე?
მივმართავ მათ, ვისაც ჰგონია, რომ დაგროვილი მილიონები უზრუნველყოფს მათი ოჯახების ბედნიერ მომავალს: ადრე თუ გვიან, ყველას მოუწევს პასუხისგება უფლისა და ხალხის წინაშე!..
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







