ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ცდილობენ მსოფლიოში მშვიდობის პერსპექტივის ჩამოშლას, თუმცა, მისივე თქმით, აშშ-რუსეთის თანამშრომლობა გაიმარჯვებს.
„დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ომის მომწყობები ძალიან, ძალიან ცდილობენ მშვიდობის პერსპექტივების ჩაშლას. თუმცა, დიალოგი, მშვიდობა და აშშ-რუსეთის თანამშრომლობა გაიმარჯვებს“, – წერს დმიტრიევი სოციალურ ქსელში.
ამასთან, დმიტრიევმა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს პოზიტიური და მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი უწოდა.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას უნგრეთში გამართავს.