გვჭირდება კი ევროკავშირი?!

    ევროკავშირის 2026–2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგიის თანახმად, ამ გაერთიანებაში სქესის შეცვლის პროცედურები მარტივდება. გარდა იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს სქესის შეცვლა უმარტივესად და ექიმთა დასკვნების გარეშე შეეძლებათ, საუბარია იმაზეც, რომ სქესის შეცვლის უფლება არასრულწლოვანთაც ექნებათ

    ზუსტად ვერ გეტყვით,  რამდენი ხანია, რაც ევროკავშირი ოფიციალურად გვევაჭრება. ახლა კი ვრწმუნდებით,  კულუარული ვაჭრობა რომ იქნებოდა მონობის სანაცვლოდ გადმოგდებულ გრანტებსა და მილიონებზე, მაგრამ, თუ ასეთი მასშტაბები ექნებოდა, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა.

    რეალურად,  ახლა შევიტყვეთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს,  განსაკუთრებით საქართველოში მყოფ ელჩებს, ჩვენი ქვეყანა, უბრალოდ, კოლონიად მიაჩნდათ, ჩვენ კი – იმ მონებად, რომლებსაც თავის დროზე პლანტაციებში ამუშავებდნენ,  ახლა  კი  საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ერთგვარი ჯანყი გამოუვიდა  და დამპყრობლები (გნებავთ, კოლონიზატორები) ამას ვერ ეგუებიან. თავის მხრივ, ხელისუფლება ამბობს, რომ „ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“ რჩება და საქართველო ევროკავშირში გასაწევრებლად მზად 2030 წელს იქნება. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცით, მზად ვიქნებით თუ არა ხუთ წელიწადში ევროკავშირში გასაწევრებლად, მაგრამ ახლა დავსვამთ კითხვას, რომელიც  ბევრს არ მოეწონება, მაგრამ შევეცდებით, კითხვის მიზანი და მიზეზი ავხსნათ: საერთოდ  გვჭირდება კი ევროკავშირი? სანამ რუსეთის აგენტობას დაგვწამებთ, მთავარი სათქმელი ვთქვათ.

    „ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმ უმძიმეს ტენდენციებზე, რომლებსაც ვხედავთ ევროკავშირში. ესენია: პირველი – ეკონომიკური მძიმე ტენდენციები;   მეორე – ტენდენციები, რომლებიც უკავშირდება ევროპული იდენტობის დაკარგვას. ეს არის  მიზანმიმართული პროცესი, რომელიც, ევროპისთვის გარედან არის თავსმოხვეული. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს, სტატისტიკა დამძიმებულია ბევრი მიმართულებით.  აქ საუბარია  კატასტროფულ მოვლენებზე, როგორიც არის არასრულწლოვანთა მიერ სქესის შეცვლა. სად მიიყვანეს ევროპა და ევროკავშირი, ამას ხედავს ქართველი საზოგადოება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენციები შეჩერდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროპას ემუქრება კიდევ უფრო მძიმე საფრთხე. ზოგადად, ჩვენთვის შემაშფოთებელია ის ტენდენციები, რომლებსაც ვხედავთ ევროპაში.  როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ამ ტენდენციებს, ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება“, –  განცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

    რისთვის დასჭირდა ამის თქმა პრემიერს და რა იყო მიზეზი იმისა, რომ მან ევროკავშირზე დაიწყო შფოთვა? ძაღლის თავიც აქ მარხია – ევროკავშირის 2026–2030 წლების ლგბტქ+  ახალი სტრატეგიის თანახმად, ამ გაერთიანებაში  სქესის შეცვლის პროცედურები მარტივდება. გარდა იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს სქესის შეცვლა უმარტივესად და ექიმთა დასკვნების გარეშე შეეძლებათ, საუბარია იმაზეც, რომ სქესის შეცვლის უფლება არასრულწლოვანთაც ექნებათ. ახლა დავა მხოლოდ იმაზე მიდის, სქესის შეცვლის უფლება ბავშვებს 12 წლიდან უნდა ექნეთ თუ 14-დან.   ევროკავშირი თანხმდება, რომ თუნდაც 14 წლის ბავშვს შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს, სქესი უნდა შეიცვალოს თუ არა და მშობლები ამ განზრახვაში ხელს ვერ შეუშლიან. ევროკავშირში თვლიან, რომ 14 წლის ბავშვს აქვს იმის უნარი და ჭკუა, რომ დარჩენილი ცხოვრების განმსაზღვრელი გადაწყვეტილება მიიღოს და ამაში   მშობლებიც ვერ შეუშლიან ხელს. როგორ არ გავიხსენოთ კომუნიზმის პერიოდი, როცა მოწოდება იყო, ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს, მაგრამ არავინ  ამბობდა, რომ მოზარდმა (ახლა თინეიჯერი რომ დავარქვით და გვიხარია), ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. რეალურად, მაშინ ყველასა და ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა და არც უმაღლეს თანამდებობებზე ინიშნებოდა ვინმე 30 თუ 35 წლისა. მინისტრად რომ გემუშავა, 50 წლის მაინც უნდა ყოფილიყავი  და, რაც მთავარია, უდიდესი ყურადღება ექცეოდა მორალურ მხარეს – გყავდა თუ არა სრულფასოვანი ოჯახი, არ უნდა ყოფილიყავი განქორწინებული და ა.შ.

    ნამდვილად ვერ გეტყვით, როდიდან არსებობს ევროკავშირში ლგბტქ+ თემის სტრატეგია ან რატომ უთმობენ დროს ასეთი რაღაცების დაგეგმვას, მაგრამ ფაქტია, ეს ვიღაცის ინტერესში შედის და ვიღაცამ (ან ვიღაცებმა) გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს ასეთი რეგულაციები უნდა ჰქონდეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ ევროკავშირის წევრობა გსურს, მათი წესებით უნდა იმოქმედო და იცხოვრო.   საინტერესოა, რა პოზიციას დაიკავებს სლოვაკეთი, რომელმაც უკვე  დააკანონა, რომ სრულფასოვანი ოჯახი არის ბიოლოგიური ქალისა და მამაკაცის ერთობა;  ან რა პოზიცია ექნება უნგრეთს, რომელიც სულ მალე აპირებს იმავეს გაკეთებას. სხვათა შორის, სლოვაკეთის ლიდერი რობერტ ფიცო ამ კანონის გამო მკაცრად გააკრიტიკეს და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაშიც დაადანაშაულეს. არადა, რა არის უცნაური და გაუგებარი იმაში, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და არა – ქალისა და ქალის ან კაცისა და კაცის?! ცალკე ტრაგედიაა ის, რომ ასეთ ოჯახებს არაერთ ქვეყნაში შვილის აყვანის უფლება აქვთ და ბავშვს, რომელიც ხედავს, რომ შინ დედ-მამის ნაცვლად დედა და დედა ან მამა და მამა ჰყავს, შეუძლებელია, ნორმალური ფსიქიკა ჩამოუყალიბდეს. სწორედ ამიტომ დავსვით კითხვა: გვსურს კი 2030  წელს ევროკავშირში გაერთიანება მაშინ, როცა ეს რეგულაცია უკვე დაკანონებული იქნება  და აუცილებლად მოგვთხოვენ მის მიღებას? მოგვთხოვენ, ვაღიაროთ რამდენიმე სქესი, უფლება მივცეთ ვიღაცებს, სქესის შეცვლის სურვილი ხმამაღლა და მკაფიოდ გამოთქვან მოზარდობის ასაკში და, რაც მთავარია, ამ სურვილის განხორციელებაში მშობელს ხელის შეშლის უფლება არ ექნება. საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და ლიბერალური ფრთა ამ ყველაფერს უარყოფს; უფრო ზუსტად, გვეუბნებიან, რომ ევროკავშირში გასაწევრებლად არ იქნება აუცილებელი ამ კანონების დაცვა, მაგრამ ის როგორ ავხსნათ, დღემდე რომ გვიკიჟინებს ევროპა, გინდათ თუ არა კონსტიტუციიდან ამოიღეთ ჩანაწერი ოჯახის შესახებ, ადამიანის უფლებებს არღვევსო?!  ანუ, იმ ჩანაწერის ამოღებას გვაიძულებენ და ამ სტრატეგიით მოქმედებას არა?!

    არ ვამტკიცებთ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე უკეთესად ვცხოვრობთ ან ხელფასების თუ პენსიების ოდენობით მათ დონეზე ვართ, ან ჩვენი ეკონომიკა უფრო მყარია, მაგრამ ხომ ვხედავთ, რომ  ეს სახელმწიფოები მენტალურად,  უბრალოდ, აღარ არსებობენ?! გახსოვთ, წლების წინათ საბერძნეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში რომ გადაიზარდა და, საბოლოო ჯამში, ელადელებმა ევროკავშირისგან საშვილიშვილო ვალები რომ აიღეს? ჰოდა, რა მოჰყვა მაშინ ამას? თითქოს არაფერი, თითქოს ბერძნებმა არანაირი ფასი არ გადაიხადეს და მძიმე ვითარებიდან სწორედ ევროკავშირის ფინანსებით გამოძვრნენ, მაგრამ გავიდა რამდენიმე წელი და საბერძნეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინება მარტივად დაამტკიცა, ანუ მართლმადიდებლურმა ქვეყანამ მიიღო კანონი, რომლის, მიღებას კი არა, განხილვასაც კი არ დაიწყებდა, მძლავრი ეკონომიკა რომ ჰქონოდა, ევროკავშირის უზარმაზარი ვალი რომ არ ჰქონოდა ზურგზე წამოკიდებული.  ბერძენი ერი ამას შეეგუა, შეეგუა იმიტომ, რომ სხვა გზა, უბრალოდ, არ ჰქონდა; მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ჯერ პოლიტიკური, შემდეგ კი ეკონომიკური კრიზისი ხელოვნურად იყო გამოწვეული და ამის უკან სწორედ ევროკავშირი იდგა. აბა, გაიხსენეთ, რამდენჯერ ახსენეს ევროკავშირის ლიდერებმა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, რომ მათი გრანტების გარეშე ეკონომიკური კრიზისიც გარდაუვალია.   ისინი საქართველოსაც იმას უპირებენ, რაც საბერძნეთს დამართეს;   განსხვავება ის არის, რომ საქართველო ჯერ ევროკავშირის წევრი არ არის. ევროკავშირის მესვეურთა  ხელთ მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა მთავარ ბერკეტად და სასჯელად, რომელსაც, ალბათ, აუცილებლად გამოიყენებენ და გამოიყენებენ წელსვე. ტყუილუბრალოდ კი არ გაამარტივეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების  წესი. ეს საქართველოს დასასჯელად სჭირდებათ და სასჯელს არ  გადადებენ, ახალ წლამდე დაგვიქნევენ თითს, შეეცდებიან, მიმქრალი მუხტი გააღვივონ და ხალხი ისევ გამოიყვანონ ქუჩაში. მათ მიერ დაგეგმილ-დაფინანსებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უკვე მერამდენედ ჩაფლავდა და ყველაზე კარგად ახლა დაინახეს, რომ, როგორც მათ, ისე ოპოზიციას არ აქვს მთავარი – ხალხის მხარდაჭერა.  როცა ისინი ყველაზე მეტი ადამიანის გამოსვლას ელოდნენ ქუჩებში, ყველაზე ცოტა გამოვიდა და, როცა   ყველაზე დიდი იმედი იყო გადატრიალებისა თუ დამხობისა, ყველაზე კომიკურად დაიმსხვრა იმედიც და მოლოდინიც.

    ჰოდა, ახლა იმაზე ვიფიქროთ, 2030 წლისთვის ევროკავშირში შესვლა გვირჩევნია თუ სქესის შეცვლის დაკანონებაზე უარის თქმა (მათ შორის არასრულწლოვანებში)…

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                          

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here