33-წლიანი მასხარაობა _ ,,ევროპაში მინდა”, თვითონ ევროპამ დაასრულა და გამოყენებული ხელსახოცივით გადაგვიძახა სანაგვე ყუთში

    ,,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის პრორუსული, ახლოსაც არ არის ამ თემასთან”

    ,,4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ” , _ გაიძახოდა საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელმაც სიბერეში განაცხადა, რომ ,,რუსული ბანია”, მაგრამ გადაწყვიტა, ოპოზიციურ გაერთიანებას ჩასდგომოდა სათავეში და რუსულ ბანად გადაკეთებული მსოფლიო ბანი ევროპისკენ წასულიყო, როგორც მოგვიანებით გაირკვა, რუსეთიდან გამოგზავნილი ფულით. მაგრამ ბურჭულაძისა და კიდევ რამდენიმე მისნაირის მიერ დაგეგმილი აქცია ჩაფლავდა _ საქართველოს ხელისუფლებამ დესტრუქციულ ძალებს ქვეყნის არევის უფლება არ მისცა.

    ,,ევროპა დასრულდა საქართველოში”, _ ასე ამბობდა 4 ოქტომბრის ღამის შემდეგ ყველა, ვისაც ევროპის აღარ სჯერა, მაგრამ 5 ოქტომბერს პრემიერმა კობახიძემ ყველას ცივი წყალი გადაასხა, როცა განაცხადა: ,,მზად ვართ, ყველაფერი დავივიწყოთ და გადავტვირთოთ ურთიერთობები. სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. ეს არის ჩვენი გაწვდილი ხელი. ეს ეხება ევროკავშირს, ეს ეხება აშშ”.

    ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პარტიის ,,სოლიდარობა მშვიდობისთვის”  თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:

    _ რა მოგვიტანა ევროპამ და პროდასავლურმა კურსმა? ორი ომი _ 1992-1993 წლებში აფხაზეთში და 2008 წელს _ სამაჩაბლოში. ეს ორი კონფლიქტი დასავლეთის შეკვეთა იყო და ორივე ტრაგიკულად დასრულდა ჩვენთვის. აღარაფერს ვამბობ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის კრახზე. ამას ეშველება, მაგრამ რა ვუყოთ ორ თაობას, რომელიც დავკარგეთ? ჩემთვის უდიდესი ტრაგედიაა აზროვნების დეგრადაცია და მტერ-მოყვრის ამოცნობის უნარის არქონა.

    დიახ, 4 ოქტომბერს ევროკავშირი და კოლექტიური დასავლეთი დასრულდა საქართველოში და ეს იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ასე გვინდოდა ან ერი გამოფხიზლდა, არა, დასავლეთს აღარ ვჭირდებით იმ ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც 1992 წლიდან დაგვაკისრა და რომლებისთვისაც საქართველოს სსრ-ის მოსახლეობას 1970-იანი წლებიდან ამზადებდნენ. ეს დიდი ისტორიაა და ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. დავუბრუნდეთ ჩვენს ე.წ. აღთქმულ მიწას _ ევროპას.

     ზემოთ ვახსენე ფუნქცია, რომელიც ევროპამ დაგვაკისრა, და ეს იყო რუსეთისთვის ზურგში დანის ჩაცემა, მისთვის პრობლემების შექმნა. ამ დავალებებს ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ვასრულებდით. ჩვენი ე.წ. საგმირო საქმეების ჩამოთვლა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შორს წაგვიყვანს, მაგრამ ვიტყვი, რომ სწორედ ჩვენი ე.წ. გმირობების გამო დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო.   ეს მოხდა კოლექტიური დასავლეთის კატეგორიული მოთხოვნით. ავადსახსენებლი კოაბიტაციაც დასავლეთმა მოგვახვია თავს და საკადრო საკითხებსაც ის წყვეტდა…

    გადიოდა დრო და ზემოხსენებული ,,ვალდებულება” გაცვდა, დაპატარავდა, გაილია… განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რომელშიც, გვეყო ტვინი და, არ შევეტენეთ. რუსეთთან კონფლიქტი რომ დაგვეწყო, რამდენ ხანს გავძლებდით? გავბედავ და გეტყვით, რომ მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში შევძლებდით გამკლავებას. ვაი, ჩვენს პატრონს, უბედურს!..

    მოკლედ, ეს 33-წლიანი მასხარაობა _ ,,ევროპაში მინდა”, თვითონ ევროპამ დაასრულა და გამოყენებული ხელსახოცივით გადაგვიძახა სანაგვე ყუთში.

    4 ოქტომბერი უნდა ავიღოთ საქართველოდან დასავლეთის წასვლის ნიშნულად და ნურავინ დაიბრალებს, რომ ის ჩვენ გავაძევეთ. დასავლეთს შეეშინდა, 4 ოქტომბერს სრულმასშტაბიანი მხარდაჭერა გამოეცხადებინა თავისი პოლიტიკური ნარჩენებისათვის. ახლა მიმდინარეობს ე.წ. ღირსეულად გასვლის პროცესი, მაგრამ ჩვენი პრემიერმინისტრის, ბატონი კობახიძის, განცხადება დასავლეთთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყების შესახებ შეიძლება არასწორად გაიგოს კოლექტიურმა დასავლეთმა და არა მხოლოდ მან. ჩვენი მოსახლეობის უკვე დიდი ნაწილი, რომელიც იმედგაცრუებულია ევროპითა და აშშით, ვერ მიხვდება რატომ მივტირით ჩვენს დამაქცევრებს, ხოლო პროდასავლელებს იმედი ჩაესახებათ.

    ბატონო პრემიერო, გაუშვით ეს დასავლეთი საქართველოდან, თქვენც დაისვენებთ, ოპოზიციაც და ქვეყნის რეალურ მშენებლობასაც დავიწყებთ, არა ,,დასავლურს”.  თავი დავანებოთ დასაშლელად გამზადებულ ევროკავშირს.

    არ არსებობს მეორე, სხვა ევროპა,  ისევე, როგორც არ არსებობს ორი აშშ ან ორი რუსეთი. კმარა მასხარაობა, 33 წელიწადი 33 საათი არ არის და მივხედოთ ქვეყანას!

    _ თუკი ,,ევროპა დასრულდა”, რა უნდა იყოს ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი, კონსტიტუციდან იმ ჩანაწერის ამოღება ხომ არა, რომელშიც  ევროპული გზისკენ სწრაფვაზეა ლაპარაკი?

    _ კიდევ ერთი მაგალითი, რომ საქართველო კოლონიაა ან იყო და დღეს დეკოლონიზაციის გზაზე შევდექით, არის  სამარცხვინო ჩანაწერი კონსტიტუციაში _ 78-ე მუხლი, ეს არის თავის მოჭრა და ეროვნული სირცხვილი. იმიტომ არა, რომ ეს ჩვენს გაბითურებულ ერს უნდოდა, არა! იმიტომ, რომ ეს ტყუილი იყო პირველივე დღიდან, როდესაც კონსტიტუციაში ჩავაკვეხეთ ეს პუნქტი. რატომ იყო ტყუილი? იმიტომ, რომ იქ არავინ გველოდა და ცხვირწინ დიდი სტაფილო დაგვიკიდეს, რომელსაც ამაყად მივდევთ. რა ნატო, რის ევროკავშირი?!

    რაც შეეხება კონსტიტუციიდან ჩანაწერის ამოღებას, ეს რთული ამბავია. მოგეხსენებათ, ასეთ შემთხვევაში საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც არ აქვს ,,ოცნებას”, ამიტომ ან ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ან 2028 წლამდე მოვიცადოთ, მანამდე კი ევროკავშირი და ნატო შეიძლება სრულიად უფუნქციო ორგანიზაციებად იქცეს. თუმცა არის ამ საკითხის მოგვარების მარტივი საშუალება _ გამოვიდეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელი და განაცხადოს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვწყვეტთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებისკენ სწრაფვას ან რაღაც მსგავსი. იურისტები არიან და არ გაუჭირდებათ გამოსავლის პოვნა, მაგრამ ეჭვი მეპარება, ეს გააკეთონ. ჯერ ეს საკითხი, როგორც მთელი ქვეყანა, ძაფზე კიდია.

    _ როგორც აღნიშნეთ, სახელისუფლო გუნდს პარლამენტში უმრავლესობა არ ჰყავს და კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა არ შეუძლია. როგორ ფიქრობთ, დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე თუ კონსტიტუციიდან ჩანაწერის ამოღების სურვილი არ აქვთ?

    _ ნაწილობრივ  უკვე გიპასუხეთ, მოცემულ ვითარებაში როგორ უნდა  ვიმოქმედოთ,  ევროკავშირსა და ნატოს რომ დავაღწიოთ თავი. რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, ეს საკითხი წლის ბოლოს გაირკვევა. რა რესურსი აქვს ხელისუფლებას, შეძლებს ამ ტურბულენტურ ვითარებაში 3 წლის განმავლობაში  სამარცხვინო 78-ე მუხლით ვიცხოვროთ? თუ ბატონი კობახიძის განცხადებას მივყვებით, რომ ჩვენ კვლავ გვსურს ევროკავშირსა და ნატოსთან მეგობრობა, ვფიქრობ, ეს მაინც პოლიტიკური ხრიკია და არა რეალური სურვილი. რატომ? _ იმიტომ, რომ, რაც უნდა გაუკეთოს ,,ოცნებამ” დასავლეთს, ის მაინც არ აპატიებს უკრაინის ომში ჩაურთველობას.  დავუშვათ, მივდივართ ისევ დასავლეთისკენ, ამ შემთხვევაში დასავლელები მოითხოვენ ახალ არჩევნებს, რათა ლიბერალური უმრავლესობით   იყვნენ წარმოდგენილნი.

    მეორე ვარიანტი არის სრული გაყრა დასავლეთთან: ,,ჩემი აღარა ხარ მორჩა!” და გადავიხაროთ ევრაზიისკენ. აქ გვხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, რიაბკოვის,  2021 წლის 15 დეკემბრის ულტიმატუმის მეორე პუნქტი _ საქართველო და უკრაინა ნატოს გარეშე. 78-ე სამარცხვინო მუხლით ვერ ვისაუბრებთ რუსეთთან და მის პარტნიორებთან, ამიტომ ამ შემთხვევაშიც რიგგარეშე არჩევნებია საჭირო. მოკლედ, 3 წლის განმავლობაში რაღაცნაირად უნდა დავიმალოთ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება რომ არ დაგვჭირდეს.

    _ რა კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებით ხელისუფლებისგან 4 ოქტომბრის შემდეგ?

    _ როგორც ყოველთვის, ჩვენი პარტია და საქართველოს ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქე ხელისუფლებისგან ელოდება ერთადერთ სწორ და ქვეყნისთვის სასიცოცხლო ნაბიჯს _ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენასა და მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას. კი ამბობს ოპოზიცია, ,,ოცნება” პრორუსულიაო, მაგრამ მე, ვინც 1992 წლიდან რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე ვსაუბრობ და რაღაც გამიკეთებია კიდეც, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის პრორუსული, ახლოსაც არ არის ამ თემასთან.

    წინ ძალიან სერიოზული გამოწვევებია. მსოფლიო იცვლება და იცვლება ძალიან სწრაფად. ნებისმიერი მცირე რყევაც კი აისახება ჩვენზე…

    ხელისუფლებამ განაცხადა, რომ  4 ოქტომბრის შემდეგ ბევრი აღმოჩნდება განსასჯელთა სკამზე. ვეთანხმები, არ შეიძლება პროტესტი გადაიზარდოს ძალისმიერ დაპირისპირებასა და შენობების შტურმით აღებაში. ახლა მთავარია, მმართველმა პარტიამ ეს გამარჯვება საბოლოო წარმატებად არ ჩათვალოს. ჯერ კიდევ არის გამოწვევები და ვერ ვიტყვი, რომ უფრო მარტივი.

    დასკვნებია გასაკეთებელი, რატომ იყო ასეთი დაბალი აქტივობა არჩევნებზე, რა ხდება ეკონომიკაში და საგარეო პოლიტიკაში. არავის ვაშინებ, მაგრამ მაქვს განცდა, რომ ჯერ ყველაფერი წინ არის. ვგულისხმობ სერიოზულ პოლიტიკურ ნაბიჯებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. 

    კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ აწმყო, წარსული და დავინახოთ ის შეცდომები, ხშირად ტრაგიკული, რომლებიც დავუშვით, რათა აღარ დავუშვათ ახალი.

    ახლა აღარ არის 1989-90 წლები. იმხანად იყო უკეთესი მომავლის მოლოდინი, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, რომელიც, როგორ დამთავრდა, ვიცით, მაგრამ იმხანად ერი იყო ფიზიკურად და მორალურად ჯანსაღი, მატერიალურად გამართული, დღეს კი გამოფიტული, ენერგიადაცლილი, დემორალიზებულია. ის ყოველდღიური საარსებო ფულის შოვნით არის დაკავებული და, რაც მთავარია, დაკარგული აქვს იმედი, ვერ ხედავს მომავალს.

    არ მინდა, პესიმისტურად დავასრულო ჩვენი საუბარი, იმედს ვიტოვებ, რომ გამოვფხიზლდებით, მტერსა და მოყვარეს გავარჩევთ და გადავარჩენთ ქვეყანას!

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here