ძალადობაში ვინც მონაწილეობდა, უკლებლივ ყველა არის დამხობის მცდელობის დანაშაულის აღმსრულებელი, შესაბამისად, ეს ადამიანები უნდა ელოდნენ სიურპრიზებს შემდეგი დღეების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამართალდამცველებს დიდი დრო არ დასჭირდებათ კანონის აღსასრულებლად.
„ჩვენ ვვარადუდობდით, რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი და ხედავთ, რომ ჩვენი პროგნოზი ასრულდება. ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, რომ დღეს ბევრად მეტი გვაქვს ადამიანების იდენტიფიცირების რესურსი, ვიდრე გვქონდა რამდენიმე თვის წინ. თავის დროზე, თუ მოძალადეთა სამი პროცენტის იდენტიფიცირება მოხერხდა, დღეს გვაქვს იდენტიფიცირების მეტი რესურსი. აქედან გამომდინარე, დამხობის მცდელობის დანაშაულის აღმსრულებელთაგან ძალიან ბევრს ელოდება მძიმე ხვედრი კანონის შესაბამისად.
მინდა, მონაცემებიც გაგაცნოთ. კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა 15 პოლიციელს და აქციის ექვს მონაწილეს. ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. ძალადობა იყო მასობრივი და მასშტაბური, ამაზე კონკრეტული პირები მკაცრად აგებენ პასუხს. დადგა 5 ოქტომბერი და ჩავარდა დამხობის მცდელობა. ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული ,,ქართული ოცნების’’ თითოეული წარმომადგენლით. ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი გაგრძელდება ძალიან კარგად, ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ექნება მშვიდობა და გაგრძელდება ქვეყნის განვითარება. ვინც სცადა ხელი აღემართა, ჩვენს სახელმწიფოზე უცხოელი სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ყველა მიიღებს უმკაცრეს პასუხს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც უცხოურ სპეცსამსახურებს შეიძლება, ვინმემ მისცეს ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.