ორი კვირის წინათ (19 სექტემბერს) ჩემს სატელევიზიო გადაცემაში („სპეციალური გამოშვება”) გავიხსენე ბიძინა ივანიშვილის 2018 წლის სატელევიზიო მიმართვა. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც „ქართულ ოცნებას” სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გაყვანა გაუჭირდა და ნაცების კანდიდატის გასვლის რეალური საფრთხე შეიქმნა. ქართველი ხალხისადმი იმ მიმართვაში ივანიშვილმა აღიარა დაშვებული შეცდომები და ქართველ ხალხს შეჰპირდა, რომ ერთი წლის განმავლობაში ყველაფერს გამოასწორებდა. როგორ გამოსწორდა ვითარება, არათუ ერთი წლის, არამედ რვა წლის გასვლის შემდეგაც, ქართველი ხალხის შესაფასებელია. ამ წერილში მე ასეთ მიზანს არ ვისახავ. ივანიშვილის რვა წლის წინანდელი მიმართვა იმიტომ გავიხსენე, რომ ანალოგიურ ჟესტს მისგან ახლაც, 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებამდეც, მოველოდი.
ჩემი ვარაუდი, რომელიც საჯაროდ გამოვთქვი, გამართლდა. 1 ოქტომბერს მართლაც გამოქვეყნდა ივანიშვილის განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებიდან 13 წელი გავიდა. პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოსთვის ერთიანობის, ღირსების, თეთრის შავზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა… ეს დღე არ ეკუთვნის კონკრეტულ ადამიანებს ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, 1 ოქტომბრის მთავარი შემოქმედი ქართველი ხალხია, რომელიც ჩვენი წინაპრების შეგონების, ტრადიციების, ქრისტიანული ღირებულებების ერთგულია და რომელსაც არასდროს დაუხრია თავი შიდა თუ გარე მტრებისთვის!”
შეუძლებელია, ივანიშვილს არ დავეთანხმოთ, რომ მან საქართველო მართლაც გამოგლიჯა ხელიდან სააკაშვილის ფაშისტურ ხროვას; ამ წლების განმავლობაში მართლაც აშენა დემოკრატია და მართლაც შექმნა ის გარემო, რომელშიც ადამიანსა და სახელმწიფოს შორის კონფრონტაცია არ არის და ადამიანს სახელმწიფოსი არ ეშინია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საზოგადოების დემოკრატიზაციის საქმეში იყო სერიოზული ხარვეზები, რომლებმაც დემოკრატიის მახინჯ გაგებამდე მიგვიყვანა. დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაცია არ დაისაჯა, პირიქით – სამართლიანობის ცნება ჩაანაცვლა დასავლეთიდან მოთრეულმა სიტყვამ ,,კოაბიტაცია’’, რომელმაც მოსაჩვენებლად დაპირისპირებული ხელისუფლება და ოპოზიცია შინაარსით ისე შეაუღლა და შეანივთა, როგორც ჯვრისწერა შეადუღებს და შეაერთებს მომავალ მეუღლეებს. „სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ!” – თითქოს მღვდელმა აკურთხა და სამუდამო ერთიანობა დაანათლა იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა მიმართ საზოგადოებამ მისი უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება მათ შემოკლებულ სახელებში ჩააქსოვა – „ნაცები” და „ქოცები”.
ბატონი ივანიშვილი მსჯელობას ასე განაგრძობს: „ქართველ ხალხს ერთი განსაკუთრებული თვისება გამოარჩევს, რომელიც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ისტორიის განმავლობაში გამოვიმუშავეთ – ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში, როდესაც დაღუპვის საფრთხე მართლაც რეალური ხდება, ყოველთვის სწორ მხარეს ვირჩევთ, ყოველთვის ვახერხებთ შავისა და თეთრის გარჩევას, ვდგებით იქ, სადაც თავისუფლება, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, ღირსება და დამოუკიდებლობა გვეგულება”.
ესეც მართალია და ამ ნათქვამის უზუსტობის გამო მას ვერ გავაკრიტიკებთ, მაგრამ რისთვის არის ეს თავისთავად სწორი დებულება აქ მოხმობილი? იმისთვის, რომ გვითხრას: ახლაც კრიტიკულ სიტუაციაში ვართ და გამოსავალი ჩვენ (ჩემ) გარშემო გაერთიანებააო. ივანიშვილი გვეუბნება: „2012 წლის პირველი ოქტომბერი სწორედ ამ იდეალებს დაეფუძნა და იმ ბრძოლის გარდაუვალ დასასრულად იქცა, რომელიც პირადად მე, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა 2011 წლიდან გარე ძალებს მორჩილ შიდა მტრებთან დავიწყეთ. ცამეტი წელიწადი მართლაც დიდი დროა, მაგრამ 2012 წლის პირველი ოქტომბრის იდეალები არსად გამქრალა და ჩვენი გუნდის მოქმედების მთავარი საფუძველიც სწორედ ეს ღირებულებებია. ამის საუკეთესო შემფასებელი კი კვლავ ბრძენი ქართველი ხალხია, რომელიც დღესაც ისევე გვაძლევს უფლებას, მათ წარმოვადგენდეთ, როგორც 2012 წელს და, რომელსაც ვერც სიცრუით, ვერც პროპაგანდით, ვერც დაპირებებით ვერავინ გააცურებს!”
არ არსებობს ხალხი, რომლის ცნობიერებაზეც პროპაგანდის მეშვეობით მანიპულირება შეუძლებელია, ამიტომ იმის იმედად ყოფნა, რომ ქართველი ხალხი ბრძენია და პროპაგანდას არ დაექვემდებარება, ცოტა გადაჭარბებულია. კი, იმ დასავლურ თამაშს ანუ დემოკრატიას, რომელსაც ჩვენ ავყევით, თავისი წესები აქვს, რაც პირველ რიგში იმით გამოიხატება, რომ მათ სიტყვის თავისუფლება უნდა ჰქონდეთ, ანუ საინფორმაციო საშუალებებზე წვდომა არ უნდა შეეზღუდოთ, მაგრამ ამასაც ხომ თავისი წესები და პირობები აქვს?! როდესაც დემოკრატიას ამოფარებული პარტიული ტელევიზიები სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობის პროპაგანდით არიან დაკავებულნი, ასეთ შემთხვევაში ცინიზმით გაჯერებული სიტყვა „მშვიდობიანის” ჩაკვეხება საქმის არსს ვერ ცვლის. ეს უნდა აიკრძალოს თუნდაც იმიტომ, რომ ამას დემოკრატიიდან უცხო ქვეყნების აგენტურის დიქტატურაში გადავყავართ. დემოკრატიის საზღვრები როდესაც ირღვევა, იგი საკუთარი თავის საპირისპიროში იწყებს გადასვლას და დიქტატურად გვევლინება. დღეს საქართველოში აგენტურის დიქტატურა მძვინვარებს, რომელიც დამნაშავეთა სამართლებრივი დასჯის უფლებას არ იძლევა და, ქართველი ხალხის ყველაზე დიდი სირცხვილი, ნაპრეზიდენტალი სააკაშვილი, ნაცვლად იმისა, რომ კანონიერ სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდეს, სანატორიუმში წამოგორებულა, ხოლო სასამართლო დარბაზს, სადაც მისთვის დასმულ შეკითხვებს უნდა პასუხობდეს, ქართველი ხალხის სახელმწიფო გადატრიალების სულისკვეთებით გაჟღენთილი ტექსტებით გასაბრუებლად იყენებს. სახელმწიფო კი ამას ეგუება, რადგან ასე შეუფუთეს და ასე „მიჰყიდეს” მას ცნება ,,დემოკრატია’’.
ბიძინა ივანიშვილის მიერ ნათქვამი ერთი წინადადება ლამის აფორიზმად იქცა: „ისეთ დემოკრატიას ავაშენებ, დასავლეთს გავაოცებ!” ცამეტი წლის თავზე მართლაც ისეთი „დემოკრატია” გვაქვს, რომ დასავლეთიც გაოცებულია და აღმოსავლეთიც, ვინაიდან დემოკრატიის სახელით აგენტოკრატია, ანუ სრული პოლიტიკური სიმახინჯე დავნერგეთ. ამას თვითონ ივანიშვილიც აღიარებს: „ამ ისტორიული გამარჯვებიდან მოყოლებული, ერთად ვცდილობთ, მეტ კეთილდღეობას, სიმდიდრეს, ეკონომიკურ სიმყარეს მივაღწიოთ, ნაბიჯ–ნაბიჯ მივიწევთ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და მყარი სუვერენიტეტის მისაღწევად, თუმცა ამ გზაზე უმთავრეს ბარიერად რადიკალიზმის, ურთიერთდაპირისპირების, ხელოვნური შუღლის შემოქმედი ძალები გვევლინებიან, რომლებიც ამჯერად ოპოზიციის სახელით ებრძვიან საკუთარ ხალხსა და ქვეყანას, ცდილობენ, წარსულსა და უძრაობაში, უცხო ინტერესების მორჩილებაში დაგვაბრუნონ”.
ამ აღიარების შემდეგ ივანიშვილის ფრთხილად გადავყავართ უკიდეგანო ოპტიმიზმის სამყაროში: „მიუხედავად მათი მცდელობებისა, ჩვენ მართლაც ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ. თუ გვერდით გადავდებთ პროპაგანდასა და უხეშ რიტორიკას, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთი მმართველი ძალაა, რომელიც უწყვეტ მშვიდობას ინარჩუნებს, ამასთანავე, არ არსებობს არც ერთი სფერო, რომელშიც 2012 წელთან შედარებით მდგომარეობა კარდინალურად არ არის გაუმჯობესებული. ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული კვლევები და, რაც მთავარია, ისევ და ისევ ქართველი ხალხი, რომელიც კვლავაც გვენდობა და ქვეყნის მართვის მანდატს გვანიჭებს!”
როგორც კინორეჟისორები იტყვიან გადასაღებ მოედანზე, როდესაც რაღაც ისე არ წავა, როგორც უნდა წავიდეს: სტოპ! სტოპ! სტოპ! „ქართველი ხალხი, რომელიც კვლავაც გვენდობა და ქვეყნის მართვის მანდატს გვანიჭებს!” ზედმეტად ხმამაღლა ხომ არ არის ნათქვამი? არა მგონია, რომ რეალობა ასეთი იყოს. ქართველი ხალხი კი არ გენდობათ და მართვის მანდატს კი არ განიჭებთ, თქვენ მას ყველა სხვა გზა მოუჭერით. თქვენ ქართველ ხალხს იმის საშუალებას არ აძლევთ, რომ მან მისი განწყობილებების შესაბამისი და მისი მსოფლმხედველობის გამომხატველი პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბოს. თქვენ დასავლეთის აგენტურასთან ერთად მთლიანად უზურპირებული გაქვთ პოლიტიკური სივრცე. ეს ეშმაკობაა და აგენტურასთან კოლაბორაციონიზმია, რაც, გნებავთ ეს თქვენ თუ არა, საბოლოოდ, დასავლური დემოკრატიის ნაცვლად, დასავლური დიქტატურის მიმართულებით მიდის. ამასაც თქვენვე აღიარებთ: „განვლილი ცამეტი წელიწადი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ყოფის ლოგიკური გაგრძელებაა. 2012 წელს არამხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ კიდეც, თუმცა, მოპოვებულ თავისუფლებას თუ არ გავუფრთხილდით, ყველაფერს დავკარგავთ, რაც ამდენი წლის განმავლობაში გვიშენებია!”
ჰოდა, რა არის ეს? რატომ აშენეთ ის, რასაც აქეთკენ მივყავართ? თითქოს გრძნობთ შექმნილი ვითარების სიმძიმეს და ამან გათქმევინათ ეს სიმართლე: „განვლილ ცამეტ წელიწადში იყო შეცდომებიც, თუმცა, საბედნიეროდ, არა იმ ხარისხის, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას თუ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დამუქრებოდა, არა იმ ხარისხის, რომლის გამოსწორება და აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნებოდა”.
ეს თვითდამშვიდების მცდელობაა. ეშმაკთან კოლაბორაციონიზმის გზა მოლიპულია, საიდანაც ნებისმიერ წამს შეიძლება უფსკრულში გადაჩეხვა. ეშმაკთან ხელშეკრულებასა და კოლაბორაციონიზმზე როდესაც ვლაპარაკობ, მხოლოდ აგენტურა როდი მყავს მხედველობაში. პირველ რიგში მათ პატრონებთან კოლაბორაციონიზმია უდიდესი საფრთხის შემცველი. თქვენ კი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უდიერად გეპყრობიან, გამცირებენ და შეურაცხყოფას გაყენებენ, მათი გულის მოგების დამამცირბელ გზას ადგახართ, რითაც ქართველ ხალხს, მეტი რომ არ ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაში აყენებთ. უთხარით თქვენი გუნდის წევრებს, რომ დაანებონ თავი დასავლეთთან ლაქუცს და მათი გულის მონადირების ამაო მცდელობას, რადგან შეუთავსებელია დასავლეთთან ურთიერთობა და თქვენ მიერ დეკლარირებული ღირებულებები: „არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტებისა და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი”.
დასავლეთს არსად და არასოდეს არ სჭირდებოდა მეგობარი და პარტნიორი. დასავლეთი დღემდე ვასალებისა და კოლონიების ძიებაშია, მაგრამ ამ მიდგომამ ისინი ჩიხში შეიყვანა. ამ ჩიხს პირველ რიგში უკრაინული კრიზისის ჩიხი ჰქვია. თქვენ თუ სუვერენიტეტის, მშვიდობის, დემოკრატიისა და თავისუფალი განვითარების გზა აირჩიეთ, ეს გზა დასავლეთზე არ გადის. როდესაც თქვენ უარი თქვით დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე, როდესაც თქვენ უარი თქვით რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნაზე, თქვენ უარი თქვით დასავლეთზე. ეს სწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ ამ გადაწყვეტილებების უკან წაღება საქართველოს დაღუპვის წინაპირობად იქცევა. დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გზები გაწყვეტილია და თქვენ ამას არ გაპატიებენ. თუ ვერ მოგისყიდეს, შეშინებას შეეცდებიან; თუ ვერ შეგაშინეს, სახელმწიფო გადატრიალებას მოგიწყობენ, ამიტომ ახლა პოლიტიკური ზიგზაგებისა და არც დასავლეთთან რევერანსების დრო არ არის. თქვენ ერთადერთი გზა დაგრჩათ დასავლეთიდან აღმოსავლეთით შემობრუნების გზა. ახალ მსოფლიო პოლუსებთან სტრატეგიული პარტნიორობის გზა. ეს გზა პირველ რიგში რუსეთზე გადის. ეს კარგად ნაცნობი და აპრობირებული გზაა, ისტორილი მიმართულებაა, რომელიც ერეკლე მეორის მიერ არის გაკვალული (თქვენ რომ ძეგლი დაუდგით), ილიას მიერ იყო მოწონებული და სტალინის მიერ გაგრძელებული. ერთი სიტყვით, ეს გზა უალტერნატივოა. დროა, რომ ეს, მინიშნებებით კი არა, პირდაპირ თქვათ. სხვა შემთხვევაში გზა მაინც არ ჩაუკეტოთ იმ ადამიანებს, იმ ძალებს, რომლებიც ამ პოლიტიკური კურსის მომხრენი არიან. საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამგვარი შემობრუნების მოლოდინშია და არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, თქვენი ხელით გაკეთდება ეს თუ ვინმე სხვა გამოჩნდება. თქვენგან საზოგადოება იმას ითხოვს, რომ ეს გზა არ ჩახერგოთ. საქართველოში დასავლეთის აგენტურა სახელმწიფო გადატრიალებას ვეღარ მოაწყობს, მაგრამ ხალხის ისტორიულ ნებას, რომელიც დასავლეთიდან რუსეთისკენ შემობრუნების აუცილებლობის გაცნობიერებაში გამოიხატება, ვერც თქვენ და ვერც ის თქვენი დასავლეთი ვეღარ აღუდგება. რა საკვირველიც უნდა გეჩვენოთ, ამ დასკვნასაც, რომელიც ახლა ჩამოვაყალიბე, თქვენ აკეთებთ: „სწორედ ამიტომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ გაიზარდა ზეწოლა და შანტაჟი, რომელმაც სხვადასხვა ფორმა მიიღო. ბუნებრივია, გარე გამოწვევების, რეგიონში მიმდინარე დამანგრეველი ომების ფონზე, ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმები უფრო და უფრო ხშირდება და კიდევ უფრო მძაფრი ხდება, თუმცა კონკრეტულ ძალებს უწევთ, რომ ეს არა შიდა მტრების, როგორც ამას წლების მანძილზე აკეთებდნენ, არამედ გარე მტრების ხელით გააკეთონ”.
თქვენ მიერ დასახელებულ გარეშე მტერს კონკრეტული სახელი ჰქვია. ეს არის კოლექტიური დასავლეთი – აშშ და ევროკავშირი, მათი მთავარი დამრტყმელი ძალა ნატო. თქვენ ასეთი დაზუსტება არ გაგიკეთებიათ, მაგრამ ის, რაც თქვით, სწორედ ამას ნიშნავს:
„საქართველოს ისტორიაც სწორედ ეს არის – მუდმივი ბრძოლა, რომელიც სხვადასხვა დროს გადარჩენისთვის თავგანწირვაში, დამოუკიდებლობის მოპოვებაში, ანგარიშგასაწევი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, მამულის, ენისა და სარწმუნოების – ქართველობის მთავარი განმსაზღვრელების – შენარჩუნებაში ვლინდებოდა. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით, თუმცა სახეცვლილ მტერთან და გამოწვევებთან”.
დასასრულ, ქვეყანამ პირი რომ არ იბრუნოს აგენტოკრატიის უმძიმესი რეციდივისკენ, რომლის სავალალო შედეგები უკვე ვიწვნიეთ, სწორედ ამიტომ ქართველი ხალხი, ალბათ, კიდევ ერთხელ მოეკიდება გაგებით თქვენს მიმართვას, რომელშიც ასეთი სიტყვები წერია: „პირადად ჩემთვის უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არამხოლოდ „ქართული ოცნება“ დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის, ქვეყნის სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების რეალური საფრთხე”.
ამ საფრთხის გათვალისწინებით, ქართველი ხალხი, ალბათ, ერთხელ კიდევ გენდობათ, მაგრამ გახსოვდეთ – ნდობის ლიმიტი ამოწურულია!
ვალერი კვარაცხელია
P.S. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ–ს მიმართა თხოვნით, მიჰყიდოს „ტომაჰავკის“ რაკეტები ევროპულ ქვეყნებს, რათა ისინი უკრაინას გაუგზავნონ. აშშ–ის ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსიმ განაცხადა, რომ აშშ განიხილავს უკრაინის თხოვნას შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდების შესახებ.ეს ყველაფერი ასე გაფორმდა. ამერიკელებმა დააკმაყოფილეს ზელენსკის თხოვნა, რომ მის ხელში მოხვდეს ისეთი შეიარაღება, რომელიც ძალთა თანაფარდობას თუ ვერ შეცვლის, უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმების მიყენების შესაძლებლობას გაუჩენს. ამერიკასა და ევროპას არ სჭირდება ვინმეს თხოვნა რუსეთის საწინააღმდეგოდ ასტრონომიული თანხებისა და შეიარაღების გამოსაყოფად, პირიქით, მათგან მოდიოდა და მოდის ყველა ინიციატივა უკრაინის კრიზისის შესაქმნელად და გასამწვავებლად. უკრაინის კრიზისი დასავლეთის ანტირუსული პროექტია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი არ თვლის, რომ ვაშინგტონმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო: „მჯერა, რომ, პირველ რიგში, ეს ევროპის მხრიდან ვაშინგტონზე განხორციელებული ზეწოლის შედეგია. ვაშინგტონს სურს, აჩვენოს, რომ ისინი მოკავშირეების ხედვებს ითვალისწინებენ. არ მგონია, რომ საქმე საბოლოო გადაწყვეტილებასთან გვაქვს. აშშ არ აწვდის „ტომაჰავკის“ რაკეტებს ყველა ევროპულ ქვეყანას. თუ არ ვცდები, „ტომაჰავკის“ რაკეტები მხოლოდ ესპანეთსა და ნიდერლანდებს აქვთ. ისინი თუ გადაწყვეტენ, რომ უკრაინა ამ რაკეტებს პასუხისმგებლობით გამოიყენებს, მე ძალიან გამიკვირდება“, – აღნიშნა ლავროვმა.