გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველთვის ექცეოდა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, მაგრამ ახლა ამ ორგანიზაციის მიმართ ნდობა შეირყ ა, ინტერესი განელდა. საქმე ის არის, რომ მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე აღმოცენებული მსოფლიო წესრიგი პრაქტიკულად დაინგრა, ხოლო საერთაშორისო სამართალი ფარატინა ქაღალდია, რომელიც აღარავის ახსოვს.
გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსულმა დონალდ ტრამპმა გაერო უმოქმედობასა და უფუნქციობაში ამხილა, მაგრამ მას გაეროს როლის დაკნინების მიზეზებზე არ უსაუბრია. მსოფლიო წესრიგის მოშლა, საერთაშორისო სამართლის დევალვაცია და გაეროს ნგრევა ერთი მთლიანია, რომლის ცალ-ცალკე განხილვა შეცდომაა. ვინ ანგრევს წესრიგს? მხოლოდ ის, ვისაც იგი ხელს უშლის, ანუ ვისთვისაც წესებისა და წესრიგის გარეშე ცხოვრება ხელსაყრელია, რადგან ძლიერია და ძალადობით მეტის მითვისების საშუალება აქვს, ვიდრე წესებისა და კანონების დაცვის ვითარებაში მოახერხებდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა: „გაერო ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ამის გამო ვიკითხე: რისთვის არსებობს იგი? გაეროს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები. მე მუდმივად აღვნიშნავდი ამას. მას აქვს უდიდესი პოტენციალი, რომელიც, სამწუხაროდ, არ გამოიყენება. ხშირად ისინი კმაყოფილდებიან მიღებული გადაწყვეტილებების ციტირებით ან აკეთებენ განცხადებებს, რომლებსაც არ მოჰყვება რეალური განხორციელება. სიტყვები ომებს ვერ აჩერებს, მხოლოდ ქმედება წყვეტს ომებს… ომების შეჩერება ჩემთვის უდიდესი პატივია, თუმცა სამწუხაროა, რომ ამას მე ვაკეთებდი გაეროს მაგივრად. ყველა ამ შემთხვევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არც კი ცდილობდა დახმარებას”.
აქ აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, როგორ შევაფასე ტრამპის ეს პოზიცია 25 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში (იხ. „საქართველო და მსოფლიო“, „ტრამპის თვითლუსტრაცია”), რომელშიც ვწერდი: „აშშ, ნატოსთან ერთად, გაეროს გვერდის ავლით და მისი უშიშროების საბჭოს (რომლის ერთ-ერთი მუდმივი წევრი სახელმწიფო თვითონ აშშ-ია) იგნორირებით იუგოსლავიას როცა ბომბავდა, გაერო, როგორც მსოფლიო წესრიგის უპირველესი ინსტრუმენტი, სწორედ ამის გამო კარგავდა ავტორიტეტს და განიცდიდა დისკრედიტაციას. მას შემდეგ ამერიკელებმა გაეროსა და მისი უშიშროების საბჭოს იგნორირება წესად აქციეს. ეს არის ის, რამაც უდიდესი პრობლემა შეუქმნა მსოფლიო წესრიგსა და საერთაშორისო სამართალს, და არა ის, რომ გაეროს შენობაში რომელიღაც ესკალატორი რამდენიმე წუთით გაჩერდა ან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ტრამპის გამოსვლის დროს სუფლიორი გაიჭედა. გაჩერებული ესკალატორისა და გაჭედილი სუფლიორის პრობლემა მარტივად გამოსწორდება, უკანონოდ დანგრეული იუგოსლავია კი ვერასოდეს აღდგება და ვერც ამერიკელებისა და ნატოს ჯარისკაცების მიერ იქ დახოცილი ადამიანები გაცოცხლდებიან”.
27 სექტემბერს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკითხს ეხებოდა, აღნიშნა: „ერთ-ერთი მთავარი და დაუვიწყარი შედეგი იმ ომისა (იგულისხმება მეორე მსოფლიო ომი – ვ.კ.) გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნა. ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებლების მიერ შეთანხმებული ქარტიის პრინციპები დღემდე ნათელ შუქურად დარჩა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ისინი ასახავს სახელმწიფოების თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას და სრულად ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას მრავალპოლარული ეპოქის პირობებში. საქმე მხოლოდ ისაა, რომ ყველა წევრმა სახელმწიფომ, გამონაკლისის გარეშე, უნდა დაიცვას ეს პრინციპები – სრულად, ერთობლივად და ურთიერთკავშირში”.
როგორც ვხედავთ, ლავროვიც იმ საკითხს მიადგა, ვინ ცდილობს გაეროს დისკრედიტაციას და რა საშუალებებით აკეთებს ამას. ლავროვმა პირდაპირ განაცხადა: „ყველგან ადგილი აქვს სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობის პრინციპის უხეშ დარღვევას, რომელიც არღვევს სამართლიანობის რწმენას, იწვევს კრიზისებსა და კონფლიქტებს. პრობლემის ფესვია დაუსრულებელი მცდელობები, გაიყოს მსოფლიო „ჩვენიანებად“ და „სხვებად“, „დემოკრატიებად“ და „ავტოკრატიებად“, „ყვავილოვან ბაღად“ და „ჯუნგლად“, მათ შორის ვინც „მაგიდასთან ზის“ და ვინც „მენიუშია“. თითქოს არსებობენ „არჩეულები“, რომლებსაც ყველაფერი ნებადართული აქვთ, და დანარჩენები, რომლებიც რატომღაც ვალდებულნი არიან, მოემსახურონ „ოქროს მილიარდის“ ინტერესებს“.
გასაგებია, რომ ლავროვი ხელს დასავლეთისკენ იშვერს, ვინაიდან ვიცით, რომელი არსენალიდან მოჰყავს მას თავისი გამოსვლის ამ ამონარიდში მოხმობილი უხერხული გამონათქვამები. ლავროვმა ბოლოს პირდაპირ დაასახელა გაეროს პრინციპების წინააღმდეგ მოქმედი სახელმწიფოები და ორგანიზაციები: „მუქარა და ძალადობა არაერთხელ იქნა გამოყენებული დასავლეთის მიერ. ტრაგედიად დასრულდა ნატოს დაბომბვები იუგოსლავიაში, აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციის შეჭრა ერაყში, ნატოს სამხედრო ოპერაცია ლიბიაში რეჟიმის შეცვლის მიზნით. დღეს კი ძალის უკანონო გამოყენება ისრაელის მიერ პალესტინელების წინააღმდეგ, აგრესიული ქმედებები ირანის, ყატარის, იემენის, ლიბანის, სირიისა და ერაყის მიმართ ახლო აღმოსავლეთს აფეთქებით ემუქრება. რუსეთმა მკაცრად დაგმო „ჰამასის“ მებრძოლთა თავდასხმა ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე 2023 წლის 7 ოქტომბერს, მაგრამ, როგორც ტერორისტულ აქტებს, ასევე პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკ მკვლელობებს არ აქვს გამართლება. არანაირი გამართლება არ აქვს პალესტინელთა კოლექტიურ დასჯას ღაზის სექტორში, სადაც დაბომბვებისა და შიმშილის გამო იღუპებიან პალესტინელი ბავშვები, ნადგურდება საავადმყოფოები და სკოლები. არ არსებობს გამართლება იორდანიის დასავლეთ სანაპიროს ანექსიის გეგმისთვისაც. ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან, რომლის მიზანიც არის გაეროს გადაწყვეტილებების დასაფლავება პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესახებ”.
ვინ დგას ყოველივე ამის უკან? რა თქმა უნდა, აშშ ანუ ის სახელმწიფო, რომლის პრეზიდენტმაც ასე აგრესიულად გაილაშქრა გაეროს წინააღმდეგ ამ ორგანიზაციის უმაღლესი ტრიბუნიდან. ლავროვი არც ამაზე გაჩერებულა. მან აშშ-ის წარსულ გადაცდენებთან ერთად თანამედროვე უკანონო ქმედებებზეც გაამახვილა ყურადღება: „დასავლეთის სანქციების პოლიტიკა, რომელიც ერთდროულად მიმართულია რუსეთზე, ირანზე, ვენესუელაზე, კუბასა და სხვა ქვეყნებზე, არღვევს გაეროს წესდების არა მხოლოდ კონკრეტულ მუხლებს, არამედ თავად მის სულისკვეთებასაც. სანქციები გამოიყენება, როგორც იარაღი კონკურენტების შესაკავებლად, მათი ეკონომიკური განვითარების შესაფერხებლად და პოლიტიკური სისტემების დასასუსტებლად. ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთი ცდილობს ერთპოლარული მოდელის შენარჩუნებას, სადაც „გლობალური უმცირესობა“ თავის ნებაზე წყვეტს მსოფლიო საკითხებს, მაგრამ რეალობაში უკვე აშკარაა მრავალპოლუსიანი სამყაროს ჩამოყალიბება. აზია, აფრიკა, ლათინური ამერიკა სულ უფრო ხმამაღლა აცხადებენ თავიანთი უფლების შესახებ, აირჩიონ საკუთარი გზა, დაიცვან საკუთარი ინტერესები და ტრადიციები”.
ლავროვის გამოსვლაში ყველაზე საყურადღებო მომენტი უკრაინის თემა იყო: „ყველაზე თვალსაჩინოდ გაეროს წესდების დარღვევა გამოვლინდა უკრაინის კრიზისის გარშემო. დასავლეთმა პირველად მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება კიევში 2014 წელს, შემდეგ კი გაამწვავა შიდა დაპირისპირება, ხელი შეუწყო ძმათამკვლელ ომს და საბოლოოდ რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენა უკრაინა, როგორც ბერკეტი. ჩვენი ქვეყნის მისამართით გაკეთებული ყველა ბრალდება აგრესიასა და ომის გაჩაღებაში აბსურდულია. დასავლეთის პოლიტიკური ინჟინრები ღიად აცხადებდნენ, რომ რუსეთი უნდა „დასუსტებულიყო“, რომ მას „სტრატეგიული მარცხი“ უნდა მიეღო. ამისთვის უკრაინა გამოიყენეს, როგორც მარიონეტი, რომელსაც შეიარაღებით, ფულითა და ინსტრუქტორებით ამარაგებენ. რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა: ნატოს გაფართოება, მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან მოყვანა პირდაპირი საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ უკრაინის მიწაზე შეიქმნას ანტირუსული პლაცდარმი. ჩვენ დავიწყეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და უზრუნველვყოთ რუსეთის უსაფრთხოება. ეს გადაწყვეტილება იძულებითი იყო. ჩვენ ვიბრძვით არა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ – ისინი ჩვენი ძმები და დები არიან – არამედ დასავლეთის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელმაც უკრაინა იარაღად აქცია. უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება ნათლად აჩვენებს დასავლეთის ორმაგ სტანდარტებს. ისინი თვალს ხუჭავენ იმაზე, რაც თავად ჩაიდინეს იუგოსლავიაში, ერაყში, ლიბიაში, სირიაში, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ კი უპრეცედენტო სანქციებსა და ზეწოლას იყენებენ. გაეროს წესდების დარღვევის პარალელურად, დასავლეთში იყენებენ ცენზურასა და დეზინფორმაციას. სიმართლე იგუდება, ყველა, ვინც ეჭვქვეშ აყენებს ოფიციალურ ნარატივს, „პრორუსულად“ შერაცხეს. მათ, ვინც რუსული კულტურის მოღვაწეებს პატივს სცემს, „გაუქმებას“ უპირებენ. აკრძალულია რუსული მუსიკა, წიგნები, ფილმები – თითქოს კულტურა შეიძლება წაიშალოს პოლიტიკურ მიზეზთა გამო. ასე იქმნება საშიში პრეცედენტი: ცდილობენ ხალხების დაშორებას ერთმანეთისგან არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ კულტურულადაც, მაგრამ ისტორიამ უკვე არაერთხელ აჩვენა, რომ რუსული კულტურის, ენისა და ცივილიზაციის გაწყვეტა შეუძლებელია”.
ამის შემდეგ ლავროვი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხსაც შეეხო, რომელიც საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის რღვევამ დარტყმის ქვეშ დააყენა და სერიოზულად დააზიანა: „მსოფლიოს უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. ბირთვული იარაღის გავრცელება, სამხედრო აგრესია და ნატოს გაფართოება ამწვავებს გლობალურ კრიზისებს. რუსეთი ყოველთვის აცხადებს, რომ მზადაა დიალოგისთვის, სტრატეგიული სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ბირთვული ბალანსის დასაცავად. 22 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წარმოადგინა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სტრატეგიული თავდაცვის კონტროლის შეთანხმების პირობების ერთწლიან შენარჩუნებას, რათა თავიდან იქნას აცილებული შეჯიბრება ბირთვულ შეიარაღებაში. ამ ინიციატივას შეუძლია შექმნას პირობები სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად რუსეთსა და აშშ-ს შორის”.
ლავროვმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და მეტისმეტად არასახარბიელო ვითარებიდან გამოსავალზეც ისაუბრა: „დასავლეთის სურვილი, შეინარჩუნოს ჰეგემონია სამხედრო ძალის გამოყენებით, წარმოშობს კონფლიქტებს და ახალ საფრთხეებს. სწორედ ამიტომ აუცილებელია უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობასა და ერთიანობას ევროპაში, ევრაზიის რეგიონში, შორეულ აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და სხვა კონტინენტებზე. რუსეთი და მისი მოკავშირეები სთავაზობენ კონსტრუქციულ ალტერნატივას: თანაბარი და დაუყოფადი უსაფრთხოების სისტემის შექმნას, რომელიც არა მხოლოდ ნატოს წევრებისთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის იქნება თანაბრად მოქმედი. ომი უკრაინაში კვლავ ცხადყოფს, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემა არ არის სამართლიანი და თანასწორი. დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკოსი ღიად განიხილავს მესამე მსოფლიო ომის შესაძლებლობას, რათა რუსეთის წინააღმდეგ დასახული გეგმა განახორციელონ. ისინი არღვევენ გაეროს წესდების პრინციპებს და ცდილობენ, საკუთარი წესრიგი სხვა ქვეყნებზე გაავრცელონ”.
ლავროვმა გამოსვლა იმაზე ხაზგასმით დაასრულა, რომ: „რუსეთი არ აპირებს რევოლუციების მოწყობას ან ვინმეზე თავდასხმას. ჩვენ, უბრალოდ, მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს გაეროს ფუძემდებლური პრინციპების დაცვისკენ ორმაგი სტანდარტების გარეშე”.
ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული აშშ სიმართლის მთქმელი სახელმწიფოს როლს ირგებდა. დღეს მან ეს როლი დაკარგა. ამერიკული „სიმართლის” უკვე აღარავის სჯერა. ჩვენს ეპოქაში სიმართლეს ყველაზე მეტად რუსეთი ემსახურება და ახმოვანებს. სხვათა შორის, გამოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირიც სიმართლის ბაირახტარი სახელმწიფო იყო. ის, რაც იმ დროს „კომუნისტურ სიყალბედ” გვეჩვენებოდა, თურმე სიმართლე ყოფილა – სიმართლე, რომელსაც ვერ ვხედავდით და არ გვესმოდა, რადგან დასავლური პროპაგანდით იფარებოდა და სიცრუის ბურუსში ეხვეოდა.
ვფიქრობ,რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მრავალმხრივ საყურადღებო დოკუმენტია, ამიტომ მის ნებისმიერ ანალიზს სჯობს, თვითონ დოკუმენტს გაეცნოთ, რომელიც არა მხოლოდ შექმნილი ვითარების დრამატიზმში ჩაგახედებთ, არამედ სიმართლისა და სიცრუის, სიკეთისა და ბოროტების, პერსპექტიულისა და უპერსპექტივოს თანამედროვე დიალექტიკასაც გაგაცნობთ.
ვალერი კვარაცხელია