23 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოვიდა. გამოვყოფ რამდენიმე საკითხს, რომლებსაც იგი შეეხო:
უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გავამახვილო გაეროს მიმართ ტრამპის დამოკიდებულებაზე, რომელიც იკითხებოდა მის მიერ ორგანიზაციის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებში. პრეზიდენტმა ტრამპმა გაეროს ბრალი დასდო უმოქმედობასა და ბიუროკრატიაში: „გაერო ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ამის გამო ვიკითხე: რისთვის არსებობს იგი? გაეროს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები. მე მუდმივად აღვნიშნავდი ამას. მას აქვს უდიდესი პოტენციალი, რომელიც, სამწუხაროდ, არ გამოიყენება. ხშირად ისინი კმაყოფილდებიან მიღებული გადაწყვეტილებების ციტირებით ან აკეთებენ განცხადებებს, რომლებსაც არ მოჰყვება რეალური განხორციელება. სიტყვები ომს ვერ აჩერებს, მხოლოდ ქმედება წყვეტს ომებს… ომების შეჩერება ჩემთვის უდიდესი პატივია, თუმცა სამწუხაროა, რომ ამას მე ვაკეთებდი გაეროს მაგივრად. ყველა ამ შემთხვევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არც კი ცდილობდა დახმარებას”.
აქ მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაერო, როგორც მსოფლიო წესრიგის უპირველესი ინსტრუმენტი, პირველ რიგში, აშშ-ის მიერ იქნა იგნორირებული და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყო იმხანად ამ ქვეყნის პრეზიდენტი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ტრამპი იყენებს ამგვარ მიდგომებს. „აშშ-ის პრეზიდენტი მე რომ ვყოფილიყავი, უკრაინის ომი არ დაიწყებოდა”, – აცხადებს იგი. ჯერ ერთი, ეს უკვე აღიარებაა იმისა, რომ ომი ამერიკელთა მიზეზით დაიწყო. მეორე და უმთავრესი კი ის არის, რომ ამერიკული პოლიტიკის გამტარებელი იმ მომენტში, როდესაც პროცესი განვითარდა, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული კანონიერი პრეზიდენტი იყო, რის გამოც პასუხისმგებლობა სახელმწიფოს, ხალხსა და პრეზიდენტს თანაბრად ეკისრებათ. აშშ, ნატოსთან ერთად, გაეროს გვერდის ავლით და მისი უშიშროების საბჭოს (რომლის ერთ-ერთი მუდმივი წევრი სახელმწიფო თვითონ აშშ-ია) იგნორირებით იუგოსლავიას როცა ბომბავდა, გაერო, როგორც მსოფლიო წესრიგის უპირველესი ინსტრუმენტი, სწორედ ამის გამო კარგავდა ავტორიტეტს და განიცდიდა დისკრედიტაციას. მას შემდეგ ამერიკელებმა გაეროსა და მისი უშიშროების საბჭოს იგნორირება წესად აქციეს. ეს არის ის, რამაც უდიდესი პრობლემა შეუქმნა მსოფლიო წესრიგსა და საერთაშორისო სამართალს, და არა ის, რომ გაეროს შენობაში რომელიღაც ესკალატორი რამდენიმე წუთით გაჩერდა ან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ტრამპის გამოსვლისას სუფლიორი გაიჭედა. გაჩერებული ესკალატორისა და გაჭედილი სუფლიორის პრობლემა მარტივად გამოსწორდება, უკანონოდ დანგრეული იუგოსლავია კი ვერასოდეს აღდგება და ვერც ამერიკელებისა და ნატოს ჯარისკაცების მიერ იქ დახოცილი ადამიანები გაცოცხლდებიან.
მას შემდეგ მეოთხედი საუკუნე გავიდა, მაგრამ მსოფლიო წესრიგი, რომელიც იმხანად დაინგრა, დღესაც დანგრეულია. ის ომები, რომელთა შეჩერებასაც ტრამპი იბრალებს (მან ასეთი განცხადება გააკეთა: „მხოლოდ შვიდი თვის განმავლობაში მე დავასრულე შვიდი ხანგრძლივი კონფლიქტი, რომლებზეც მეუბნებოდნენ, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა”), არც დაიწყებოდა, რომ არა ამერიკელთა თვითნებობა, რომელიც გადამდები აღმოაჩნდა. სხვათა შორის, ასეთივე თვითნებური იყო დასავლეთის სახელმწიფოების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება. ის, როგორც პრეცედენტი, საფუძვლად დაედო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ვერც ნახავთ პოლიტიკაში ასე თუ ისე ჩახედულ ადამიანს, რომელსაც არ ემახსოვრება, როგორ აფრთხილებდა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ამერიკელებს, რომ ეს პრეცედენტი ძალიან ცუდად აისახებოდა მსოფლიოს მომავალზე. ამ კონტექსტში აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც, რომელთა აღიარება მოგვიანებით შედგა, დასახელებული იყო. სამწუხაროდ, ამ შეგონებას ამერიკელებმა თავის დროზე ყური არ ათხოვეს. დღეს ტრამპი იმით კი არ უნდა ტრაბახობდეს, ამდენი ომი გავაჩერეო, იმის გამო უნდა ბოდიშობდეს, რომ ამერიკულმა თვითნებურმა პოლიტიკამ მსოფლიოს ამდენი პრობლემა შეუქმნა. არც მისი იმ ინიციატივით უნდა ტრაბახობდეს ტრამპი, რომლის გამოც ნატოს გაძლიერება დაიწყო (აი ამონარიდი მისი სიტყვიდან გენერალურ ასამბლეაზე: „ივნისის ნატოს სამიტზე ჩემი ინიციატივით პრაქტიკულად ყველა წევრმა ქვეყანამ მიიღო ოფიციალური ვალდებულება, მოემატებინა თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 2-დან 5 პროცენტამდე, რამაც ჩვენი ალიანსი უფრო გააძლიერა, ვიდრე ოდესმე ყოფილა”), არამედ ბოდიშს უნდა იხდიდეს იმის გამო, რომ ნატოს გაფართოების მცდარმა პოლიტიკამ, რომელიც მსოფლიოს დამორჩილების სურვილით იყო ნაკარნახევი, პლანეტა გლობალური ომის ზღვრამდე მიიყვანა. ტრამპი ასე რომ აზროვნებდეს, საკუთარ თავში მართლაც პროგრესის მქონე მოღვაწე იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი ,,დიფ სთეითის’’ პირმშოა, რომელიც ერთი ხელით ვითომ ებრძვის გლობალური ომის პარტიას, მეორე ხელით კი ყველანაირად ცდილობს მის განმტკიცებას. ის ასე იმიტომ იქცევა, რომ კაპიტალიზმის ღვიძლი შვილია და არა მოწინააღმდეგე. იგი სულით ხორცამდე ბურჟუაა და ოლიგარქია. მისთვის უცხო და მიუღებელია ყველაფერი, რაც ამ უსამართლო და ბარბაროსული სისტემის ალტერნატივაა, ამიტომ მისი ბრძოლა ,,დიფ სთეითთან’’ ან სრული ფიქციაა, ან დონკიხოტობა და ქარის წისქვილებთან ბრძოლა.
„ექვსი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ამ დიდებულ დარბაზში გამოვედი და მსოფლიოს მივმართე, ჩემი პირველი პრეზიდენტობის დროს. მას შემდეგ ომებმა დაანგრია ის მშვიდობა, რომელიც მე მქონდა განმტკიცებული ორ კონტინენტზე”. ამ სიტყვებით დაიწყო ტრამპმა გამოსვლა გაეროს მე–80 გენერალურ ასამბლეაზე. ეს სიტყვები ისეა დაშორებული რეალობისგან, როგორც ცა – დედამიწისგან. სამაგიეროდ, ნათქვამი ძალიან ახლოს არის ქედმაღლობასთან, თვითრეკლამასთან, უსაფუძვლო ამბიციებთან, როგორც საკუთარ პიროვნებაზე, ასევე საკუთარ სახელმწიფოზე შექმნილი წარმოდგენების თვალსაზრისით.
ტრამპმა განცხადება გააკეთა ახლო აღმოსავლეთის ისეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ გადაუჭრელი პრობლემის შესახებაც, როგორიცაა პალესტინის აღიარების საკითხი. მან კატეგორიულად გაილაშქრა იმ დადებითი ტენდენციების წინააღმდეგ, რომლებიც ამ მიმართულებით ევროპულ სახელმწიფოებშიც კი თვალშისაცემია: „მე აქტიურად ვმუშაობ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დასაცავად. ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ. სამწუხაროდ, „ჰამასმა“ არაერთხელ უარყო გონივრული შეთავაზებები მოლაპარაკებისათვის. ჩვენ არ შეიძლება დავივიწყოთ 7 ოქტომბერი. ეს დაუშვებელია. ამ დარბაზში წარმოდგენილი ზოგიერთი სახელმწიფო ცდილობს, უპასუხისმგებლოდ აღიაროს პალესტინის სახელმწიფო. ეს იქნებოდა ჯილდო „ჰამასისთვის“ მათ მიერ გამოვლენილი სისასტიკის გამო”. ტრამპის ეს მიდგომა არც ახალია, არც სამართლიანი და, რაც მთავარია, შედეგის მომტანიც არ არის. სანამ პალესტინას არ აღიარებენ, რეგიონში მშვიდობა ვერ დაისადგურებს. პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მცდელობა გაეროს არსებობის პირველი დღეებიდანვე იყო, მაგრამ ეს საქმე დღესაც არ არის ბოლომდე მიყვანილი. გაეროს მე-80 ასამბლეის წინ რამდენიმე სახელმწიფომ (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, ბელგია, ლუქსემბურგი, კანადა, ავსტრალია და სხვ.) პალესტინის სახელმწიფო აღიარა. ამ ფაქტს „ჰამასი“ გამოეხმაურა: „ეს აღიარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი, პალესტინელი ხალხის, უფლებების შესანარჩუნებლად საკუთარ მიწასა და წმინდა ადგილებზე, ასევე მათი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის იერუსალიმით, როგორც მისი დედაქალაქით. ეს არის ჩვენი ხალხის ბრძოლის, სიმტკიცისა და თავგანწირვის დამსახურებული შედეგი გათავისუფლებისა და დაბრუნების გზაზე. ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს უნდა ახლდეს პრაქტიკული ზომებიც, რომლებიც ღაზის სექტორში ჩვენი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ სასტიკი გენოციდის დაუყოვნებლივ შეჩერებას გამოიწვევს“. ტრამპმა მთელ ამ კამპანიას გენერალური ასამბლეის სხდომაზე გაკეთებული ერთი განცხადებით ცივი წყალი გადაასხა. მთელი ფილოსოფია ამ საკითხისა კი ის არის, რომ ტრამპმა არამხოლოდ პალესტინის დამოუკიდებლობას, არამედ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევის პერსპექტივასაც გადაასხა ცივი წყალი. „ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და სწრაფად მოვიპოვოთ შედეგი — ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი ღაზაში; ეს უნდა იყოს ჩვენი დიდი პრიორიტეტი”, – განაცხადა ტრამპმა. მშვენიერია, მაგრამ როგორ? ეს ერთი უმარტივესი შეკითხვა აცამტვერებს ყველა იმ მოსაზრებას, რომლებიც, გარდა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისა, ამ საკითხთან დაკავშირებით დაბადებულა ან მომავალში შეიძლება დაიბადოს.
ტრამპს, როგორც ჩანს, ერთი სენი სჭირს. ესაა საკუთარი იდეებისა და საკუთარი პერსონის მნიშვნელობის გაზვიადება. სამწუხაროდ (იქნებ საბედნიეროდ), ასეთი რამ მარტივად და ვიღაცის სურვილის გამო არ ხდება. ტრამპის ნაჩქარევმა და ცოტა დაუფიქრებელმა განცხადებამ უკრაინაში ომის დამთავრებაზე შედეგი რომ ვერ გამოიღო, ფაქტია. აი ტრამპის განცხადება გაეროში ამ საკითხზე: „ვმუშაობ უკრაინაში კონფლიქტის შეწყვეტაზე. ვფიქრობდი, ეს იქნებოდა შედარებით მარტივი, ჩემი ურთიერთობების გამო პრეზიდენტ პუტინთან. თუმცა ომში არასდროს იცი, რა მოხდება. ყოველთვის არის მოსალოდნელი სიურპრიზი – კარგი თუ ცუდი”. ეს არის ტრამპის აღიარება უკრაინაში მისი გეგმის ჩავარდნის შესახებ.
ტრამპი თავს დაესხა ყველა იმ სახელმწიფოს, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობენ. „ჩინეთი და ინდოეთი გრძელვადიან პერსპექტივაში ყიდულობენ რუსულ ნავთობს და შედეგად კონკურენტული რუსული ენერგომატარებლებით ხორციელდება ომის დაფინანსება”, – აცხადებს იგი. ტრამპმა ამავე საკითხზე პრეტენზიები წაუყენა ევროპასაც: „მე ამის შესახებ გავიგე ორი კვირის წინ და ვიყავი უკმაყოფილო. წარმოიდგინეთ, ევროპაც განაგრძობს რუსეთის ნავთობისა და გაზის ყიდვას, მიუხედავად იმისა, რომ, ამასთანავე, უპირისპირდება რუსეთს”. დააკვირდით: ტრამპი ამ შემთხვევაში სახელმწიფოებს, პარტნიორად კი არა, დირექტორად ევლინება და დავალებებს აძლევს, ვინ ვისთან ითანამშრომლოს და ვინ ვისთან – არა. ეს არის აშშ-ის ის ყავლგასული შაბლონი, რომელიც დღეს უკვე არ მუშაობს და პოლიტიკურ ანაქრონიზმად გამოიყურება. ტრამპის მეთოდებისა და ურთიერთობის ფორმათა ყავლგასულობას თვითონ ტრამპმა გაუსვა ხაზი, როდესაც განაცხადა: „ჩვენ ვიყენებთ ტარიფებს – იმავე ტარიფებს, რომლებიც წინა წლებში გამოიყენებოდა ჩვენზე, ახლა იმავე ინსტრუმენტს ჩვენ ვიყენებთ ქვეყნის ეკონომიკის დასაცავად. ამ გზით ვამტკიცებთ, რომ სისტემა იყო სამართლიანი და მდგრადი” (ხაზგასმები ჩემია – ვ.კ.).
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ტრამპს მაინცდამაინც ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ მან ერთხელ კიდევ გაუსვა ხაზი მისი პოლიტიკის წინააღმდეგობრივ ხასიათს და მოახდინა თვითლუსტრაცია იმისა, რომ იგი წარსულის პოლიტიკოსია, რომელიც ძალიან ცდილობს, მსოფლიოს თავი მომავლის პოლიტიკოსად შეასაღოს.
ვალერი კვარაცხელია