საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის პოლიტიკოსი აკეთებს კომენტარს; ამასთანავე, დღე არ გავა, ამერიკიდან ჭკუა არ დაგვარიგონ, არასამთავრობოებიც ლამის ჩვენი არჩევნების დღით ცხოვრობენ და ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არაფერს ამბობს 4 ოქტომბრის არჩევნებზე, რუსეთია. ისე, წარმოგიდგენიათ, რომელიმე რუსმა პოლიტიკოსმა რომ თქვას, 4 ოქტომბერს საქართველო სწორ არჩევანს გააკეთებსო (ჰო, სწორედ ეს უწყინარი ფრაზა რომ თქვას), რა მოხდება? მაშინვე იტყვიან, რუსეთი ჩვენს საშინაო საქმეებში ერევაო, ასეო. ისეო… არადა, ამ დროს ქართული ოპოზიციის ავანგარდი დასავლეთში იქაური კურატორებისთვის ერთი ადგილის ასალოკად წავიდა.
ამ ყველაფრის პარალელურად საქსტატმა მწუხარებით გვამცნო, რომ საქართველოს ექსპორტში რუსეთის წილი იზრდება და მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ცვლილებებია, ანუ რუსეთმა მესამე ადგილზე აინაცვლა, პირველზე კი ისევ ყირგიზეთია (943,1 მლნ დოლარი), მეორეზე – ყაზახეთი (572,9 მლნ დოლარი), მესამეზე კი – რუსეთი (480,7 მლნ დოლარი).
სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, გავარკვიოთ, რა გაგვაქვს და რა შემოგვაქვს რუსეთიდან, ანუ პროდუქტების ტოპ-ათეული. ხშირად დაგვიწერია: ეს გაგვაქვს, ის შემოგვაქვს და დასახელებებიც ხომ საინტერესოა?!

მაშ ასე, რუსეთში გატანილი ტოპ-10 პროდუქტი:
1. ყურძნის ნატურალური ღვინოები – 103.308 მლნ აშშ დოლარი;
2. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 91,870 მლნ აშშ დოლარი;
3. მინერალური და მტკნარი წყლები – 51,065 მლნ აშშ დოლარი;
4. ნაყოფები ახალი – 43,457 მლნ აშშ დოლარი;
5 . წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 37,418 მლნ აშშ დოლარი;
6. ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული – 36,102 მლნ აშშ დოლარი;
7. გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნაშო ახალი – 28,43 მლნ აშშ დოლარი;
8. კარტოფილი ახალი ან გაყინული – 20.545 მლნ აშშ დოლარი;
9. ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში – 15.852 მლნ. აშშ დოლარი;
10. ვაშლი, მსხალი და კომში ახალი – 6,740 მლნ აშშ დოლარი.
რუსეთიდან შემოტანილი ტოპ-10 პროდუქტი:
1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 356,542 მლნ აშშ დოლარი;
2. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები – 137,485 მლნ აშშ დოლარი;
3. ხორბალი და მესლინი – 49,963 მლნ აშშ დოლარი;
4. მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებულია ტემპერატურის ცვლილება – 31,075 მლნ აშშ დოლარი;
5. ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან – 29,092 მლნ აშშ დოლარი;
6. ზეთი მზესუმზირის, ალისარჩულის ან ბამბისა და მათი ფრაქციები – 27.360 მლნ. აშშ დოლარი
7. ბოცები, ბოთლები და მინის სხვა ტევადობები – 25,265 მლნ აშშ დოლარი;
8. ღორები ცოცხალი – 24.271 მლნ აშშ დოლარი;
9. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ან მეტი – 21,618 მლნ აშშ დოლარი;
10. კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა – 21,549 მლნ აშშ დოლარი ;

სიმართლე გითხრათ, ძალიან რომ მოვინდომოთ, მზესუმზირის ზეთს, ღორებს, არც თუ მცირე რაოდენობის ხორბალსა და მინის ტარას აქაც დავამზადებდით, მაგრამ გვეზარება მუშაობა, არ გვინდა, არ გვაინტერესებს. აგერ, მზა შემოდის, თუმცა ეს სხვა თემაა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ იმავე საქსტატმა გვითხრა: რუსეთში ქართული მოცვის გატანის მაჩვენებელი იზრდება, მაგრამ შავი მოცვი პარალელურად კიდევ შვიდ ქვეყანაში გაგვაქვსო. ანუ, მოცვის წლევანდელი მოსავალი, საერთო ჯამში, რვა ქვეყანაში გავიტანეთ და, საქსტატი რომ გვამშვიდებს, რუსეთის გარდა კიდევ შვიდი ქვეყანაა ჩვენი მოცვის მიმღებიო, ციფრებს ჩავხედოთ: 2025 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 42,301 მლნ დოლარის ღირებულების (6 319 ტონა) მოცვი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტის მოცულობამ 26,595 მლნ დოლარი შეადგინა (4 558 ტონა), ანუ ზრდა 59%-ია და ბევრს შეიძლება ეგონოს, რომ ეს სწორედ იმ შვიდი ქვეყნის ხარჯზე მოხდა, სინამდვილეში კი…
* რუსეთი – 39.877 მლნ დოლარის, 5 947 ტონა;
* გაერთიანებული არაბული საამიროები – 559.5 ათასი დოლარის, 66.5 ტონა;
* პოლონეთი – 556.7 ათასი დოლარის, 86,3 ტონა;
* გერმანია – 541,4 ათასი დოლარის, 68.3 ტონა;
* ნიდერლანდები – 425,1 ათასი დოლარის, 68, 2 ტონა;
* სომხეთი – 283,7 ათასი დოლარის, 79,2 ტონა;
* ინდოეთი – 55,3 ათასი დოლარის, 5,8 ტონა;
* აშშ – 2.7 ათასი დოლარის, 2.4 ტონა;
ანუ იმ 42 მილიონიდან, რომელიც მოცვის ქართველ მწარმოებლებს ერგოთ, შვიდ ქვეყანაზე 3 მილიონიც კი არ მოდის და რეალურად მთელი მოსავალი რუსეთში გაიყიდა. თუ ქართულ ოფიციოზს დავუჯერებთ, მთავარი ეს კი არ არის, არამედ ის, რომ კიდევ შვიდი ქვეყანაა რეზერვში და მერე რა, რომ რუსეთი ევროპულ ქვეყნებზე ძვირს იხდის.
ცნობისთვის: როცა მოცვის წარმოება დავიწყეთ და გაირკვა, რომ ეს მომგებიანი ბიზნესი იქნებოდა, გამოაცხადეს, რომ მთავარი მიმღები ნიდერლანდები იქნება, გაყიდვის პრობლემა არ იარსებებსო. მოგვიანებით კი გაირკვა, ნიდერლანდური მხარე არც ამ ოდენობის მოცვის მისაღებად იყო მზად და არც იმ ფასს იხდიდა, რომელსაც თავის დროზე დაგვპირდა. ეს რომ რუსეთს გაეკეთებინა, ხომ ხვდებით, რა ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები გაკეთდებოდა – გადაგვაგდესო, მაგრამ ნიდერლანდებზე ხმა არავის ამოუღია, ევროპული ქვეყანაა და როგორ შეიძლება მასზე აუგის თქმა?!
გნებავთ, უფრო საინტერესო ამბავი? ბოლო პერიოდში საქართველოში საქონლის ორი ჯიში – ანგუსი და სიმენტალი მომრავლდა. ერთი შოტლანდიაშია გამოყვანილი, მეორე – შვეიცარიაში და, რაც მთავარია, ორივე მართლაც კარგი ჯიშია. ჰოდა, ამ ჯიშების საქონელი საქართველოში, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის და, იცით, რატომ? სწორედ ჩვენს მეზობლად განვითარდა ეს მიმართულება და შოტლანდიელები და შვეიცარიელები ამბობენ, რომ რუსები ჯიშის სისუფთავეს მათზე მეტად უფრთხილდებიან და თავს წარმატებითაც ართმევენ. ჰო, რაც მთავარია, რუსეთიდან მათი შემოყვანა დაახლოებით 500 დოლარით იაფი ჯდება ერთ ზრდასრულ საქონელზე და, როცა 100 სული შემოგყავს, თანხა საკმაოდ სოლიდურია. ამის მიუხედავად, როცა თანადაფინანსებაზე მიდის საუბარი, ქართული ოფიციოზი ფერმერებს მაინც ევროპას ურჩევს ხოლმე. აქაოდა, რუსებმა შეიძლება „გადაგაგდონო“ და ეს „შეიძლება“, წლებია, ისმის, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ჩვენი სამეზობლოდან ვინმეს ვინმე გადაეგდო. უბრალოდ, ქართულ მხარეს ევროპიდან შემოყვანილი საქონლის ოდენობა სტატისტიკისთვის სჭირდება.
სწორედ მშრალი სტატისტიკის ბრალია ის, რომ წელს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული პროგრამით, რომელიც სათბურების მშენებლობასა და თანადაფინანსებას გულისხმობდა, ბევრმა ვერ ისარგებლა, რადგან ბანკებმა (ბანკების გარეშე პროექტი არ ხორციელდება) არარეალური და შეუფერებელი უძრავი ქონება მოითხოვეს და დიდი სათბური ვერავინ ააშენა. ეს იმას ნიშნავს, რომ მწვანილს შარშანდელზე დიდი ოდენობით შემოვიტანთ და თურქეთსა თუ ირანში ათეულობით მილიონ დოლარს გავუშვებთ. ჰოდა, სანამ იმ ქვეყნების მოძიებას დავიწყებთ, რომლებშიც 2-3 ყუთ ქართულ პროდუქტს გავიტანთ, ეგებ იმაზე ვიფიქროთ, რომ აქ ვაწარმოოთ მეტი და აქ გვქონდეს ჩვენთვის საკმარისი პროდუქტი, ზუსტად ისე, როგორც ადრე გვქონდა და, მწვანილს კი არ ვყიდულობდით, მილიონობით ადამიანს იქეთ ვამარაგებდით. რუსეთზე ქილიკი კიდევ არ გამოვა, რადგან, აგერ უკვე მერამდენე წელია, ეკონომიკური სანქციების ქვეშ ხორბლის ყველაზე დიდ მიმწოდებლად რჩება მსოფლიოში და საკვები პროდუქტების მიმართულებით არაერთ ქვეყანას საკმარისზე მეტს აძლევს. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: ყველა მიხვდა, რომ მომავალი სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, ანუ საკვებზეა დამოკიდებული. სახელმწიფოები ამისთვის მილიარდებს ხარჯავენ. ჩვენ კი, მილიონების დახარჯვით შეგვიძლია აღვადგინოთ წარმოება და ის უზარმაზარი ტერიტორიები, რომლებიც ახლა სოფლად გატყიურებულია და საძოვრებად არის ქცეული, ისევ დავხნათ, დავთესოთ და მერე აღარ დაგვჭირდება ყვირილი: სოფლები დაიცალა, არიქა, რამე ვუშველოთო! როცა საქმე და შემოსავალი იქნება, სოფლებში თვითონ დაბრუნდება ხალხი და დოვლათსაც შექმნის.
ლევან გაბაშვილი