ჰამლეტ ჭიპაშვილი: როგორც ჩანს, არჩევნები დემონსტრაციებისა და მიტინგების ფონზე ჩატარდება, რომლებიც შემდეგაც გაგრძელდება

    ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და ხელისუფლებაც ხშირად გვახსენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა დღითიდღე იზრდება, მაგრამ ამ თვალსაზრისს  ხალხი არ იზიარებსწინასაარჩევნოდ პროდუქტები გაძვირდა, რაც საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს ისევე, როგორც საჯარო მოხელეების ხელფასის ყოველწლიური მატება საკმაოდ დიდი ოდენობით.

    ეკონომიკის ზრდის ფონზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ზოგიერთ სტრუქტურაში შტატების შემცირებაც განახორციელა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. სად უნდა მოხდეს შემცირება, რომელ სფეროში, სად არის ყველაზე მეტად გაბერილი შტატები? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება:

    _ პრემიერმინისტრმა გაგვახარა: საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ ა.წ. ივლისამდე 8% შეადგინა და ევროპის ქვეყნებს გაუსწროო. მისასალმებელი ფაქტია, მოსახლეობის კეთილდღეობას რომ ეხებოდეს. ბოლო 13 წლის განმავლობაში რამდენი ასეთი „წარმატება“ გვახარა ხელისუფლებამ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ შეხებია რიგითი მოქალაქის კეთილდღეობას. ხელფასების უზომო მატებით შეეხო მათ, ვინც ხელისუფლებაშია და ვინც ბიზნესშია.

    საჯარო სამსახურის მოხელეთა ხელფასების მატებამ კატასტროფულად გააძვირა კვების პროდუქტები, მედიკამენტები, პირველადი მოთხოვნის საგნები, სამედიცინო მომსახურება, ტრანსპორტი, ყველა სახის მომსახურების სფერო. შინ ონკანის მწყობრიდან გამოსვლა დაზარალებულს არა მხოლოდ ახალი ონკანის შეძენის, არამედ სანტექნიკოსის მიერ მოთხოვნილი უზარაზარი თანხის გადახდის აუცილებლობის წინაშეც აყენებს.

    განაჩენი შეუბრალებელია _ ლამის პენსიის ნახევარი, მაგრამ, თუ ონკანის გარდა, მაგალითად, მილიც გამოსაცვლელია, ოჯახურმა ტრაგედიამ კულმინაციას შეიძლება მიაღწიოს. სხვა მომსახურებაზე  (მაგალითად, ავტომანქანის შეკეთებაზე) ლაპარაკიც არ ღირს კოლოსალური თანხების გამო.

    ახლა ნახეთ, რა ღირს ექიმთან კონსულტაცია:

    50-60 ლარი, ზოგჯერ 80. ეს თანხა მხოლოდ ექიმთან დალაპარაკებას სჭირდება. მკურნალობა და მედიკამენტები სხვა თანხებია და .. მშიერ და ცხოვრების უკუღმართობით გათანგული მოსახლეობა, რომ ელაპარაკები ეკონომიკური წარმატებების მაღალ პროცენტებზე, შენს ნათქვამს ერთ ყურში შეუშვებს და მეორედან გამოუშვებს, ვინაიდან  ამის არ სჯერა. ის მიეჩვია ასეთ ზღაპრებს შევარდნაძისგან, სააკაშვილისგან, ივანიშვილის მიერ დანიშნული ყველა პრემიერმინისტრისგან.

    ასე რომ, სახელისუფლო „პლასტინკაა“ შესაცვლელი, ვინაიდან გაცვდა და ცუდად ისმინება, ხელისუფლება კი ისევ ძველს ატრიალებს, იმის თავიც არ აქვს, სიახლე შეიტანოს აბსტრაქციაში.

    _ პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ ეკონომიკური წარმატება ოპტიმიზაციისა და სახელმწიფო ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვის შედეგია და ჩამოთვალა სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, რომლებმაც შტატები შეამცირეს. მისი განცხადებით, შტატები სახელმწიფო კანცელარიამაც შეკვეცა, ისევე, როგორც სამინისტროებმა, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ეს კარგია, რადგან ბევრი მოღალატე აღმოჩნდა ამ უწყებაში. თქვენ თვალყურს ადევნებთ ამ სფეროში მიმდინარე ცვლილებებს, რა ვითარებაა ახლა საელჩოებში, იქაც მიმდინარეობს შემცირებები?

    _ საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მუშაკი ვარ და კარგად ვიცი მისი სტრუქტურა, რომელიც პირადად ჩემი ჩამოყალიბებულია მინისტრ ალექსანდრე ჩიკვაიძის პერიოდში _ 1993-94 წლებში. სამინისტროს სტრუქტურის შესაქმნელად რუსეთისა  და თურქეთის საგარეო უწყებებში მომიწია კონსულტაციების გავლამ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. შეიცვალა პოლიტიკა, ცხოვრება. ამან გავლენა იქონია საგარეო უწყებაზეც, მაგრამ სტრუქტურა დარჩა. 1994-95 წლებში საქართველოს 2-3 საელჩო და საკონსულო ჰქონდა უცხოეთში. დროთა განმავლობაში გამრავლდა, განსაკუთრებით სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. ჩვენი წარმომადგენლობები ისეთ ქვეყნებში გაიხსნა, რომლებთანაც საქართველოს არც ისტორიული და   პოლიტიკური ურთიერთობები აქვს და არც სავაჭრო-ეკონომიკური.

    ახლახან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიხსნა საელჩო,  ელჩად დაინიშნა ბერიძე _ მრავალი წლის განმავლობაში დიპლომატიაში მომუშავე პიროვნება. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შესახებ საქართველოს მოსახლეობას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, დარწმუნებული ვარ, ე.წ. ქართულ დიპლომატიასაც. რა უნდა გააკეთოს საელჩომ იქ? რით უნდა შეიქციოს თავი დიპლომატმა?

    რა კავშირები აქვს ქართულ პოლიტიკას, მაგალითად, მადაგასკართან, თუნდაც პორტუგალიასთან ან ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან?

    სხვაა საკონსულო სამსახური, თუმცა აქაც მასპინძელ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობაა გასათვალისწინებელი. ასე რომ, რამდენიმე ქვეყნის გარდა საქართველოსთვის დიპლომატიური წარმომადგენლობა დიდი ფუფუნებაა, სახელმწიფო ბიუჯეტის ფლანგვა, თუნდაც ისეთ ქვეყანაში, როგორიც იტალიაა, სადაც ქართული დიასპორა მნიშვნელოვანია. იქ საკონსულო სამსახურის გარდა საელჩოს არსებობა ზედმეტად მიმაჩნია.

    არაერთხელ შევსწრებივარ სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი დიპლომატების „მუშაობას“. მათი საქმე ქართული ტელეგადაცემების ყურებაა. რაც შეეხება ადგილობრივს, ის მათ არ აინტერესებს ენის ცოდნის დაბალი დონის გამო. იქ მყოფი დიპლომატი აქაური ცხოვრებით ცხოვრობს, იქაური არ აინტერესებს, თუმცა ეს ყველას არ ეხება. არიან გამონაკლისებიც.

    იქ მომუშავე დიპლომატი მასპინძლის პოლიტიკაში უნდა იყოს ჩახედული, აინტერესებდეს მასპინძლის ხელოვნება, კულტურა, სპორტი, სამეცნიერო მიღწევები და ა.შ.; უნდა ესწრებოდეს სპექტაკლებს, ღონისძიებებს, ეცნობოდეს მუზეუმებს, საწარმოებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს; ჰქონდეს კონტაქტები არა მხოლოდ იქაურ დიპლომატებთან, არამედ პოლიტიკოსებთან, მეცნიერების, კულტურის, სპორტის, მედიის წარმომადგენლებთან. ის იქაური ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს, ფლობდეს იქაურ ინფორმაციას და ატყობინებდეს ცენტრს _ საგარეო უწყებას.

    13 წლის წინათ ბიძინა ივანიშვილმა თქვა,  საფრანგეთში ცხოვრებისას სულმოუთქმელად ველოდი სატელევიზიო-იუმორისტულ შოუ „დარდუბალასო“. პარიზში, ხელოვნებისა და კულტურის მსოფლიო ცენტრში, „დარდუბალას“ მომლოდინის საერთო განათლების დონე კრიტიკის ღირსიც არ არის.

    სერიოზულად არის გადასახედი თვითონ საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის სტილი, ისე, როგორც საელჩოების, საკონსულო დაწესებულებების. დიპლომატიისთვის უცხოა დიპლომატის მიერ სტატიების გამოქვეყნება, ინტერვიუების მიცემა, მაგრამ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დასაშვებად მიმაჩნია, უფრო მეტიც _ სავალდებულოდ.

    საზღვარგარეთ მომუშავე დიპლომატებს უნდა ევალებოდეთ სტატიების გამოქვეყნება სახელმწიფო ბეჭდვით ორგანოში…

    _ საქართველოში სახელმწიფო ბეჭდვითი ორგანო რომ აღარ არსებობს?

    _ უნდა არსებობდეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევეშვათ დემოკრატობანას თამაშს. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავისი ბეჭდვითი ორგანო, ისევე, როგორც რადიო და ტელევიზია.

    დიპლომატიაში შემოღებულმა პრაქტიკამ არა მხოლოდ როტაციის პროცედურა დააზიანა, არამედ ხელი შეუწყო უცხოეთში მომუშავე დიპლომატების გაუმართლებელ თავდაჯერებულობას.

    ელჩებისა და საელჩოებში მომუშავე დიპპერსონალის უცხოეთში მივლინების ვადა არ უნდა სცილდებოდეს 3 წელს. რა გვაქვს?

    ერთ ქვეყანაში ელჩის 4 წლით აკრედიტაცია, ხშირად მეტი ხნითაც, შემდეგ სხვა ქვეყანაში გადაყვანა, ასევე 4 წლით, შემდეგ _ სხვაში. ელჩად დანიშნული პირი, სულ ცოტა, 12 წლის განმავლობაში იმყოფება საზღვარგარეთ, აქაურ მოქალაქესთან შედარებით ფუფუნებაში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და  ლაზღანდარობაში. ამ მანკიერებას ბოლო უნდა მოეღოს.

    პრემიერმინისტრმა კობახიძემ საბიუჯეტო ხარჯების მომჭირნეობით ხარჯვაზე ილაპარაკა და აღნიშნა სახელმწიფო ორგანოებში შტატების შემცირება. რჩევის სახით ვიტყვი, რომ ეს ნახევარი ნაბიჯია. სრული მაშინ იქნება, როდესაც გაუქმდება აფხაზეთის უზენაესი საბჭო, მინისტრთა საბჭო, თავისი სამინისტროებით, რომლებიც თბილისში ფუნქციონირებს. ეს ფულის უაზრო ფლანგვაა, ხელს უშლის აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ძნელი აღსაქმელია მთავრობა ტერიტორიის გარეშე. არადა, ასეთია აფხაზეთის ხელისუფლება თბილისში.

     მოდი, ვიფიქროთ აბსტრაქტულად და წარმოვიდგინოთ აფხაზეთთან ურთიერთობების დამყარება, ამ შემთხვევაში აქ მოქმედი აფხაზეთის ხელისუფლების სოხუმში გადაბარგების რამე შანსი არსებობს? ჩემივე დასმულ კითხვას ვპასუხობ: არანაირი!

    აფხაზეთის ლტოლვილი ხელისუფლების დამფუძნებელი შევარდნაძე იყო, რომელსაც რაღაცნაირად სურდა აფხაზეთში ომის გაჩაღებისა და მასში დამარცხების სანაცვლოდ ლტოლვილი აფხაზების დაშოშმინება. მან არა მხოლოდ აფხაზეთის ხელისუფლება შექმნა, შერიგების სამინისტროც დააარსა, ამორფული ორგანო, რომელიც დღესაც ფუნქციობს.

    მეტყვიან, პოლიტიკური გათვლის გამო არსებობს თბილისში აფხაზეთის ხელისუფლებაო, თანაც ლტოლვილების საკითხებს აგვარებსო. 1992 წლიდან არსებობს თბილისში აფხაზეთის ხელისუფლება, საქართველოს პარლამენტშიც იყვნენ მრავალი წლის განმავლობაში, არავის მიერ არჩეული აფხაზეთის დეპუტაცია, რასაც წერტილი სააკაშვილმა დაუსვა, თუმცა აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება გადაურჩა მის რისხვას.

    რაც შეეხება ლტოლვილთა პრობლემების მოგვარებას, ამას აფხაზეთის ხელისუფლება არ სჭირდება. ლტოლვილები საქართველოს მოქალაქეები არიან და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს მათი საკითხები.

    საქართველოს ხელისუფლება ჯერაც თინეიჯერულ ასაკშია _ სპორტით არის გატაცებული. გატაცება პიროვნების გუნება-განწყობილების გამომხატველია. ზოგს ფეხბურთი უყვარს, ზოგს _ კალათბურთი, ზოგსაც _ ტანვარჯიში და ა.შ., მაგრამ ხელისუფალთა გატაცება საზღვრებს ლახავს და ქვეყნის ბიუჯეტს ანიავებს. რა აზრი აქვს კობახიძის მიერ გამოცხადებულ ყაირათიანად ხარჯვას, თუკი რომელიღაც სპორტსმენს ან გუნდს მცირე წარმატებისთვის მილიონობით ლარით დააჯილდოებ?

    წასახალისებელად ჯერ ფეხბურთელებს მიეცათ თანხები, ახლა _ კალათბურთელებს 3 მილიონი ლარი, დათქმით: მოიგებთ და თანხას გავიმეორებთო. არადა, როგორც ფეხბურთელები, ისე კალათბურთელები უცხოეთში თამაშობენ და კარგი ანაზღაურებაც აქვთ. ფულადი საჩუქარი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაიცეს, თუ გუნდი ან ინდივიდი სამი საპრიზო ადგილიდან ერთ-ერთს დაიკავებს.

    _ 4 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნებია, რას უნდა ველოდოთ?         

    _ როგორც ჩანს, არჩევნები დემონსტრაციებისა და მიტინგების ფონზე ჩატარდება, რომლებიც შემდეგ დღეებშიც გაგრძელდება. მომიტინგეებს არა მხოლოდ ოპოზიცია კვებავს, არამედ დასავლეთიც, რომელიც, კარგა ხანია, ებრძვის „ოცნების“ ხელისუფლებას და დამხობით ემუქრება.

    დასავლეთი პოზიციების დათმობის წინ შემოდგომის ბუზივით მწარედ იკბინება. ერთპოლუსიანი მსოფლიო მრავალპოლუსიანით იცვლება, რაც დავინახეთ ტიანძინში ჩატარებული თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის სამიტისა და პეკინის სამხედრო აღლუმის დროს.

    _ მზად არის დასავლეთი ჰეგემონიის დასათმობად?

    _ არა. დასავლეთი იოლად არ დათმობს პოზიციებს, იბრძოლებს ბოლომდე _ „ფერადი რევოლუციების“ მოწყობით სერბეთში, ნეპალში, ისრაელის საჰაერო თავდასხმით დოჰაზე, უკრაინაში ნეოფაშისტური ომის გაგრძელებით; რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებით, ტერორისტული აქტებით, ათასნაირი სიბინძურით. საქართველოს ხელისუფლება გულზე ცოტას ეხატება. პატარა ნაპერწკალია საჭირო ხანძრის ასაგიზგიზებლად. მაგალითი ნეპალია.

    დაძაბულობა სუფევს სამეზობლოშიც, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ასეთ ვითარებაში თავშეკავებული, გონივრული ნაბიჯის გადადგმაა საჭირო და არა თავდაჯერებული ყელყელაობა, ბაქიბუქობა, მუქარა ოპოზიციის მიმართ.

    მიტინგების ეპიცენტრად იქცა კალაძის საარჩევნო შტაბ-ბინა სასტუმრო „საქართველოში“. არც კალაძეს და არც მის გუნდს არ უფიქრიათ, რომ ქალაქის ცენტრში გახსნილი პომპეზური შტაბ-ბინა პოლიციასა და მომიტინგეთა დაპირისპირების ადგილად გადაიქცეოდა.. არც ერთ მათგანს არ უფიქრია, რომ მელიქიშვილის ქუჩის გადაკეტვა, რაც რეგულარულად ხდება, ენით აუწერელ დისკომფორტს შეუქმნიდა თბილისელებს. არადა, ეს ყველაფერი 4 ოქტომბრის შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს.

    დისკომფორტია ქუჩების მთელ სიგანეზე გადაჭიმული კალაძის პორტრეტები და ეს ყველაფერი _ არაკონკურენტულ გარემოში. ვინ ჰყავს კალაძეს კონკურენტი? ვინ ეცილება მას მერობას? ასეთი არავინ ჩანს. მაშ, რა საჭიროა ესოდენ მომაბეზრებელი თვითრეკლამა, თანხების ფლანგვა?

    გამოდის, კობახიძის ნათქვამი სიტყვა „მომჭირნეობა“ სარეკლამო გასროლაა და მეტი არაფერი.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here