4 ოქტომბერს საქართველო ბეწვის ხიდზე, ალბათ,  კიდევ ერთხელ  გაივლის

    არც ერთი არჩევნების წინ არ ტრიალებდა ჰაერში სისხლის სუნი ისე მძაფრად, როგორც ახლა... დასავლეთი თვალს დახუჭავს სიკვდილზეც და გვამებზე გადავლაზეც , ოღონდ ქვეყნის სათავეში მისი მორჩილი ხელისუფლება მოვიდეს

    წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში ან ამერიკაში ტარდება საპარლამენტო არჩევნები და ოპოზიციის ლიდერები მიდიან სხვა სახელმწიფოში მითითებების მისაღებად, ანუ სხვა სახელმწიფო უდგენს დღის წესრიგს. რა მოხდება ასეთ შემთხვევაში? გამოაცხადებს თუ არა ამ სახელმწიფოს მოსახლეობა თუ ხელისუფლება ოპოზიციას მოღალატედ და ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობასაც  არ მისცემს? გამოაცხადებს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციას უცხო ქვეყნის აგენტად? დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ დიახ, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, ყველაფერი რატომღაც სხვაგვარადაა.

    არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა და ქართული ოპოზიციის ნაწილი ამერიკაში წავიდა მითითებების მისაღებად, ნაწილი – ბრიუსელში გავარდა. არც ერთი მხარე არ მალავს,  რომ დასავლეთში სწორედ ამ მიზნით არიან. ამას არც დასავლელი „პარტნიორები“ მალავენ. ამ ხალხს პარტნიორებსა და მეგობრებს მაინც ნუ დავუძახებთ,  საქართველოს ჩვეულებრივი მტრები არიან და არაფრით განსხვავდებიან იმ ესპანელი და პორტუგალიელი  კონკისკადორებისგან, რომლებმაც თავის დროზე ამერიკა დაიპყრეს და სჯეროდათ, რომ იქ მცხოვრები მამაკაცების სიცოცხლე მათ ეკუთვნოდათ, ქალები კი ხარჭებად უნდა ჰყოლოდათ. ჰო, სწორედ ასე გვიყურებენ, რიგით კოლონიად, რომელიც ბოლო პერიოდში ცუდად იქცევა და მათ ნება-სურვილს აღარ ემორჩილება.

    რა ხდება რელურად? ასე თუ ისე, ოპოზიციამ ამომრჩევლის ნაწილი დაარწმუნა, რომ 4 ოქტომბერს სახელმწიფოს გადატრიალებას მოაწყობს და ხელისუფლებას მშვიდობიანად  დაამხობს. ჰო, ტერმინი „მშვიდობიანი დამხობა“, ალბათ, მხოლოდ ქართულ ოპოზიციას შეეძლო მოეფიქრებინა, თორემ დამხობა თუ რევოლუცია მშვიდობიანი არც არასდროს ყოფილა და არც   იქნება. ჰოდა, დარწმუნებით  შეიძლება ითქვას, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს მთავარ გამზირზე  რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი  შეიკრიბება. იქნება ეს 20 თუ 40 ათასი, არავინ იცის, მაგრამ რამდენიმე ათეული ათასი ნამდვილად მივა. ეს გადასარევად იცის ოპოზიციამ და უფრო გადასარევად – დასავლეთმა. შესაბამისად, აუცილებლად  იქნება მცდელობა პარლამენტზე შტურმისა, რომელიც ყოველგვარი მინიშნებების გარეშე დააანონსეს და ისიც მიანიშნეს, რომ, რადგან ყველა ლიდერი დაკავებულია, ხალხი უმართავი იქნება. რას ნიშნავს ეს? ოპოზიციამ კარგად იცის, რომ შტურმის შემთხვევაში  სახელმწიფო ყველა კანონიერ ძალას გამოიყენებს და „მშვიდობიან დამხობას“ არ დაუშვებს,  ამიტომ  არავის სურს სახელმწიფო გადატრიალებაზე, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულზე ხელის მოწერა და ამბობენ, რომ თურმე ხალხი იქნება უმართავი, რომ  პასუხისმგებელი ორგანიზატორები არ იქნებიან და ამიტომ, ხალხსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება რომ არ მოხდეს, მმართველმა გუნდმა  მშვიდად უნდა გადააბაროს ხელისუფლება, მერე შეიქმნას დროებითი მთავრობა, მერე დაინიშნოს,  რიგგარეშე კი არა,  ახალი არჩევნები.  

    როგორ მოგწონთ ეს ყველაფერი? ერთი შეხედვით, ძალიან სასაცილო და მიამიტურია ამ ყველაფრის მოსმენა, მაგრამ გვერწმუნეთ, როცა გავეშებული ბრბო გაიწევს, არაფერს მოერიდება; მხოლოდ შიშველი ხელების იმედად რომ არ აპირებს ყოფნას ოპოზიცია, „ჰენსოგენის საქმიდანაც“ გამოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით განაჩენი არ დამდგარა, სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ ამ ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილი სწორედ თბილისი იყო, აფეთქების თარიღი კი – 4 ოქტომბერი. ახლა ვიღაც იტყვის, უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევთო, მაგრამ ჩვენ ხელს არავის ვადებთ, ვარაუდის გამოთქმის უფლება კი ნამდვილად გვაქვს.

    ვაი, რომ ეს სცენარი სწორედ დასავლეთშია  დაიწერა და ახლა, სავარაუდოდ, რაღაცის კორექტირება დასჭირდათ, ამიტომაც იხმეს ე.წ. ოპოზიცია. არ გეგონოთ, რომ რომელიმე ოპოზიციონერი სიტყვას შეუბრუნებს ბატონებს, პირიქით – ზედმიწევნით შეასრულებენ ნებისმიერ მითითებას, სამაგიეროდ  გარანტიას მიიღებენ, რომ,  ხელისუფლება როცა შეიცვლება, ისინი ქვეყნის სათავეში უმაღლეს თანამდებობებზე აღმოჩნდებიან. სწორედ ძალაუფლებისთვის ყიდიან სამშობლოსა და აბსოლუტურად ყველაფერს, რაც გააჩნიათ, ყველაფერს, ნამუსის გარდა, რადგან ხომ გაგიგიათ:  ნამუსი თუ გაქვს  –  არ გაყიდი და, თუ არ გაქვს  –  ვერ გაყიდიო. ჰოდა, მათ არ აქვთ, თორემ როგორ დაიმცირებდნენ თავს ისე, რომ ზედ არჩევნების წინ  ხელის ერთ დაქნევაზე ხლებოდნენ ადამიანებს, რომლებმაც  სიკეთე არც ადრე მოუტანეს საქართველოს, არც ახლა მოაქვთ და არც მომავალში მოუტანენ. როგორ შეიძლებოდა ჩასულიყვნენ აშშ-ში, რომელიც ჩვენი მთავარი ლობისტი იყო ნატოში გაწევრების საკითხში და ახლა ირკვევა, რომ ამ საუკუნეში ნატოში საქართველოს გაწევრება გამორიცხულია. არადა, ამ იდეას, ფინანსური რესურსის გარდა, ახალგაზრდა მამაკაცებიც შევწირეთ   ჩვენთვის არაფრისმომცემ საერთაშორისო მისიებში, მაგრამ ეს  რა მოსატანია, როცა საქმე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ეხება?! ვიღას ახსოვს ის ბიჭები, სააკაშვილმა რომ გაიმეტა?!

    ერთი რამის თქმა გადაჭრით შეიძლება – დასავლეთი მხარს დაუჭერს  ოპოზიციის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ სცენარს და იტყვის, რომ ისინი მართლები არიან, ოღონდაც  ხელისუფლება შეიცვალოს. ის თვალს დახუჭავს სიკვდილზეც და გვამებზე გადავლაზეც , ოღონდ ქვეყნის სათავეში მათი მორჩილი ხელისუფლება მოვიდეს…

    ერთი წამითაც კი არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს. ახლა ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგან სათავეში არა მხოლოდ ლიბერალები და სხვა ქვეყნების სამსახურში ჩამდგარი ადამიანები მოვლენ, არამედ  ქართველ ერზე გაბრაზებული და გაბოროტებული ჯგუფები, რომლებიც უსასტიკეს შურისძიებას დაიწყებენ და ის 9 წელი, ახლა რომ სისხლიანს ვეძახით, სამოთხედ მოგვეჩვენება.

    სამწუხაროდ, ყველაფერთან ერთად სულ უფრო ხშირად ახსენებენ სისხლისღვრასა და შესაძლო მსხვერპლს. ქართული ოპოზიცია ამ მიმართულებით მაინც ფრთხილობს, მერე ისე რომ არ მოხდეს, ხელი ვინმემ მათკენ გაიშვიროს. სამაგიეროდ, არ ფრთხილობენ დასავლელი „მეგობრები“ და საჯაროდ აცხადებენ, რომ „უკვირთ, ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარე აქციებზე ერთი მსხვერპლიც  არ არის“.  რაც მთავარია, ისინი ამ „უმსხვერპლობას“,  ხელისუფლების გონივრულ მოქმედებას კი არა, დემონსტრანტებს აბრალებენ, აქაოდა, მშვიდობიანი აქციებიაო. ჰო, იმ აქციებს უწოდებენ მშვიდობიანს, რომლებზეც სამართალდამცველების ცოცხლად დაწვა სცადეს და პიროტექნიკას ისე ისროდნენ, როგორც საბრძოლო იარაღს… რამდენიმე დღის წინათ საფრანგეთში გაიმართა მასშტაბური აქციები, უამრავი ადამიანი დააპატიმრეს, ხოლო  მას შემდეგ, რაც ჟანდარმების მიმართულებით ბლაგვი საგნები ისროლეს, სპეცრაზმელები შტურმზე გადავიდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს. რაღაც არავის უთქვამს, – დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან და სასწრაფოდ გაათავისუფლეთო. ყველამ იცის, რომ მათ კანონი დაარღვიეს და სამართლიანად არიან დაკავებულნი, მაგრამ საქართველოში ეს არ მოქმედებს – აქ პოლიციელს თუ „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრი, გმირი ხარ და არა დამნაშავე ან პოტენციური მკვლელი. თანაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ახლა დემონსტრანტებისთვის ნაკლებად სცხელა, ოფიციალური ცნობა წარადგინა, რომ მისი მეორე ნახევარი ბიოლოგიურად ქალია და  სასამართლოში უჩივის ჟურნალისტს, რომელმაც დაწერა, რომ საფრანგეთის პირველი ლედი ადრე კაცი იყო და სქესი შემდეგ გადაიკეთა. ისე, ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი ამისთვის რომ იცლის, ცალკე უბედურებაა, მაგრამ უფრო დიდი უბედურება ის არის, ჩვენთვის რომ სცალია ხოლმე და სალომე ზურაბიშვილს ელისეს სასახლეში, როგორც პრეზიდენტს, ისე  მასპინძლობს.

    ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე და არც ერთი არჩევნების წინ ასეთი დაძაბული ვითარება  არ ყოფილა. არც ერთი არჩევნების წინ არ ტრიალებდა ჰაერში სისხლის სუნი ისე მძაფრად, როგორც ახლა და ვაი, რომ ეს იცის ყველამ და ამას ხვდება ყველა. იმ ადამიანთა დიდი ნაწილიც ხვდება ამ ყველაფერს, რომელიც 4 ოქტომბერს აქციაზე მისვლასა და შტურმში მონაწილეობას აპირებს; შინაგანად ყველას სჯერა, რომ ზვარაკად შესაწირი კრავი თვითონ არ გახდება, ვინმე სხვა იქნება, თავად კი გადარჩება. 4 ოქტომბერს საქართველო ბეწვის ხიდზე, ალბათ, ბოლოჯერ (ან ბოლოსწინაჯერ) გაივლის და, თუ გადავრჩებით, შემდეგ ამოსუნთქვის შესაძლებლობა უნდა მოგვეცეს, ცოტა ხნით მაინც…

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                  

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here