სად უნდა გამოეყენებინათ ასაფეთქებელი  ნივთიერება, რომელიც  უკრაინიდან  გამოგზავნეს

    ოპოზიცია და დასავლეეთი რაღაც ჯოჯოხეთს რომ ამზადებენ 4 ოქტომბრისთვის, იქიდანაც ჩანს, რომ არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობაზე უარი თქვა ეუთო/ოდირმა და მიზეზად არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დრო დაასახელა... ამ ორგანიზაციას „მეგობრულად ურჩიეს“, რომ არჩევნების დღეს საქართველოში ყოფნა მააინცდამაინც უსაფრთხო არ იქნებოდა

    საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა სატვირთო ავტომობილში დიდი ოდენობით ჰექსოგენი  აღმოაჩინა. ეს ასაფეთქებელი ნივთიერება გაცილებით  ძლიერია, ვიდრე ტროტილი და, რა თქმა უნდა, გაჩნდა კითხვა – სად უნდა გამოეყენებინათ ასაფეთქებელი  ნივთიერება, რომელიც  უკრაინიდან  წამოვიდა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი გამოიარა და საქართველოში აღმოაჩინეს? ვიღაცები ამბობენ, რომ ჰექსოგენი რუსეთში უნდა გადაეტანათ, რათა იქ უკრაინულ მხარეს ტერაქტები მოეწყო, მაგრამ…  შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ჰექსოგენის გამოსაყენებელი საბოლოო  ადგილი საქართველო იყო და აქ უნდა აეფეთქებინათ…

    ასაფეთქებელი ნივთიერება საგულდაგულოდ მოწყობილ სამალავში ჰქონდათ დამალული და, როცა უკრაინა დატოვა, არ ამოუღიათ და უსაფრთხოების მიზნით, სხვაგან  არ გადაუტანიათ. მანქანაში რჩებოდა, იმ  სამალავში, რომელიც უკრაინაში მოაწყვეს. ასე გამოიარა სამი ქვეყანა ამ ნივთიერებამ,  საქართველოში კი ამოიღეს და ავლაბარში მდებარე ბინაში უნდა მიეტანათ… ანუ, გამოდის, რომ ჰექსოგენმა დანიშნულების ადგილს მიაღწია, სხვაგვარად მას კვლავ სამალავში დატოვებდნენ და ავტომობილი მოძრაობას რუსეთის მიმართულებით განაგრძობდა. ახლა უსაფრთხოების სამსახურმა ის უნდა გაარკვიოს, კონკრეტულად ვის და რისთვის  სჭირდებოდა საქართველოში 2.4 კგ  ჰექსოგენი,   რომელიც საკმარისი იქნებოდა ოცზე მეტი დამანგრეველი აფეთქებისთვის. კარგად რომ წარმოიდგინოთ, 100 გრამ ჰექსოგენს მარტივად შეუძლია სამსართულიანი შენობის დანგრევა.

    აღსანიშნავია, რომ  ძალიან მალეამოტივტივდა გია ლორთქიფანიძისა და ბაჩო ახალაიას სახელები. არაერთხელ დაგვიწერია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ოდიოზური ფიგურები, ისინი, ვისი დანახვაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აღიზიანებდა, ახლა თვალს მოაფარეს, ვითომ აღარ არსებობენ, მაგრამ იგივე ვანო მერაბიშვილი, აკაკი მინაშვილი, ბაჩო  ახალაია, ძებნილები – ადეიშვილი და დათა ახალაია, ყველაფრის კურსში არიან და აქციებზეც ისინი (ძებნილების გარდა) ჩრდილში დგანან, აქაოდა, უბრალოდ მხარს ვუჭერთ, ისე კი ჩვენ არაფერ შუაში ვართო. აქციის მონაწილეებმა შეიძლება  არც კი იციან, ისე იმართებიან სწორედ ამ ადამიანებისგან და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში  ქვეყნის სათავეში სწორედ ისინი  დაბრუნდებიან, ოღონდ დაბრუნდებიან ცეცხლითა და მახვილით და, სანამ დასავლეთი შეშფოთებასა მოასწრებს (ამაზე მეტს მათგან მაინც არ ველით), სისხლის კალოს დააყენებენ, დასახოცს ერთ კვირაში დახოცავენ, დასაჭერს  ერთ დღეში დაიჭერენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ შემდეგ გლდანის ან სხვა ციხიდან კადრებმა აღარ გაჟონოს.

    შეხვედრებზე, რომლებსაც რიგითი ობივატელი ვერ ესწრება, ისინი დაუფარავად ამბობენ, როგორ ჩაახშობენ სისხლში ყველა წინააღმდეგობას და, ამდენი დრო რომ ჰქონოდათ, რამდენიც „ოცნებას“ აქვს, ხელისუფლებიდან მათი გამშვები ძალა, უბრალოდ, არ იარსებებდა. ეს ყველაფერი არ იციან აქციის მონაწილეებმა, უდიდესმა ნაწილმა არ იცის, თორემ, ვინც  მათ მითითებებს აძლევს, ყველაფერი კარგად უწყის. ჰო, ბევრი ვერც კი ხვდება, ისე იმართება  რამდენიმე პირის მიერ და, როცა ჰგონიათ, გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებენ, სწორედ მაშინ არიან ყველაზე დამოკიდებული. მათ ისიც ჰგონიათ, რომ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან აქციები  თავიანთი ანონსირებული და ორგანიზებულია, რეალურად კი, ამის უკან  დგას „ნაციონალური მოძრაობა“ , რომლის ლიდერებს ზუსტი გეგმა აქვთ, როგორ დაიწყოს აქცია, როგორ გაგრძელდეს და როგორ დასრულდეს. ისე, მეტი რა უნდა გააკეთონ ოპოზიციის ლიდერებმა, როცა გედი ფოფხაძემ პირდაპირ ეთერში  განაცხადა: თუ ივანიშვილს ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ მეწყინებაო…

    აშშ-ში  ქილერის მიერ მოკლული  ჩარლი კირკისთვის  წუთიერი დუმილით პატივის მიგებაზე ევროპარლამენტმა უარი განაცხადა. ამის ერთადერთი მიზეზი  იყო ის, რომ კირკი დაუფარავად  უპირისპირდებოდა ლიბერალებს; ამბობდა, რომ ლგბტ თემის მიმართ  მკაცრი უნდა ვიყოთ, რომ  სრულფასოვანი ოჯახი ქალისა და კაცისგან შედგება. და ეს არ აპატიეს.  აქაური ოპოზიცია  და  ინტელექტკლუბ „რა? სად? როდის?“ არაერთი  ცნობილი თუ უცნობი მოთამაშეც  კირკის მკვლელობას ტაშით შეხვდა, ეს რა კარგი რამე მოხდაო. არადა, ერთ-ერთი მოწვევის პარლამენტი ლამის ამ კლუბის წევრებისგან დააკომპლექტა „ოცნებამ“…       რადგან ტრადიციებსა და ადამიანურ გრძნობებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ ამერიკაში მოკლული 23 წლის  უკრაინელი გოგონას, ირინა ზარუცკაიას,  მამა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკაში  შვილის დაკრძალვაზე არ გაუშვა, აქაოდა, 60 წლამდე  უკრაინელ მამაკაცებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება საომარ მოქმედებებში დაგვჭირდნენო.  ამის გამო ზელენსკი არავინ გააკრიტიკა. ლიბერალიზმის კიდევ ერთი მახასიათებელი არის ის, რომ,  მკვლელი თეთრკანიანი რომ ყოფილიყო და მოკლული – ფერადკანიანი, ამერიკას საპროტესტო გამოსვლების ტალღა წალეკავდა…  სჯობს, ჩვენს მწარე რეალობას დავუბრუნდეთ. მწარეს იმიტომ, რომ ოპოზიცია მზად არის, ხელისუფლებაში  დასაბრუნებლად ადამიანების გვამებზე გადაიაროს. ისინი მზად არიან ყველაფერისთვის და ეს  ჰექსოგენის აღმოჩენამ დაადასტურა.  ოპოზიცია და დასავლეთი რაღაც ჯოჯოხეთს  რომ ამზადებენ 4 ოქტომბრისთვის, იქიდანაც ჩანს, რომ არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობაზე უარი თქვა ეუთო/ოდირმა და მიზეზად არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დრო დაასახელა, ანუ მომზადებას ვერ ვასწრებთო. რეალურად კი  ეუთო/ოდირის მისია არჩევნებამდე რამდენიმე  დღით ადრე ჩასულა თუნდაც იმ აფრიკულ ქვეყნებში, სადაც დასავლეთს საკუთარი გავლენის განმტკიცება სურდა, და დასკვნაც გამოუქვეყნებია. ჩვენი ინფორმაციით, ამ ორგანიზაციას „მეგობრულად ურჩიეს“,  რომ არჩევნების დღეს საქართველოში ყოფნა მააინცდამაინც უსაფრთხო არ იქნებოდა და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ, რაც უნდა მოიმოქმედოს ოპოზიციამ, დასავლეთი აბსოლუტურად ყველაფერს გაამწვანებს და თეთრზე შავსაც წარბშეუხრელად იტყვის. ახლა  მთავარია, ხელისუფლება იყოს მზად ამ „გამწვანებისთვის“ და, თუ ოპოზიცია ხარჯავს ათეულობით მილიონს „ლობისტებზე“, რამდენიმე მილიონი მანაც გაიმეტოს, დასავლეთის კონკრეტულ წრეებში სიმართლე, ბოლომდე თუ არა, სანახევროდ მაინც რომ იცოდნენ. ახლა იმის დრო არ არის, ვიძახოთ: „სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაჰკარგავს“–ო. ახლა მოქმედების დროა, რადგან ყველაზე კარგად სწორედ ოპოზიციამ და მათმა ლობისტებმა იციან, რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლაა, რომ ახლა დამარცხება შეიძლება  საბოლოო მარცხსაც უდრიდეს, ამიტომ, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური და, აგერ გამოჩნდა, საომარი რესურსიც კი არის ჩართული ქართული მაიდნის სცენარის განსახორციელებლად. ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი პირად საუბრებში გვეუბნება, რომ რადიკალები კონკრეტულად 4 ოქტომბრისთვის მზადების პროცესში ნამდვილად არ არიან. ისინი განიხილავენ ნებისმიერ სცენარს და მზად არიან, როგორც კი დაძაბულობა  პიკს მიაღწევს, დამხობის პროცესი დაიწყონ. ანუ, აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც 4 ოქტომბერი დადგეს, თუ მოვლენები სასურველი გრაფიკით წავა, მაშინ ლოდინს არავინ დაიწყებს. რეალურად ყველას იმის შიში აქვს, რომ აქციებზე, რომლებიც ისე ჩანს, რომ თითქოს უმართავია, შეიძლება ვიღაც „შემთხვევით“  მოკლან, ანუ, ბუნებრივი სიკვდილით კი არ გარდაიცვალოს, არამედ ვიღაცას „შემოაკვდეს“ და იმ ვიღაცის კვალის გაქრობას, რაღა  თქმა უნდა, შეეცდებიან. მერე კი  სალაპარაკო ექნება დასავლეთსაც, რომელიც ყველაფერს ხელისუფლებას „შეტენის“, ეკრანებიდან არ ჩამოვლენ ოპოზიციის ლიდერები, რომლებსაც ერთი სული აქვთ,  ყველაფერი მართლაც ასე წარიმართოს.

    ხელისუფლების საზრუნავი კი, მშვიდობასთან ერთად, არჩევნებზე მხარდამჭერთა სრული მობილიზაციაა. დასავლეთს რომ უმტკიცებენ, მილიონზე მეტი მხარდამჭერი გვყავსო, სწორედ ეს მილიონზე მეტი უნდა გამოიყვანოს არჩევნებზე, თუ არა და, ყველას გაუჩნდება განცდა, რომ ოპოზიცია მართალი იყო, როცა წინა არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა. არადა, 27 მუნიციპალიტეტში ოპოზიციამ მერობის კონკურენტი კანდიდატის დაყენებაც კი ვერ მოახერხა ხელისუფლებისთვის და როგორ გინდა,  მოსახლეობა დააჯერო,  არჩევნებზე მივიდეს და უკონკურენტო ბრძოლაში, ანუ უკვე მოგებულ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა?! მოკლედ, წინ საინტერესო სამი კვირა გველოდება.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                   

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here