ძნელბედობიდან ძნელბედობამდე

    ყველაფერს აქვს დასაწყისი, გარდა მარადიულობისა. მარადიულობა უდასაწყისო და უდასასრულოა, რადგან იგი, სადმე თუ იწყება ან სადმე თუ მთავრდება, მარადიულობა ვერ იქნება. ფილოსოფიური აზროვნების ქვაკუთხედი სწორედ საწყისის ძიებაა. საიდან მოდის, სად აქვს ძირი, ფუძე? ეს ეხება ყველაფერს: საგანს, მოვლენას, ფაქტს, აზრს, ანუ მატერიასაც და იდეასაც, სხეულსაც და სულსაც, ფორმასაც და შინაარსსაც. საწყისის ცნება ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა ანაქსიმანდრემ  შემოიღო, რომელიც ამტკიცებდა, რომ „არაფრისგან არაფერი არ წარმოიშობა”.

    რაკი ყველაფერს აქვს საწყისი, თამამად შეგვიძლია დავსვათ შეკითხვა – სად იწყება და საიდან მოდის ჩვენი დღევანდელი უბედურება? ეს შეკითხვა რომ დავსვათ, ჯერ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს „უბედურება” არსებობს. ვინმე ხომ შეიძლება შემოგვედავოს, საიდან მოიტანეთ, რომ უბედურება გვჭირსო. ვინმემ კი, შესაძლებელია, ცნების დაზუსტება (დაკონკრეტება) მოგვთხოვოს, რას მივიჩნევთ უბედურებად. კი, ბატონო, დავაზუსტოთ: სამოქალაქო ომი; ეთნოკონფლიქტებისა და ომების მთელი სერია; სახელმწიფო გადატრიალებები; დაკარგული ტერიტორიები; მოშლილი უსაფრთხოების სისტემები და გარანტიები; მოსახლეობის განახევრება; ეკონომიკური სიდუხჭირე, შიმშილი, ემიგრაცია; მორყეული ზნეობა და სულიერება; უსამართლობა და საზოგადოების სოციალურ-ქონებრივი დიფერენციაცია; არეული ღირებულებები და მუდმივი პოლიტიკურ- ეკონომიკურ-სოციალური რყევები; გლობალური უმუშევრობა; უცხოელთა უკონტროლო შემოდინება; დემოგრაფიული კოლაფსი. აი, უბედურება, რომელშიც, ოცდათხუთმეტი წელიწადია, ვიხარშებით და ვნადგურდებით. ანაქსიმანდრე ჩვენი თანამედროვე რომ იყოს, აუცილებლად გვეტყოდა: არაფრისგან არაფერი  წარმოიშობა, ყველაფერს აქვს ძირი და საფუძველი, ანუ საწყისი დაადგინეთ, ბატონებო, საწყისი!

    ჩვენც ვცდილობთ, განა არა, საწყისის დადგენას. რამდენჯერ თქმულა და გამეორებულა: პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობით იწყება საქართველოს უბედურება!

    კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ამ ნათქვამით საწყისს მართლა მივაგენით თუ შეცდომას ვუშვებთ? შუალედურ მოვლენას ხომ არ დავარქვით საწყისი? ახალი (პოსტსაბჭოთა) ეპოქა, რომელიც ისტორიულად ჯერ კიდევ არ შეფასებულა, გამსახურდიას ხელისუფლების წასვლით დაიწყო? კი მაგრამ, წყალგამყოფად გამსახურდიას დამხობას თუკი დავსახავთ, გამსახურდიას მოსვლას წინა (კომუნისტური) ეპოქის შემადგენელ ნაწილად ვაცხადებთ? ახალი ეპოქის ათვლის წერტილი კომუნისტების წასვლა და ეროვნული მოძრაობის მოსვლა არ უნდა იყოს? სხვაგვარად როგორ?!  ეპოქათა ნამდვილი (ისტორიული) წყალგამყოფი სწორად თუ არ დავადგინეთ, ყველაფერი შეიძლება ახალი დროის ათვლის წერტილად მივიჩნიოთ – შევარდნაძის მოსვლა ან მისი დამხობა, სააკაშვილის მოსვლა ან ივანიშვილის მიერ არჩევნებში მისი დამარცხება, მაგრამ ეს არ იქნება საწყისთან მისვლა და ნამდვილი ათვლის წერტილის დადგენა. კი, ზოგჯერ ყოფილა ეპოქათა და პიროვნებათა გაიგივების მცდელობა. „წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი”, – ამბობდა გალაკტიონი და მას ჰქონდა ამის ლიტერატურული (და არა ისტორიული) უფლება. ლიტერატურული რემინისცენციები ისტორიულ სისტემატიზაციაში არ უნდა ავურიოთ. ხანდახან ხდება ხოლმე, რომ ეპოქათა წყალგამყოფები გამოკვეთილად არ ჩანან, რის გამოც ზუსტი თარიღის დადგენა გაძნელებულია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთი ეპოქის მეორე ეპოქით ჩანაცვლების ისტორიული დრამა ისე  ნათელი და ხელშესახებია, რომ საეჭვო არაფერი რჩება. დასრულდა ძველი საბჭოთა (სოციალისტური) ეპოქა და დაიწყო ახალი დამოუკიდებელი (კაპიტალისტური) საქართველოს ეპოქა. უმარტივესია. ესაა საწყისიც და ათვლის წერტილიც. რა გამოდის? ახალი ეპოქა (კარგი იყო იგი თუ ცუდი) დადგა იმ დროს, როდესაც კომუნისტები წავიდნენ და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ ხელდასმული „ეროვნულები” მოვიდნენ. ე.ი. ის, რასაც საქართველოს უბედურება ჰქვია (ჩამონათვალი ზემოთ გავაკეთეთ), თავს დაგვატყდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, სოციალისტური სისტემა დაინგრა, კომუნისტები წავიდნენ და ხელისუფლებაში „ეროვნული მოძრაობა” მოვიდა. ამ ბანალურ ჭეშმარიტებას ასე დაბეჯითებით იმიტომ ვიმეორებ, რომ შაბლონი, თითქოს გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით იწყება საქართველოს უბედურება, ყალბია. საქართველოს უბედურება,  გამსახურდიას წასვლით კი არა, მისი მოსვლით, ანუ იმ კავშირისა და იმ სისტემის ნგრევით იწყება, რომელიც ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამხედრო უსაფრთხოების გარანტი იყო. იმ კავშირისა და სისტემის ხერხემალს კი რუსეთი წარმოადგენდა. რუსეთის ორბიტიდან ამოვარდნითა და დასავლურ ორბიტაში მოქცევით იწყება საქართველოს უბედურება, მაგრამ ამ ლოგიკური მსჯელობისთვის მიმართულების შესაცვლელად და ხალხისთვის თავგზის ასაბნევად არის შექმნილი ის ყალბი ფორმულა, რომლის მიხედვითაც ზვიად გამსახურდიას დამხობაა საწყისი საქართველოს უბედურებისა. არა, ბატონებო, ზვიად გამსახურდია რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში, სასიკეთოს ვერაფერს გააკეთებდა, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში,  გამსახურდია კი არა, აშშ-ის სპეცსამსახურები მოვიდნენ, რომლებმაც მართვის ბერკეტები გამსახურდიას დროებით მიაჩეჩეს ხელში, იქამდე, სანამ  მათთვის უფრო მისაღები კანდიდატურის მოყვანას შეძლებდნენ. ამ ფაქტით გამრუდდა საქართველოს ისტორიული გზა. უბედურების სათავე სწორედ ამაში, ისტორიული გზის გამრუდებაში, რუსული ორბიტიდან ამოვარდნასა და დასავლური თაღლითური პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სქემებისადმი ბრმა მორჩილებაშია საძებნი.

    საბჭოთა (სოციალისტური) ეპოქის ნგრევისა და დასავლეთის კლანჭებში საქართველოს მოქცევის საქმეში უდიდესი როლი ითამაშა ორმა ისტორიულმა პიროვნებამ – შევარდნაძემ და გამსახურდიამ. შევარდნაძემ მოღვაწეობა საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის სამსახურში დგომით დაიწყო და დასავლეთის (კაპიტალისტური) იდეოლოგიის სამსახურში დგომით დაამთავრა. გამსახურდიამ ასპარეზი დასავლური (დისიდენტური) ცხოვრების წესის სამსახურში დგომით დაიწყო და დასავლეთის პოლიტიკური ხელმძღანელობის კრიტიკით დაამთავრა. აი, ეს ფინალი განასხვავებდა მათ პოლიტიკურ მსოფლმხედველობას ერთმანეთისგან მაგრამ, საბოლოო ჯამში, ერთი დიდი გზა გაიარეს – საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის ნგრევისა და საქართველოში დასავლური ცხოვრების წესის დამკვიდრების გზა. საქართველოსთვის თავსდატეხილი უბედურების სათავეებთან შევარდნაძე და გამსახურდია დგანან,  სააკაშვილი და ივანიშვილი კი მათი გზის ერთგულ გამგრძელებლებად გვევლინებიან. ის ფაქტი, რომ ამ პერსონებს ერთმანეთი არ უყვარდათ, ერთმანეთს თანამდებობებს ეცილებოდნენ და თავს ერთმანეთის პოლიტიკურ ანტიპოდებად წარმოაჩენდნენ, რეალურად არაფერს ცვლის. ისინი დასავლეთის სამსახურში იდგნენ და დგანან, დასავლეთისა, რომელმაც საქართველოც ისევე იმსხვერპლა, როგორც უკრაინა გაანადგურა. ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის და არავინ იცის, რა მასშტაბის უბედურება შეიძლება მან დაატრიალოს მომავალშიც. ის ისტორიული ფაქტორები, რომლებმაც  ერეკლე მეორეს არაორდინარული ნაბიჯი გადაადგმევინა, დღესაც მოქმედებს. აქტორები შეიცვალნენ, მაგრამ ფაქტორები დარჩა. საფრთხე, რომელიც ისპაჰანიდან და სტამბოლიდან მოდიოდა, დღეს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან მოდის.

    დასავლეთმა კოლონიური მიდგომით თავისი ცბიერი, ვერაგი, მომხმარებლური ბუნება უკვე გვიჩვენა. მან ყველა ღონე იხმარა იმისთვის, რომ ქართველ ხალხს მისი პოლიტიკის მიმართ არც ლტოლვა შერჩენოდა, არც პატივისცემა, მით უმეტეს – არც ნდობა. ერთმორწმუნე რუსეთის ფენომენი კი ამ ძნელბედობის ჟამსაც ისეთივეა, როგორიც იმ ძნელბედობის დროს იყო – დიდი და ძლიერი. მან არაერთხლ დაადასტურა, რომ იგი არც ერთპოლუსიან მსოფლიოს დაუშვებს, არც ნეოფაშიზმს შეეგუება და არც ნატოს თაღლითებსა და ჯალათებს აპარპაშებს ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ პარპაშებდნენ. ძნელბედობიდან ძნელბედობამდე არც ჩვენ შევცვლილვართ დიდად – მტერთან მტრულად დახვედრასაც ვახერხებთ, მაგრამ მასთან თანამშრომლობასა და კოლაბორაციონიზმზეც არ ვამბობთ უარს.

    ამიტომ იმის დასადგენად,  რომელი პოლიტიკური ძალა სჯობს, ერთი მთავარი ინდიკატორი არსებობს: ვინ საით იყურება – დასავლეთით თუ ჩრდილოეთით. პარტიათა ავკარგიანობის შესამოწმებელი სხვა ინდიკატორებიც მოიძებნება, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში უმთავარესი მაინც საგარეოპოლიტიკური ორიენტაციაა.

    ახლა მთლიანობაში თუ გავიაზრებთ იმ ორ საკითხს, რომელთა შესახებაც ამ სტატიაში ვისაუბრე, ანუ რა საიდან დაიწყო და სადამდე მოვედით, დასკვნის გაკეთება ძნელი არ არის: დასავლეთის მეცადინეობითა და მოტყუებით ხელოვნურად გამრუდებული ისტორიული საგარეო ვექტორი უნდა გასწორდეს. ეს გარდაუვალია და საბოლოოდ მაინც ასე იქნება, მაგრამ საფიქრალი ისაა, რომ ერთხელ კიდევ არ მოგვიწიოს სისხლისა და ცრემლის დაღვრა იქ, სადაც ამისი თავიდან აცილების გზა და საშუალება არსებობს.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                         

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here