რადიკალების ზღვარგადასულ ქმედებებს ბოლო არ უჩანს. ხელისუფლებამ, რომელიც ერთი შეხედვით დაუსჯელს არ ტოვებს ფაშისტი ნეოლიბერალების დანაშაულებს, დედაქალაქის ქუჩებში მაინც ვერ აღკვეთა დესტრუქციული ძალების თავზეხელაღებული ქმედებები.
ხელისუფლებაც, თავის მხრივ, თუკი საპარალამენტო არჩევნებისას ომით აშინებდა ამომრჩეველს, ახლა რევოლუციით აშინებს.
რას მივაწეროთ ხელისუფლების თითქმის ლმობიერი დამოკიდებულება დესტრუქციული ძალების მიმართ? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:
_ დიდი ხანია, ვხედავთ ხელისუფლების სიტყვის გაუფასურებას _ გვპირდებოდნენ, რომ არც ერთი ნაცი არ იქნებოდა პოლიტიკაში, რომ რეჟიმს გაასამართლებდნენ, აკრძალავდნენ დამნაშავე პარტიას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 20 წლის ე.წ. აკაცუკი საკრებულოს დეპუტატი ხდება. ეს არ ყოფილა მათი დაპირება. გვპირდებოდნენ ნაციონალების პარტიის აკრძალვას, მაგრამ რა აზრი აქვს პარტიის აკრძალვას, თუკი არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში ,,ნაცები” მოჰყავთ?!
არ არსებობს სტრუქტურა, რომელშიც ნაცი არ არის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მეტიც, მინისტრების ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, თითქმის ყველა ყოფილი ნაცია. როდესაც ასეთი სურათი გვაქვს, პარტიის აკრძალვას რა მნიშვნელობა აქვს?! აკრძალვა ჩვენ, ხალხს, უფრო გვეხება, იმ ადამიანებს, რომლებმაც სისხლი დაღვარეს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მართალია, ბიძინა ივანიშვილის გარეშე რეჟიმს ვერ მოვიშორებდით, მაგრამ ახლა ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც თითი თითზე არ დაუდვიათ ნაცების გადასაგდებად.
_ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ იცის ამ ადამიანების თანამდებობებზე ყოფნის ან საარჩევნო სიაში ჩასმის შესახებ?
_ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერავინ მოვა, მაგრამ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის კადრებიც კი ჩამოაშორეს ყველაფერს. პრემიერმინისტრი კობახიძე აბსოლუტურად თავისუფალია გადაწყვეტილებებში, ის თავისი ხალხით აკომპლექტებს ხელისუფლებასა და საარჩევნო სიებს.
_ პრეზიდენტმა ხაზარაძე და ჯაფარიძე ციხიდან ისე გაათავისუფლა, რომ მათ შეწყალება არ მოუთხოვიათ. არადა, გვყავს პატიმრები, რომლებსაც თავისუფლების აღკვეთის ვადა გაუვიდათ, მაგრამ მაინც ციხეში სხედან. ხელისუფლების ასეთი ქმედების გამო ხალხი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ვერ გაიხარებ, თუ ლიბერალი ოპოზიციონერი არ ხარ…
_ ხაზარაძისა და ჯაფარიძის გათავისუფლების პროსახელისუფლო ახსნა ასეთია: ჩვენ არ გვეშინია არჩევნებში მათი მონაწილეობის. გამოუშვეს ციხიდან და მისცეს არჩევნებში მონაწილების საშუალება იმის დასამტკიცებლად, რომ მაინც ვერაფერს მიაღწევენ… ხელისუფლებას იმის თქმა უნდა, რომ ე.წ. ოპოზიციონერები ლიდერების ციხეში ჯდომის გამო კი არ წააგებენ არჩევნებს, არამედ იმის გამო, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. ამაში არის ლოგიკა, მაგრამ ამ ქმედებას ხელისუფლების დანარჩენ ქმედებებთან ერთად თუ განვიხილავთ, გავაცნობიერებთ, რომ ლიბერალები შეაღავათიან პირობებში არიან.
ლიბერალებმა დაწვეს შენობები, დააზიანეს სახელმწიფო ქონება, დააზარალეს მოქალაქეები, მაგრამ აპატიეს. ეს დანაშაულები რომ ჩაგვედინა ჩვენ, უბრალო მოქალაქეებს, მათ, ვინც არ ვართ ლიბერალები, რას გვიზამდნენ?
ჩემთვის ხელისუფლების წარმომადგენელთა საქციელი გაუგებარია. მათი ქმედება არ ასხამს წყალს იმ ადამიანების წისქვილზე, რომლებიც უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოდით, ვიბრძოდით წინა ხელისუფლების წინააღმდეგ.
_ ხალხი, ამომრჩეველი უკმაყოფილოა…
_ დიახ, ხალხი ხელისუფლების უკმაყოფილოა. 20 წლის ,,აკაცუკის” გადეპუტატება ამომრჩევლის განწყობაზე ცუდად იმოქმედებს…
ხელისუფლებისთვის სამაგიეროს გადახდაზე ბევრი მიფიქრია, მაგრამ ახლა მათთვის სამაგიეროს გადახდა იმ ძალებს გააძლიერებს, რომლებიც საქართველოს დაღუპავენ. დღეს ,,ქართული ოცნების” დამარცხება ჩვენი მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს.
სამწუხაროა, რომ ტელევიზიებში (ვგულისხმობ ყველა ტელევიზიას, მათ შორის სახელისუფლოს) ეთერს არ უთმობენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, ყველგან სხედან ლიბერალები და სახელისუფლო კანდიდატები. ეს კლავს საზოგადოებრივ აზრს, ალტერნატიულ აზრს, რაც ძალიან ცუდია…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი