ჩინეთში დასრულდა მსოფლიო მნიშვნელობის თავყრილობა, რომელიც ძირითადად მეორე მსოფლიო ომის დამთავრების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის გამო გაიმართა. აღლუმიც გასაგებია და თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის სამიტიც, მაგრამ პროცესი, რომელიც ჩინეთში მიმდინარეობდა, ამ ჩარჩოებს სცდებოდა. ეს საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენა იყო, რომელმაც მსოფლიოს პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სიმძიმის ცენტრი დასავლეთიდან საბოლოოდ გადმოიტანა აღმოსავლეთში და ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისთვის რეალური წინაპირობები შექმნა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ჩინეთში მოხდა, არის გადაწყვეტილება რუსეთიდან ჩინეთში (მონღოლეთის გავლით) ახალი გაზსადენის („ციმბირის ძალა – 2”) მშენებლობის შესახებ. დღემდე არსებული გაზსადენი უზრუნველყოფდა ჩინეთისთვის ყოველწლიურად 38 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას, რომელიც ახლა მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გაიზრდება. ეს თავისთავად უზარმაზარი რიცხვია, მაგრამ ახალი გაზსადენი ყოველწლიურად დამატებით 50 მილიონი კბ.მ აირის მიწოდებას გულისხმობს. „გაზის სფეროში ეს იქნება ყველაზე მასშტაბური და ყველაზე დიდი კაპიტალდაბანდების მქონე პროექტი მთელ მსოფლიოში”, – განაცხადა „გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა. საბოლოო ჯამში, რუსეთიდან ჩინეთისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა წელიწადში 106 მილიონ კბ.მ-მდე გაიზრდება. ამიერიდან რუსეთი მთლიანად შემობრუნდა აღმოსავლეთისკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული გაზის ექსპორტი, რომელიც ევროპაში ხორციელდებოდა, მაგრამ, რომელზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, მთლიანად წავა ჩინეთისკენ. რუსეთმა გაზის ევროპული ბაზარი ჩინურით ჩაანაცვლა. ევროპა რით ჩაანაცვლებს რუსულ ბუნებრივ აირს, ეს უკვე მისი თავის ტკივილია. გაზის ფასზე მილერმა განაცხადა, რომ პროექტის კომერციული ნაწილი ცალკე გასაჯაროვდება. რაც შეეხება ვალუტას, რომლითაც განხორციელდება ანგარიშსწორება, მილერმა თქვა, რომ მას შეუძლია გვითხრას, რა ვალუტით ხორციელდება ანგარიშსწორება დღეს: „50 პროცენტი რუბლი, 50 პროცენტი იუანი”.

ეკონომიკური თვალსაზრისით ეს პროექტი ორივე მხარისთვის რომ ხელსაყრელია, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება, მაგრამ მას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში გეოპოლიტიკური ბალანსის თვალსაზრისით. ამ საკითხზე მილერმა საინტერესო განცხადება გააკეთა: „ჩინეთთან ერთობლივი მუშაობის წლებში ჩინელ პარტნიორებთან ერთად ავაშენეთ მტკიცე ენერგეტიკული ხიდი, რომელიც აკავშირებს ჩვენს ხალხებს და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა”. მილერი აქ მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის სარგებელზე არ საუბრობს. ფაქტია, რომ ორი ზესახელმწიფო ამ გაზსადენმა ისე მიაჯაჭვა ერთმანეთს, რომ, სანამ ჩინელები ევროპელებივით არ შეიშლებიან და საკუთარი ხელით არ ააფეთქებენ თავიანთი ეკონომიკის მაცოცხლებელ არტერიას (გაზსადენებს), მათი დაცილება შეუძლებელი იქნება. ვერანაირი ამერიკული ხრიკები და პროვოკაციები ბრძენი ჩინელი ხალხის წინააღმდეგ ვერ იმუშავებს, ვინაიდან, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სოციალისტური სისტემა არ დაუშვებს სახელმწიფოს სათავეში სტარმერის, მაკრონის, მერცის, შოლცის, ფონ დერ ლაიენისა და მათი მსგავსი ბრიყვების მოსვლას. აქ შესაძლებელია შემედავოთ, სოციალისტურმა სისტემამ ხომ დაუშვა საბჭოთა კავშირის სათავეში გორბაჩოვის, იაკოვლევის, შევარდნაძის მსგავსი არამზადების მოსვლაო. მართალი იქნებით, მაგრამ ჩინელებივით გულმოდგინედ არავის შეუსწავლია ის ფაქტორები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაში დასავლეთის აგენტურის მოსვლა განაპირობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სხვათა შეცდომებზე სწავლობენ. ჩინეთში საბჭოთა ტრაგედია რომ ვერ გათამაშდება, ამას ოცდათექვსმეტი წლის წინანდელი მოვლენებიც მოწმობს. 1989 წლის 4 ივნისს პეკინში, ტიანანმენის მოედანზე ტრაგედია დატრიალდა, როდესაც ჩინეთის მთავრობა იძულებული იყო, დემოკრატიის სახელით ქუჩაში გამოსულ ათასობით მოქალაქისთვის ცეცხლი გაეხსნა. დღესაც ვერავინ ასახელებს ზუსტ რაოდენობას, რამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა დემოკრატიას ამოფარებულ დასავლურ პროვოკაციას, რომელიც იმ ავბედით დღეს დაღვრილმა სისხლმა ჩარეცხა. დასავლური კაპიტალისტური ურჩხული ჩინეთშიც ისევე ვერაგულად ცდილობდა სოციალისტური სისტემის განადგურებას, როგორც საბჭოთა კავშირში, სადაც ეს საკუთარი აგენტურის ხელით მოახერხა. ჩინეთში პროვოკაცია ჩაფლავდა, ვინაიდან, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, დასავლეთს აგენტურა მხოლოდ ხალხის წრეებში ჰყავდა და არა ხელისუფლებაში. ქვემოდან სოციალისტური სისტემის ნგრევა შეუძლებელია, ვინაიდან იგი სახალხო სისტემაა, აქ ხალხის ინტერესებია მთავარი და არა კაპიტალისტებისა. სოციალისტური სისტემის ნგრევა მხოლოდ იქ მოხერხდა, სადაც მას არამხოლოდ ხალხში შეგზავნილი პროვოკატორების (ე.წ. საბჭოთა დისიდენტების), არამედ დასავლური სპეცსამსახურების მიერ ხელისუფლების სათავეში დელეგირებული მოღალატეების ხელით ებრძოდნენ. ჩინეთში ეს ვერ მოხდება თუნდაც იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ იგი, სხვადასხვა ქვეყნის კავშირი კი არ არის, ერთიანი სახელმწიფოა, სადაც, თანამედროვე ტერმინით თუ ვიტყვით, ვერ იმუშავებს „თავისუფლებისა” და „დამოუკიდებლობის” ის მაცდური ნარატივი, რომლითაც საბჭოთა კავშირის საფუძვლები შეარყიეს. ამ თვალსაზრისით, ჩინეთი მყარი ზესახელმწიფოა, ჩინელები ევროპელი (და საბჭოთა) იდიოტებივით ყელში დანას საკუთარი ხელით არ გამოისვამენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი და ჩინეთი, სუსტი ძაფებით კი არა, მყარი სალტეებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს. მთელი მარილი ამ ამბისა ის არის, რომ სწორედ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების საიუბილეო ღონისძიებაზე დაახლოვდნენ ჩინეთი და ინდოეთი, ხოლო პუტინისა და ნარენდრა მოდის ურთიერთობა ამ ღონისძიების ფარგლებში ცალკე თემაა. ინდოეთის პრემიერმინისტრი პუტინთნ ერთად მისი ლიმუზინით გადაადგილდებოდა. სხვათა შორის, პუტინის „აურუსით” კიმ ჩენ ინმაც ისარგებლა. იყო ამაში რაღაც არამხოლოდ სიმბოლურად მიმანიშნებელი, არამედ პირდაპირი გზავნილი. ადრესატმა გზავნილი მიიღო და გაიგო კიდეც, თუმცა ფერები გაამუქა: „მთავარი შეკითხვა, რომელიც პასუხს საჭიროებს, არის ის, ახსენებს თუ არა პრეზიდენტი სი ძინპინი იმ უზარმაზარ მხარდაჭერასა და „სისხლს“, რომელიც აშშ-მა ჩინეთისთვის გაიღო, რათა დახმარებოდა მას თავისუფლების მოპოვებაში ძალიან არამეგობრული უცხოელი დამპყრობლისგან”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ამერიკელებს სჩვევიათ საკუთარი დამსახურების გაზვიადებულად წარმოჩენა. არ ვიცი, პრეზიდენტმა ტრამპმა მის მიერ ნახსენებ „სისხლში” იგულისხმა თუ არა ამერიკელების მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკისთვის მოწყობილი ბირთვული აპოკალიფსი, მაგრამ, მას თუ არ უგულისხმია, ჩვენ ხომ არაფერი გვიშლის ხელს, რომ სწორედ ასე მოვიქცეთ?! ტრამპმა მისი ეს პოსტი სოციალურ ქსელებში ორიგინალურად დაამთავრა: „პრეზიდენტ სი ძინპინსა და ჩინეთის შესანიშნავ ხალხს ვუსურვებ დიდ და ხანგრძლივ სადღესასწაულო დღეს. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი თბილი მოკითხვა ვლადიმერ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, სანამ აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავთ“. ამერიკული შაბლონით მოაზროვნე ხალხს, რაც გამოიხატება ამ ფორმულით – „შეთქმულების თეორიის არ მჯერა”, ნიშნისმოგებით ვეტყვი: თუ არ გჯერათ, ინებეთ, ტრამპს, თურმე სჯერა! სახელმწიფო, რომელიც დედამიწის ყველა კონტინენტზე მუდმივად აწყობდა შეთქმულებებს, ავრცელებდა შაბლონს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში (მათ შორის საქართველოშიც) ადგილობრივი ბრიყვები ბრძნული სახით იმეორებდნენ: „შეთქმულების თეორიის არ მჯერა!” იმავე სახელმწიფოს პრეზიდენტი დღეს აცხადებს, რომ თანამშრომლობა აღმოსავლურ სახელმწიფოებს შორის თურმე აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებაა. ისე, უნდა ვაღიაროთ, რომ არც უამისობაა. ეს არ არის ისეთივე შეთქმულება აშშ-ის წინააღმდეგ, როგორიც ამერიკელებმა საბჭოთა კავშირის, იუგოსლავიის, ერაყის, ლიბიისა და მრავალი სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ მოაწყვეს, მაგრამ იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერი გაერთიანება, თანამშრომლობა, თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად მიმართული ქმედება, ეკონომიკური პროექტები და სხვა, რომლებიც აშშ-ის მონაწილეობის გარეშე ხორციელდება, მათ მიერ შეთქმულებად აღიქმება, ესეც გარკვეული სახის შეთქმულებაა. სადმე თუ ჭეშმარიტებაა, სადმე თუ სიკეთეა და სადმე თუ სიყვარულია, ყველგან აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებაა, ვინაიდან აშშ ამ ღვთაებრივ ნიშან-თვისებათა დაუძინებელი მტერია. ტიანძინისა და პეკინის შეხვედრები შეთქმულება იყო. აშშ ვერ არის და ვეღარც იქნება მსოფლიოს ერთპიროვნული ლიდერი – აი, ამ შეთქმულების არსი.

სოციალისტური სისტემა შემთხვევით არ მიხსენებია. ჩინეთში მხოლოდ ორ ზესახელმწიფოს შორის კავშირი არ გაფორმებულა, სოციალისტურ სისტემასთან რუსეთის კავშირი გაფორმდა. ჩინეთში, მართალია, კაპიტალისტური სახელმწიფოებიც იყვნენ წარმოდგენილნი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის (ინტერნაციონალის) ისეთი აჩრდილი წამოიმართა, რომ დასავლეთი შეძრა. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის, კომუნისტ კიმ ჩენ ინის ღია გამოჩენა საერთაშორისო არენაზე ისტორიული სანაგვისთვის გამზადებული დასავლური კაპიტალიზმისთვის თავისთავად თავზარდამცემი მოვლენა იყო, რაც კიდევ უფრო გაამძაფრა მისმა ორსაათნახევრიანმა შეხვედრამ პრეზიდენტ პუტინთან. ასევე მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები სოციალისტური სახელმწიფოების – ვიეტნამისა და კონგოს ლიდერებთან. ჩინეთში პუტინი, ცხადია, მხოლოდ სოციალისტურ სახელმწოფოთა ლიდერებს არ ხვდებოდა, მაგრამ, პეკინსა და ტიანძინიში საერთაშორისო სოციალისტური სიო რომ იგრძნობოდა, ფაქტია. ესეც თავისებური შეთქმულებაა დასავლური იმპერიალიზმის წინააღმდეგ, ოღონდ, არა რომელიმე სახელმწიფოს ან კონკრეტული ლიდერის, არამედ ისტორიული კანონზომიერების მიერ დაგეგმილი და აუცილებლად განსახორციელებელი.
პეკინის სამხედრო აღლუმმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს ღონისძიება იყო მსოფლიოს წინაშე გაკეთებული განაცხადი იმის შესახებ, რომ ჩინეთის სამხედრო მანქანა სრულად შეესაბამება ქვეყნის ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ პოტენციალს. ჩინეთი პირველი ეკონომიკისა და მოწინავე ტექნოლოგიების სახელმწიფოა. დღემდე არსებობდა თვალსაზრისი, რომ ჩინეთის სამხედრო პოტენციალი ვერ იყო ისეთ სიმაღლეზე აყვანილი, როგორიც მის ეკონომიკურ და ტექნიკურ შესაძლებლობებს შეეფერებოდა. 2025 წლის 3 სექტემბერს პეკინში გაცხადდა, რომ ჩინეთის ბირთვული ტრიადა იმავე დონეზეა, რომელ დონეზეც ამ ზესახელმწიფოს საერთო მონაცემებია. დასავლეთში ამ ფაქტსაც, ალბათ, შეთქმულებად მონათლავენ, მაგრამ ამით რეალობა არ შეიცვლება. აკი მონათლეს კიდეც. კაია კალასი აცხადებს: „ეს არის დიქტატორთა შეთქმულება არსებული მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ”. არა, ქალბატონო კაია, ეს არის დასავლეთის მიერ დანგრეული მსოფლიო წესრიგისა და მათ მიერვე უარყოფილი საერთაშორისო სამართლის ადგილზე ახალი წესრიგის ჩამოყალიბების მცდელობა, სადაც აღარ იქნება დასავლური მტაცებლური ჰეგემონია. ეს – გარანტირებულად. დანარჩენი ვნახოთ
ვალერი კვარაცხელია